წყვდიადის გულის ავტორი ჯოზეფ კონრადი მეზღვაური იყო, ათას გზაზე გაუვლია, კონგოს წყლებშიც შესულა, მაგრამ მის შემოქმედებაში მთავარი მაინც შინაგანი მოგზაურობაა. წარმოშობით პოლონეთიდან იყო, უკრაინაში დაიბადა, მამა თან სამხედრო იყო, თან პოეტი, ასე ქართველივით გაახერხა კალამის და იარაღის ერთობლივად დაჭერა. უკრაინა რუსეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ იყო, პოლონეთი კი გახლეჩილი რუსეთისა და პრუსიის სამეფოებს შორის. ჯოზეფის მამა თავისი მამის გზას გაჰყვა და პოლონეთის დამოუკიდბელობისათვის იბრძოდა, მძიმე ცხოვრებაც გამოიარა, იმპერიასთან ბრძოლაში ხშირად უწევდა ადგილის შეცვლა, დაატარებდნენ ერთი წერტილიდან მეორეზე. შესაბამისად, ჯოზეფ კონრადისთვის არ ყოფილა უცხო არც იმპერიალიზმი და არც კოლონიალიზმი. ჯერ დედა მოუკვდა ტუბერკულიოზით, 11 წლის ასაკში კი ამავე დაავადებამ მამაც წაართვა და ობოლი კონრადი ბიძას ჩაბარდა.
თუმცა, მისი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ლიტერატურასთან მისი კავშირი მამის დამსახურებაა. პოლონური, პატრიოტული ლექსების, რომელსაც მამა ხმამაღლა უკითხავდა, მეორე მხრივ კი შექსპირი, რომლის წყალობითაც გვიან, მაგრამ ძალიან კარგად დაეუფლა ინგლისურს, და მოგვიანებით კრიტიკოსებს ისიც კი ათქმევინა, ეს პოლონელი კაცი ინგლისელებზე გაცილებით კარგი ინგლისურით წერსო.
როდესაც რუსეთს დაეხსნა და ბრიტანეთში გადაინაცვლა მას არ მიუღია დასავლეთი როგორც უპირობო სიკეთე. პირიქით, შეინარჩუნა კრიტიკული თვალი, რისი დასტურიც გახლავთ მისი მთავარი ნამუშევარი – წყვდიადის გული, რომელიც ევროპული კოლონიალიზმის კრიტიკას წარმოადგენს.
ორი მთხრობელი
ტექსტის საწყისშივე გვხვდება ორი მთხრობელი, რომელთაგან ერთ-ერთი სრული სიცარიელეა. გვესმის მისი ხმა, მაგრამ არ ვიცით პირველი მთხრობლის სახელი, გვარი, წარმომავლობა, არ ვიცით რას ჰგავს, როგორ გამოიყურება. მარტივად ასახსნელი იქნებოდა ეს ამბავი პირველი მთხრობელი რომ ღმერთის პერსპექტივიდან ჰყვებოდეს ამბავს, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ასე არ არის, ვიცით რომ ისიც კრეისერზეა სხვა მოგზაურებთან ერთად, მაგრამ არ ვიცით საიდან აღმოჩნდა აქ.
მეორე მთხრობელი არის მარლო. ჯოზეფ კონრადის ალტერ ეგო. მასთან ერთად პირველი მთხრობელი გვაცნობს კრეისერის კიდევ სამ მგზავრს, რომლებიც მდინარე თემზას მიუყვებიან. სამივე მათგანს გვაცნობს პროფესიებით და არა სახელებით. ერთი არის მოანგარიშე, რომელიც დომინოს თამაშით ერთობა და ვაჭრობის სიმბოლოს წარმოადგენს. მეორე არის ვექილი, რომელიც სამართალს წარმოადგენს, მესამე კი კრეისერის კაპიტანი და კომპანიის დირექტორია, რომელიც ყველა იმ კომპანიას წარმოადგენს აფრიკაში რომ სავაჭრო მიზნებით გაიდგეს ფესვები.
მარლო იწყებს მთავარი ამბის თხრობას და პირველი მთხრობლის სიცარიელეს მკითხველი ავსებს. ასე აღმოვჩნდით მკითხველები კრეისერზე ჯოზეფ კონრადის გვერდით, წინ კი მდინარეა გასავლელი და საზარელი ამბავია მოსათხრობი.
ის სამი მგზავრი ნელ-ნელა იკარგება, იქ უნდა იყვნენ, მაგრამ ჩუმად. მიიძინებენ, გაისუსებიან. საერთოდ გვავიწყდება, რომ კრეისერზე ჩვენთან ერთად იმყოფებიან.
ორობოროსი
თხრობა იწყება მდინარე თემზიდან, გრძელდება ბრიუსელში, მერე მივუყვებით კონგოს გველისებურ მდინარეს, მივაღწევთ დანიშნულების ადგილს შიდა სადგურთან და ისევ ვბრუნდებით უკან ბრიუსელში. ამბავი ისევ თემზაზე მთავრდება. იკვრება წრე. ერთგვარი ორობოროსი. წერტილი ვერ ისმება, ან თუ ისმება ავტორი გვაფრთხილებს, რომ ადრე თუ გვიან იგივე ადგილს აუცილებლად მივუბრუნდებით.
უკვე ვახსენეთ კონრადის ორი სივრცე, ერთი მხრივ აღწერს თავისივე მოგზაურობას, მეორე მხრივ კი ლიტერატურა თავად ანიჭებს საგნებს ფორმას. ისევე როგორც კინოში კამერა. ლიტერატურაში მდინარე ყოველთვის სიმბოლოა. არ აქვს მნიშვნელობა ეს ავტორის ჩანაფიქრია თუ არა, ტექსტები ავტორებისგან დამოუკიდებლადაც მეტყველებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში კონრადს, რა თქმა უნდა, ესმის მდინარის სიმბოლისტური მნიშვნელობა. ავტორმა შეკრა ეს წრე, მთხრობელმა დაგვიხატა კონგოს მდინარე გველის ფორმით, მაცდურის ფორმით, რომლის თავიც სადღაც წყვდიადში იკარგება. მდინარე დროა. შეუჩერებელი, შეუყოვნებელი, შეუქცევადი. წყალი, რომელშიც ორჯერ ვერ შეხვალ, ჩაივლის და დაიკარგება სამუდამოდ.
კონრადის წყლებზე მოლივლივე ხომალდები ფაქტობრივად დროში მოგზაურობენ. როგორც წარსულში ისე მომავალში. ჯერ კიდევ თემზაზე ყოფნისას მარლო ამბობს: „უძველეს დროზე ვფიქრობ როცა რომაელები მოვიდნენ აქ, ათას ცხრაასი წლის წინათ. – იმ დღეს… შუქი მოეფინა ამ მდინარეს“ – მოვიდნენ მახვილით, მოიტანეს ცოდნა.
კონგოში კი ამბობს, რომ გველისებურ მდინარეზე სვლა ჰგავდა უძველეს პერიოდში სვლას, როცა ირგვლივ მხოლოდ გიგანტური ხეები იდგნენ სამყაროს მეფეებივით და გვაგრძნობინებს, რომ მისი მოგზაურობა აბსოლუტურად ამოვარდნილია კონკრეტული დროის მონაკვეთიდან. არ აქვს მნიშვნელობა რა პერიოდია, რადგან დრო ყველაფერს ცვლის ადამიანური არსის გარდა. ნოველა კი სწორედ ამ არსზე გვიამბობს. საწყისი მისწრაფებები, სურვილები და ვნებები უცვლელი რჩება.
ორი ციტატა
ორ ციტატას გავიხსენებ, რომელიც ფინალისკენ დამეხმარება წერტილის დასასმელად და სიუჟეტის შესაკრავად. ორივე სიტყვა ეკუთვნის მარლოს. ერთს იტყვის მაშინ როცა მამიდა უშოვის სამსახურს ბელგიურ კომპანიაში, რომელიც კონგოს გველის მდინარეზე სპილოს ძვლით ვაჭრობს. გამოთავისუფლდება ადგილი რადგან ერთ-ერთი ხომალდის კაპიტანს ველურები სულს გააფრთხობინებენ, შუბით სხეულს გაუგლეჯენ და იქვე მიაგდებენ. მოკლული კაპიტანი ადგილობრივს შეეკამათა, უთანხმოების თემა ქათამი იყო, მერე დაამცირა ეს ადგილობრივი როგორც ზემდგომმა, შეხედა ზემოდან, შეხედა როგორც მონას, ამ მონის შვილმა კი შუბი გაუქანა. არ უნდა კვდებოდეს კაპიტანი ქათმის გამო, მაგრამ მოხდა ასე, გათავისუფლდა ადგილი და შეავსო მარლომ.
კონტრაქტი გააფორმა და გამგზავრებამდე მამიდას ჩაიზე შეუარა. აღმოაჩინა, რომ ამ ქალმა რეალურად არაფერი იცის თუ რა ხდება კონგოში და რას საქმიანობს ბელგიური კომპანია.
ამის შემხედვარე მარლო იტყვის: „უცნაურია რარიგ დაშორებულნი არიან ქალები სიმართლისაგან, საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ, სადაც ისეთი არაფერი ხდება და არც შეიძლება მოხდეს. ყველაფერი მშვენიერია და თუ შესწორებას მოინდომებენ, მზის პირველ ჩასვლამდე ნაწილებად დაიშლება“.
მეორე სიტყვას ცენტრალურ სადგურზე ყოფნისას წარმოთქვამს, მას მერე რაც ეჭვი შეეპარება კურცის არსებობაში და ჩათვლის, რომ ლეგენდები მის შესახებ უბრალოდ ტყუილია. კურცზე ისმენს, რომ ის არის უაღრესად დიდი ნიჭისა და ტალანტის მქონე ადამიანი, განმანათლებელი, დიდი იდეებით. ხაზს უსვამენ მის ხმას, რადგან როცა საუბარს იწყებს ყველა მონუსხული უსმენს, რადგან საოცარი შინაგანი რწმენით გამოირჩევა და მისი წარმოთქმული ყოველი სიტყვა სწორედ ასეთი რწმენით არის განმსჭვალული. ეს ყველაფერი დაუჯერებლად ეჩვენება მარლოს და იტყვის, რომ ვერ იტანს და ეზიზღება ტყუილი, რადგან სიკვდილის გემო დაკრავს და ისეთ შეგრძნებას უტოვებს როგორიც დამპალი ხილის ჩაკბეჩისას ეუფლება.
ეს ორი ციტატა საბოლოოდ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან და დილემის წინაშე აყენებს მარლოს. რას გადაწყვეტს, ამას ბოლოსკენ მივუბრუნდებით.
მოირები
წყვდიადის გული დახუნძლულია სიმბოლოებით. ბელგიურ კომპანიაში, სადაც მარლო მივა კონტრაქტის გასაფორმებლად, ბერძნული მითოსის ქალღმერთებს ვხვდებით, კართან არიან კლოთო და ლაქესისი. ერთი ქსოვს ბედისწერას, მეორე კი ძაფს ახვევს მის ირგვლივ. აქ ორი კითხვა იბადება – ვიცით, რომ კომპანიაში მისვლისთანავე იქსოვება მარლოს ბედისწერა და გვაინეტერესებს, რა არის მისი ბედი.
მეორე კითხვა კი მოირებს ეხება – სად არის მესამე? სად არის ატროფოსი? მითოსის მიხედვით ატროფოსი გარდაუვალი სიკვდილია, ეს არის მოირა, რომელიც ჭრის ბედისწერის ძაფს.
კითხვაზე პასუხს მოგვიანებით ვიგებთ. როდესაც მარლო უკვე იმყოფება დანიშნულების ადგილზე, შიდა სადგურზე, გველისებრი მდინარის თავის არეში. აქ გაიცნობს კურცს, განკაცებულ მითს. ნახავს, რომ სნეულია და ნახავს მთელ იმ კოშმარს რასაც ეს ჭკუიდან შემცდარი კაცი დაატრიალებს. სწორედ აქ ვიგებთ რა არის მარლოს ბედისწერა. სნეული კურცი წამოდგება ფეხზე და ბანცალით მიუყვება ჯუნგლებს, მის მოძრაობას მხოლოდ მარლო ამჩნევს და უკან მიჰყვება. სწორედ ამ დროს იხსენებს მარლო ქალებს, „წყვდიადის გულს, რომ დარაჯობდნენ“. იხსენებს ზუსტად მაშინ, როცა იგივე გზას გადის, რასაც კურცი.
მარლოს ბედისწერა კურცის გზის გავლა ყოფილა. აღწერს, როგორც დევნას, სიმბოლურად კი ეს დევნა მიმდევრობაა. დასასრულს მარლო ვერ მალავს კურცით აღფრთოვანებას. კურცის გზა კი უდავოდ თვითშეცნობის გზაა. კურცის სნეულებას აღწერენ როგორც ტროპიკულ ვირუსს, მაგრამ ეს უფრო „რასკოლნიკოვის ვირუსია“. კურცის სხეული და ორგანიზმი რეაგირებს იმაზე, რისი მიღებაც გონს არ სძალუძს, ცნობიერისთვის დაფარულია და სადღაც არაცნობიერის ჯურღმულებში იკრებს ძალას. კურცი კი გადაწყვეტს რომ თვალი გაუსწოროს წყვდიადის გულს, არაცნობიერის ფსკერს, და “როცა თვალი გაუსწორა უფსკრულს, უფსკრულმაც შეხედა მას”.
„შეიცან თავი შენი“ – არის სწავლება, რომელზეც თანხმდება აღმოსავლური და დასავლური სკოლა, ბიბლია და ბერძნული სკოლა, ერთიც და მეორეც ამბობს, რომ იქ, ფსკერზე გამომწყვდეული ბუნებრივი ბოროტი ინსტიქტია – „თქვა უფალმა: აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა, სიყრმიდანვე.“ უბრალოდ, ამ სწავლებების შემდეგ გამოჩნდა ერთი ულვაშიანი კაცი, რომელმაც თქვა რომ ეს არ არის ბოროტი, ეს არის მიღმიერი, სიკეთისა და ბოროტების მიღმა.
ნიცშეს ზეკაცი
კურცის პიროვნებისა და არჩევანის უკეთ გასაგებად განვიხილავ მესამე სიმბოლოს. ეს არის კურცის ნახატი, რომელსაც მარლო იპოვის ცენტრალურ სადგურზე. ნახატზე წყვდიადში გამოსახული თვალებახვეული ქალის პორტრეტია, ჩირაღდნით ხელში.
ინტერპრეტაციისთვის დიდი სივრცეა. პირველ რიგში, უნდა ითქვას იუსტიციაზე, ქალღმერთზე, რომელიც თვალს აიხვევს იმის გამო, რომ არ იცოდეს ვის განსჯის. თუმცა, სასწორისა და მახვილის ნაცვლად კურცის პორტრეტზე ჩირაღდანია, როგორც ნიშანი იმისა, რომ კონგოში სამართლიანობის ქალღმერთიც კი არ აპირებს არაფრის აწონ-დაწონვას, პირდაპირ სტიქიით მიდის მათთან.
არც თავისუფლების ქანდაკებისთვის არის ადრე, მით უმეტეს, რომ მეზღვაურთათვის მნიშვნელოვანი ძეგლია. მესამე სამყაროს მისადგომებთან სწორედ ის ხვდება პირველი მეზღვაურებს. კონრადმა კი აიღო და თავისუფლებას თვალები აუხვია.
იქნებ ეს ნახატი ევროპის ხატია? ასე პირდაპირ და შეულამაზებლად. ქალია რადგან სახელი ევროპა ევროპედან მოდის. ცეცხლი კი სიმბოლოა ცოდნისა და განმანათლებლობის, უფრო მითოსური და არა კანტიანური გაგებით, თუმცა არც კანტიანურს უჭირს რამე. თვალები ახვეული აქვს. ეს, რომ ბუნებრივი სიბრმავე იყოს ვიტყოდით, რომ ღმერთის ან განგების ნიშანია – თვალი სინათლეს კარგავს და ხედვის არეალი იზრდება, ისევ შინაგანი მოგზაურობის თვალსაზრისით, მაგრამ საქმე გვაქვს არა ბუნებრივ, არამედ, ხელოვნურ სიბრმავესთან. საქმე გვაქვს არჩევანთან, რომელსაც ევროპა აკეთებს.
პარადოქსული პორტრეტია – ჩირაღდანი უჭირავთ მაშინ, როცა გზას მიიკვლევენ, მაგრამ თვალი ახვეულია. ესე იგი, თვალი უნდა დახუჭოს იმაზე, რასაც განმანათლებლობის სახელით მოსული ცეცხლი მოიტანს. კონრადის ნოველა 1899 წელს გამოიცა, სულ მალე კი ევროპა ნანგრევებად იქცა. ასე რომ, ერთგვარ წინასწარმეტყველებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, ოღონდ, როგორც აღვნიშნეთ ამას წერტილი არ აქვს, ეს მუდმივი ციკლია.
პორტრეტის ავტორი კურცია. ბოლომდე გათვიცნობიერებული აქვს რას სჩადის კონგოში, ესმის თუ რას სჩადის ბელგიური კომპანია, მაგრამ მიუხედავად ამისა, არანაირი წინააღმდეგობა არ უჩნდება და პირიქით ფსკერამდე მიჰყვება კოლონიალიზმს, ნიცშეანური ზეადამიანის ხედვიდან. მის ერთ-ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ – „ჩვენ ველურებს უნდა წარვუდგეთ ზეადამიანის როლში, როგორც მაღალ საფეხურზე მყოფი არსებები“.
სიკვდილის წინ კიდევ ერთხელ უსწორებს თვალს წყვდიადს და ამოსძახებს კიდეც – “The Horror, The Horror”.
მსოფლიო ლიტერატურაში, შექსპირის შემდგომ ეპოქაში, არ არსებობს ამაზე დიადი სიკვდილის სცენა. თვითშეცნობის გზაზე წყვდიადის გულთან მისვლას თავისებურად გვიდასტურებს მარლოც. კურცის სიკვდილის შემდგომ რომ გვეტყვის – „ყველაზე მეტი რისი იმედიც შეიძლება გქონდეს საკუთარი თავის შეცნობაა და ისიც მეტად დაგვიანებით მოდის, როგორც მოსავალი ამოუწურავი დარდისა“.
მარლოს დილემა
მარლოს რჩება კურცის ჩანაწერები. ძალიან სურს კომპანიის დირექტორს ჩანაწერების ხელში ჩაგდება, მაგრამ მარლო არაფრით არ ანებებს. ასევე გამოჩნდება კაცი, რომელიც კურცის ბიძაშვილად გაეცნობა და ეტყვის თუ რა ნიჭიერი მუსიკოსი იყო, ხედავდა მას როგორც ექსტრემისტ პოლიტიკოსს. საბოლოოდ კი მარლო მივა კურცის სატრფოსთან სადაც ერთი დილემა აქვს დასაძლევი. დილემა, რომელიც ზემოთ ვახსენე. სატრფო კითხავს თუ რა იყო კურცის უკანასკნელი სიტყვა. თუ მარლო სიმართლეს ეტყვის, მოუწევს, რომ ქალი გამოიყვანოს ილუზიებიდან, მიწაზე მყარად დაუშვას და თვალი გაასწორებინოს ამქვეყნიურ სისასტიკეზე, რაც არ სურს რადგან მიაჩნია, რომ ქალები უნდა იყვნენ ოლუზორულ სამყაროში. მიაჩნია, რომ ასე მათთვის უკეთესია.
მეორე მხრივ, შეუძლია მოატყუოს, მაგრამ უკვე გვითხრა, რომ ვერ იტანს და ეზიზღება ტყუილი, რადგან სიკვდილის გემო დაჰკრავს.
ასეთი დილემის წინაშეა და საბოლოოდ მაინც ტყუილს არჩევს. ქალები ცალკეულ პერსონაჟებს არ წარმოადგენენ, ქალიც სიმბოლოა იმ ერებისა და ხალხების, რომელთაც დატკბილული, ილუზორული ზღაპარი სჭირდებათ, უპირობო სიკეთის შესახებ. კურცის სატრფო კი, შესაძლოა, მესამე აღმოუჩენელი მოირა იყოს. გარდაუვალი სიკვდილი. მარლოსთან დიალოგისას ვიგებთ, რომ სწორედ მის გამო წავიდა კურცი კონგოში, მის გამო გაჰყვა გველის მდინარეს, რამაც საბოლოოდ წყვდიადის გულამდე მიიყვანა – თავები მოჰკვეთა მორჩილ ველურებს, რომლებიც ეთაყვანებოდნენ მას და მის იდეებს, სარზე ჩამოაცვა სხეულის ნაგლეჯები და იყო მათ შორის, როგორც სნეული ღმერთი.