ხშირად მოისმენთ, ვაჟა-ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობი რომ არ დაეწერა, ალბათ, ბემბიც არ იარსებებდაო. ასე ზეპირსიტყვიერად გავრცელდა ეს ამბავი და უოლტ დისნეიმდე ჩააღწია. აბა, ასეთი მსგავსება სად გაგონილაო?!
მსგავსება მართლაც აშკარაა, განსხვავება კი არათუ შვლის ნუკრსა და ბემბის შორის, არამედ, ბემბის პირველ ვერსიასა და დისნეის ადაპტირებულ ვერსიას შორისაც ძალიან დიდია. რაც პოლიტიკური მიზეზებით არის გამოწვეული.
ვაჟა-ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობი 1883 წელსაა გამოცემული. შვიდ გვერდიანი მოთხრობაა, შვლის ნუკრის ენით მოთხრობილი. მთავარი ანტაგონისტი ადამიანია, მონადირე.
ფელიქს სალტენის ბემბი – ცხოვრება ტყეში თავდაპირველად გაზეთ Neue Freie Presse-ში იბეჭდებოდა სერიებად, ერთი წლის შემდეგ, 1923 წელს, გამომცემლობა Ullstein Verlag-მა გამოსცა, ორი წლის შემდეგ კი – აიკრძალა. მოთხრობილია ღმერთის პერსპექტივიდან. განახლებული ვერსია, წინასიტყვაობის ჩათვლით, 192 გვერდია.
ვაჟა 1861 წელსაა დაბადებული, ფელიქს სალტენი – 1869 წელს. ორივენი ერთი თაობის მწერლები არიან.
ავსტრიელი მწერლის ნამდვილი სახელი და გვარი ზიგმუნდ ზალცმანი იყო. ებრაელებზე დევნის დაწყებისთანავე შეიცვალა სახელი და ფელიქს სალტენი გახდა.
წიგნებს თავისი ბედი აქვთ
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სალტენის ორიგინალი ნამუშევარი საერთოდ არ ჰგავს დისნეის ადაპტირებულ ვერსიას. ორიგინალი ნაცისტებმა გაანადგურეს, რადგან მასში პროპაგანდისტული ქვეტექსტები ამოიკითხეს. დღეს, როცა წიგნის თავდაპირველი გამოცემიდან 100 წლის იუბილეზე განახლებული და ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებული თარგმანი მივიღეთ, მკვლევართა და ლიტერატორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ორიგინალი ბემბი არის გაფრთხილება და წინასწარმეტყველება ჰოლოკოსტის შესახებ.
ახლებური თარგმანის ავტორია მინესოტის უნივერსიტეტის გერმანული ლიტერატურისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორი ჯეკ ზიპსი. მისი აზრით სალტენს ვენის 20-იანი წლები აქვს აღწერილი, სადაც უკვე ჩანს ძლიერი ანტისემიტიზმის ნიშნები. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ განსაკუთრებით რთული გახდა ანტისემიტიზმთან ბრძოლა, რადგან ომში დამარცხებას ებრაელებს აბრალებდნენ.
ეგზისტენციალური ნაწარმოებიდან მხოლოდ სენტიმენტალური ნამუშევარი დარჩა, სალტენის ჩანაფიქრი კი მთელი 100 წლის მანძილზე დამარხული იყო.
„რაც ბოლოს ბემბის ემართება მის ადაპტაციაში საერთოდ დაკარგულია. დისნეის კორპორაციამ პათეტიკურ დასასრულად გადააკეთა, თითქმის სულელურ ფილმად პრინცსა და ბურჟუაზიაზე” (ზიპსი).
სალტენის ბემბის დასასრული არც შვლის ნუკრის ნაამბობის დასასრულს ჰგავს და არც დისნეის ადაპტირებულ ვერსიას. უკვე გაზრდილი ბემბი ორ პატარა შვლის ნუკრს გადაეყრება, რომლებიც დედას უხმობენ. მათში, შესაძლოა, ვაჟას შვლის ნუკრიც დავინახოთ. ისეთივე უმწეო და სევდიანი სურათია, მაგრამ ბემბი უკვე გაზრდილია, ის მიმართავს პატარებს – „დედათქვენს არ აქვს დრო თქვენთვის, არ შეგიძლიათ მარტო იყოთ?“ – ამ ნათქვამში შენიშვნაც იკითხება, თითქოს მოუწოდებს პატარებს, რომ მარტო ცხოვრება ისწავლონ, მათ დასახმარებლად არავინ მოვა, თითქოს თავისივე წარსულს მიმართავს.
ეს არის წიგნი საკუთარ სახლში გადარჩენაზე. ბემბი დაბადებიდან საფრთხეშია, მონადირეები მასზე ნადირობენ და ხოცავენ ყველა ცხოველს. ის რაც მკითხველზე განსაკუთრებით შემაძრწუნებლად მოქმედებს არის ის, რომ არსებობენ მოღალატე ცხოველები, რომლებიც თვითგადარჩენის მიზნით მონადირეებს ეხმარებიან“ (ზიპსი).
მაგალითად, ბემბის ბიძაშვილ გობოს მიაჩნდა, რომ მონადირეები მის მიმართ განსაკუთრებულ მოწყალებას გამოავლენდნენ. ბემბის დედას კლავენ, თავად ბემბიც იღებს ჭრილობებს, მაგრამ პრინცის დახმარებით გადარჩება. ის ბემბის შვილივით ეპყრობა და სავარაუდოდ არის კიდეც მისი მამა. გობო კი გაუჩინარდება და ყველას მკვდარი ჰგონია, მაგრამ გადის დრო და ცხოველები უკვე გაზრდილ გობოს პოულობენ, რომელიც მონადირეთა სიკეთესა და გულმოწყალებაზე საუბრობს.
„თუ მას ვინმე უყვარს, ან თუ მას ვინმე ემსახურება, ის კარგად ეპყრობა მათ, წარმოუდგენლად კარგად!“ – ამბობს გობო მონადირეზე, რომელმაც შეიფარა და გადაარჩინა.
ბემბის სრცხვენია გობოს პოზიციის გამო, მაგრამ ვერ ხვდება რატომ (was ashamed of Gobo without knowing why). გობოს მაინც არაფერი შველის, ბემბის დედის მსგავსად მასაც კლავენ. ზედმეტად გაშინაურდება, დანავარდობს იმ მდელოზე, სადაც ადამიანთა სუნი იგრძნობა, არ უფრთხის და არ ეშინია, თითქოს მთელი ტყის დასანახად ამბობს – მე შემიძლია ის, რაც თქვენ არ შეგიძლიათ, მე განსაკუთრებული ვარ – შემდეგ კი ფოლინი (ბემბის შეყვარებული ირემი, რომელიც ანიმაციაშიც გვხვდება) ხედავს როგორ ნაწილ-ნაწილ გლეჯენ გობოს.
დასასრულს ბემბი სულ მარტოა. ყველა ან მკვდარია, არ გარიყული. პატარა შვლის ნუკრებს მოსცილდება, თავის თავთან საუბრობს და ტყეში უჩინარდება. ეს არ ჰგავს ანიმაციის დასასრულს, სადაც ფოლინს უკვე შვილები ჰყავს, თავად ბემბი კი ტყის პრინცად არის ქცეული.
ზიპსი დარწმუნებულია, რომ ეს ალეგორიული ნაწარმოებია ებრაელთა ბედზე. ინტერპრეტაციის საშუალებას კი ბევრი ეპიზოდი იძლევა, სადაც ადამიანის ფიქრი ისმის ეგზისტენციალიზმზე და არა უმანკო ცხოველის წუხილი.
– იქნება ტყეში ცხოვრება ოდესმე უფრო უკეთესი? – კითხულობს ბემბის დედა.
– ან კი ყოფილა ოდესმე უკეთესი? – პასუხობს ბემბის დეიდა.
„ცხოველებს განსაკუთრებული მეტყველების უნარი აქვთ, ისინი საუბრობენ ისე, თითქოს ვენის ერთ-ერთ კაფეში იყვნენ თავმოყრილნი. ალეგორია იკითხება არა მხოლოდ შინაარსით, არამედ ენობრივი სტრუქტურითაც“ (ზიპსი).
შეიძლება ორი ფოთლის დიალოგმაც მიიქციოს ყურადღება, ასევე საზრისსა და სიკვდილზე, რომ მსჯელობენ:
– რა იქნება ტოტებს რომ მოვწყდებით? რა იქნება სიკვდილის მერე?
– საერთოდ, რატომ უნდა მოვკვდეთ?
ერთი ფოთოლი მეორე შეყვითლებულ ფოთოლს ატყუებს ისევ ისე კარგად გამოიყურებიო, არადა მის თვალწინ ხმება.
ინგლისური თარგმანის ვერსია 1928 წელს გამოიცა, მეტად შეცვლილი სახით. მთარგმნელი უიტაკერ ჩემბერსია, მოგვიანებით საბჭოთა ჯაშუშობაში მხილებული. ნამუშევარმა მაშინვე დიდი ყურადღება მიიპყრო და ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ჯადოსნურ მთასაც კი შეადარა.
1938 წელს ფელიქსმა შვეიცარიაში გაქცევა მოახერხა, უფლებები ამერიკელ რეჟისორ სიდნი ფრანკლინს მიჰყიდა 1000$-ად, ამ რეჟისორისგან კი დისნეიმდე მივიდა, რომელმაც წიგნის ადაპტირება გადაწყვიტა.
1939 წელს სალტენმა ამერიკულ გამომცემლობას წერილი გაუგზავნა და თხოვა ჩემბერსისეული თარგმანი გაეუქმებინათ, მაგრამ არავინ მოუსმინა. თავის მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში თავად უოლტ დისნეი იყო ეჭვმიტანილი ანტისემიტიზმსა და ნაცისტებთან თანამშრომლობაში, თავის სტუდიაში ლენი რიფენშტალსაც უმასპინძლა და მთელი დარჩენილი ცხოვრება თავის მართლება უწევდა.
დისნეის სურდა ერთ-ერთ სცენაში ეჩვენებინა სხვა მონადირეების მიერ დახვრეტილი მონადირე, მაგრამ საცდელ ჩვენებაზე აუდიტორიამ ზედმეტად სასტიკად მიიჩნია სცენა.
თავდაპირველად დისნეის ბემბის შემოსავლები დიდი არ იყო, რადგან მეორე მსოფლიო ომის გამო მაყურებელთა რაოდენობამ იკლო, სამაგიეროდ, მომდევნო წლებში 47 მილიონის შემოსავალი მოიტანა, იმაზე მეტი, ვიდრე იმავე წელს გამოსულმა კასაბლანკამ.
მიუხედავად იმისა, რომ დისნეი ჩემბერსის თარგმანს დაეყრდნო, რომელიც მეტად შერბილებული ვერსიაა, სადაც მთლიანად სახეცვლილია სალტენის ჩანაფიქრი, სურათი მაინც ძალიან მძიმე გამოდგა. ამერიკელმა რომანისტმა, სტივენ კინგმა ბემბის თავისი ცხოვრების პირველი საშინელებათა ფილმი უწოდა.
სალტენს ბემბის შემოსავლებიდან ერთი ცენტიც არ მიუღია. ის ციურიხში გარდაიცვალა, მარტოობაში,1945 წელს, ჰიტლერის თვითმკვლელობიდან ოთხ თვეში.
კაცი ბევრი სახით
სალტენი უნგრეთში დაიბადა და სულ რაღაც სამი წლის იყო, როცა ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან იმ დროისთვის ავსტრიელები ებრაელებს სრულ მოქალაქეობას სთავაზობდნენ.
სახეზეა ნაცისტური გერმანიის მორიგი მსხვერპლი, კარგი მწერალი, რომელმაც გაქცევა მოახერხა და ჩრდილში დარჩა, როგორც თავად, ისე მისი ნამუშევარიც. მაგრამ არ ყოფილა ფელიქს სალტენი, ან თუ გნებავთ ზიგმუნდ ზალცმანი მარტივი ადამიანი. მისმა ბიოგრაფმა ბევერლი დრაივერ ედმა სალტენის ბიოგრაფიას „კაცი მრავალი სახით“ უწოდა.
ამ მრავალი სახიდან ერთს უკვე იცნობთ – კარგი მწერალი, რომელიც იდევნებოდა. წერდა რომანებს, მოთხრობებს, პიესებს, ესეებს, რეცენზიებს, კრიტიკას და რომანისხელა ხალიჩის რეკლამასაც.
მეორე სახე გვეუბნება, რომ სალტენი თავად იყო მონადირე და ორასამდე ირემი ჰყავდა მოკლული.
მესამე სახე გვეუბნება, რომ თავის ეპოქაში გარყვნილ კაცად მიიჩნეოდა, ჰქონდა ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება, ამ ცხოვრებაში შეხვდებით მოსამართლეებს, სოციალისტ აქტივისტებს, ოპერის მომღერლებს, მსახიობებს და ერთდროულად რამდენიმე ქალსაც.
მეოთხე სახე გვეუბნება, რომ ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო წიგნის ავტორია ბავშვთა პორნოგრაფიაზე.
მეხუთე სახე გვაცნობს კაცს, რომელიც მაინცდამაინც მამაცი არ ყოფილა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობდა კიდეც მათთან, უბრალოდ ჭკუა ყოველთვის ჰყოფნიდა, რომ „გობოს ბედი“ არ გაეზიარებინა.
შეეძლო თუ არა ავტორს დაეწერა გულისმომკვლელი, საზარელი ისტორია შვლის ნუკრზე, მისი სახით აღეწერა ებრაელთა ან სხვადასხვა უმცირესობების ბედი და ამავე დროს ყოფილიყო გამოცდილი მონადირე და ბავშვთა პორნოგრაფიის ავტორი? ფაქტია, რომ ბემბი მისი დაწერილია. აი, გამოიყენა თუ არა სხვაგან ამოკითხული, ან მოსმენილი ამბავი, ეს განსჯის საგანია.
ვაჟა-ფშაველას მსგავსად სალტენსაც ჰქონდა ცხოველების სერია, თუმცა, მას არავინ მიიჩნევდა ბუნების ენის მცოდნე ავტორად ან მხატვრული ენის დიდოსტატად. უფრო ადრეულ ორუელს ჰგავდა, ვიდრე ვაჟა-ფშაველას.
თუ მუჰამედი არ მიდის ფშავში..
სალტენის გენეალოგიურ ხეს რომ ათი ტოტი ჰქონდეს, ცხრაზე რაბინი იჯდებოდა. თავად კი კათოლიკური განათლება მიიღო და ხშირად ქებასაც იმსახურებდა კატეხიზმოს კარგი ცოდნის გამო. მიმზიდველი იყო მისთვის ევროპული ლიბერალიზმი, თუმცა, თეოდორ ჰერცლისთან შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა, ავსტრო-უნგრელი მწერლისა და სიონისტური მოძრაობის მამის გაცნობის შემდეგ, სალტენი ფესვებს დაუბრუნდა, იმდენად ღიად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. მისთვის იუდაიზმი გახდა მთავარი რელიგია და ჰერცლის გაზეთშიც დაიწყო წერილების გამოქვეყნება. მის მეორე მასწავლებლად კი შეგვიძლია მარტინ ბუბერი მივიჩნიოთ, სიონიზმის ყველაზე დიდი თეორიტიკოსი. ბუბერის გავლენით სალტენმა სიონისტური ესეების გამოქვეყნება დაიწყო და საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ მისი მხატვრული ნამუშევრებიც მსგავსი ფილოსოფიით იყო გაჯერებული.
ვენაში ყოფნის დროს ხშირად სტუმრობდა Griensteidl კაფეს, ყველაზე ცნობილ კაფეს ქალაქში, სადაც ცალკეული კლუბებიც იქმნებოდა და მათ შორის ერთ-ერთი ასეთი კლუბის წევრები იყვნენ არტურ შნიცლერი, რიხარდ ჰოფმანი, არნოლდ შიონბერგი, შტეფან ცვაიგი და კარლ კრაუსი (რომელმაც მოგვიანებით კლუბი დატოვა). მათ „ახალგაზრდა ვენელებს“ ეძახდნენ. კაფეში თავს იყრიდნენ პოლიტიკოსები და ხელოვანები. კაფე 1899 წელს დაიხურა, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ მეოცე საუკუნე ამ კაფეში დაიბადა, ამ ერთ წერტილში თუ არა, ვენაში მაინც.
საქმე ისაა, რომ 1913 წელს ვენაში ერთდროულად იმყოფებოდნენ ახალგაზრდა მხატვარი ადოლფ ჰიტლერი, ფსიქოანალიზის მამა ზიგმუნდ ფროიდი, უკვე სოციალისტურ მოძრაობაში ჩართული იოსებ სტალინი, გაზეთს გამოსცემდა ლევ ტროცკი და იქვე იყო ვინმე ტიტოც. სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იყვნენ ერთმანეთისგან და რთულად სავარაუდოა, რომ სადმე არ გადაკვეთილიყვნენ.
შეუძლებლად ჩანს, რომ ერთ-ერთ ასეთ კაფეში არ შეევლო ძალიან ამბიციურ, წარუმატებელ მხატვარს და ძალიან ამბიციურ, წარუმატებელ პოეტს. 1913 წელია, ჯერ კიდევ მთელი დეკადაა იქამდე, სანამ სალტენი ბემბის დაწერს, ვაჟა-ფშაველა კი ჯერ კიდევ ცოცხალია.
არ იძებნება ცნობები სალტენის მოგზაურობის შესახებ რუსეთის იმპერიაში. და თუ მაინც გვჭამს ეჭვი, რომ ასე გადმოცემით მოისმინა შვლის ნუკრის ნაამბობი, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მასთან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა ფშაველის ნამუშევრებს, ამხანაგი იოსებ სტალინი იყო.