WATCHMAN.GE წარმოგიდგენთ იმ 10 ნაწარმოებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებებს განსაკუთრებულად ეჯავრებოდათ.

ნიკოლაი ეჟოვი, თავის დროზე, НКВД-ს თავკაცი იყო, რომელმაც სტალინის დავალებით უზარმაზარი სისხლიანი კვალი დატოვა რეპრესიების დროს. მის სიაში ლავრენტი ბერიაც მოხვდა, თუმცა უკანასკნელი სტალინს პირადად ეწვია მოსკოვში და შეწყალება სთხოვა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ НКВД-ს მთავარი თანამდებობა ბერიამ დაიკავა, ხოლო ეჟოვის კვალი ისტორიიდან სამუდამოდ ამოიშალა. ქვევით ხედავთ იმავე სურათს, თუმცა სტალინის გვერდით აღარ არის ნიკოლაი ეჟოვი. ასე მუშაობდა საბჭოთა ხელისუფლების ცენზურის მანქანა, რომელიც პოლიტიკის გარდა ლიტერატურას და ხელოვნებასაც გადასწვდა.

WATCHMAN.GE წარმოგიდგენთ იმ 10 ნაწარმოებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებებს განსაკუთრებულად ეჯავრებოდათ.


დანიელ დეფო – “რობინზონ კრუზო” (1719)

© Lithub

ერთი შეხედვით “რობინზონ კრუზო” აპოლიტიკური ნაწარმოებია, თუმცა მან საბჭოური ცენზურის მანქანას გვერდი მაინც ვერ აურა. საქმე იმაშია, რომ კომუნისტური იდეოლოგიისთვის მიუღებელია მარტოდ-მარტო დარჩენილმა ადამიანმა ამდენი რამ გააკეთოს, ეს ხომ ინდივიდუალიზმის საუცხოო გამოვლინებაა! კომუნიზმი კი ინდივიდუალურობის საპირწონედ კოლექტევიზმს, ანუ საზოგადოებრივი აზრის ტირანიას ქადაგებს.


ევგენი ზამიატინი – “ჩვენ” (1920 – 1921)

ავტორის ილუსტრაციებიდან

საბჭოთა კავშირის მესვეურებს დისტოპიური ნაწარმოებები დიდად არ ჰყვარებიათ, რადგან მუდამ ეგონათ, რომ ეს წიგნები მათი რეჟიმის შესახებ იწერებოდა. შუშის ქალაქში, რომელშიც ზამიატინის რომანის სიუჟეტი ვითარდება, დიდი ძმის მსგავსი ფიგურა ადამიანებს ყველგან და ყოველთვის უთვალთვალებს. პროტაგონისტებად კი, სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებული შეყვარებულები გვევლინებიან.

არსებობს მოსაზრება, რომ ჯორჯ ორუელმა მისი საკულტო რომანის სიუჟეტი ზამიატინის ამ წიგნიდან გადაიღო. 1946 წელს ჯორჯ ორუელმა ზამიატინის რომანზე რეცენზია დაწერა, “1984” კი, სამ წელიწადში – 1949 წელს გამოაქვეყნა.


მიხაილ ბულგაკოვი – “ოსტატი და მარგარიტა” (1929 – 1940)

© Julia Amosova

საბჭოურმა ცენზურამ მიხაილ ბულგაკოვი განსაკუთრებით გააწამა. მან ვერ შეძლო “ოსტატი და მარგარიტას” მისივე სიცოცხლეში გამოეცა. რომანის “გაფილტრული” ვერსია პირველად მწერლის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ დაიბეჭდა, თუმცა ამ დროს უკვე არსებობდა არაოფიციალურად დაბეჭდილი წიგნი, რომლის წაკითხვას მკითხველი ერთ დღეში ამთავრებდა და შეშინებული სხვას გადასცემდა. რომანის სრული ვერსია საბჭოთა კავშირში მხოლოდ 1973 წელს გამოჩნდა.


ერნესტ ჰემინგუეი – “ვის უხმობს ზარი?” (1940)

© Simon & Schuster

ერნესტ ჰემინგუეის ეს რომანი აკრძალული არ იყო, თუმცა კრიტიკოსების აზრით მხოლოდ “შიდა მოხმარებისთვის” თუ გამოდგებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წიგნის წაკითხვა საზოგადოებას არ შეეძლო. 1962 წელს “ვის უხმობს ზარი” ძალიან მცირე ტირაჟით გამოვიდა; მაშინ მხოლოდ 300 წიგნი დაიბეჭდა.

ამ რომანში აღწერილია ესპანეთის სამოქალაქო ომში მებრძოლი ახალგაზრდა ამერიკელი პარტიზანის ისტორია.

ჯორჯ ორუელი – “ცხოველების ფერმა” (1945)

© Brecht Evens

ჯორჯ ორუელის უაღრესად პოლიტიკური ნაწარმოებებიდან საბჭოთა ცენზურა ვერც ერთმა ვერ გადალახა. “ცხოველების ფერმა”, აშკარა შარჟი 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციისა, ისტორიული ფაქტების დამახინჯებისა და რევოლუციისადმი არასწორი დამოკიდებულების გამო არ დაიბეჭდა. რუსეთში ორუელის ნაწარმოებები მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ გამოჩნდა.

ჯონ სტაინბეკი – “რუსული დღიური” (1948)

ჯონ სტაინბეკი და უკრაინის მწერალთა კავშირის თავჯდომარე ოლექსანდრ კორნეიჩუკი, © Robert Capa

1948 წელს მწერალმა ჯონ სტაინბეკმა და ფოტოგრაფმა რობერტ კაპამ საბჭოთა კავშირში იმოგზაურეს, რათა ამერიკელებისთვის სრულიად უცნობი ქვეყნის აპოლიტიკური პორტრეტი შეექმნათ. იმის მიუხედავად, რომ წიგნი მართლაც მოკლებულია პოლიტიკურ პროპაგანდას და სხვა არაფერია თუ არა მწერლის დაკვირვებები ადამიანებზე, მათ ჩაცმულობაზე, წესებსა და ჩვეულებებზე, ურთიერთობებზე და ცხოვრებაზე, საბჭოთა კავშირში “რუსული დღიური” მხოლოდ “პერესტროიკის” დროს გამოჩნდა.


ჯორჯ ორუელი – “1984” (1949)

© Olivier Bonhomme

დისტოპიური ჟანრის სხვა ნაწარმოებთან ერთად, რასაკვირველია, საბჭოთა კავშირში ჯორჯ ორუელის “1984”-იც აკრძალული იყო. გადმოცემის თანახმად სტალინმა ის იმიტომ აკრძალა, რომ მასში საკუთარი რეჟიმის სატირა შენიშნა. ორუელის ეს საკულტო ნაწარმოები, პირველად, მხოლოდ 1990 წელს დაიბეჭდა.


ვლადიმერ ნაბოკოვი – “ლოლიტა” (1955)

© Penguin Books

ნაბოკოვის ამ რომანმა საბჭოთა კავშირთან ერთად აჟიოტაჟი სხვა ქვეყნებშიც გამოიწვია – ის აკრძალეს საფრანგეთში, ახალ ზელანდიაში, ინგლისსა და არგენტინაში. საბჭოთა კავშირში “ლოლიტას” აკრძალვის მიზეზად რომანის საბჭოთა მენტალიტეტისთვის მიუღებელი ამორალური სიუჟეტი გახდა. ცენზურის მიუხედავად, უცხოეთიდან ჩამოტანილი წიგნები შავ ბაზარზე მაინც იყიდებოდა, თუმცა ძალიან ძვირად.


ბორის პასტერნაკი – “ექიმი ჟივაგო” (1957)

© Alexander Mostov

ბორის პასტერნაკის ამ რომანს თავს არაორდინალური ისტორია გადახდა: მისი გამოცემა თავდაპირველად ნებადართული იყო, თუმცა შემდგომ საბჭოთა ხელისუფლებამ წიგნში ანტირევოლუციური ნარატივები შენიშნა. ამ დროისთვის პასტერნაკს ერთ-ერთი ხელნაწერი უკვე გაეგზავნა იტალიაში, გამომცემელთან. სწორედ იტალიელმა გამომცემელმა დაბეჭდა “ექიმი ჟივაგო”, რომლისთვისაც ბორის პასტერნაკს ნობელის პრემია მიენიჭა.


ალექსანდრ სოლჟენიცინი – “არქიპელაგი გულაგი” (1958 – 1968)

© Khylov

საბჭოთა კატორღების შესახებ ალექსანდრ სოლჟენიცინის ნარატივი, ერთი მხრივ, ისტორიულ კვლევაზეა დაფუძნებული, ხოლო, მეორე მხრივ, ავტორის პირად გამოცდილებაზე. თავდაპირველად, სოლჟენიცინის ნაშრომები საბჭოთა კავშირში ნებადართული იყო და უნივერსიტეტებშიც კი ისწავლებოდა, თუმცა მერე კომუნისტურმა ხელისუფლებამ მწერალი ქვეყნიდან გააძევა და მისი ნაშრომები აკრძალა. 1970 წელს, ალექსანდრ სოლჟენიცინს ნობელის პრემია მიენიჭა.