1859 წელს ჯორჯ ელიოტი უახლოეს მეგობარს, რეფორმატორს, ფილანტროპსა და ფილოსოფოსს, ჩარლზ ბრეის, სწერს: ,,ჩემ გამო ნუღარ შეწუხდებით. დაე, სწამდეთ, რაც სწამთ. თქვენი კეთილი განზრახვის მიუხედავად, იმას იფიქრებენ, რაც სურთ. ვერ აღგიწერთ მელანქოლიას, რომელსაც იწვევს ხალხის უუნარობა, გაითავისონ გონების მდგომარეობა, როცა ადამიანური რწმენის შენარჩნებას გულწრფელად ესწრაფვი… ხელოვნება თუ თანაგრძნობას არ აღვივებს, მორალური ფუნქცია არ ექნება. გული დამწყდა, როცა მივხვდი, რომ მოსაზრებები ადამიანთა სულებს ვერ აკავშირებს. ერთადერთი მგზნებარე სურვილი მაქვს – მინდა, ჩემმა ნაწერებმა მკითხველს უკეთ შეაძლებინოს, წარმოიდგინოს და იგრძნოს ტკივილი და სიხარული… მებრძოლი, გზააბნეული ადამიანისა“. „უნდა აღინიშნოს, რომ ლიტერატურის ისტორიაში არსებული ყველა სახელი არ ასოცირდება მნიშვნელოვან მიღწევებთან. უნდა გამოიკვეთოს რამდენიმე უდიდესი ავტორი, წამყვანი რომანისტი, რომლებიც წამყვან პოეტებს უთანაბრდებიან, რადგანაც არა მხოლოდ ხელოვნების შესაძლებლობებს ცვლიან ლიტერატორთა თუ მკითხველთათვის, არამედ ამაღლებენ ცნობიერებას,” – წერს ფ. რ. ლივისი წიგნში ,,დიდი ტრადიცია“ და ,,უდიდეს ავტორთა“ რიგებს მიაკუთვნებს ჯეინ ოსტინს, ჯორჯ ელიოტს, ჰენრი ჯეიმზსა და ჯოზეფ კონრადს.
მიიჩნევა, რომ ჯორჯ ელიოტის ხელოვნების ისტორია არის არა მხოლოდ გენიის გაღვიძება, განმასხვავებელი ძალის გასაოცარი განვითარება, არამედ ის ავტორის ხელოვნების მიღმა შთამბეჭდავი ინტელექტუალური შესაძლებლობების დემონსტრირებაცაა. სანამ რომანისტი გახდებოდა, ჯორჯ ელიოტის ფსევდონიმით ცნობილი მერი ენ ევანსი გამორჩეული ფიგურა იყო ჰერბერტ სპენსერისა და The Westminister Review-ს სამყაროში. საყოველთაოდაა მიჩნეული, რომ უდიდეს რომანისტებს შორის ის განსაკუთრებითაა გატაცებული მორალურ-ეთიკური საკითხებით. ჰენრი ჯეიმზი გონივრულად შენიშნავს, რომ ჯორჯ ელიოტისთვის რომანი „…მორალიზებული იგავია, ფილოსოფიის ბოლო სიტყვა, რომელიც საკუთარი მაგალითით გვასწავლის“. ეს ცოდნა გვეხმარება, ავტორის ცხოვრება და მოღვაწეობა სათანადო ჭრილში გავიაზროთ. ჯორჯ ელიოტის სიდიადე სცდება პირად სატკივარსა თუ გამოცდილებას. ის სულიერ სიმტკიცეს ჰმატებს მკითხველს. ავტორის წარმოსახვის განხილვა მხოლოდ ემოციურ-ინტელექტუალური დიქოტომიის საფუძველზე ზუსტი არ იქნება. მნიშვნელოვანია, დაისვას კითხვა, თუ რა განასხვავებს ელიოტს მისი თანამედროვე ავტორებისგან (თეკერეი, დიკენსი, ბრონტეები და ა.შ.). ვიქტორიანული ეპოქის რომანისთვის განმსაზღვრელი ხდება ფილოსოფიური კრიტიკა. ჯორჯ ელიოტის თანამედროვეები რომანებს ქმნიან წმიდა გამოცდილებისა და დაკვირვების საფუძველზე. გარდა იმისა, რომ ჯორჯ ელიოტი შთაგონების იმავე წყაროებს ეყრდნობა, ის ტექსტს ამდიდრებს თეოლოგიური, ფილოსოფიური და სამეცნიერო ცოდნით. ჯორჯ ელიოტის ინტელექტუალური შემოქმედება ადასტურებს, რამდენად რთულია, როცა ემოციისა და დაკვირვების ნაყოფი უპირისპირდება იდეებით გატაცებული შემოქმედებითი ძალის ქმნილებას.
ჯორჯ ელიოტი ვიქტორიანული ეპოქის ლიტერატურის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მოვლენაა. ავტორის საკვანძო რომანებს შორის „საილეს მარნერს“ გამოარჩევს ისეთი თემები, როგორებიცაა ინდივიდისა და გარემოს კავშირი, ხსნა თუ სიყვარულის გარდამქმნელი ძალა. ჯორჯ ელიოტი ადამიანური ბუნებისა და საზოგადოების მკვლევარია. მარტოხელა და მარტოსული ფეიქრის ამბავი მკითხველს ხელახლა დაბადების უჩვეულო გამოცდილებას აჩუქებს.
ჯორჯ ელიოტის ტექსტების ხერხემალი ინტელექტუალურ-ემოციური სიღრმე, ულმობელი რეალიზმი და ირონიაა:
„მსურს, ჩემს მკითხველს ადამიანური ტანჯვის სინამდვილე ვაგრძნობინო, მოტივთა ჩახლართულობა და სიყვარულისა და თანალმობის მაცოცხლებელი ძალა.“ „ობობადქცეული“ საილეს მარნერის ყოფა, ელიოტის ფილოსოფიური წიაღსვლები თუ მძაფრი ემოციები სწორედ რომ თანაგრძნობას აღვივებს. რატომ არის ოცდამეერთე საუკუნის ადამიანისთვის ჯორჯ ელიოტი აქტუალური ავტორი? იმიტომ რომ უმცირესი ნაწილაკებივით შეისწავლოს გმირის გამოცდილება.
ჯორჯ ელიოტის ინტელექტუალური განვითარება, ერთი მხრივ, მისი რელიგიური აღზრდის ნაყოფია, მეორე მხრივ, კი ყალიბად ფილოსოფიისადმი სწრაფვა უნდა ჩაითვალოს. ღვთისმოსავ ევანგელისტურ ოჯახში დაბადებული მერი ენ ევანსი ადრეული წლებიდანვე დაეუფლა რელიგიას. მამამისმა ხელი შეუწყო შვილის მრავალმხრივ განათლებას, რაც ბიბლიისა და ქრისტიანული დოქტრინის შესწავლასაც გულისხმობდა, თუმცა მოწიფულ ასაკში ელიოტი საკუთარი რწმენის მკაცრმა დოგმატურობამ დააეჭვა, ტრადიციულ ქრისტიანობას კი მაშინ დაშორდა, როდესაც გერმანელ ფილოსოფოსთა – ფოიერბახის, სპინოზასა თუ შტრაუსის – შრომები შეისწავლა. დავიდ შტრაუსის „იესოს ცხოვრება“, რომელიც ინგლისურად თარგმნა, ბიბლიური სასწაულებისა და ზებუნებრივი მოვლენების ისტორიულ სიზუსტეს უარყოფდა, მათ მითოსურ-სიმბოლურ მნიშვნელობას განიხილავდა და ამტკიცებდა, რომ იესოს ცხოვრების შესასწავლად ბიბლია სანდო ისტორიული წყარო არ იყო; ფოიერბახის „ქრისტიანობის არსების“ თანახმად, რელიგია ადამიანური სურვილების პროექცია გახლდათ; სპინოზას პანთეისტურმა ხედვამ კი ელიოტის აზროვნებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა – ევანგელიზმი სამყაროს რაციონალურ-მეცნიერული გააზრებით ჩაანაცვლა, მაგრამ ქრისტიანობის მორალური სწავლებისადმი პატივისცემა არასდროს განელებია, პირიქით, ადამიანის გამოცდილების არსის სიმძიმე დაანახა.
ეს ცვლილება ჯორჯ ელიოტის ტექსტებში თვალსაჩინოა. „საილეს მარნერი“ რწმენას, ხსნას, ადამიანურ ურთიერთობებს დადგენილ რელიგიურ ჭრილში კი არ შეისწავლის, ჰუმანისტურ-ფილოსოფიურ გზას ირჩევს. საილესის გზაც სასოწარკვეთიდან სასოებამდე ელიოტის ინტელექტუალური მოგზაურობის (რელიგიიდან ფილოსოფიამდე) გამოძახილია.
განდევნილი და მეგობრის ღალატით განადგურებული საილეს მარნერი სოფელ რეივლოში ეულად ცხოვრობს. მის ერთადერთ ნუგეშად იქცევა ოქრო, რომელსაც შეპყრობილივით აგროვებს, თუმცა ამ ოქროს დაკარგვით სულს იბრუნებს. ოქროსფერკულულა ბავშვი, ეფი, მხსნელად ევლინება – სიცოცხლის მიზანი უჩნდება და სამყაროს ნაწილად შეიგრძნობს თავს.
საილესის ხსნის გზა თხრობისას დიდი სიფრთხილით იგება. რეივლოში ჩასული, ოქროს ეჯაჭვება, ასე ანაცვლებს ადამიანურ ურთიერთობებსა და ემოციებს. ღალატი მარტოსულ, გარიყულ არსებად აქცევს, თანასოფლელთა ნდობას უკარგავს. ოქროს დაკარგვაც სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს და თავშესაფრად ქცეულ მყიფე კედლებს უმსხვრევს ფეიქარს. მაგრამ ეს მხოლოდ საილესის ხსნა კი არ არის, არამედ რეივლოელებისა; სოფლელები ისევე იღებენ „უცხო“ საილესს, როგორც „უცხო“ საილესისთვის გარდაიქმნება მეზობელი მეგობრად. ამგვარი კეთილგანწყობა მოწმობს ჯორჯ ელიოტის რწმენას – ადამიანთა ცხოვრება გადაჯაჭვულია.
ჯორჯ ელიოტის პერსონაჟთა ბედისწერა ავტორის ფილოსოფიური რწმენითაა განპირობებული – ადამიანის სიცოცხლე ბუნების კანონს ემორჩილება, თუმცა ბედისწერის განმსაზღვრელი გარე ფაქტორებთან ერთად ადამიანის არჩევანიცაა.
თუ ხსნაზე ვსაუბრობთ, დოლი უინთროპის პერსონაჟი, სამრევლოსა და საილესის გაერთიანების კატალიზატორი, არ უნდა დაგვავიწყდეს. დოლის რწმენა, პრიმიტიული და ტრადიციული, საილესის უარმყოფელი ლანტერნ იარდის სასტიკ, დამსჯელ რელიგიურობას უპირისპირდება და სულიერების ჰუმანურობისა და ყოვლისმომცველობის სიმბოლო ხდება.
ჯორჯ ელიოტი ზედმიწევნითი სიზუსტით ხატავს რეივლოს მანკიერებასა და სიკეთეს, ამიტომ სოფლელების აღწერისას ერთმანეთში ირევა აღფრთოვანება, ირონია, ჭორი, ცრურწმენა, პროვინციული ცხოვრების შეზღუდულობისა და ახლის უგულებელყოფის საკითხები. ჯორჯ ელიოტის რეივლო საკუთარ საზღვრებს სცდება – ეს არის მიკროკოსმოსი და არა რიგითი ტოპონიმი.
ჯორჯ ელიოტის რომანების საძირკველი რთული მორალური საკითხებია. „საილეს მარნერში“ სიმძიმე უმთავრესად ორი პერსონაჟის, გოდფრი კესისა და ნენსი ლემეტერის, მორალური დილემებით გვაწვება – ერთი მხრივ, შვილი და კეთილდღეობა, მეორე მხრივ კი – საკუთარი სურვილი და საზოგადოებრივი მოლოდინი. ვიქტორიანული ეპოქის გმირებისთვის არჩევანი საბედისწეროა. ჯორჯ ელიოტის პერსონაჟები ზნეობრივიცაა და მანკიერიც – „ამ ხლართში აღმოვაჩენთ ადამიანის ბუნებას.“
„საილეს მარნერი“ მეცხრამეტე საუკუნის ინგლისის სოციოეკონომიკური ძვრების კრიტიკაცაა. მკვლევრის მახვილი თვალი აღწერს ლანდშაფტს, როგორ გარდაქმნის სოფელს ინდუსტრიული რევოლუცია:
„რეივლო კი ის სოფელი გახლდათ, სადაც ძველი გამოძახილი არსად გამქრალიყო, ახალ ხმებს არ ჩაეხშო. ღვთის ანაბარა მიტოვებული სამრევლო არ ეთქმოდა, გაძვალტყავებული ცხვრითა და კანტიკუნტად გაფანტული მეცხვარეებით დასახლებული, ცივილიზაციის მიღმა დარჩენილი – პირიქით, შუაგულ ნოყიერ ვაკეზე გაშლილიყო.“
საზოგადოების დიდი ნაწილი უხალისოდ ხვდებოდა ინდუსტრიალიზაციას, უცხო ფეიქარიც ასევე უხალისოდ მიიღეს დაეჭვებულმა რეივლოელებმა; ჯორჯ ელიოტი ამბივალენტურია – პროგრესის წინააღმდეგობასაც აკრიტიკებს და არც იმას მალავს, რომ ინდუსტრიალიზაცია ადამიანს სახეს აკარგვინებს: „რაც ძველი იყო, აღგვილა პირისაგან მიწისა…“ ლანტერნ იარდიც („უბადრუკი“ და აყროლებული), მარნერის „ძველი სახლიც“, სამლოცველოც ქარხნის მტვერს უნდა შთაენთქა.
„ძველად არსებობდნენ ანგელოზები, რომლებიც გამოეცხადებოდნენ ადამიანებს, ჩაჰკიდებდნენ ხელს და განადგურებული ქალაქიდან გაჰყავდათ. ახლა თეთრფრთიან ანგელოზებს ვეღარ ვხედავთ, მაგრამ მოახლოებული განადგურებისაგან ადამიანებს მაინც იხსნიან – ხელს ჩაავლებენ და ფრთხილად მიჰყავთ მშვიდი და ნათელი მიწისკენ, უკან კი აღარ იხედებიან; და ეს ხელი, შესაძლოა, პატარა ბავშვისა იყოს.“
თანაგრძნობა, სიყვარული, რწმენა, იმედი, მორალი, გარემო, მოვალეობა – ეს თემები „საილეს მარნერს“ თანამედროვეობის კლასიკად აქცევს.
ია ჯეჯელავა, 2024 წელი