დათო ტურაშვილი დიდი მეოცნებე ვინმეა. წერისას ძირითადად თავისუფლებაზე ოცნებობს, რომელიც ისევე აკლდა ქვეყანას, რომელშიც ის დაიბადა და გაიზარდა, როგორც ჟანგბადი შეიძლება დააკლდეს ადამიანს. მის ყველა ნაწერში, იქნება ეს ცხრა მაისის სისხლიანი ქრონიკა, თვითმფრინავის ბიჭების ამბავი, ამსტერდამში დატრიალებული ონლაინ სიყვარული თუ ჩვეულებრივი მოგზაურობა არაჩვეულებრივ ტიბეტში, თავისუფლებისაკენ მისი სწრაფვა სტროფებს შორის იკითხება.
ქართველი ხალხის და მითუმეტეს ქართველი მწერლების სისხლში თავისუფლება იმდენადაა გამჯდარი, რომ თუკი მას დროებით გადაკეტავენ – ისე, როგორც ეს საუკუნეების განმანვლობაში ხდებოდა, როცა თავისუფლების მიწოდება-არ მიწოდების ამბავი ჯერ პეტერბურგიდან, ხოლო მერე წითელი მოედნიდან წყდებოდა – ის მის სამძებრო სამუშაოებს მთელ ცხოვრებას დაუთმობს.

ქართველ მწერალს თავისუფლება, ან მისი ნაკლებობა, მუდმივად რომ არ ამოძრავებდეს და სისხლში არ ჰქონდეს გამჯდარი, ალბათ, არც ‘ვეფხისტყაოსნით’ დავიკვეხნიდით როდისმე საკუთარი თავისა და უცხოელების წინაშე. მგონი, რაღაც მსგავსს გულისხმობდა აკა მორჩილაძე ცნობილი სიტყვის წარმოთქვისას ფრანქფურტში, როცა საქართველოს პოეტების ქვეყანა უწოდა. პოეზია ხომ თვით თავისუფლებაა, რომელსაც საქართველოში მეფეებიც კი ეწაფებოდნენ, თან ისე, რომ ზოგმა ისტორიას თავი პოეტად დაამახსოვრა და არა მეფედ…

ამ საუკუნის დასაწყისში, დათო ტურაშვილმა ამალასთან ფილმის გადასაღებად ერთად ტიბეტში იმოგზაურა. ‘ტიბეტი არ არის შორს’ ის წიგნია, რომელშიც ავტორი ამ მოგზაურობის ამბებს ჩანახატების სახით ჰყვება. ტურაშვილის ტრადიციული თხრობა გაჯერებულია წმინდა ქართული დაკვირვებებითა და პარალელებითა, ამბები კი სახალისოა.
ისტორიული ნარატივი წიგნის ერთ-ერთ ხაზს წარმოადგენს, რომელშიც თენზინ-გიათსო – ტიბეტელების მეთოთხმეტე დალაი-ლამა – ერთ-ერთი მთავარი გმირია, პირდაპირაც და მეტაფორულადაც, რადგან ისიც, ჩვენსავით, მისი ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე დგას.
რასაკვირველია, ტიბეტი მხოლოდ ქვეყანას არ შეიძლება ნიშნავდეს. ტიბეტი თვით თავისუფლებაა, რომლისკენაც მაშინ დათო ტურაშვილი მიისწრაფოდა. წიგნი რომ დაიწერა, ახალი საუკუნის გარიჟრაჟზე, ტიბეტი არ იყო შორს. ახლა კი სადაა ტიბეტი? საკითხავიც ეს არის.