ამბავი სხვადასხვა ადამიანთა, კალიფორნიაში, კონსერვის რიგის ქუჩაში მცხოვრებთა და მოღვაწეთა.

ისევ და ისევ სტაინბეკი. ამჯერად დიდი დეპრესიის დროინდელ კალიფორნიულ ამბებს გადავაწყდი. კონსერვის რიგი, ორიგინალში კი ‘Cannery Row’, კალიფორნიის შტატის, ქალაქ მონტერეის ერთ-ერთი ქუჩაა. რომანში მოყოლილი ამბებიც ისეთივე უნიკალური, ცოცხალი, ნამდვილი და დამაჯერებელია, როგორც უშუალოდ ცხოვრებაა ამერიკის სამხრეთ-დასავლეთში, წყნარი ოკეანეს სანაპიროზე. 

პირველ რიგში, გმირებზე უნდა ვთქვა ორი სიტყვა. სტაინბეკს პერსონაჟები, ზოგადად, ღრმა და საინტერესო ჰყავს, მაგრამ კონსერვის რიგის მაცხოვრებლები განსაკუთრებულად გამოუვიდა. შეიძლება იქ ცხოვრებამაც შეუწყო ხელი. გმირები სხვადასხვანაირები არიან, თავისებური ისტორიებით, საქმეებითა და პირადი ცხოვრებით. თუმცა, მათი ყველა ამბავი მაინც ერთ ადგილას იკვეთება – კონსერვის რიგის ქუჩაზე.

“Cannery Row”, © Tony Fitzpatrick

იქაური მაცხოვრებლები უბანივით მრავალფეროვნები არიან. ერთგვარი კოლექტიური არაცნობიერი, კონსერვის რიგის ქუჩიდან. კონსერვის რიგში შეხვდებით ჩინელ ვაჭარ ლი ჩონგს, ბორდელის მესაკუთრე, ინტელიგენტ და ავტორიტეტულ, ქალბატონ დორას, მის გოგოებთან ერთად, მაკს, გენიოსის თვისებებით დაჯილდოვებულს, მაგრამ უმუშევარ ახალგაზრდას და მისნაირ რამდენიმე უსაქმურს, ან კიდევ, საზღვაო ბიოლოგ დოკს, რომელიც ყველას უყვარს.

სტაინბეკის შემოქმედების ერთ ჟანრში მოქცევა, ცოტა არ იყოს, რთული ამბავია. “კონსერვის რიგი”-ც სხვადასხვა ჟანრებს შორის ლავირებს და მათგან, რაღაც დეტალები აქვს აღებული. ერთი კომედიური წვრილმანი მახსენდება, რომელსაც ჩავუღრმავდები. როგორც აღვნიშნე, დოკი უბანში ყველას უყვარს, მაკს კი განსაკუთრებით. ჰო და ეს მაკი გადაწყვეტს დოკის პატივსაცემად წვეულება ჩაატაროს. წვეულებას, ცუდსაც და კარგსაც, ფული უნდა, თან ბევრი. ფული კი, უმუშევრობის გადამკიდე, არ არის. მაკი დოკთან მივა და, იცის რა მისი ბაყაყებით დაინტერესების შესახებ (დოკი ბიოლოგია), შეუთანხმდება, რომ ბაყაყებს მოუყვანს, რა თქმა უნდა, გასამრჯელოს სანაცვლოდ. მაკი და ბიჭები დაირაზმებიან და ასობით ბაყაყს დაიჭერენ, მაგრამ დაბრუნებულებს, დოკი შინ არ დახვდებათ. წვეულება კი მოსაწყობია. წავლენ უბნის ვაჭარ ლი ჩონგთან, სადაც ყოველთვის ყველაფერი მოიძებნება და ფულის ნაცვლად, ბაყაყებით დაიწყებენ ვაჭრობას. ასე, ორ წამში, ახალი ვალუტა შემოიღეს და საკუთარი პრობლემაც მოაგვარეს. 

ეგ დოკი, სხვათაშორის, ნამდვილი ადამიანია – სტაინბეკის ახლო მეგობარი, პროფესიით ბიოლოგი ედრი ქეთსი. ისიც, წიგნის ეული დოკის მსგავსად, კონსერვის რიგში ცხოვრობდა. “კონსერვის რიგის” გარდა, ის, სტაინბეკის სხვა რომანებშიც გვხვდება. 

Penguin-ის ყდა, © Penguin Books

კონსერვის რიგი პატარა სამყაროა, დიდ სამყაროში მოქცეული, რომელიც თითქოს მისგან დამოუკიდებელია, მაგრამ მასზე მაინც დამოკიდებული. რაც არ უნდა უტოპიური იყოს კონსერვის რიგის ცხოვრება, დიდი დეპრესია და მისი ეკონომიკური შედეგები ცხოვრებას მაინც ეტყობა. ყველას უჭირს, მაგრამ კონსერვის რიგში, თევზს ჯერ კიდევ იჭერენ. საკითხავი კი ის არის, თუ როდემდე…

პ.ს. თურმე, სტაინბეკის რომანს “კონსერვის რიგი” გაგრძელება ჰქონია, ერთგვარი სიქველი. სტაინბეკის დამსახურება და სიდიდეა ის, რომ ისეთი ამბავი შექმნა, რომლის ასავალ-დასავალი, მკითხველს, დასასრულის შემდეგაც კი აინტერესებს. აბა, ნობელის პრემიას ტყუილად ხომ არ მისცემდნენ კაცს?!