შარიკის ტრანსფორმაცია
ამბავი უბედური ქუჩის ძაღლისა, არყის მსმელ და ჯიუტ კომუნისტად გადაქცეულისა.

ქუჩა და პროლეტარიატი ისე არის ერთმანეთისგან დაშორებული, როგორც სიყვარული და სიძულვილი. კონკრეტული მანძილი, ყველამ თავისთვის განსაზღვროს. მე კი იმას ვიტყვი, რომ გზად, გვინდა ეს თუ არ გვინდა, რევოლუციურ ელემენტს გადავეყრებით ხოლმე. მგონი, სხვაგვარად არასდროს მომხდარა. 

საბჭოეთის ცენზურის ოფისის დაუძლეველი მტრის – მიხეილ ბულგაკოვის მორიგ ნაწარმოებს შევეჭიდე. მწერალმა „ძაღლის გული“ 1925 წელს დაწერა, თუმცა წიგნი სამოციანების მიწურალამდე ვერ გამოსცა. მაგ დროს, ბულგაკოვი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. 

ერთი მხრივ, ამბავი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისაა, თუმცა, არც ბულგაკოვისეული ინტელექტუალური იუმორი და უმაგრესი სატირა აკლია. აბმავი თავიდან ბოლომდე სატირულია: პროფესორს ქუჩიდან ძაღლი მოჰყავს და ადამიანის ჰიპოფიზსა და სათესლე ჯირკვლებს უნერგავს. ძაღლიც, საკმაოდ მალე ადამიანად გადაიქცა. ეტყობა, კაცობისთვისაც მხოლოდ ეგ ორი რამ არის საჭირო. 

შარიკის ადამიანად დაბადება, © Анатолий Иткин

„ძაღლის გული“ საბჭოეთის დაბადების დროსაა დაწერილი და ისეთ ამბებს მოიცავს, რომლებიც, რასაკვირველია, ცენზურის მახვილ თვალს ვერ აცდებოდა. მგონი, იმპერიის დაბადებას, ყოველთვის თან ახლავს ადამიანების ახალი ტიპების ჩამოყალიბება, ერთგვარი „არც-აქეთ-ვარ-და-არც-იქეთ-ვარ“ ადამიანი, რომელსაც სინამდვილეში ერთი ადგილის გათბობის გარდა არაფერი უნდა. აქაც ჩანს ერთი ესეთი თავდაჯერებული ამხანაგი შვონდერი, კორპუსის ამხანაგობის თავჯდომარე, რომელსაც საკუთარი სამსახური დიდი თანამდებობა ჰგონია. ეგ შვონდერია ზუსტად ის, ვინც ადამიანადქცეულ პოლიგრაფ პოლიგრაფოვიჩ შარიკოვს ლენინიზმს აზიარებს. 

ახლა კი, მთავარ გმირს დავუბრუნდეთ. როგორც გითხარით, ამბავი საბჭოეთის დაბადებას ეხება – დროს, როცა ადამიანები არაფრისგან იქმნებოდნენ. შარიკი ქუჩის უბედური უჯიშო ძაღლია, რომელსაც ხან მდუღარე წყალს გადაასხამენ, ხან კიდე წიხლს ამოჰკრავენ და გადაისვრიან სადმე მოშორებით. პროფესორი კი, ვინც მას მოიშინაურებს, საკმაოდ პატივსაცემი პიროვნებაა – ხელოვნური ჩარევით ადამიანებს აახალგაზრდავებს. შარიკიც მაგ ექსპერიმენტის ნაწილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქმე ცოტა სხვანაირად წავიდა და ძაღლი, საბოლოოდ არყის მსმელ კომუნისტად გადაიქცა. 

საბჭოეთის იდეოლოგიამ ბევრი შეიწირა, მაგრამ უფრო მეტი შექმნა. შექმნა, უნიკალურად – ისეთად, მხოლოდ სსრკ-ში რომ ექნებოდა შანსი. ეს ამბავი გასული საუკუნის ოციანებისაა, მაგრამ მის შედეგებს, თითქოს, დღესაც ვხედავთ. ეტყობა, მართლაც რომ იყო რაღაც, თორე ძაღლის ოპერაციისას ხელშეუხებელი გული, ადამიანის დამპალ გულად ნამდვილად არ გადაიქცეოდა. 

სამწუხაროდ, ძაღლის გული, ცხოველის ერთგულებიდან გამომდინარე, ლიტერატურულ კლიშედ იქცა. ამის მიუხედავად, მიხეილ ბულგაკოვის ძაღლის გული, მაინც ერთ-ერთ უძლიერეს მეტაფორად დარჩება.