“A man said to the universe:
‘Sir, I exist!’
‘However,’ replied the universe,
‘The fact has not created in me
A sense of obligation.’”

Stephen Crane

“Those to whom evil is done
Do evil in return.”

W. H. Auden

———————————————————————————

,,…აქყოფნა მეტს გვპირდება, გვეჩვენება, თითქოს ყველაფერს,

რაც აქაა, ჩვენც ვჭირდებით. თავად წარმავლებს – 

ჩვენ, კიდევ უფრო წარმავლები. და ყველაფერი

არის ერთხელ. მხოლოდ ერთხელ. მეტჯერ არა.

და ჩვენც ვართ

ერთხელ. მეტჯერ არა. მაგრამ ამ ერთხელ,

თუნდაც მართლა მხოლოდ ერთხელ,

ამ მიწიერ არსებობას გვერდს ვერ ავუვლით.“

რაინერ მარია რილკე

 

თუ ყველაფრის საწყისი არაფერია, მაშინ ყველაფრის სასრული არაფერი უნდა იყოს. საწყისიცა და სასრულიც უფსკრულია, ადამიანი კი ამ ორ პოლუსს შორის ვნებებისა და ძიების ძალით მოძრაობს.

მოზარდობა ჩამოყალიბების ქვაბულია, შინაგანი რღვევის, ზნეობრივი გაურკვევლობისა და ეგზისტენციალური ქაოსის სივრცე. ბავშვური უმანკოებისა და მოზრდილთა იმედგაცრუების მიჯნაზე მოზარდი ეცნობა სამყაროს, რომელიც იზიდავს, მაგრამ აბსურდულია. სწორედ ასეთ სიმყიფეში იბადება მნიშვნელობის ძიების სურვილი. ხანდახან ეს სურვილი სულში ჩამარხული კითხვაა, ზოგჯერ – უტიფარი დაჟინება, უფრო ხშირად კი – ულმობელი მოთხოვნილება.

იანე თელერის რომან „არაფერსა“ და ფილიპ ბარანტინის რეჟისორობით გადაღებულ ბრიტანულ მინისერიალ „მოზარდობაზე“ დაწერა გადავწყვიტე. მიუხედავად განსხვავებული მედიუმისა და კულტურული კონტექსტისა, ორივე ერთსა და იმავე პრობლემებს წამოჭრის: 

  • შეიძლება თუ არა მნიშვნელობის პოვნა, მნიშვნელობის შექმნა ან მნიშვნელობის თავს მოხვევა? 
  • არიან თუ არა მოზარდები ნიჰილიზმით დანგრეულის მაშენებლები? 
  • არიან თუ არა მოზარდები მორალური ნგრევის პირველი მსხვერპლი?

რომან „არაფრის“ სიუჟეტი ვითარდება დანიაში, პატარა ქალაქში, სადაც ბიჭი, სახელად პიერ ანტონი, აცხადებს, რომ „არაფერია მნიშვნელოვანი“, ტოვებს სკოლას, თანატოლებს, შემოჯდება ქლიავის ხის კენწეროზე და ჩამოსვლა აზრადაც არ მოსდის. ამ განაცხადით შეძრული კლასელები ერთად ცდილობენ, დაუმტკიცონ, რომ ცდება, რომ „არსებობს რაღაც, რაც მნიშვნელოვანია“. ასე იზრდება „მნიშვნელობის მთა“ – ბავშვების მსხვერპლით ზვირთად გროვდება და ნელ-ნელა გადაიქცევა რიტუალურ სისასტიკედ. რომანი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტიცაა და მორალური ზღაპარიც.

მინისერიალი „მოზარდობა“ თანამედროვე ევროპულ სატელევიზიო სივრცეში შექმნილი დრამაა, არა ალეგორიული, არამედ რეალისტური. სიუჟეტი იწყება თინეიჯერი გოგონას სიკვდილით; მაყურებელი ნაბიჯ-ნაბიჯ ერკვევა ტრაგედიის მიზეზებში – თანატოლთა გულგრილობა, ციფრული გაუცხოება, ინცელური იდეოლოგია, ქალთმოძულეობა, ზრდასრულთა უძლურება… სჯობს, აღარ გავაგრძელოთ. თუ „არაფერი“ ღრიალით სვამს კითხვას, „მოზარდობა“ სიჩუმით იკვლევს გზას.

ამ სერიალისა და რომანის გამაერთიანებელი არის აუცილებლობა, გავაცნობიეროთ, რომ სწორედ მოზარდობაში ეჯახება ადამიანი სოციალურ, მორალურ და მეტაფიზიკურ წინააღმდეგობებს, ტრადიციული მნიშვნელობის საძირკველი — რელიგია, ოჯახი, ჭეშმარიტება, სამართალი — ან იშლება, ან ფუნქციას კარგავს, მოზარდი კი მარტო რჩება სიცარიელეში, თავად ქმნის საზრისს – ხან მთას „ააგებს“, ხან მსხვერპლს სწირავს, ხანაც უბრალოდ ქლიავის ხეზე ავა და შენებას წყვეტს. ან იქნებ, სწორედ მანდ იწყებს შენებას?!

,,არაფერი“ და „მოზარდობა“ მოზარდთა შფოთვებს წარმოაჩენს სამყაროში, სადაც სასოწარკვეთა, სისასტიკე, სიჩუმე და ფანატიზმი ზეიმობს, სადაც არაფერია, გარდა ვალდებულებისა, რაღაც აუცილებლად იწამო. მხოლოდ მოზარდთა ფსიქიკა არ არის მყიფე, გლობალიზაციის თანამედროვე კულტურაა მსხვრევადი. 

ნიჰილიზმი მნიშვნელობის არარსებობასთან დაპირისპირებაა, გაცნობიერებაა იმისა, რომ ღირებულებები, რწმენები და მიზნები შესაძლოა იყოს სუბიექტური ან საერთოდაც არაფერზე დამყარებული. იგი ბადებს აზრს, რომ არ არსებობს ობიექტური მორალი, ჭეშმარიტება ან ცნებები, რომლებსაც ღრმა, მუდმივი მნიშვნელობა ექნებათ. ნიცშესთვის ნიჰილიზმი მნიშვნელობისა და ღირებულების უარყოფაა, შედეგი იმ კულტურისა, რომელმაც „ღმერთი მოკლა“ და ვერაფრით ჩაანაცვლა. როცა ერთიანი მორალური კომპასი არ არსებობს, ინდივიდი რჩება უხერხემლო სამყაროში, სადაც არც მიზანი და ღირებულება არ არსებობს. „ღმერთის სიკვდილი“ ქმნის სიცარიელეს, რომელსაც ბრბოს მორალი და/ან სასოწარკვეთა ამოავსებს. 

ნიჰილიზმის ცნება მოულოდნელი სიცხადით ირეკლება მოზარდების ფსიქოლოგიურ გამოცდილებაში. თუ ბავშვობა ოჯახის, სკოლის, რელიგიის დადგენილი წესების ინტერნალიზაციას გულისხმობს, მოზარდობისას ისინი უნდა გამოიცადოს,  საძირკველი შეერყეს და ხშირად უარიყოს კიდეც. ავტონომიურობის მაძიებელი მოზარდი აცნობიერებს, რომ წესები შესაძლოა შემთხვევითი ან მყიფეა. ასე მიადგება მოზარდს პირველი ეგზისტენციალური ჭრილობა: რა უნდა გააკეთო მაშინ, როცა არაფერია ფასეული?

ფსიქოლოგმა ერიკ ერიქსონმა მოზარდობის ფაზა აღწერა როგორც კრიტიკული სტადია თვითიდენტობის ფორმირებისთვის – მოზარდი განსაზღვრავს იდენტობასა და როლს. თუ ამას ვერ შეძლებს, იგი გაუცხოვდება, ეუფლება უიმედობა, რასაც ვიქტორ ფრანკლი „ეგზისტენციალურ ვაკუუმს“ უწოდებს.

თუმცა ეს ვაკუუმი პასიურობას არ გულისხმობს. კამიუს თუ დავესესხებით, აბსურდის გაცნობიერებას მარცხის განცდა და უმოქმედობა კი არ უნდა სდევდეს, არამედ დაუმორჩილებლობა – ბრძოლა კმარა ბედნიერებისათვის. აბსურდის გაცნობიერება პასუხების მოთხოვნით იწყება, რაც ჩვეულებრივ მოზარდობის თანმხლებია.

ზიგმუნდ ბაუმანის „თხევადი მოდერნულობა“ გამოკვეთს, რომ დღევანდელ სამყაროში, სადაც იდენტობები, ღირებულებები და ინსტიტუციები სწრაფად იცვლება, მოზარდი ვეღარ ეზიარება ერთიან მორალურ წესრიგს; მას სთხოვენ, რომ თვითონ შექმნას ის ინსტაგრამზე, ონლაინსუბკულტურებში, სკოლის მიყრუებულ კუნჭულებში… სისასტიკესა და ნგრევაში.

ამ თვალსაზრისით ნიჰილიზმი მხოლოდ ყოველივეს უმნიშვნელობის რწმენა არაა, მნიშვნელობის ფერფლიდან შექმნისას შეძენილი ტრავმაცაა. ამ სიცარიელეს მოზარდი უმართავი ქცევით უპასუხებს – ჯანყდება, ჩუმდება, ძალადობს, წარმოდგენებს დგამს ან უსიტყვოდ მორჩილებს. ეს ფილოსოფიური კონფლიქტი ვლინდება სოციალურ ქმედებაში, მნიშვნელობის ძიება კი ხდება რიტუალი – კოლექტიური, ძალმომრეობითი, ულმობელი. 

,,არაფერი“ და „მოზარდობა“  გულუბრყვილო მოზარდებს არ გვაცნობს, პირიქით, ეს მოზარდები აცნობიერებენ გარემოს უზნეობას და სასოწარკვეთილნი, ცდილობენ, მნიშვნელობა იპოვონ. სკოლა და რეალურზე უფრო რეალური ონლაინრეალობა რწმენის გამოცდის ლაბორატორიაა, სისასტიკე – კვლევის მეთოდია, სიჩუმე კი – პოზიცია.

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ყველაზე მტკივნეული ზრდასრულთა უუნარობა ან არარსებობაა. თითქოს, გადაშენებულან ან დაუძლურებულან; თავად გზასამცდარნი, შვილებსა თუ აღსაზრდელებს გზას ვერ აჩვენებენ. საბოლოოდ მნიშვნელობის პოვნის ტვირთი მხოლოდ ბავშვების მხრებზეა, მათ კი მნიშვნელობის არსიც კი ვერ გაუცნობიერებიათ. 

პიერ ანტონი ადის ქლიავის ხეზე, რადგან არაფერია მნიშვნელოვანი. ვიცით, ხე ბიბლიურ ტექსტებში მნიშვნელოვანი სიმბოლოა – „ხე ცნობადისა“ ცოდვის ნაყოფს აზიარებს ადამსა და ევას, მაგრამ ასევე სიცოცხლეს, ცოდნას, შემეცნების წადილს. როდესაც პიერ ანტონი ხეზე ადის და ზემოდან დასცინის ყოველივე მიწიერს, ის წინასწარმეტყველად გვევლინება, რომელიც აქტიურად კი არ ერევა, მხოლოდ შორიდან, ირონიული შენიშვნებით უბიძგებს სხვებს, დაიწყონ რიტუალი. პიერ ანტონი მშვიდი სიჯიუტით იმეორებს, რომ „არაფერია მნიშვნელოვანი“, მერე კი დუმს. ეს წინასწარმეტყველის დუმილს ჰგავს. 

იქნებ, პიერ ანტონი ის „აბეზარი ბუზია“, გაბეზრებით რომ აიძულებს უცოდინართ, იფიქრონ, რა არის მნიშვნელოვანი. თვითონ ზის, სხვები – პიერ ანტონის განცხადებით გაღიზიანებულნი – მოქმედებენ. ხეზე ამძვრალი ბავშვი არაფერს უპასუხებს, მხოლოდ კითხვებს სვამს; სწორედ ამიტომაა მშობლებსა და მასწავლებლებზე ძლიერი – ბავშვი, რომელიც უნდა სწავლობდეს, ხდება მასწავლებელი, უფრო ზუსტად კი, პროვოკატორი. მისი სიმართლე არ არის ავისმომტანი, მხოლოდ არასასურველია, არსებობის საზრისს არყევს და სწორედ ამიტომ აიძულებს ყველას, იმოქმედონ. 

რომანის ბირთვი„მნიშვნელობის მთაა“, გროვა იმ საგნებისა, რომლებიც ბავშვებისთვის რაიმე ღირებულს განასახიერებს. თავდაპირველად ამ გროვას მცირე მსხვერპლი თუ ეწირება: წიგნი, ფეხსაცმელი, თმა, მაგრამ ძალიან მალე ეს ქმედება სასტიკ იძულებად იქცევა – ყოველი ბავშვი ვალდებულია, მორიგი მსხვერპლშემწირველი დაასახალოს და შესაწირიც თავადვე შეარჩიოს. ასე იქცევა მნიშვნელობა არა უბრალოდ ინტუიციურ გრძნობად, არამედ ტკივილის, სირცხვილისა და განადგურების ინსტრუმენტად.

იძულებითი მსხვერპლშეწირვა ფილოსოფიური თამაშს აქცევს მორალურ დიქტატად; ბავშვები აღარ ცდილობენ, პიერ ანტონს რამე დაუმტკიცონ, ისინი უკვე ქმნიან ახალ რელიგიას, რომელშიც კერპთაყვანისცემა სიმბოლოა მსხვერპლისა და სოციალური წნეხისა. მნიშვნელობის მთა მნიშვნელობის დასტური კი არ არის, ის გადაიქცევა ღირებულებად, რომლის სახელითაც ყველაფრი უნდა დათმო. 

„არაფერს“ შემთხვევით არ ადარებენ „ბუზთა ბატონს“. ამ რიტუალის მონაწილენი მეშვიდე კლასის მოსწავლეები არიან. თელერი გოლდინგზე უფრო სასტიკად ანგრევს სენტიმენტალურ ილუზიებს მოზარდებზე. თელერის ბავშვები გრძნობენ, იაზრებენ და მსჯელობენ. ისინი არჩევანის მორალურ ფასზე საუბრობენ. და მოქმედებენ. თითქოს რაღაც მექანიზმი აიძულებთ, აკეთონ ის, რასაც აკეთებენ.

ხეზე შემომჯდარი პიერ ანტონი ამ ბავშვების ღმერთად იქცევა, ძველი წესრიგის გამანადგურებელ ძალად.  როდესაც ბავშვების მიერ შეკოწიწებული მთა საზოგადოების ყურადღებას იპყრობს, მედია ამ სამსხვერპლოს კომერციულ სანახაობად აქცევს. სწორედ მაშინ იშლება მთა და იცინის პიერ ანტონი. ეს სიცილი უბრალოდ დაცინვა როდია, ეგზისტენციალური გამარჯვებაა. არაფერი იმარჯვებს არა იმიტომ, რომ ბავშვებმა ვერ ააგეს მნიშვნელობა, არამედ იმიტომ, რომ რაც ააგეს, ფულზე გაიყიდა. ნაპოვნმა მნიშვნელობამ ისინი მარიონეტებად აქცია. და თუ რაღაც იყიდება, არის ის მნიშვნელოვანი?!

თელერი არ გვამშვიდებს. არავინ სწავლობს ჭკუას, არავინ ადგება „გამოსწორების გზას“. რჩება კოლექტიური ტრავმა. 

ტექსტი მკაცრია, მოკლე, მშრალი, ემოციურად ნეიტრალური. აქ ვერ იპოვით მორალურ განაცხადს, მხოლოდ „არაფერსა“ და ტრაგიკულ სიმძიმეს.

თუ „არაფერი“  ნიჰილიზმს სიმბოლური ექსპერიმენტის, სასტიკი რიტუალის მთავარ ქიმიურ ელემენტად წარმოაჩენს,  სერიალი „მოზარდობა“ სიჩუმეში შლის ყველა მნიშვნელობას დუმილით, გაუცხოებით, ულმობლობითა და დისკომფორტით – რაღაც აღარ თუ ვეღარ შეიცვლება. 

ამბავი იწყება თინეიჯერი გოგონას გარდაცვალებით — სავარაუდოდ, მკვლელობით — რომელიც ნელ-ნელა აშიშვლებს საზოგადოების მორალურ ხრწნას. ეს სიკვდილი იქცევა სარკედ, რომელშიც ყველას – თინეიჯერსა და ზრდასრულს — უწევს საკუთარი გადღაბნილი ანარეკლისათვის თვალის გასწორება. სერიალის მიზანი მკვლელობის გახსნა არაა, მიზანი იმის გაგებაა, აქამდე როგორ მივიდნენ. 

რომანისაგან განსხვავებით, სერიალში მოზარდები იყინებიან, ჩუმად სხედან, დაბნეულნი, მეტყველების უნარს მოკლებულნი. მათი ნიჰილიზმი გამოუთქმელი გამოხედვით, უაზროდ შეწყვეტილი ფრაზებით ვლინდება. მორალური გულგრილობა არჩევანი არაა, მდგომარეობაა. მკვლელობაში ბრალდებული ბიჭი თითქმის არაფერს ამბობს კლასელის სიკვდილზე, ბრალდებული ბიჭის მამა უძლურია – შვილის არ ესმის, შვილს ვერ ელაპარაკება; ყველაზე საშიში კი ისაა, რომ არც ვიცით, ვინაა დამნაშავე.

ეს მორალური გაურკვევლობა სერიალის ემოციური ქსოვილია. აქ არ არსებობს კათარსისი, არც ჭეშმარიტება, არც სამართალი აღდგება. ყოფიერება მუქი საღებავებით გადაგლესილ ტილოს ემსგავსება — ურთიერთობები იშლება, დიალოგები წყდება, მნიშვნელობა ქრება. აქ ყველა გმირი ფუნქციურად პარალიზებულია – არც წინ მიდის, არც – უკან. 

ციფრული კულტურა ამ დეგრადაციის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია. მოზარდები მუდმივად ერთმანეთს სწერენ, მაგრამ იშვიათად ურთიერთობენ. კავშირი არ არსებობს. ბნელ ოთახებში „შავი სარკე“ მოზარდების სახეს ირეკლავს. ინთება. რაღაცას კითხულობენ, რაღაც მუდამ წაუკითხავი რჩება. ჭორი ვრცელდება, თანაგრძნობას კი არსად არ უნდა ელოდო. ტექნოლოგია ყოველთვის განახებს, რომ თავიდან მოგიშორეს, სასტიკად გაგიმეტეს არაფრობისთვის, გაგჭორეს მათაც კი, ვინც თვალით არასდროს არ გინახავს.  ეს ყველაფერი, ეთიკური თვალსაზრისით, გულგრილობაზე დგას -ადამიანმა იცის, რაც ხდება, მაგრამ არაფერს არ აკეთებს. მაშინ სადაა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა? 

მოკლული გოგონა უჩინარია მანამ, სანამ არსებობას არ წყვეტს. სერიალი ადანაშაულებს როგორც თანატოლებს (სიჩუმისთვის), ისე ზრდასრულებს (არყოფნისთვის). მასწავლებლები, მეურვეები, მშობლები — ყველანი უფუნქციონი არიან. თანამედროვე ზრდასრულები არა მხოლოდ დუმან, არამედ მათ არ ჰყავთ მორალური ავტორიტეტი, სწორედ ამიტომ ვერ ქმნიან მორალურ ავტორიტეტს. თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც მორალი სულს ღაფავს, მასწავლებლისა თუ უბრალოდ მეგზურისთვის ადგილი აღარაა.

ამგვარად ეხმიანება „მოზარდობა“ ბაუმანს და აღწერს ქაოსურ საზოგადოებას ღირებულებათა ცენტრის გარეშე. მოზარდებმა აღარ იციან, რისი ეშინიათ — განსჯის? გამომჟღავნების? მიტოვების? 

„მოზარდობა“ და „არაფერი“: ერთი — მოქმედი, მეორე — ინერტული; ერთი — ალეგორიული, მეორე — რეალისტური. როდესაც მნიშვნელოვანი მემკვიდრეობით არ გრჩება, ის უნდა შექმნა, მაგრამ ოსტატისა და იარაღების გარეშე მხოლოდ დანგრევას თუ მოახერხებ, ვერაფერს ააგებ. 

  • როგორ პასუხობენ მოზარდები მნიშვნელობის არქონას? 
  • რას აკეთებენ მაშინ, როცა მორალური სისტემები აღარ არსებობს, როცა სიმართლის, ფასეულობებისა და ზნეობის საზღვრები ბუნდოვანია ან წაშლილი? 
  • რა ხდება, როცა სიცარიელეში მარტო აღმოჩნდებიან მოზარდები, რომელთაც ყველაზე ნაკლები რესურსი აქვს აზრის ასაშენებლად?

რომანისაგან განსხვავებით, სერიალი აუდიო და ვიზუალურ ნიშნებს იყენებს – სიჩუმეს, ხანგრძლივ კადრებს, დაბნეულ ჟესტებსა და მიმიკას. დუმილში კამერა დაყოვნდება, ოთახებში არაფერი არ ჭაჭანებს. სერიალი მორალს კი არ გვიკითხავს, იმას გვაჩვენებს, არარსებული მორალით სადამდე მივედით. ეს არის ნიჰილიზმი არა როგორც ლოზუნგი, არამედ როგორც გარემო.

მოზარდობა არაფერია, თუ არა ჩვენი კულტურული კრიზისის აბსტრაქტულ-ფიზიკური სახე. რომანის გმირები აგებენ აზრს და თავად მოჰყვებიან მორალის ნანგრევებში. სერიალის გმირები კი უმოქმედოდ სხედან გაცამტვერებულ ქალაქებში, რადგან არაფრის დაჯერება აღარ შეუძლიათ.

შედეგი შეუქცევადია. ტრავმა რჩება. თუ ჩვენ არ ვაშენებთ მნიშვნელობას ახალგაზრდებისთვის, რას ააშენებენ ახალგაზრდები ჩვენ გარეშე?

მნიშვნელობის ძიება არ არის მხოლოდ ფილოსოფოსების, თეოლოგების ან პოეტების ამოცანა. ეს ადამიანური აუცილებლობაა, რომელიც ხშირად ყველაზე მძაფრად იგრძნობა მოზარდობისას — მაშინ, როცა მიღებული ჭეშმარიტებები იშლება და მორალური პასუხისმგებლობა ინდივიდს სრულად ეკისრება. „არაფერი“ და „მოზარდობა“ ჩვენზეა, იმ კულტურაზე, რომელსაც ვქმნით, იმ სიჩუმეზე, რომლითაც კითხვას ვუპასუხებთ. ის სიცარიელე, რომელიც ამ პერსონაჟებს აშინებს, ჩვენი მემკვიდრეობაა — დანგრეული ინსტიტუციების, გაყიდული ფასეულობებისა და ფულით გაზომილი ემპათიის.

შეძლებენ თუ არა მოზარდები მნიშვნელობის პოვნას? იქნებ, კითხვა ასე უნდა დავსვათ: შევძლებთ კი დავეხმაროთ მათ ძიებაში?
თუ ვისხდებით ხის ტოტზე ან შუშის კედლის მიღმა ვიგლოვებთ ცოცხალ შვილს?

თუ ჩვენ არ ვუპასუხებთ კითხვას, მოზარდები თავად იპოვიან პასუხს, მაგრამ ის, რასაც იპოვიან, შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს. 

დაბოლოს, „არაფერიცა“ და „მოზარდობაც“ სარკეა, რომელიც ხატავს იმ შედეგებს, ახალგაზრდების ეგზისტენციალურ კითხვებთან, სიჩუმით გაყრუებულ სიცარიელესთან, თაობათა შორის გაჩენილ ბზარებთან მარტო დატოვებას რომ მოჰყვება. 

 

ავტორი – ია ჯეჯელავა