ამბავი დავით აღმაშენებლისა, პირველ რიგში ადამიანისა, მეორე რიგში მეფისა და მესამე რიგში გმირისა.

გარკვეულწილად, სხვადასხვა ისტორიული პირებისა თუ მოვლენების მიმართ დოგმატური დამოკიდებულება გვახასიათებს. ეტყობა, ეგეც იმ დიდი ქვეყნის მახინჯი აზრობრივი გადმონაშთია, რომლის შემადგენლობაშიც, სამწუხაროდ, ამდენი წელი ვარსებობდით. 

დათო ტურაშვილის სცენარი ფილმისთვის დავით აღმაშენებელის ცხოვრებაზე არეულობისა და უბედურების გამო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ფილმად ვერა და ვერ ჩამოყალიბდა და საბოლოოდ რომანის სახე მიიღო. ამ რომანის მიზანია დაანახოს მკითხველს დავით აღმაშენებლის უბრალო, ადამიანური სახე, რომელიც უდავოდ იყო მისი პოლიტიკური წარმატების საწინდარი. 

“1121 წელი, 11 აგვისტო. ხვალ დიდი გამარჯვების დღეა”, ©
Historic Selfies / ისტორიული Sელფერი

დავითი წიგნის მთავარი გმირია და ნებისმიერი კარგი პროტაგონისტივით სამგანზომილებიანია: მას აქვს მის პიროვნებაში ღრმად ჩაფლული მიზნები, თვისებები და აზრები, რომელთა მისაღწევად თუ გასაბატონებლად, ის მთელი ცხოვრება იღწვის. ერთი მხრივ, წიგნში მის ახალგაზრდულ, თითქოს ბავშვურ, მაგრამ მაინც მეფურ ჟინს ვეცნობით, ხოლო მეორე მხრივ, ვეზიარებით მის ტოლერანტული აზროვნებასა და ღვთაებრივ სინანულს, როდესაც ის იმას წერს, რაც მერე “გალობანი სინანულისანი” გახდება. 

დათო ტურაშვილმა შეცვალა მითოლოგიური, ხელშეუხებელი, უცნობი და შიშის მომგვრელი დავით აღმაშენებელი ჩვეულებრივი ადამიანით, დავით ბაგრატიონით, რომელსაც მეფობის უზარმაზარი ჯვრის გარდა, ადამიანური პრობლემებსაც უმკლავდებოდა.

© ვეფხვაძეების მხატვართა დინასტია

დათო ტურაშვილმა შეძლო საინტერესოდ გადმოეცა დავითის პირადი ამალის, მისი ძუძუმტეებისა და ბავშვობის მეგობრების, ხასიათის თავისებურებანი; მათ უდავოდ ჩამოაყალიბეს დავითი იმ პიროვნებად, რომელსაც ვიცნობთ ან გვგონია, რომ ვიცნობთ. 

რომანი ისტორიულია. მას თხრობის მარტივი ენა აქვს, რაც თითქოს პარადოქსულია ქართული ისტორიული პროზისთვის, მაგრამ სრულიად მისაღებია იმ ლეგენდებისთვის, რომელიც ტურაშვილმა შეკრიბა და გაამთლიანა. ეს შემთხვევით არ მომხდარა, რადგან ავტორს სურდა გმირები მაშინდელი სასაუბრო ენით აელაპარაკა, რომელიც ტურაშვილის აზრით, განსხვავდება მატიანეების სალიტერატურო ენისაგან.

© ვეფხვაძეების მხატვართა დინასტია

წიგნის სახელწოდება – “ტყეების მეფე” სელჩუკური წყაროებიდან მოდის: “შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა” – წერდნენ ისინი. საბედნიეროდ, დავითმა გახიზნული მოსახლეობა ტყეებიდან გამოიყვანა და ველადაც გავიდა, თან ისე, რომ ილღაზის სამასიათასიანი ლაშქარი მიწასთან გაასწორა. 

სამწუხაროდ, დავით მეფის მრავალრიცხოვანი მისტიკურმა გმირობებმა მისი პიროვნება გადაფარა. მიამიტური და არასწორი იქნებოდა დავითის, მხოლოდ გმირ მეფედ მოხსენიება, რადგან ის ისეთივე ადამინი იყო, როგორიც თითოეული სხვა. უბრალოდ მისი ადამიანობა უფრო მტკიცე გამოდგა.

ვინ არის დავით აღმაშენებელი? ვიცნობთ თუ არა მის პიროვნებას? დათო ტურაშვილის რომანი “ტყეების მეფე” სწორედ ამ კითხვებს სცემს პასუხს.