მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი ფრანგი მწერალი მარსელ პრუსტი ერთ-ერთი იყო იმათგან, ვინც დროდადრო შინაგანი სამყაროს შესაცნობად განსაკუთრებულ კითხვარს შეავსებდა ხოლმე. ეს გასართობი, ძირითადად, დიდ ბრიტანეთში, დედოფალ ვიქტორიას მმართველობის დროს იყო გავრცელებული, თუმცა მისი შევსებით კონტინენტური ევროპის მაცხოვრებლებიც დაინტერესდნენ.
მარსელ პრუსტს სწამდა, რომ ამ წიგნაკის შევსებით, ადამიანს შეეძლო საკუთარ არსს, საკუთარ პიროვნებას ჩასწვდომოდა. იმის მიუხედავად, რომ ეს კითხვარი მარსელ პრუსტს არ გამოუგონია, მან განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გავრცელებაში და სწორედ ამის გამო, დღეს, საკუთარ თავთან აღსარების ეს მეთოდი “პრუსტის წიგნაკის” სახელითაა ცნობილი.
1903 წელს, პრუსტის ცხოვრებაში უბედური ხანა დაიწყო – ჯერ მამა გარდაეცვალა, შემდეგ კი, 1905 წელს – დედა. კარგად რომ გვესმოდეს, თუ რას ნიშნავდა ეს მისთვის, მოვიტანოთ პრუსტის პასუხი მის მიერვე შედგენილ, ე.წ. „პრუსტის კითხვარის“ ერთ-ერთ კითხვაზე – „რა იქნებოდა თქვენთვის ყველაზე დიდი უბედურება“, რაზეც მარსელმა უპასუხა – „დედა და ბებია რომ არ მცნობოდა“. უახლოეს ადამიანებთან დაშორება პრუსტისთვის უდიდესი ტრაგედია იყო.
– © ლევან ბერძენიშვილი, ” მარსელ პრუსტი – გენიოსი, რომელმაც დრო ხელში დაიჭირა…”
ახლა კი, დროა “პრუსტის კითხვარი” თქვენც შეავსოთ. მოიმარჯვეთ ფურცელი, კალამი და შეიმეცნეთ საკუთარი თავი. დარაჯი “პრუსტის კითხვარის” იმ ვერსიას წარმოგიდნეთს, რომელსაც ცნობილი ამერიკული ჟურნალი Vanity Fair ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუს ჩასაწერად იყენებს.
1 — როგორ წარმოგიდგენიათ სრულყოფილი ბედნიერება?
2 — ყველაზე მეტად რისი გეშინიათ?
3 — საკუთარ თავში ყველაზე მეტად რომელი თვისება გაღიზიანებთ?
4 — სხვა ადამიანებში ყველაზე მეტად რომელი თვისება გაღიზიანებთ?
5 — ცოცხალი ადამიანებიდან ყველაზე მეტად ვინ აღგაფრთოვანებთ?
6 — ყველაზე ექსტრავაგანტული რა ჩაგიდენიათ?
7 — ახლა რაზე ფიქრობთ?
8 — რომელია ადამიანის ყველაზე გადამეტფასებული თვისება?
9 — რა შემთხვევაში ტყუით?
10 — საკუთარ გარეგნობაში ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ?
11 — ცოცხალი ადამიანებიდან ყველაზე მეტად ვინ გეზიზღებათ?
12 — კაცში ყველაზე მეტად რომელ თვისებას აფასებთ?
13 — ქალში ყველაზე მეტად რომელ თვისებას აფასებთ?
14 — რა სიტყვებს ან ფრაზებს ხმარობთ ზედმეტად ხშირად?
15 — ვინ ან რა გიყვართ ყველაზე მეტად?
16 — როდის და სად იგრძენით თავი ყველაზე ბედნიერად?
17 — ყველაზე მეტად რისი ნიჭი გინდათ რომ გქონდეთ?
18 — რას შეცვლიდით, საკუთარ თავში ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ?
19 — ყველაზე მეად რომელი თქვენი მიღწევით ამაყობთ?
20 — გარდაცვალების შემდგომ რად გადაქცეული მოევლინებოდით სამყაროს?
21 — ყველაზე მეტად სად გინდათ ცხოვრება?
22 — რა არის ის, რასაც საგანძურივით უფრთხილდებით?
23 — რა მიგაჩნიათ ყველაზე მდაბიო უბედურებად?
24 — ყველაზე მეტად რისი კეთება გიყვართ?
25 — რომელია თქვენი განმასხვავებელი ნიშან-თვისება?
26 — მეგობრებში ყველაზე მეტად რას აფასებთ?
27 — ვინ არიან თქვენი საყვარელი მწერლები?
28 — ვინ არის თქვენი საყვარელი ლიტერატურული გმირი?
29 — ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან შეგიძლიათ თავი გააიგივოთ?
30 — ვინ არიან თქვენთვის სამაგალითო ადამიანები?
31 — ყველაზე მეტად რომელი სახელები მოგწონთ?
32 — რა არის ის, რაც ყველაზე მეტად არ მოგწონთ?
33 — ყველაზე მეტად რას ნანობთ?
34 — რა ვითარებაში გინდათ გარდაცვალება?
35 — რა არის თქვენი დევიზი?
Vanity Fair-ის ამ შეკითხვებს, სხვადასხვა დროს, ჰანს ზიმერმა, დევიდ ჰოკნიმ, დევიდ ბოუიმ, მელინდა გეითსმა და სხვა გამოჩენილმა ადამიანებმა უპასუხეს.