1917-1918 წლებში, ქუთაისში, კატო მიქელაძის რედაქტორობითა და ქუთაისის ქალთა კლუბის მხარდაჭერით იბეჭდებოდა ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“.

1917-1918 წლებში, ქუთაისში, კატო მიქელაძის რედაქტორობითა და ქუთაისის ქალთა კლუბის მხარდაჭერით იბეჭდებოდა ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“. დარაჯი წარმოგიდგენთ ამ გაზეთში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პუბლიცისტურ წერილს, რომლის ავტორი ნინო ნადირაძე გახლავთ.

ჩვენი გაზეთი

არ ვიცი, რომ რომელიმე მიმართულების პრესას იმდენი ამბავი გამოეწვიოს საზოგადოებაში, როგორიც ჩვენმა გაზეთმა: „ხმა ქართველის ქალისამ“ გამოიწვია. მრავალი სხვადასხვა აზრები ტრიალებს ამ გაზეთის შესახებ.

ზოგი ამბობს: – გაზეთი უპარტიო არ უნდა იყოს, ეხლა უპარტიობა არ შეიძლებაო. ზოგი: – რა საჭირო იყო ქალებისაგან ცალკე გაზეთის დაარსება, განა გაზეთები ცოტაა, სადაც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება, ქალებსაცო; ზოგი – დაიქცა ბატონო ოჯახი, ქალები გაზეთებსა და კლუბებს უნდებიან და სახლ-კარისათვის ვისღა სცალიან. ზოგს კიდევ ქალების სინაზისა და მომხიბვლელობის დაკარგვის ეშინია, გაზეთებისა და კლუბების მეოხებით!

ყველა ამას ამბობენ საუბედუროდ არა მარტო შეუგნებელნი, არამედ განათლებულებს რომ უწოდებენ თავის თავს ისეთებიც! ამას ამბობენ არა მარტო ზოგიერთი მამაკაცები, ჰოი საკვირველებავ, ქალებიც კი! ყველა ამ ცნობის მოყვარე სხვა და სხვა კატეგორიის ხალხს ჩვენ ცალ-ცალკე პასუხს მივცემთ ერთხელ და სამუდამოდ.

პირველს – ქალების გაზეთი უნდა იყოს სწორედ უპარტიო, როგორც არის დღეს ის, იმიტომ რომ ყოველ ქალს, რა წრესაც უნდა ეკუთვნოდეს იგი აქვს თავისი განსაკუთრებული ტკივილი – ქალთა საკითხი, რომლის გარშემო უნდა შემოკრიბენ ყველა ქალები განურჩევლათ პოლიტიკური რწმენისა. მაგრამ ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ ამ გაზეთის თანამშრომლებს არ ჰქონდეს თავისი განსაზღვრული პოლიტიკური მსოფლმხედველობა!..

მეორეს – სწორედ საჭირო იყო ქალებისგან ცალკე გაზეთის დაარსება, რომ მეტის ინტერესით მოეკიდონ თავის საქმეს ქალებმა სწერონ განსაკუთრებით თავიანთ ჭირვარამზე. ქალთა საკითხი ისე როგორც მუშათა საკითხი, – ცალკე წამოაყენა ცხოვრებამ, და თუ კი ამ უკანასკნელისათვის აუარებელი ჟურნალ გაზეთები არსებობს, რა მოხდა რომ პირველისათვის ერთი გაზეთი არსებობდეს?! რად მიაჩნიათ ეს გასაკვირველად ზოგიერთებს?! განა ქალების გაზეთი, როგორც მას უწოდებენ, იმას ნიშნავს, რომ შიგ მამაკაცებმა მონაწილეობა არ მიიღონ? პირიქით, ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ მამაკაცები იდეურ დახმარებას გაგვიწევენ.

მესამეს – არა, ბატონებო, ქალების კლუბებისა და გაზეთების დაარსებით ოჯახი კი არ დაიქცევააშენდება: შეგნებული ქალი უფრო კარგად, გონივრულად მოუვლის ოჯახს, ვიდრე შეუგნებელუვიცი; შეგნებული ქალი უფრო კარგ აღზრდა განათლებას მისცემს შვილებს, ვიდრე შეუგნებელ-უვიცი; შეგნებული ქალი უფრო გრძნობიერად-გონივრად მოეპყრობა თავის ქმარს, უფრო გაიგებს მის ტკივილებს, ვიდრე შეგნებული უვიცი!… ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იცხოვროს ყოველ მხრივად გონება განვითარებულმა მამაკაცმა ერთ ჭერ ქვეშ გონება დახშულ ბნელ ქალთან? როგორ უნდა ამოირჩიოს ასეთი ქალი ცხოვრების ამხანაგად და არ სცდილობდეს მის გონებრივ განვითარებას. რომელიმე სასწავლებელში კურსის დამთავრება კიდევ არ ნიშნავს ყოველ მხრივ გონებით განვითარებას: მარტო მშრალი სასწავლო წიგნები ბევრ არას აძლევენ ადამიანს!

მეოთხეს – ქალი სინაზესა და მომხიბლელობა ეს ბუნებრივი თანდაყოლილი თვისება არ იკარგება გონებრივ განვითარების მიღებით. ბუნებრივობას მასში ვერ მოსპობს ვერავითარი ძალა! არც კაცებიდან გამოყოფას ნიშნავს ქალების მიერ გაზეთებისა და კლუბების დაარსება, არამედ მათი საშვალებით ამაღლებას მამაკაცების გონებამდე.

დასასრულ, ვიტყვით, რომ ეს დაუსრულებელი მითქმა-მოთქმა ქალების შესახებ იმის მიზეზია რომ საზოგადოების ფართო ნაწილი ჯერ კიდევ მოუმწიფებელია, ვიწროა მისი აზროვნების ჰორიზონტი და ვერ შესჩვევია, ვერ წარმოუდგენია ქალის აქტიური გამოსვლა ცხოვრების ასპარეზზე. ქალი ქალათ უნდა „იყოს იმუშაოს ოჯახში და საზოგადოებაში კაცებთან ერთად, რომელიც იზრუნებენ მისთვისაც“-ო, ამბობს მისი ლოღიკა, ჩვენ კი ამაზე ვპასუხებთ მწერლის ბრძნული სიტყვებით: „Тому, кто сам молчит, и эхо не ответит.“


ნინო ნადირაძის ეს პუბლიცისტური წერილი ქვეყნდება საგანმანათლებლო კამპანიის #გავაცოცხლოთ-ს ფარგლებში, რომლის მიზანია ქართველი მწერლების აზრების გაცოცხლება.