მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდი ის დროა, როცა დასავლეთი ბიბლიის ისტორიულ ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანას იწყებს. მართლა ვართ ადამისა და ევას შთამომავლები? — ადამიანები, რომლებიც ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა, ედემში აცხოვრა და ცოდვების გამო განდევნა? შემდეგ კი წარღვნა მოავლინა მათი შთამომავლების გაუკეთურების გამო. და მერე, როცა ნახა რა მასშტაბით გაანადგურა თავისივე შექმნილი, ნოეს ოჯახთან, როგორც გადარჩენილ ერთადერთ გვართან, შეთანხმება დადო, რომ აღარასოდეს აღიმართებოდა მისი ხელი კაცობრიობის წინააღმდეგ. როგორც მეფე ჯეიმზის ბიბლიაში წერია: „სანამ დედამიწა იარსებებს, არ შეწყდება თესვა და მკა, სიცივე და სითბო, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე“. მრავალი საუკუნის განმავლობაში ეს ამბავი ადამიანებს ამშვიდებდა: ცოდვის მიუხედავად, ყოველთვის შეიძლებოდა იმედი ჰქონოდათ ღმერთის მოწყალებაზე, რადგან ასე აღუთქვა ნოეს. 

თუმცა, მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის გეოლოგიის, არქეოლოგიისა და პალეონტოლოგიის მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა ბევრად უფრო ძველი იყო, ვიდრე ეს მანამდე ეგონათ, და რომ ადამიანური საზოგადოებები არსებობდნენ იმ თარიღებამდეც კი, რაც ბიბლიის მიხედვით შქმნისა და წარღვნის პერიოდად იყო მიჩნეული. 1859 წელს ჩარლზ დარვინმა თავის ნაშრომში სახეობათა წარმოშობა წამოაყენა თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანი, შესაძლოა ადამისა და ევასგან კი არა, არამედ ბეწვიანი, დაბალი დონის პრიმატებისგან წარმოშობილიყო. გასაკვირი არ არის, რომ ასეთ იდეებს ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა. მრავალი მეცნიერი და ბიბლიის მკვლევარი გაორმაგებული ძალით ცდილობდა ბიბლიის ჭეშმარიტება დაემტკიცებინა.

ამავე პერიოდში, როდესაც დარვინი თავის წიგნს წერდა, ლონდონში მცხოვრები ახალგაზრდა, ჯორჯ სმიტი, რომელიც სკოლის მიტოვების შემდეგ გრავიორად მუშაობდა, მკვლევრების მიერ ერაყიდან ინგლისში გაგზავნილი არტეფაქტებით დაინტერესდა. როგორც დევიდ დამროში წერს თავის წიგნში დამარხული წიგნი (2007), სმიტი სადილის მერე შესვენებებზე ბრიტანეთის მუზეუმში მიდიოდა და იქ არსებულ ნივთებს სწავლობდა. მალევე, 1866 წელს სამუშაოდ აიყვანეს, რათა მუზეუმის საწყობში უყურადღებოდ დატოვებული ათიათასობით თიხის ნატეხი შეესწავლა. მიზეზი იმისა, რომ ძველი მესოპოტამიის ქალაქ ნინევიაში ამდენი ფირმიტა აღმოაჩინეს იყო ის რომ ეს ფირფიტები ასურ-ბაბილონის იმპერიის მეფის, ასურბანიფალის სახელგანთქმული ბიბლიოთეკის ნაშთები იყო. ძვ.წ. VII საუკუნეში როდესაც ფირფიტები პირველად ამოიღეს მიწიდან ვერავინ შეძლო მისი წაკითხვა, მკვლევრები ათეულობით წელი შრომობდნენ მის გასაშიფრად. 

ჯორჯ სმიტი დაფის ნამსხვრევებს დაახლოებით ათი წლის განმავლობაში სწავლობდა და სწორედ მან იპოვა მათზე შემორჩენილი ყველაზე ცნობილი ნაწყვეტი, სადაც წარღვნის ამბავია მოთხრობილი, მთელ კაცობრიობას ანადგურებს და მხოლოდ ერთი კაცის ოჯახი გადარჩება. როდესაც ეს ტექსტი წაიკითხა, სმიტი იმდენად აღელდა, რომ სკამიდან წამოხტა, ოთახში გაიქცა და სამოსი შემოიხია. ეგონა, რომ ეს უძველესი დოკუმენტი ბიბლიის ჭეშმარიტებას ამტკიცებდა. 1872 წელს სმიტმა თავისი აღმოჩენები ბიბლიური არქეოლოგიის საზოგადოებას წარუდგინა, სტუმართა შორის იყო უილიამ გლედსტონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ეს აღმოჩენა ევროპასა და შეერთებულ შტატებში უმთავრეს სიახლედ იქცა. Daily Telegraph-მა სმიტს გრანტი გადასცა მუშაობის გასაგრძელებლად, თუმცა, აღარ დასცალდა, ალეპოს ექსპედიციაში სამოცდაცამეტი წლის ასაკში დიარეით გარდაიცვალა. მან სიცოცხლეში ვერ გაიგო, რომ სინამდვილეში დაფაზე ძველი აღთქმის ჭეშმარიტება კი არა, მსოფლიოს უძველესი ეპოსი იყო დაწერილი. 

მაიკლ შმიდტი თავის ახალ წიგნში  გილგამეში: პოემის ცხოვრება (პრინსტონი, 2019) თავისებურ ექსკურსს გვთავაზობს ეპოსის გარშემო, გვიყვება მისი წარმოშობისა და აღმოჩენის ამბავს, გვიყვება იმ მრავალ მკვლევარსა და მთარგმნელზე ვინც გილგამეშის ეპოსზე მუშაობდა. შმიდტი გვირჩევს, რომ გილგამეში არ აღვიქვათ როგორც დასრულებული ეპოსი როგორც, მაგალითად, ენეიდა, არამედ აღქმული უნდა იყოს უწესრიგო, ფრაგმენტულ ფორმაში. მხოლოდ ასე ქაოტური წაკითხვით მივუახლოვდებით ამ რთული ეპოსის გულს. დღესდღეობით ხომ სრული ეპოსის მხოლოდ ორი მესამედი ნაწილი გვაქვს. 

ეპოსის დასაწყისში ვეცნობით ურუქის მეფე გილგამეშს. ურუქი ულამაზესი ქალაქია სამხრეთ მესოპოტამიაში. გილგამეშის დედა ღმერთია, ხოლო მამა მოკვდავი. მეფე “პირველი ღამის” უფლებას იყენებს („droit du seigneur“). ურუქის მოსახლეობა გილგამეშს ღმერთებთან უჩივის, რაზეც დედა ღმერთი არურუ თიხის ნაჭერს ეფერება და მისგან ახალ პიროვნებას, ენქიდუს ქმნის, რათა გილგამეშს მეგობრობა გაუწიოს და ცუდი ჩვევებისგან გაათავისუფლოს. ენქიდუც გოლიათია, თუმცა გილგამეშზე მცირე. თავდაპირველად ის უფრო ცხოველს ჰგავს, მისი სხეული თმით არის დაფარული, ოთხ ფეხზე დგას და ქურციკივით დარბის. თუმცა, ადამიანის ინტელექტი აქვს, სხვა ცხოველებს ხაფანგებისგან იცავს და ათავისუფლებს. როცა ადგილობრივი მონადირე დაიჩივლებს, რომ ენქიდუ ზიანს აყენებს, მას ურჩევენ წყაროსთან ტაძრის მეძავი შამხათი მიიყვანოს და შორიდან დააკვირდეს. როსკიპი შამხათის სახელი გვარეობითი სახელია იმ დიაცებისა, იშთარის ტაძრისადმი რომ არიან შეწირულნი და ამ ქალღმერთის კულტს ემსახურებიან ურუქში. შამხათები ეწოდებათ მათ ანუ “მხიარულნი”, რადგან იშთარისგან შთაგონებული “დიაცური საქმით” (შიფირ სინიშთი) სიხარული მოაქვთ მოწიფული მამრისთვის. როსკიპი შამხათი ერთ-ერთი ამ დიაცთაგანია”. ( კიკნაძე, 2009 ) ენქიდუ მიდის წყაროსთან, შამხათი ზემოდან დააწვება და ფეხებს შემოხვევს, ეს ალბათ მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი გამორჩეული სექსის სცენაა, ენქიდუ შამხათთან სექსით ექვსი დღისა და შვიდი ღამის განმავლობაში კავდება. დაიღლება და შამხათი ბანაკში წაიყვანს სადაც პირველად ცხოვრებაში შეჭამს პურს, დალევს შვიდ კათხა ლუდს და დაიწყებს სიმღერას. (აკოკელა, 2019) ამის მერე ისევ გადაწყვეტს ქურციკებთან ერთად სირბილს, მაგრამ ქურციკები მას აღარ გაეკარებიან. ამ “ტრაგედიას” შემოჰყავს თხრობაში გილგამეში. ენქიდუს ადამიანთან სექსი ჰქონდა, ჭამა და სვა ისე როგორც კაცმა და მისთვის ამიერიდან ყველაფერი შეიცვლება. როცა ის გილგამეშის უფლებების შესახებ მოისმენს უდაბნოდან ქალაქში წავა გილგამეშთან შესაბრძოლებლად. ენქიდუს ცხოვრების გზა უდაბნოდან ურუქამდე მითოსურად აირეკლავს მთელი კაცობრიობის ფილოგენეზს. (კიკნაძე, 2009 ) კარების ჩარჩო ირხევა, კედლები ზანზარებენ, ორივე დაიღლება ჩხუბში და დამეგობრდებიან. გილგამეშმა ენქიდუ დედას, ქალღმერთ ნინსუნს წარუდგინა, რომელმაც ხელი დაასხა მათ ძმობას. 

მოიწყენს ენქიდუ: 

“ნაღველი ავსებს ენქიდუს შიგანს,
დადარდიანდა, ტირილად დაჯდა,
ცრემლით ევსება თვალები ენქიდუს,
გული უღონდება და მწარედ ოხრავს.
მაშინ მიჰხედა ძმობილს გილგამეშმა,
ხელი ჩაჰკიდა, მხარზე მოეხვია.
“ცრემლებით თვალები რად აგვსებია,
რამ შეგიღონა გული, რად ოხრავ?”
ასე ეუბნება ენქიდუ გილგამეშს:
“ოხვრამ, მეგობარო, ყელი შემიხუთა,
მკლავი მომიდუნდა, ძალ-ღონე მელევა.”
მაშინ დაძრა ბაგე გილგამეშმა,
ასე ეუბნება ენქიდუს:
“კედარის ტყეში მკვიდრობს ხუმბაბა,
წავიდეთ, მოვკლათ კედარის მცველი,
გავჩეხოთ მაღნარი კედარისა
მიწის პირისაგან აღმოვფხრათ ბოროტი,
ყოველი ბოროტი, რაიც სძულს შამაშს…”

ენქიდუსთან დამეგობრებით გილგამეშში გაიღვიძა შამაშის, მზიური ღმერთის, ზნეობრივმა საწყისმა, რადგან სწორედ შამაშია მეგობრობის სულისჩამდგმელი, იგია ის ღმერთი, რომელიც “მარტოსულ მოყმეს მეგობარს აპოვნინებს”. მის წინაშე იდება მეგობრობის ფიცი, როგორც ვიცით ეტანას თქმულებიდან, სადაც მეგობრობის მოწადინე გველი და არწივი მაღალ მთაზე ადიან და იქ, შამაშის თანდასწრებით, აღუთქვამენ ერთმანეთს ერთგულებას. გილგამეშ-ენქიდუს მეგობრობასაც შამაშის ხელი იფარავს, შამაში მიუძღვება მათ სიკეთის დამკვიდრების გზაზე. მან აღძრა ისინი ხუმბაბასკენ გასალაშქრებლად, რათა გაეჩეხათ კედარის უღრანი და მზის სხივისთვის გზა გაეკაფათ; შამაში მფარველობს მათ ამ საშიშ გზაზე და შამაშივე ესარჩლება მათ ღმერთების წინაშე, როცა ისინი ერთ-ერთის სიკვდილს გადაწყვეტენ. ამიერიდან, როგორც იტყოდნენ, შამაშის ძალი დასადგურდა “მათ შიგანში”. (კიკნაძე, 2009 )

ხუმბაბა მონსტრია. გაცხადებული კოშმარი. აქვს შვიდი აურა, (ისევე როგორც ვოლდემორს ჰოკრუქსი) რაც ერთი მხრივ მასშია, მეორე მხრივ კი თავდაცვის მიზნით შეუძლია გამოუშვას. გილგამეშისა და ენქიდუს მოახლოებისას მას არ ეშინია, პირიქით, დასცინის. უმამო ენქიდუს “თევზის შთამომავლს” უწოდებს. გილგამეშს ეუბნება, რომ ტყის ფრინველები მალე მისი სხეულის ნაწილებს შეჭამენ. შიშისაგან შეძრულები დაეტაკებიან. გილგამეშმა ხანჯალი ჩაარტყა კისერში, ენქიდუმ კი ფილტვები გამოაცალა. ხუმბაბას აურები გაიქცნენ. გმირებმა გიგანტური კედრები დაჭრეს, ნავი ააგეს და ხუმბაბას მოჭრილი თავი წაიღეს ურუქისკენ. (აკოსელა, 2019) 

ურუქში დაბრუნებისთანავე გილგამეშმა დაიბანა, სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა და თმა გაიშალა. დაინახა სიყვარულისა და ომის ქალღმერთმა იშთარმა და მას ქორწინება შესთავაზა: “მომეცი შენი ხილი, მომეცი!” (ხილი, ესე იგი, პენისი) – უთხრა იშთარმა. გილგამეშმა მიუგო: 

“რა ძალმიცს მოცემად, უკეთუ გითხოვე?
უხვად გაქვს სხეულის ზეთი და სამოსი,
უხვად გაქვს პური და საზრდელი,
ჭამადი, ღვთაებათა საშვენი,
სასმელი, მეუფეთა საშვენი,
მე წმიდა ხორბლით აგივსებ ბეღლებს,
ძვირფასი სამოსით კერპებს შეგიმოსავ,
მაგრამ ცოლად კი ვერ წაგიყვან.
ვის დაიფარავ ქარში და ავდარში?
ღრიჭე კარი ხარ, ქარის ვერდამჭერი,
სასახლე – მამრთა დამღუპველი,
ხარო ხარ, მზაკვრულად გათხრილი,
კუპრი – დამსვრელი მისი მზიდველის,
ტიკი – დამსველებელი მისი მზიდველის,
კირქვა ხარ, ზღუდით მონაშალი,
შანა, უცხოეთში ვერმფარავი,
ხამლნი, პატრონის ფერხთა მკბენელნი
რომელი მწყემსი გიყვარდა მარად?
რომელი მწყემსი, რომ სათნო ეყავ?
აჰა, საყვარლებს შენსას ჩამოგითვლი:
თამუზს, საყვარელს შენი სიყრმისას,
წლიდან წლამდე გლოვა გადუწყვიტე.
ერთხელ ფრინველი ჭრელი შეგიყვარდა,
შეეხე, ფრთენი დაულეწე,
“ჩემი ფრთები!” – გაჰყვირის ტყეებში.
სრულძალოვანი ლომი შეგიყვარდა,
შვიდი და შვიდი ხარო გაუთხარე.
გიყვარდა ცხენი, ომში დიდებული,
დეზები, აღვირი, შოლტი გადუწყვიტე,
შვიდ ბერუზე ჭენება გადუწყვიტე,
გაოფლილს წყლის სმა გადუწყვიტე,
დედამისს, ღვთაებრივ სილილის, გლოვა გადუწყვიტე.
მწყემსი თხის არვეთა გიყვარდა,
მარად რომ გიცხობდა ნაცარში პურებს,
მარადღე თიკნებს რომ გიკლავდა,
შეეხე, მგლად გადააქციე, ედევნებოდნენ მისივე ბიჭები
და მისივ ძაღლები თეძოებს უგლეჯდნენ.
იშულანუ, მამაშენის მებაღე გიყვარდა,
მარადღე ფინიკის ნაყოფს რომ გიძღვნიდა,
მარადღე ტაბლას რომ გიმკობდა.
თვალი დაადგი და ვნებით აღივსე
ვიგემოთ ძალი შენი, იშულანუ!
ხოლო გეტყოდა შენ იშულანუ:
დედა თუ არ მიცხობს, სხვა პურს ვერ შევჭამ,
პური ვით ვიგემო ავი და ბინძური?
ყინვაში ლერწამი ვის დაიფარავს?
ოდეს მოისმინე ნათქვამი მისი,
შეეხე, ობობად აქციე,
წისქვილის ბორბალში დაასახლე,
მაღლა ვერ ადის, ვერც დაბლა ეშვება.
თუ შემიყვარე, მსგავსად მომექცევი.”

აქ უნდა შევნიშნოთ, რომ დაღუპულთა რიცხვი ექვსია, არასრული რიცხვი. საკრალური (ჩვენს ეპიზოდში: ზღაპრული), აზრით იგი არც არის ნამდვილი რიცხვი, დამოუკიდებელი ოდენობა. იგი მიისწრაფვის შესავსებად უახლოესი რიცხვისაკენ. მეშვიდე დაღუპული გილგამეში უნდა იყოს. (კიკნაძე, 2009)  გილგამეშის უარით შეურაცხყოფილმა იშთარმა მამა ანუსთან მიირბინა და სთხოვა მიეცა ზეცის მოზვერი, რათა საპასუხო პასუხი გაეცა ამ შეურაცხყოფაზე. ქალღმერთთან ერთად, ურუქში ჩამოსულმა ძლიერმა მხეცმა ერთი ყნოსვით მიწა შუაზე გადახსნა და ასი ადამიანი შიგ ჩავარდა. მეორე ყნოსვით კიდევ ერთი ხვრელი გაიხსნა და ორასი ადამიანი დაღუპა. მესამე ყნოსვით, როცა უფსკრული გაჩნდა, ენქიდუ ჩავარდა მასში, მაგრამ მხოლოდ წელამდე (რადგან გიგანტია) 

ამოხტა ენქიდუ, რქებში მოეჭიდა,
დორბლი მიაშხეფა მოზვერმა სახეში
და მიუტყლაშუნა სიზრქე კუდისა

გილგამეშმა ხმალი რქებს შორის ჩაარტყა, გული ამოგლიჯეს და დადეს შამაშის წინაშე.

ავიდა იშთარი ურუქის ზღუდეზე,
ქონგურზე შედგა, წყევლა გადმოღვარა:
“ვაი, გილგამეშს, რომ შეურაცხმყო,
მომიკლა ზეციერი მოზვერი!”

ენქიდუმ მოზვერს მხარი მოაჭრა და იშთარს მიუგდო: 

“ნეტავ შემეძლოს შენი შეპყრობა,
ჭეშმარიტად მას დაგამსგავსებდი,
გადაგკიდებდი მხრებზე მის ნაწლავებს!”

გმირები ურუქში დაბრუნდნენ ტრიუმფით – „ვინ არის ბრწყინვალე მოყმეთა შორის? ვინ არის მამაცი ქებულთა შორის?” 

მაგრამ ტრიუმფი ხანმოკლე გამოდგა. იმავე ღამეს ენქიდუს ეცხადება ღმერთების ნება, რომ ორ მეგობარში ერთი აუცილობლად უნდა მოკვდეს, ენქიდუ უნდა მოკვდეს. მწარედ წყევლიდა შამხათს, თავის მაცდუნებელს და მშობლიური ველებიდან “სიკვდილის ქალაქში” შემოტყუებულს, მერე კი შამაშის შეგონებით ადამიანად სიკვდილის უპირატესობაში დაჯერებულმა, უკან წაიღო წყევლის სიტყვები და საბოლოოდ დალოცა ქალი, თავისი კაცმყოფელი, მეთორმეტე დღეს კვდება ენქიდუ აცრემლებული მეგობრის თვალწინ.

როგორც ჩანს, გილგამეში რეალური მეფე იყო. ან სულ მცირე, მისი სახელი მოიპოვება მეფეთა სიის ნაშრომში, რომელიც შეადგინეს დაახლოებით ძვ. წ. 2000 წელს და სავარაუდოდ ცხოვრობდა მესამე ათასწლეულის პირველ ნახევარში. მისი გარდაცვალებიდან ას წელზე მეტ ხანს მის შესახებ პოემები იწერებოდა მესოპოტამიურ ენაზე. შემდეგ, დაახლოებით ძვ. წ. 1300-დან 1000 წლამდე, სინ-ლექი-უნნინიმ (მისი სახელი ნიშნავს „მთვარის ღმერთი ისმენს ჩემს ლოცვებს“) მოაგროვა და დაალაგა გილგამეშის ეპოსი. მას შეიძლება ვუწოდოთ წერისკარი ან რედაქტორი. ერთი მკვლევარის აზრით, ის ასევე იყო პროფესიონალი ექსორცისტი. რაც მთავარია, გილგამეშის ამბებს მოერია, დაამატა ერთი ნაწილი, ამოიღო მეორე, დაურთო დასაწყისი და დასასრული და ააწყო ერთიანი ლიტერატურული ნაწარმოები აქადურ ენაზე. სინ-ლექი-უნნინნის კომპოზიციას ასუროლოგებმა „გილგამეშის სტანდარტული ვერსია“ უწოდეს. იგი 11 ფირფიტაზეა დატანილი, წინა და უკანა მხარეზე, თითოეულზე დაახლოებით 300 სტრიქონით.

სინ-ლექი-უნნინნის დაფების სრული ასლი ვეღარ შემოგვრჩა, დრომ, ქარმა და ომებმა შეჭამეს. ნინევიაში ასურბანიფალის ბიბლიოთეკა ძვ. წ. 612 წელს განადგურდა დამპყრობლების მიერ. ტექსტის დიდი ნაწილი დაიკარგა. 

ლონდონის უნივერსიტეტის ბაბილონოლოგიის პროფესორი ენდრიუ ჯორჯი თარგმნიდა სინ-ლექი-უნნინის ტექსტის შემორჩენილ ნაწილებს და დააკავშირა შემდეგი დაფებიც: „პენსილვანიის დაფა“, „ეილის დაფა“, „ნიპურის სკოლის დაფა“ ბაღდადში, „ჰატუსას ფრაგმენტები“ და სხვა. ლურსმული სიმბოლოების რაოდენობა იცვლებოდა ათასწლეულის განმავლობაში. მაგალითად, „სიყვარულისა და ომის ქალღმერთის“ სიტყვა ბაღდადის ფრაგმენტზე შეიძლება განსხვავდებოდეს ბრიტანეთის მუზეუმის ვიტრინებში არსებული დაფისგან. 2015 წელს ახალი ფრაგმენტის აღმოჩენის შემდეგ ჯორჯმა დაწერა, რომ ენერგიული ენქიდუ და შამხათი ერთი კი არა, ორი კვირა კავდებოდნენ სექსით. ტექსტი ჯერ კიდევ განიცდის ცვლილებებს. 

ტექსტი იმდენი ხნის განმავლობაში იყო დამარხული რომ ჩვენთვის ჯერ კიდევ ახალია. ჰომეროსისა და ვირგილიუსის პოემები მრავალი წელია კვლევის საგანია, თანაც, დასრულებული სახით. მათ 150 და 100 თაობა სწავლობდა, გილგამეშის შესწავლა კი მხოლოდ 7-8 თაობაზეა ასული. გილგამეშიანი არაფერს ჰგავს, მეშვიდე დაფაში ენქიდუ კვდება, მაგრამ ეპოსი არ მთავრდება, პირიქით, ახალი ამბავი იწყება. პირველი ნაწილი ენქიდუს გაადამიანურებაზე გვიყვება, კაცობრიობის განვითარებაზე, დაბადებაზე და სიკვდილზე. მეორე ნაწილი კი უკვდავების ძიებაა, განძის ძიება (ბორხესი) ან, დაკარგული დროის ძიება, (პრუსტი). გილგამეშს შეძრავს ენქიდუს სიკვდილი, იცის რომ თავადაც მოკვდება და ისიც იცის, რომ მის წინაპარს სიკვდილი არ ეკარება, ამიტომ გადაწყვეტს თავადაც მოიპოვოს უკვდავება და შედის სიბნელეში უთანაფიშთის საძიებლად. შორეთში, “მდინარეთა დასაბამს” იქით აღარაფერია, იქ არის ქვეყნის კიდე, იქ მთავრდება სამყარო. უთანაფიშთიც უკანასკნელი არსებაა, რომელსაც გზის დასასრულს უნდა შეხვდეს. მხოლოდ კაცისგან, მისი მსგავსი არსებისგან, უნდა მოისმინოს უკანასკნელი პასუხი და გაბრუნდეს უკან. (კიკნაძე, 2009) 

უთანაფიშთის ამბავის წაკითხვისას მარტივად წარმოსადგენია რა დღეში ჩავარდებოდა ჯორჯ სმიტი, სამოსი რომ შემოიხია, აღტაცებითა თუ გაკვირვებით დაუდგენელია. მან ხომ ფაქტობრივად ბიბლიური ნოეს ამბავი მოისმინა უთანაფიშთისგან – ღმერთებმა აუწყეს რომ წარღვნა იქნება, უბრძანეს კიდობნის აგება, თავისი ოჯახისა და ცხოველების გადარჩენა. თუმცა, ერთი მეტად ცინიკური ამბავია, კიდობანზე ასვლის წინ თავის სახლეულს მშენებელს დაუტოვებს, რა საჭიროა? სახლეულსა და მშენებელსაც მეორე დღეს წარღვნა წაიღებს. 

ქარი მიმოქროდა ექვს დღეს და შვიდ ღამეს,
წარღვნის ქარიშხალი ქვეეყანას აქცევდა.
ხოლო მეშვიდე დღის დადგომისას
წარღვნის ქარიშხალმა შეწყვიტა ომი,
ლაშქარივით ხმელეთს რომ ებრძოდა.
ზღვა დამყუდროვდა, გრიგალი დაცხრა,
და წარღვნის წყლები უკუმიიქცნენ

ამ გამოცდისთვის უთანაფიშთი და მისი ცოლი უკვდავებას მოიპოვებენ, თუმცა ის აღნიშნავს, რომ უკვდავება მხოლოდ მათთვისაა. 

“აუცდენელია, გილგამეშ, უწყალო სიკვდილი.
განა სამუდამოდ ვიშენებთ სახლებს?
განა სამუდამოდ ირტყმის ბეჭედი?
განა სამუდამოდ იყრებიან ძმები?
განა სამუდამოდ მძულვარებენ მტრები?

“აბა თუ იფხიზლებ ექვს დღეს და შვიდ ღამეს?” – გილგამეში ვერ გაივლის უთანაფიშთის გამოცდებს. პირველად მარცხდება გილგამეში თავგადასავალში და ხელცარიელი უწევს უკან დაბრუნება. ვერც განჭაბუკების ბალახს გამოიყენებს, გველი მოპარავს და მაშინვე ტყავს იცვლის. 

ეპოსი ავტორის გარეშე ასე უეცრად მთავრდება, დაბრუნებით, და როგორც გილგამეშისა და ენქიდუს მეგობრობა გვახსენებს ტარიელისა და ავთანდილის მეგობრობას, ისე ეს დაბრუნება გვახსენებს ოდისეას. 

“ურუქის ზღუდეზე ადი, გაიარე, ურ-შანაბი,
საძირკველს დახედე, აგური მოსინჯე,
იქნებ გამომწვარი არ იყოს აგური,
იქნებ შვიდ ბრძენკაცს ლიბო არ ჩაედოს!”

ამ მიმართვით მთავრდება გილგამეშის ეპოსის მეთერმეტე დაფა (ჩვენს თარგმანში: ეპოსის ბუნებრივი დასასრული. მაგრამ მოგვიანებით, ალბათ მაშინ, როცა რიცხვ “თორმეტს” საკრალურობა მიენიჭა, ეპოსს დაემატა მეთორმეტე დაფა, რომელიც წარმოადგენს ვრცელი შუმერული პოემის ბოლო ნაწილის სიტყვასიტყვით თარგმანს (“ენქიდუ ქვესკნელში”) ოღონდ ეს დამატება ორგანულად ვერ ეთვისება შინაარსს: ამ დაფაში ენქიდუ ცოცხალია და მეორედ კვდება, აწ სრულიად სხვა მიზეზით. კვლავ აღიძვრის სიკვდილ-სიცოცხლის თემა: გილგამეში გამოიხმობს ენქიდუს (ამ დაფაში იგი მის მონად იხსენიება, როგორც ყველა შუმერულ თქმულებაში) სულს ქვესკნელიდან და აამბობინებს შავეთის ბინადართა ამბავს. (კიკნაძე, 2009) 

ბორხესის ოთხი მთავარი სიუჟეტიდან, გილგამეშიანი ყველაზე მეტად “განძის ძიებას” ერგება, იმაზე მეტად, ვიდრე “სახლში დაბრუნებას”, ალბათ იმიტომ რომ გილგამეში არის გმირი, რომელიც სახლში ხელცარიელი და დამარცხებული ბრუნდება. განძის ძიება კი ორივე გმირს ამოძრავებს, უბრალოდ განსხვავებული მოტივებით. ენქიდუ სინდისისა და მორალის მაძიებელია, ის იშვება ცხოველად და კვდება ადამიანად, კვდება ბედნიერი იმით, რომ ადამიანად იქცა. გილგამეში კი უკვდავებას დაეძებს, რადგან მეგობრის გარდაცვალების წუხილს სიკვდილის შიშიც თან ერთვის, სძინავს სიკვდილთან ერთად, თუმცა, უკვდავებას ვერ მოიპოვებს. ამრიგად, ეს უკუგზად შეგვიძლია აღვიქვათ, თუ ენქიდუ უდაბნოს ცხოველიდან ადამიანობამდე გადის გზას, გილგამეში მხეცის გზას გადის, რადგან, მარადიულ სიცოცხლეში ხედავს ტკივილის განქარვების წამალს.