ამბავი თინეიჯერისა, სახლიდან გაპარულისა, და მოხუცისა, გონება სუსტისა და კატებთან საუბრის ნიჭით დაჯულდოვებულისა.

“კაფკა პლაჟზე” ნამდვილად ის წიგნია, რომელზეც დიდხნიანი დისკუსიის გამართვა შეიძლება, თან ისეთი დისკუსია იქნება, რომელშიც თითოეული მონაწილე, რაღაც ახალს შემოიტანს. მგონი, წიგნის უნიკალურობაც სხვადასხვა ინტიმური, მაგრამ საკმაოდ რეალური კავშირების რაოდენობით განისაზღვრება. მარტივად რომ ვთქვათ, კარგი წიგნი ისაა, რომელშიც თითოეული მკითხველი მისთვის შესაფერის რამეს იპოვის და ჩაეძიება. 

წიგნი სქელტანიანია და ორი, თითქოს აბსოლუტურად განსხვავებული, ადამიანის ამბავს გვიყვება. პირველი ტოკიოელი ტინეიჯერი კაფკა თამურაა, რომელიც მამის შმაგურ-სიურეალისტური წყევლის გადამკიდე, სახლიდან გარბის. მამამისმა უწინასწარმეტყველა თავის დროზე, რომ კაფკა მას მოკლავდა, ხოლო დედასთან და დასთან სექსუალურ კავშირს დაამყარებდა.

მეორე ამბავი კი ბატონ ნაკატას უკავშირდება, დაბერებულ იაპონელს, რომელიც გონებრივი ჩამორჩენის მიუხედავად, განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოვებული – მას კატებთან საუბარი შეუძლია. კატები, ამ წიგნში და ზოგადად მურაკამის შემოქმედებაში, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია – ისინი ინდივიდები არიან, განსხვავებული საუბრის მანერითა და მსოფლმხედველობით. 

“On Coach”, © Rose Blake & Mike Redmond

კითხვისას მუდმივად ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა” მახსენდებოდა. იქაც მსგავსი სიურეალისტური ამბებია, გამოგონილი, თითქოს აბსურდული რეალობებითა და გამაოგნებელი ისტორიებით. მურაკამის სახით, ბულგაკოვის გვერდით ჩემთვის სიურეალისტური ლიტერატურის კიდევ ერთი მწვერვალი გაჩნდა. თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ მურაკამი თავისი ამბების ჩახლართულობით სულ სხვა განზომილებაშია.

წიგნის სიდიდის მიუხედავად, ის ერთი ამოსუნთქვით იკითხება. აი, ისეთი მომენტები ხომ არის ხოლმე, ავტორი რომ წაბორძიკდება და მკითხველის დაძაბულ ყურადღებას ფანტავს? “კაფკა პლაჟზე”-ს კითხვისას, დაღლილობას სულაც არ იგრძნობა. კითხვები და თეორიები ჩნდება, გმირების აზროვნებიდან გამომდინარე, ცდილობ, წიგნის დასასრული როგორმე გამოიცნო, მაგრამ ამაოდ. ამბების აწყობაში კი მურაკამი ერთ-ერთი საუკეთესოა.