ლიტერატურა ის მედიუმია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს ერთსა და იმავე შესაძლებლობებს ჰპირდება. საგამომცემლო ბაზრის არსებობა ავტორების ინდივიდუალურობაზე უშუალოდაა დამოკიდებული. თითქოს რთულია მრავალსაუკუნოვან ქართულ ლიტერატურულ სერპანტინზე შეაბიჯო და რომელიმე მოსახვევში გზიდან არ გადავარდე. წიგნით „მე – ნამდვილი კოკოშა“, ჯანა ამირეჯიბი ქართველ მწერალთა იმ ნაკადს შეუერთდა, რომელთაც ძალუძთ ამ დარდიანი და რთული მიხვეულ-მოხვეული გზის გავლა.
მახსოვს, ერთხელ, ჩემს ახალგაზრდობაში საბავშვო ლიტერატურის თაობაზე რაღაც დისკუსია გაიმართა მწერალთა კავშირში. თემურ ქორიძემ, ჩემმა ტკბილმა მეგობარმა, რომელიც მაშინ მწარედ კრიტიკოსობდა, ტრიბუნიდან ასეთი კითხვა დააყენა: – რატომ არ არსებობენ ქართველი ტომ სოიერები და რატომ არის გამორიცხული მათი არსებობა!
– © ნინო დარბაისელი-სტრონი
თავის რეცენზიაში ნინო დარბაისელი-სტრონი კოკოშას, ჯანა ამირეჯიბის ნოველების გმირს და მის შვილიშვილს, ქართველ ტომ სოიერად მოიხსენიებს. თუმცა, ტომ სოიერი ხომ მხოლოდ გმირი არაა? ტომ სოიერი ამოუწურავი ცნობისმოყვარეობის, უსასრულო მეგობრობის, ალალი სიხარულისა და ბედნიერი ბავშვობის სიმბოლოა. სწორედ ასეთია ჯანა ამირეჯიბის ნოველების კრებული „მე – ნამდვილი კოკოშა“.
ბებიად ქართველ ტომ სოიერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჰყავს, რომელიც ერთი მხრივ, ქართული ლიტერატურის რამდენიმესაუკუნოვან ტრადიციაში დიდი მწერლების საქმის გასაგრძელებლად ჩაეფლო, ხოლო, მეორე მხრივ, ჯერ აქამდე უთქმელი სიტყვა თქვა ქართულ ჟანრობრივ ლიტერატურაში.
ინტერვიუსთვის ლიტერატურულ კაფეში დავსხედით და ვისაუბრეთ ლიტერატურაზე, მწერლის უახლეს წიგნზე „მე – ნამდვილი კოკოშა“, ქართულ ენაზე, „ვეფხისტყაოსანზე“, ქართველ მწერლებსა და სხვა საინტერესო თემებზე. „დარაჯის“ ლიტერატურული ბლოგი წარმოგიდგენთ ვრცელ ექსკლუზიურ ინტერვიუს მწერალ ჯანა ამირეჯიბთან.
როგორ მიხვდით რომ კოკოშას ამბები იმდენად ღირებული იყო, რომ წიგნად უნდა გამოგეცათ?
მივხვდი მაშინ, როცა აღმოვაჩინე, რომ ის ძალიან გულღია, ძალდაუტანებელი მთხრობელია და მის ნაამბობში კეკლუცობის ნასახიც არ არის.
ერთ დილას შემოვიდა ჩემთან და მითხრა: „მე ვარ შენზე ნაწყენი. უბრალოდ, ტირილის თავი არა მაქვს“.
აი, იმ დღეს ვიფიქრე, რომ ყველაფერი უნდა ჩავწერო. წიგნად ქცევა კი გადავწვიტე მაშინ, როცა აღმოვაჩინე, რომ ეს საყვარელი ტიპი – დიდყურება, რაღაცნაირად უცნაური გარეგნობისა, ტკბილი და წვრილი ხმით ლაპარაკობდა და „მისი ბაგეებიდან ჭეშმარიტება ღაღადებდა“.
ის ყვებოდა საკუთარი და გარშემომყოფების პრობლემებზე, შთაბეჭდილებებსა და ინტერესებზე; ახმოვანებდა თავის აღტაცებას, გაოცებას, იმედგაცრუებას; აკვირდებოდა ადამიანებს და ავლენდა სიყვარულსა და სიბრალულს, განსაკუთრებით კი ცხოველებისა და მოხუცების მიმართ; ასე გადავიდა წიგნში მისი ნააზრევი. კოკოშას აინტერესებს, ვინ აკონტროლებს ფიქრებს;
როცა შავი ხვრელი და გლობალური კატასტროფები ახსენებდა, ფიქრობს, რომ ღმერთს აუცილებლად უნდა „შეეკრას“;
ერთხელ ფილტვების ანთება დაემართა. ერთი კვირა ზედიზედ ძალიან დასუსტებული იყო, სულ ამცივნებდა, რადიატორს მიუჯდებოდა ხოლმე გასათბობად. ამის შემდეგ, რამდენიმე კვირაში, მეუბნება:„მე უნდა დავამარცხო ვირუსები: ენტეროვირუსი, ფილტვების ანთება და ვირუსი ფხანვა“. ამისათვის უნდა გამოვიგონო ერთი ძლიერი ვირუსი, რომელსაც ხოჭოსტიკური დაავადება ერქმევაო, ანუ მას უნდოდა, უძლურებას შებრძოლებოდა.

2019, © ჯანა ამირეჯიბი, © არტანუჯი
როგორი იყო წერის პროცესი? კალმით და ფურცლით მომარჯვებული დაყვებოდით კოკოშას?
დავყვებოდი, მაგრამ არა კალმითა და ფურცლით, ტელეფონით… ახლაც სულ ხელში მიჭირავს ტელეფონი და რაღაცებს ვიწერ.
ორი განსხვავებული თაობის ადამიანის – ჩემი, ხანდაზმული ბებიისა და მცირეწლოვანი შვილიშვილის, სიტყვა-პასუხში ჩანს, რომ მე დიდი მოთმინებითა და სიყვარულით ვიკვლევდი, რა უხაროდა და აწუხებდა მას, მერე ვიწერდი, კომპოზიციურად ვამთლიანებდი და ვცდილობდი ეფექტური ფინალით დამესრულებინა, მაგრამ ეს არ იყო ადვილი საქმე. ის ძალიან მიშლიდა ხელს: „ნუ იწერ! შენ ისევ იწერ?!“ – ეს ფრაზა სულ თან სდევდა ჩვენს ურთიერთობას. ერთხელაც მითხრა, მე მინდა ვიყო ნამდვილი და არა ისეთი, როგორიც მანდ ვარო.
ზოგჯერ მარტო საკვანძო, საინტერესო და „მამაძაღლურ“ ნათქვამებს ვიმახსოვრებდი. ზოგიერთ ნოველაში ყველაფერი იმ თანმიმდევრობით არ არის გადმოცემული, როგორც ეს სინამდვილეში ხდებოდა, მე სხვადასხვა დროსა და სივრცეში მომხდარ ამბებსაც ვამთლიანებდი და ფინალს ვუმარჯვებდი. ნოველებად არ შედგა ის ამბები, რომელთა ფინალიც არ გამოვიდა.
უთხარით კოკოშას რომ წიგნის გმირი უნდა გამხდარიყო?
არა, დღემდე არა აქვს ბოლომდე გააზრებული. პირველად მაშინ აღიქვა, როდესაც წიგნის პრეზენტაციაზე მწერალთა სასახლის სცენაზე აიყვანეს; მერე ძალიან გახარებული არიგებდა ავტოგრაფებს. მიხვდა, რომ მართლა მოხდა რაღაც მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში. მანამდე წიგნთან მიმართებით მისთვის ყველაფერი მიდიოდა მდორედ და ჩვეულებრივად.
ის წყაროსავით ანკარა ბავშვი იყო და შევეცადე, არ შემექმნა მისთვის რაღაც წარმოდგენები საკუთარ თავზე, რადგან დრო ადამიანებს ყოველთვის ცვლის და არ მინდოდა ამ პროცესის დაჩქარება.
აპირებთ თუ არა კოკოშას ამბების გაგრძელებას?
ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ თუ ის ისევ საინტერესო ადამიანად დარჩება, აუცილებლად გავაგრძელებ. ახლა ცოტა ხანს ვისვენებ ამ ყველაფრისგან.
მე ცოტა მიჭირს წარმოდგენა, როგორ, რა ჭრილში იმიტომ, რომ კოკოშა შეიცვალა და გაიზარდა.
„კოკოშური“ ამბების მთავარი ნარატივი ბებიისა და შვილიშვილის ნამდვილი და შეუსაზღვრელი ურთიერთობაა. თუმცა, აღსანიშნავია რომ ჯანა ამირეჯიბს, წლების განმავლობაში, თავისი შვილებისა შვილიშვილების გარდა, უამრავი სხვა ბავშვი აღუზრდია და მათთვის, სხვა ყველაფერთან ერთად, ქართული ზმნის სერიები და მწკრივები, ვაჟა-ფშაველას პოეზია, ილია ჭავჭავაძის ნაწერები და, რასაკვირველია, „ვეფხისტყაოსანიც“ უსწავლებია.
რა არის თქვენთვის „ვეფხისტყაოსანი“?
„ვეფხისტყაოსანი“ არის ჩვენი თავგადასავალი… ვაი, მოკლედ თქმა რა ძნელია!
ჩემთვის ყველაფერი ქართული „ვეფხისტყაოსნით“ იწყება, რადგან ეს არის ჩვენი ვინაობა, ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა… ჯადოქრული პოეტური შთაგონებით გადმოცემული ჩვენი ამბავია.

2019, © დავით მაჭავარიანი, © სულაკაურის გამომცემლობა.
სად გადის ზღვარი ლიტერატურას და პოლიტიკას შორის?
ჩემს საბავშვო მინიატურებშიც კი ვერ ავცდი ერთგვარად პოლიტიკას და ერთი ექსპერტისგან, რომლის აზრიც ჩემთვის ძალიან საგულისხმოა, შენიშვნაც მივიღე ამაზე. არ მქონდა გამიზნული ამ წიგნში პოლიტიკას შევხებოდი და სულ ვაპირებდი, რომ ის ნოველა, რომელიც არჩევნებს ეხებოდა, „გადამეგდო“, მაგრამ ვერ გავიმეტე.
ისე, საოცარი დამთხვევაა, ახლახან წავიკითხე ნობელიატი მწერლის, ჰერტა მიულერის, რომანი, „ჩემი სამშობლო იყო ვაშლის კურკა“ – მთავარი გმირი თავისი ეპოქის მკვიდრი და მსხვერპლია, მისი განცდები წიგნში უშუალო და დახვეწილი ფორმითაა გადმოცემული და ამავე დროს ლაიტმოტივად მწვავე პოლიტიკური თემა გასდევს, რამაც განაპირობა გმირის ცხოვრება და ბედი.
შეიძლება ავტორი დასცილდეს პოლიტიკას, მაგრამ ქვეტექსტებში ის მაინც იკითხება ხოლმე.
როგორ ხართ განწყობილი უაღრესად პოლიტიკური ნაწარმოებების მიმართ?
გააჩნია, ნაწერი ვისი ხელიდან გამოდის.
რა არის თქვენთვის ქართული ენა?
ჩვენს ენას ნათესავი არ ჰყავს მზის ქვეშეთში. ჩემთვის ენა ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია – ამ ენაში ვცხოვრობ, ამ ენაში ვარსებობ. მიყვარს, ვქმნი, ვთარგმნი უცხოური ენებიდან, ვასწავლი თაობებს მის მოქნილობას, მის შესაძლებობებს, ამ ენას ვესიყვარულები, ვექომაგები. ენით უნდა მოხდეს ჩვენი კიდევ ერთხელ გამთლიანება. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენი პოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი მრწამსისა, ჩვენ, ქართველებს, დაგვრჩა ქართული, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ გვაერთიანებს. დაკარგული ტერიტორიებისა და მიგრანტების დაბრუნებაც, რომელთა რიცხვიც მილიონს აღწევს, ენაში ჩვენი ერთიანობით უნდა განხორციელდეს.
მე და ჩემს რამდენიმე მეგობარს გვაქვს ასეთი პროექტის იდეა, რომ უცხო ქვეყნებში, სადაც ძალიან ბევრი ქართველია გადახვეწილი, სადაც ჩვენი დიასპორები და სამრევლოებია, ჩვენი ენა „წავუღოთ“, გავახსენოთ და დავიწყოთ იქ მისი პოპულარიზაცია.
ვინ არის უდიდესი ქართველი მოღვაწე?
ილია ჭავჭავაძე… ილია ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც ლიბერალიზმისა და ტრადიციული ეროვნული ცნობიერების ზღვარზე იარა და თითქმის შეუთავსებელი ორი იდეოლოგია აქცია ქვეყნის განვითარების მთავარ ძარღვად. ილია იყო სიტყვა და საქმე. არც ერთ ქართველს არ უბრძოლია ეროვნული იდეისთვის ისე, როგორც ეს ილიამ გააკეთა.
რომ შეგეძლოთ გასაუბრებოდით ნებისმიერ მწერალს, ვინ იქნებოდა?
ეს იქნებოდა რუსთაველი… ჩემი მარადიული შეყვარებული. ძალიან მაინტერესებს ყველაფერი მის შესახებ. ერთი კენოტაფი მაინც არსებობდეს, სადაც მივალთ და რუსთაველის საფლავს ვიგულებთ, თუმცა ამ გაუცხოებასაც, ამ მიუწვდომლობას აქვს თავისი ხიბლი.
როცა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ვიყავი, მქონდა განცდა, რომ რუსთაველი სადღაც იქ იყო.
ჯანა ამირეჯიბის ნოველების კრებული „მე – ნამდვილი კოკოშა“ წიგნის ყველა მაღაზიაში უკვე იყიდება.