ამბავი გიჟი ლოთისა, საფოსტო ოფისიდან ბედნიერების საპოვნელად გამოქცეულისა.

ექსტრავაგანტულმა ლოთმა და შეთავსებით მწერალმა ჩარლზ ბუკოვსკიმ, საკუთარი ცხოვრებით, მოგვიანებით წიგნებში რომ აღწერა, მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიური ყოფა შეიძლება საინტერესო იყოს.

„ფოსტა“ ჩარლზ ბუკოვსკის პირველი გამოცემული წიგნია. მან მანამდეც სცადა რაღაცები, თუმცა არ გაუმართლა და ვერც ერთი წიგნი ვერ გამოსცა. „ფოსტამ“ მას სახალხო აღიარება კი მოუტანა, მაგრამ როგორი არანორმალური ლოთიც იყო, ისეთადვე დარჩა. ყველა ხომ აფრენს. ზოგი კარგად, ზოგი კი – ცუდად. 

რომანი ავტობიოგრაფიულია და თორმეტწლეულის განმანვლობაში, ბუკოვსკის ცხოვრებაში მომხდარ ამბებს მოიცავს. პროტაგონისტი ჰენრი ჩინასკია – მწერლის ალტერ ეგო – რომელსაც შემოკლებით ჰენკს უწოდებენ. ამ ჰენკს სამი რამ ამოძრავებს: ქალები, სასმელი და დოღი.

„ფოსტა“ შეცდომით იწყება. პირველი წინადადებაც ამაზე მიუთითებს: „ყველაფერი შეცდომით დაიწყო“. შეცდომად, ჰენრი, ფოსტის ოფისში გატარებულ თორმეტ წელს თვლის.  ჯერ ფოსტალიონი იყო, მერე კი ოფისში გადავიდა, კლერკად. 

წიგნი მარტივად იკითხება, გეგონება ავტორი უშუალოდ მის ფიქრებს იწერდესო. შეიძლება ეგრეც იყო, რადგან რომანი მოკლე წინადადებებითაა დაწერილი და ინტონაციურადაც ადამიანის ფიქრს მოგაგონებს. ისე კი, რომანში გინება უხვადაა; მაგრამ უხდება, ვერაფერს იტყვი. ამბავია ისეთი, რომ მაღალფარდოვანი სიტყვებით ნამდვილად არ გამოვიდოდა. სულ გეცინება და გეცინება ამ გიჟურად დაუჯერებელ აბსურდზე, რომელიც, თითქოს, შეუძლებელია ვინმეს თავს გადახდეს.

ლიტერატურა სხვადახვანაირია. ზოგი ესთეტიკურად აღმაფრთოვანებელია თავისი ზუსტი წყობით, რითმითა და იდეალური, ავთანდილისნაირი სუპერ-გმირებით, ზოგი კი ჩვეულებრივი მახინჯი ლოთებითაა სავსე. ორივეს თავისებური ხიბლი აქვს, გააჩნია რომელს რა დროს წაიკითხავ. ზუსტად ამიტომაც არის ლიტერატურა უმაგრესი რამ.