ზოგი მოთხრობა ისეთია, რომანსაც კი თავისუფლად დაუდგება საპაექროდ. რიჩარდ ბახის ეს მოთხრობა ზუსტად ასეთია.
ამბავი თოლია ჯონათან ლივინგსტონზეა, რომელიც თავისი ჯგუფის წევრებისგან განსხვავებით, თავისუფალია. ჩვეულებრივი თოლიებისთვის, ფრენა მხოლოდ საჭმლის მოპოვების გზაა, ხოლო ჯონათან ლივინგსტონისთვის, ის მთელი ცხოვრების ტოლფასია.
ჯონათანს ფრენა უყვარს, ის დღითიდღე აუმჯობესებს სისწრაფესა და ტექნიკას. ლივინგსტონის განსხვავებული მანერები მას სხვებისთვის არასასურველ თოლიად აქცევს, თუმცა ის მაინც არ ნებდება. საპასუხოდ ლივინგსტონი ფრენის ხელოვნებას იმდენად აოსტატებს და სხვა, მისნაირ, თავისუფალ თოლიებთან აღმოჩნდება.

დროთა განმანვლობაში თოლია ჯონათანი სინათლის სიჩქარით ისწავლის ფრენას. ეს კი, ფიზიკის კანონების მიხედვით, შეუძლებელია ნივთისთვის, რომელსაც მასა აქვს. თოლია ჯონათანი ხვდება “რომ ის მხოლოდ ძვალი და ბუმბული კი არ იყო, არამედ თავისუფლებისა და სინათლის სრულყოფილი, ყოვლად დაუსაზღვრავი იდეა.” ის დედამიწაზე ბრუნდება და მისნაირ, თავისუფლების მაძიებელ თოლიებს, შინაგანი ძალის პოვნაში ეხმარება.
რა თქმა უნდა, ეს მოთხრობა მხოლოდ თოლიებზე არ არის. ავტორმაც, ის “ნამდვილ თოლია ჯონათანს, თითოეულ ჩვენგანში მცხოვრებს” მიუძღვნა. ჯონათან ლივინგსტონი კი ის გრძნობაა, რომელიც რაღაც დიდისკენ მიმავალ გზაზე ადამიანს სწორ ნაბიჯებს გადაადგმევინებს ხოლმე. აუცილებელია აღინიშნოს, რომ თავისუფლების მოსაპოვებლად, ზოგჯერ საჭიროა ჯგუფისა თუ საზოგადოების ადათ-წესების წინააღმდეგ გალაშქრება.

მოთხრობა ფილოსოფიურია და უამრავი დასაფიქრებელი თუ სადებატო თემის ამოღების საშუალებას გვაძლევს. ჯონათან ლივინგსტონი ის თოლიაა, რომელიც პლატონის გამოქვაბულიდან გამოვიდა და ჭეშმარიტებას ეზიარა. გამოქვაბულის მცხოვრებლებისგან განსხვავებით, ჭეშმარიტებას ნაზიარები თოლია ლივინგსტონი არ კმაყოფილდება ჩრდილებით, ანუ ნამდვილი საგნების ერთ-ერთი შესაძლო გამოსახულებით.

ასევე, პლატონის ფილოსოფია იმაში ჩანს, რომ ჯონათან ლივინგსტონი, ყველა თავისუფალი თოლიის მსგავსად, იდეალისკენ მიისწრაფვის. საკუთარ ნააზრევში პლატონი ორ სამყაროს გვიჩვენებს: რეალურსა და უხილავს. რეალურ სამყაროში არაფერია იდეალური, რადგან ის იდეალურის ჩრდილი – ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია. ხოლო წარმოსახვით სამყაროში, რომლისკენაც უნდა მივისწრაფვოდეთ, არის ყველა ადამიანის, საგნისა და მოვლენის იდეალური ვარიაცია.
მოთხრობა ადვილად იკითხება და ზომითაც არც თუ ისე დიდია. აზრით კი ბევრ რომანს არ ჩამორჩება. გასარჩევადაც ძალიან საინტერესოა. ეტყობა, იმიტომ, რომ გვაფიქრებს და გვაიძულებს ჩვენში თოლია ჯონათან ლივინგსტონი ვიპოვოთ და ღრუბლებში გავუშვათ, რათა იფრინოს, იფრინოს და იფრინოს.