რატომღაც, ფრანსუაზ საგანის წიგნები სახლის ბიბლიოთეკის იმ თაროზე იდო, რომელზეც ისინი სხვამ, დიდი ხნის წინ, შემოაწყო სამომავლოდ რომ წაეკითხა და, ამასობაში, სულ გადაავიწყდა.
წიგნი მელანქოლიურია, მაგრამ არაბანალური. რთული საქმეა ესეთი ამბების დროს ბალანსი დაიცვა, თუმცა ფრანგებს ეს განსაკუთრებულად გამოსდით. ეს რომანიც ეგეთია – ფრანგული სიფარფატითა და სიმსუბუქით გამორჩეული.
მთავარი გმირი ოცდაცხრამეტი წლის, ორ ცეცხლ შორის მოხვედრილი დიზაინერი პოლია. ცხოვრება მშვენივრად აქვს დაწყობილი – ნამდვილად არაფერი აკლია, მაგრამ ამასთან ერთად მარტოსულია. მას ორმოცი წლის საყვარელი ჰყავს – ტანადი, ძლიერი და თავდაჯერებული როჟე, რომელთანაც ბედნიერია; ან უბრალოდ შეჩვეული.

პოლისთვის ჩვეულებრივ, სამსახურებრივ გაწამაწიაში, ავტორს ახალი გმირი – ოცდახუთი წლის სიმონ ვან დერ ბეში შემოჰყავს. ენერგიული, სიმპათიური, ნაზი და მელანქოლიური, მაგრამ რაც მთავარია – ახალგაზრდა. ასე თუ ისე, მას გაგიჟებით უყვარდება მასზე თოთხმეტი წლით უფროსი პოლი.
პოლი გაურკვევლობაშია: მას გრძნობების გამორჩევა უჭირს, ისევე როგორც კითხვაზე “გიყვართ ბრამსი?” პასუხის გაცემა. ერთი მხრივ, სიმონი მას ახალგაზრდულ, გიჟურ სიყვარულს სთავაზობს, მაგრამ მეორე მხრივ, იქვეა როჟე, რომლის დათმობისა და დაკარგვის პოლს ძალიან ეშინია.
“ეგ ქალების რომანებს არ წერს?” – იკითხავენ ხოლმე ფრანსუაზ საგანის ხსენებისას. კი, ერთი მხრივ წიგნი მელანქოლიურია და მსგავსი თემები კაცებს, თითქოს, არ აინტერესებთ; სინამდვილეში კი, ძალიანაც აინტერესებთ, იმ ფილმისა არ იყოს, მელ გიბსონი რომ დარბის აქეთ-იქეთ, გაგიჟებული.
აუცილებლად გამოსარჩევია დეტალების დახასიათება. სიგარეტის მოწევა, კოქტეილის მოწრუპვა, ხელის შეხება, თუ გვიანი 50-იანების პარიზული ენერგეტიკა – საგანს ეს მშვენივრად გამოსდის. რაღაც მომენტში მარკესი გამახსენდა, რომელიც ხელით შეხებას ისე აღწერს, შეილება შენხელზეც იგრძნო და დაგაჟრიალოს.

პ. ს. 1961-ში, მოხდა რომანის ეკრანიზაცია. ინგრიდ ბერგმანი, ენტონი პერკინსი და ივ მონტანი მშვენივრად იჭრებიან როლებში და წიგნის პერსონაჟებს აცოცხლებენ. ბევრი რამ შეცვლილია, დამატებული და გადაკეტებული, მაგრამ ესეთ ცვლილებებს, მგონი, მივეჩვიეთ.