თომას მანის ჯადოსნურ მთაში არსებულ ფსიქოლოგიურ დისკურსს ნაკლები ყურადღება ეთმობა, ფილოსოფიურ და მითოსურ მიმართებებთან შედარებით, რაც ლოგიკური და სამართლიანია, თუმცა მთავარ კითხვებზე პასუხის გასაცემად აუცილებელია, რომ არაცნობიერის ფაქტორი დეტალურად განვიხილოთ. მით უმეტეს, რომ თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხდება არაცნობიერის ილუსტრირება, განსაკუთრებით ჰანს კასტორპის შემთხვევაში.
არაცნობიერს ცნობიერთან საკომუნიკაციოდ ორი მთავარი გზა აქვს. ერთი მხრივ, ეს არის სიზმრები, რომელიც ფსიქოანალიზის ერთ-ერთი პირველი საკვლევი თემა იყო. მეორე მხრივ კი, ეს არის სხეულის ენა, რომელიც შედარებით თანამედროვე კვლევის საგანია.
არაცნობიერთან წვდომა სხვა მოცემულობებშიც ხდება, რაც ისევ და ისევ ძილთან არის კავშირში, მაგალითად: ჰიპნოზი, თრობა, ან ზარხოში, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ხშირადაა აღწერილი ჯადოსნურ მთაში. თრობას რაც შეეხება, ნაწარმოებში აღწერილია არა მხოლოდ ალკოჰოლით თრობა, რაც პეპერკორნის გამოჩენის შემდეგ ხდება აქტუალური, არამედ მთის ჰაერით თრობა (გაბრუება), რაც განსაკუთრებით მოქმედებს მათზე, ვინც მცირე ხნის წინ ეწვია მთას.
ჰაერს მიჩვევა სჭირდება, ისევე, როგორც სინათლეს.
ლიტერატურის ისტორიაში მოიძებნება რომანები, რომელთა ფსიქოანალიტიკური კრიტიკაც შესაძლებელია. თავის დროზე მწერლები უარყოფითად შეხვდნენ ფსიქოანალიტიკურ კრიტიკას, ხშირად თავის მართლებაც უწევდათ – ფროიდი არ გვაქვს წაკითხული და მისი გავლენით არაფერი დაგვიწერიაო – ფროიდისტული კრიტიკა მწერალთათვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან მათი აზრით ავტორი დაკნინდა. მნიშვნელობას კარგავდა ავტორის განძრახვები და ჩანაფიქრი, ფროიდისტული კრიტიკის საფუძველზე კრიტიკოსებს მიეცათ შესაძლებლობა გაცილებით მეტი შეეტყოთ პერსონაჟებზე და მათ განზრახვებზე, ვიდრე თავად ავტორმა იცოდა. შეიძლება ითქვას, რომ „ავტორის მკვლელობის“ საქმეში, პირველად სწორედ ფროიდისტული კრიტიკის მიმდევრებმა გაისვარეს ხელი და იქამდე მოკლეს ავტორი, სანამ ამას როლან ბარტი გააკეთებდა. ბარტმა უბრალოდ სხვა არგუმენტებიც მოიშველია და „მკვლელობას“ თავისი სახელი დაარქვა.
თუმცა, არის შემთხვევები, როცა ფსიქოანალიტიკური კრიტიკით ლიტერატურული ნამუშევარი არ კნინდება. ეს ხდება მაშინ, როცა ავტორს თითოეული დეტალი გათვლილი აქვს, როცა განსაზღვრავს პერსონაჟის არა მხოლოდ ცნობიერს, არამედ, არაცნობიერსაც. ეს მხოლოდ გამორჩეულ ავტორებს შეეძლოთ. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო რუსული და გერმანული სკოლის წარმომადგენლები, ან ფსიქოლოგიური დრამის ფუძემდებლები. მათი ნამუშევრების შემთხვევაში ავტორი ცოცხალია, კრიტიკოსს მისი მოკვლის არანაირი შანსი არ აქვს, რადგან როგორი ინტერპრეტაციითაც არ უნდა განიხილოს ტექსტი, ავტორი არსად იკარგება, მისი კვალი ყველგან ჩანს, მას ამაზე უკვე ნაფიქრი აქვს.
სწორედ ასეთი ტექსტია ჯადოსნური მთა და სწორედ ასეთი ავტორია თომას მანი. დაწყებული ცნობიერიდან, დამთავრებული არაცნობიერით, ყველაფერი საათივით აწყობილია და, ჩემი მოკრძალებული აზრით, ზედმეტი მინიშნებაც აქვს შემოტანილი, რომელსაც მოგვიანებით განვიხილავ და იმ მიზეზსაც განვმარტავ, რატომ შეიძლებოდა თომას მანს ეს გაეკეთებინა.
რუსული სკოლის წარმომადგენლების ნამუშევრებისგან განსხვავებით, ჯადოსნურ მთაში არაცნობიერის კვლევისათვის ყველა მიმართულებით გვაქვს მასალა მოცემული. მაგალითად, დოსტოევსკისთან ხშირად გვხვდება სხეულებრივი გამოვლინებები, ერთ მოთხრობაში კი (Дядюшкин сон) სიზმარს არსობრივი მნიშვნელობა აქვს. ტოლსტოისთან გვხვდება სხეულებრივი გამოვლინება და სიზმარიც, თუ კლინიკურ სიკვდილს მივიღებთ მხედველობაში და მისგან წარმოქმნილ ჰალუცინაციებს, მაგრამ არა იმ დოზით და ისე ეტაპობრივად, როგორც ჯადოსნურ მთაში.
თომას მანმა იდეალური ადგილი შეარჩია არაცნობიერის გამოსავლენად. სიუჟეტი ვითარდება სანატორიუმში, შესაბამისად, ყველა ავადაა: ზოგი მძიმედ, ზოგი ნაკლებად. აღსანიშნავია, რომ მძიმე ავადმყოფებს უფრო აღმატებული სტატუსი აქვთ, ისევე როგორც ქრისტიანულ კულტურაში, ანტიკური რომაული კულტურის საპირწონედ.
მათი სხეული თავად მეტყველებს მათსავე სნეულებაზე, ყველა ხორციელი სნეულება სულიერი სნეულებიდან მომდინარეობს.
სიზმრები
ნაწარმოებში პირველივე თავებიდან გვეძლევა შესაძლებლობა განვიხილოთ სიზმრის ფენომენი, განსაკუთრებით ჰანს კასტორპის შემთხვევაში. ცალკეულ მონაკვეთებში სიზმრები მთლიანადაა აღწერილი, ასევე, არის ადგილები, სადაც უბრალოდ ნათქვამია, რომ „ჰანს კასტორპი არეულ-დარეულ სიზმრებს ხედავდა“.
ასახსნელად მარტივია მადამ შოშას ხილვა, საქმე გვაქვს ღია სიზმართან, სადაც ჩვენ უკვე ვიცით, რატომ ხედავს მადამ შოშას სკოლის ეზოში და რატომ ესაუბრება ფანქარზე. მთხრობელმა უკვე გვამცნო ჰიპეს შესახებ, მაგრამ მას შემდეგ დიდი დროა გასული და ჰანს კასტორპს დიდად არც სურს ამის გახსენება. მეხსიერებას თავდაცვის ფუნქცია აქვს, რომელიც ან გავიწყებს შენთვის უსიამოვნო, მიუღებელ მოგონებას, ან დეფორმირებას უკეთებს მას. შესაბამისად გამახსოვრდება ისე, როგორც გაწყობს, რომ გახსოვდეს.
კასტორპის შემთხვევაში ყველაფერი ხელის გულზე დევს, მაგრამ თითქოს ვერ უტყდება თავს, რომ მადამ შოშა სწორედ პშიბისლავს ახსენებს. სავარაუდოდ, არა იმიტომ, რომ შოშას მიმართ გრძნობებში ვერ გამორკვეულა, არამედ იმიტომ, რომ ჰიპესთან სიახლოვეს სახელი ვერ დაარქვა.
ეს კი გაცილებით ამარტივებს საქმეს, რათა შოშას მიმართ გაჩენილი ლტოლვა გავიგოთ. ის, რასაც მიწას მიაყრი და გაუანალიზებლად დატოვებ, ის, რასაც სახელს ვერ დაარქმევ და უბრალოდ დამარხავ, ადრე თუ გვიან აუცილებლად წამოყოფს თავს, პირველ რიგში არაცნობიერის დონეზე. აქედან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი, რომ თუ წყვილს შორის რამე ხდება, საწყის ეტაპზე მხოლოდ სიზმარში, ხოლო, როდესაც მათ შორის კავშირი შედგება, კასტორპი მოგვიანებით ამ განსაკუთრებულ დღეს სიზმრად მოიხსენიებს.
აქვე, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ იმ დღეს, როცა მათ შორის კავშირი შედგა (იწვნენ, იდგნენ თუ იჯდნენ გაურკვეველია, თუმცა გონივრული ეჭვის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სექსი ჰქონდათ) ისინი ნიღბებით იყვნენ, „ყოველგვარ სიღრმეს ნიღაბი უყვარს“, (Nietzsche, Beyond Good and Evil) “მიეცი ადამიანს ნიღაბი და ის გეტყვის სიმართლეს“, (Wilde, The Happy Prince & Other Tales). ნიღბის მორგება ნამდვილი სახის გამოჩენის ტოლფასია, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება არაცნობიერის ისეთი პირდაპირი გზა ცნობიერთან, როგორიც სიზმარი ან სხეულის ენაა, მაგრამ ნიღაბი ამ შემთხვევაში კარგი მაპროვოცირებელი იარაღია არაცნობიერში არსებული სურვილების გამოსავლენად. “ის რაც ჩვენში არ არის, არც აფეთქდება“ (Jung, Answer to Job) მხოლოდ „ტრიგერია” საჭირო ასაფეთქებლად.
ნაწარმოებში ამოვიკითხავთ სიზმარს, სადაც სეტემბრინია მთავარ როლში და მომდევნო სიზმარს, სადაც ბერენსი გვხვდება, ორი სიზმარი მეტწილად ღიაა, სეტემბრინის შემთხვევაში კასტორპი მას მხარს გაკრავს და ეცდება, რომ ადგილიდან დაძრას, ფეხი მოაცვლევინოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ის, რაც ცნობიერის დონეზე, სიფხიზლეში ვერბალური გზით ხდება, სიზმრად ფიზიკური კონტაქტის ფორმა შეიძინა. სეტემბრინი წარმოადგენს თვითმყოფადობასა და ბებერ კულტურას, რომელიც კლდესავით ურყევია. ამ კონტაქტის შემდეგ, კასტორპის წარმოთქმული „ხელს მიშლით“ მრავალნაირად შეგვიძლია გავიგოთ, თუმცა რადგან ფსიქოლოგიურ დისკურსში განვიხილავთ, არაცნობიერს მივუბრუნდები და ჩავთვლი, რომ ეს უკვე არაცნობიერის დაცვის მექანიზმია. კასტორპის შინაგანი მე, კარგად გრძნობს თავს მაშინ, როცა იცის, რომ საცავი ხელუხლებელია. მას შემდეგ რაც სეტემბრინი გამოჩნდა, კასტორპი იწყებს თვითშეცნობის გზაზე სიარულს და შესაბამისად მივიწყებულ და მიწამიყრილ ამბებსაც უბრუნდება, ამიტომ გვესმის მისი დაფარული მხარის წამოყვირება – „ხელს მიშლი!“
მთხრობელი გვაუწყებს, რომ სიზმრისგან განსხვავებით, ცხადში კასტორპი ყოველთვის ყურადღებით უსმენს სეტემბრინის და ასეთ აზრსაც გაივლებს თავში – „რამდენად სჯობია ფხიზელი ადამიანი სულელურ სიზმრებში გახვეულ კაცს“. ამას გაიფიქრებს სწორედ მაშინ, როცა ახსენდება, როგორ ეურჩება სიზმარში სეტემბრინის. შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის უკვე მზად არის თვითშეცნობისაკენ გადადგას ნაბიჯი და თავად იწყებს დაფარული სურვილების ამოთხრას.
მარტივი სიზმარია შოშას ხილვა, რომელსაც ამჯერად ფიზიკურად ეხება და ხელზე კოცნის. აკეთებს იმას, რასაც ცხადში ვერ ბედავს. კონკრეტულად ამ მომენტში, როცა ამ სიზმარს ხედავს, შოშასთან მას ჯერ კიდევ არანაირი კავშირი არ დაუმყარებია.
ნახავს კროკოვსკისაც, ეს სიზმარი ყველაზე მოკლედაა აღწერილი: კროკოვსკი დასდევს, რომ „სული დაუნაწევროს“ (მხატვრულად აღწერილი ფსიქოანალიზი), ჰანს კასტორპს კი ძალიან ეშინია. ისევე, როგორც ყველა ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, რას ინახავს მისი არაცნობიერი, რასაც არ უნდა ინახავდეს, რადგან საცავში აღმოჩნდა, ესე იგი, მისი გამოჩენა აშინებს ან არცხვენს.
მოგვიანებით სიზმარში ნაწილ-ნაწილ ვხედავთ სურათებს, რომელთა არსიც არ იცვლება, ერთი მხრივ ეს არის ჩარჩენილი ამბები, რომელმაც მასზე უსიამოვნოდ იმოქმედა, მაგალითად იოახიმის ხველება, რომლის ხმაც წარსული გამოცდილების გამო, მისთვის სიკვდილთან ასოცირდება, ეს არის სიკვდილის ხმა წარსულიდან. სწორედ აქ იჩენს თავს ის თავდაპირველი და თანდაყოლილი სიკვდილის შიში, რომელიც ყველაზე რთულად მისასვლელი და გასაცნობიერებელი შიშია, რადგან ყველა სხვა შიშის ფუძე, რეალურად სიკვდილის შიშია.
ასევე მეორდება სიზმრად ხორციელი ლტოლვის სურვილი. სიზმარს ხედავს ფრაუ შოშასთან კავშირამდე, ჯერ მხოლოდ ხელზე კოცნა იყო, ამჯერად კი ხორციელი კავშირია აღწერილი, სურვილი და ლტოლვა ეტაპობრივად მატულობს.
არაცნობიერის ნაკადით ყველაზე მეტად დატვირთულია „თოვლი“, რომელიც ფრაუ ფირცხალავას თქმით, მთლიანი რომანის ერთ-ერთ მთავარ გასაღებად მიიჩნევა. უცნაურია, რომ ამ თავშიც გვხვდება ჰიპეს ხატება, შოშასთან კავშირმა თითქოს უნდა მოინელოს ეს ძველი ამბავი, მაგრამ უფრო მეტად ხელშესახები ხდება. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ კლავდია შოშა არის ჰიპეს ხატება და არა პირიქით.
ამავე სიზმარში ვხედავთ ორ დედაბერს, რომლებიც ჩვილ ბავშვს შუაზე გლეჯენ. ჯადოსნური მთის ერთ-ერთი მთავარი თავი „თოვლი“ მას შემდეგ მოდის, როდესაც ლეო ნაფტა უკვე გამოჩენილია, მუდმივად ვადევნებთ თვალყურს მისი და სეტემბრინის კამათს, ხოლო მათ შორის კასტორპია მოქცეული. ამჯერადაც შეგვიძლია მსგავსი ინტერპრეტაცია, მით უმეტეს, რომ კასტორპი ცოტა დამფრთხალია მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ ნაფტა იეზუიტია, ხოლო სეტემბრინი – მასონი.
დედაბრები წარმოადგენენ არა პიროვნებებს, არამედ კულტურებს. კულტურებს, რომლებიც ჰამბურგელ კასტორპს შუაზე გლეჯენ.
„თოვლი“ მთლიანად სიზმრისა და ბურუსის ფონზე იკითხება. ამ დროს რომანის დასაწყისში ამოკითხული წინადადებაც გაგვახსენდება – „მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალი“ – ისევე, როგორც არაცნობიერი ვერ გამოავლენს თავს სრულად, ასევე მწვერვალი ვერ გაიწმინდება ბოლომდე თოვლისგან, ხოლო საკუთარი თავის შეცნობისა და სიკვდილის შეცნობის კვალდაკვალ, კასტორპი თავად გასწევს მთისკენ, ანუ იმ გზას გაივლის ფიზიკურად, რასაც შინაგანად უკვე გადის.
დედაბრების სიზმრიდან გამორკვეული კასტორპი ასეთ რამეს იტყვის – „მე ყველაფერი ვიცი ადამიანზე, მე შევიცანი მისი სისხლი და ხორცი, მე სნეულ კლავდიას დავუბრუნე პშიბისლავ ჰიპეს ფანქარი. ჰოდა, ვინც სხეულსა და სიცოცხლეს შეიცნობს, იგი სიკვდილსაც შეიცნობს.“ – ამ სიტყვით კასტორპმა გვითხრა ყველაფერი ის, რის ანალიზსაც ვცდილობდი. უპირველეს სიტყვას, რომ დავუბრუნდე – როგორი ინტერპრეტაციითაც არ უნდა წავიკითხოთ, თომას მანის ჩანაფიქრს ვერაფრით ვერ ავცდებით.
სხეულის ენა
იმისათვის, რომ ჯადოსნურ მთაში სხეულებრივი გამოვლინება აღვწერო, საჭიროა რამდენიმე მაგალითის მოყვანა, თუ რას წარმოადგენს სხეულის ენა. ყველაზე მარტივად ასახსნელად ფსიქოლოგებს ბავშვისა და სკოლის მაგალითი მოჰყავთ. სამუშაო დღეებში ბავშვებს ძილის უკმარისობა აწუხებთ, გაღვიძება და სკოლაში წასასვლელად მომზადება უჭირთ, მაგრამ როგორც კი შაბათი მოვა, ტრადიციულ დროზე ადრე იღვიძებენ. რეალურად, სურვილი რეაგირებს სხეულზე.
30-იანი წლების მიწურულს, გადასაღებ მოედანზე ჩარლზ ლოუტონს სხეულზე წყლულები გაუჩნდა, მისი სხეული ნელ-ნელა ლპებოდა. მიუხედავად ამისა, ტკივილი დიდად არ აწუხებდა და ვერც ექიმებმა შეძლეს საქმეში გარკვევა, დიაგნოზი ვერ დასვეს, სნეულებას კი მსახიობისთვის პრობლემა არ შეუქმნია, რადგან კვაზიმოდოს როლს ასრულებდა. მხოლოდ წლების შემდეგ, ვარაუდის დონეზე გამოითქვა მოსაზრება, რომ როლში შეჭრილმა მსახიობმა სხეული თავის ნებაზე მიუშვა, სცენურ გარდასახვას ფიზიკური გარდასახვა მოჰყვა. ამ ვერსიის საფუძვლიანობას ამყარებს ისიც, რომ სნეულება გადაღების დასრულებისთანავე გაქრა.
სხეულს თავის მეხსიერება და საკომუნიკაციო ენა აქვს. სხეულის მეხსიერება თავს იჩენს მაშინ, როცა საქმე გვაქვს ტრავმებთან, ფიზიკური იქნება ეს თუ სულიერი. დროის კონკრეტულ მონაკვეთში ნაიარევის ადგილზე ადამიანი გრძნობს ტკივილს, ზუსტად იმ დროს, როცა ეს ნაიარევი მიიღო, ან ის სულიერი ტრავმა ავლენს თავს, რომელიც ჩავლილი და მივიწყებულია.
კასტორპთან მიმართებით, აუცილებლად უნდა ვახსენო ჩამრთველიც (Trigger), რომელიც ასევე თანამედროვე კვლევის საგანია და თომას მანის ეპოქაში ეს მოვლენა ტერმინოლოგიაშიც კი არ ყოფილა მოქცეული. მიუხედავად ამისა, თომას მანისათვის ცნობილია „ტრიგერის“ მექანიზმი. ამის დასტური ჯადოსნური მთაა.
რას ნიშნავს და რა ვითარებაში გვხვდება ჩამრთველი? ჰანს კასტორპის შემთხვევაში ჩამრთველი არის სიტყვა. „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“. მკითხველებს მოეხსენებათ, რომ სიტყვაში იდეა იგულისხმება. გონი. აბსოლუტური გონი. სიტყვა არასდროს არის უბრალოდ სიტყვა. და თუ ვინმე მიიჩნევს, რომ უბრალოდ არის ნათქვამი, ასე, არაფრის გამო, ამაოდმეტყველებისათვის, ყველაზე დიდ მნიშვნელობას სწორედ ასეთ დროს იძენს ხოლმე. ჰანს კასტორპისთვის არსებობს საგანგაშო სიტყვა, საფრთხისშემცველი, თუმცა სანამ ამ სიტყვამდე მივიდოდე, მანამდე გავიხსენოთ როგორ რეაგირებს მისი სხეული ჯადოსნურ მთაზე ასვლისას.
„ჯანმრთელი ადამიანი არ არსებობს“, არსებობს მხოლოდ ხალხი, რომელთაც ჰგონიათ, რომ ჯანმრთელად არიან. ის რაც დაბლობზე დაფარულია, მთაში სიცხადეს იძენს, სანამ მკურნალობის პროცესი დაიწყება, მანამდე ბოლომდე უნდა გამოვლინდეს სნეულება, ბოლომდე უნდა გამოაჩინოს თავი და მხოლოდ შემდეგ დაიწყება მკურნალობის პროცესი.
კასტორპს თავი ჯანმრთელი ჰგონია და ავად ხდება, უწევს ტემპერატურა და მუდმივ ძილბურანში იმყოფება, თუმცა აქ უფრო მეტად საინტერესო ის არის, რომ თავად არ არის ამის წინააღმდეგი, მისი არაცნობიერი სწორედ ამისკენ არის მიმართული.
სწორედ აქ გვხდება საფრთხის შემცველი სიტყვა – წასვლა.
როგორც კი ეს სიტყვა ითქმება, ან სეტემბრინის მხრიდან, ან თავად კასტორპი გაივლებს თავში, ან იოახიმი ჩამოაგდებს სიტყვას, კასტორპის ტემპერატურა მაშინვე მატულობს. როგორც კი გადაწყვეტს, რომ მთა დატოვოს მაშინვე ავად ხდება, როგორც კი სეტემბრინი შესთავაზებს, რომ წავიდეს, მისი სხეული მაშინვე მოდის წინააღმდეგობაში. კასტორპის არაცნობიერს ფეხის მოცვლა არ სურს.
განსაკუთრებით თვალშისაცემია მომდევნო ეტაპი, ბოლო თავები, როცა სნეულების კერები გაქრება, მაგრამ ტემპერატურა მაინც აწუხებს, მას უბრალოდ არ შეუძლია მთის დატოვება.
თომანს მანს სიუჟეტში შემოჰყავს ოტილია კნაიფერი, რომელიც მხოლოდ იმიტომ გამოჩნდა წიგნში, რომ კასტორპის მდგომარეობისთვის გაესვა ხაზი. სწორედ ეს მივიჩნიე ზედმეტ მინიშნებად, რადგან იმ დროისთვის, როდესაც თომას მანი ჯადოსნურ მთას წერდა, სხეულის ენისა და არაცნობიერის კავშირი ჯერ კიდევ კვლევის საგანი იყო.
თავდაპირველად, კასტორპს წასვლა სურს, მაგრამ ავად ხდება და ვერ მიდის, ცნობიერი წასვლას ითხოვს, მაგრამ არაცნობიერი არ უშვებს. ოტილიას შემთხვევაში კი საპირისპირო მოცემულობა გვაქვს, მას გაცნობიერებულად სურს დარჩენა, მაგრამ მის შინაგან მეს, ამის არანაირი მოთხოვნილება არ აქვს. მოსწონს სანატორიუმი, ლამაზი მთა და კარგი ჰაერი, სულ ეს არის. ეუბნებიან, რომ წავიდეს და ჯიუტად რჩება, ხან გაყინულ წყლაში ჩახტება და ხანაც გარეთ თოვლში ირბენს, მაგრამ არაფერი ემართება, ვერც გაცივდა, ვერც დასნეულდა, იმიტომ, რომ მარტივი ადამიანია, მისი სული სნეულებისთვის, სიკვდილის შესაცნობად მზად არ არის. სნეულება აღმატებულად წარმოაჩენს ადამიანს, ხოლო „სიკვდილი საბოლოოდ ამშვენებს“, (თუმცა, ამაზეც კამათია).
ხალხს, რომელთაც ჰყოფნით გამბედაობა სიკვდილის გზაზე იარონ, სნეულება არ აშინებთ. ამიტომ, იგივე ამბავი გვაქვს სეტემბრინისთან მიმართებითაც, მოკლედ არის ნათქვამი და აღწერილი, იოახიმის სიტყვებით – „სეტემბრინის ავადმყოფობა არ ანებებს თავს, მუდმივად ბრუნდება მთაზე“.
კასტორპის ტემპარატურა მისი სურვილის შესაბამისად თამაშობს. რაც უფრო მეტად ღრმავდება ურთიერთობა შოშასთან, მით უფრო მაღლა იწევს ტემპერატურაც. ეს რეალურად ძიების პროცესია და არა სიყვარული, შოშა უბრალოდ იარაღია იმისათვის, რომ წარსულის სურვილებში გაერკვეს. შესაბამისად, რამდენადაც სწავლობს იარაღის გამოყენებას, იმდენად ცდილობს, რომ მასთან ახლოს იყოს. ტემპერატურა კი მასთან ახლოს ყოფნის საშუალებაა.
სხეულებრივი გამოვლინების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია უნებლიე ჩვევა – თავის კანტურის სცენები, სადაც ინტერპრეტაციის საშუალებას ფროიდთან ერთად იუნგიც მოგვცემს. ერთი მხრივ, კოლექტიური არაცნობიერის, მეორე მხრივ კი გენეტიკური კავშირის თვალსაზრისით, ბაბუასა და შვილიშვილს შორის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბაბუა შვილიშვილს მამობას უწევს. ვიცით, რომ ჰანსი ძალიან ჰგავს ბაბუას. აღსანიშნავია, რომ იგივე ემართება იოახიმსაც – როდესაც მთაზე დაბრუნდება თავის კანტური ეწყება სწორედ მაშინ, როცა ჰანს კასტორპს პირველად მიმართავს სახელით, – წაშლის იმ ზღვარს, რომელიც მათ შორის ყოველთვის იყო.
ფსიქოანალიტიკური ხაზი ბოლომდე მიჰყვება მითოსურ-ფილოსოფიურ ხაზს, განსაკუთრებით ნიცშეს დიონისურ მხარეს, რადგან კასტორპის მუდმივად ძილბურანში და ზარხოშში ყოფნა, პირდაპირი კარია არაცნობიერთან.
ასე რომ, ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური დისკურსი, ერთი საერთო სათქმელისკენ მიდის, ფილოსოფიური დისკურსი ვითარდება ცნობიერის დონეზე – მონოლოგების, დიალოგებისა და დრამატული პაუზების საფუძველზე, ხოლო ფსიქოლოგიური დისკურსი ვითარდება არაცნობიერის დონეზე – სიზმრების, სხეულის მეტყველებისა და დაუფიქრებლად, უნებლიედ ნათქვამი სიტყვისა თუ ქმედების საფუძველზე.
ჰანს კასტორპი თავისი ნებით მიდის სიკვდილთან, გაცნობიერებულად, შიშის გარეშე. ის არ მიდის ომში საბრძოლველად, ის მიდის იმისათვის, რომ მოკვდეს.