აკა მორჩილაძეს სხვადასხვანაირი წიგნები აქვს. ზოგი სქელტარიანია, დიდი სამყაროთი და უამრავი გმირით, ზოგი კი, “აგვისტოს პასიანსივით” მოკლე, ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება ისეთი. აკა მორჩილაძე სულ ამბობს წიგნში ამბავია მთავარიო. ეტყობა კიდევაც ეგ მის ნაწერებს, რადგან რაც არ უნდა ნაცნობი იყოს გარემოებები და თემები, დასასრულს მაინც ვერასდროს გამოიცნობ. ეს გამოარჩევს აკა მორჩილაძის ლიტერატურას სხვა თანამედროვე ქართველების ნაშრომებისგან – მოულოდნელი დასასრული აქვს. მგონი ცხოვრებისეული რომაა მაგიტო, ცხოვრებაშიც ხომ დაგეგმილად თითქმის არაფერი მთავრდება.
“აგვისტოს პასიანსი” 2001 წელს გამოცემული რომანია და მაშინდელ თბილისურ ამბებს ჰყვება. თითქოს თვრამეტი წელი გავიდა მას მერე, მარა გინდა არ გინდა, ამბები მაინც იგივენაირია. კონტექსტი იცვლება, მაგრამ ძირი – არა. წიგნში არის მკვლელობა, გაუპატიურება, ალკოჰოლი, მანქანები, სექსი, ბლატაობა და ნარკოტიკი. ეტყობა თბილისის თვისებაა ეგ, მუდამ რაღაცნაირი იყოს.
როგორც ავტორი რომელიღაც ინტერვიუში ამბობს, მის ნაწერებში სიღრმე არ უნდა ეძებო. “აგვისტოს პასიანი” სწორედ ასეთი წიგნია, რომელიც უნდა წაიკითხო და განიცადო, გაიცინო და ცრემლიც დაღვარო, თუ კი ეგ მოგინდება და მერე წიგნი გადადო. ჩვეულებრივი, რამდენიმე საათში წასაკითხი ქართული რომანია.
იმის მიუხედავად, რომ წიგნი მომცრო ზომისაა, ის მაშინდელ ქართულ საზოგადოებას საკმაოდ კარგად აღწერს: იმ დროს თუ ცხოვრობდი გაგახსენდება, და თუ არ ცხოვრობდი, კარგადაც გაიცნობ. გვხვდება სხვადასხვანაირი გმირები, რომელთაც, თითქოს, რაღაც საერთო მეტაფიზიკური და არაცნობიერი სადარდებელი აერთიანებთ.
ამბავი კი ასეთია: ვიღაცას კლავენ, მკვლელი კი ამ ამბის მიმალვას ცდილობს, მაგრამ ამაოდ. მკვლელობას ვიღაც შეესწრება და ფულის გამოძალვის მიზნით პირველს აშანტაჟებს. ეგ პირველი შარში გაეხვევა და დახმარებას ითხოვს. პარალელურად, მოკლული ბიჭის თავს დაატარებს მთელი ქალაქი აქეთ-იქეთ. ამ ყველაფერს ფონად ახალბედა და გაუწონასწორებელი სიყვარული დაჰკრავს, ვენების უიმედო გადაჭრით და რეალობისგან გასაქცევი ლოთაობით.
სალიტერატურო ენის სიმარტივისა და ამბის, მაინცდამაინც, არაკომპლექსურობიდან გამომდინარე, შეიძლება იფიქრო, რომ რომანის დასასრულიც, ამბავივით ჩვეულებრივი იქნება, თუმცა ამაოდ -თბილისი არასდროსაა ჩვეულებრივი.