წიგნებს წვავდნენ, კრძალავდნენ და ანადგურებდნენ. კრძალავდნენ საბჭოთა კავშირში, ბრიტანეთსა და ამერიკაში, წვავდნენ ფაშისტურ გერმანიაში და ანადგურებდნენ უაღრესად რელიგიურ ქვეყნებში. წიგნის განადგურების მიზეზი ყველას განსხვავებული ჰქონდა, თუმცა მათ საერთო ნარატივიც დაჰკრავდა: შიში. შიში ადამიანური ბუნების წაბილწვისა, შიში ბილწნარევი სიტყვისა, შიში სექსუალური იდეებისა… და მთავარი – შიში პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვისა. მთავრობებს და ეკლესიებს ეშინიათ წიგნებში აღწერილი იდეებისა, რადგან მათ შეიძლება, უფრო კი აუცილებლად, გამოარკვევინებენ ჭეშმარიტებას ადამიანს, რომელსაც საკუთარ შეკითხვებზე პასუხები ვერ მოეძებნა.
წიგნი შეიძლება დაწვა, მაგრამ იქ აღწერილი იდეა სამუდამოდ იცოცხლებს. ჭეშმარიტების მიჩქმალვის, ყველანაირად მოშორების, გადადებისა და გადაკეთების ფაქტი კი ადამიანის უსუსურობაზე მიუთითებს, რომელსაც სხვა აღარაფერი დარჩენია, გარდა წინასწარ წაგებული ომისა უკვდავი იდეების წინააღმდეგ.
WATCHMAN.GE წარმოგიდგენთ იმ 12 წიგნს, რომლებიც მსოფლიოს ქვეყნებში სხვადასხვა მიზეზის გამო ებრძოდნენ.
წიგნებს უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ და აკი ამიტომაც ებრძვიან დიქტატორები ლიტერატურას, ამიტომ უმორჩილებენ მწერლებს ცენზურას, ქმნიან მწერალთა კავშირებს, რათა მაქსიმალურად გაანეიტრალონ “სულის ინჟინრები”, როგორც სტალინი იტყოდა. დიქტატორებს შესანიშნავად ესმით ლიტერატურის საფრთხე – კარგ ლიტერატურაში ყოველთვის არის პატიოსანი აჯანყების მუხტი!
– © ლევან ბერძენიშვილი, “დიდი გასეირნება ლიტერატურაში”
ლუის კეროლი – “ელისი საოცრებათა ქვეყანაში” (1865)

1931 წელს, ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში, ლუის კეროლის რომანი “ელისი საოცრებათა ქვეყანაში” აკრძალეს . პროვინციის მმართველმა, გენერალმა ჰო ჩიენმა, განაცხადა, რომ მოლაპარაკე ცხოველები ბავშვებს ადამიანებისა და ცხოველების თანასწორობას ასწავლიან, რაც, მისი აზრით, ადამიანებისთვის – შეურაცხმყოფელი, ხოლო საზოგადოებისთვის – საშიშია.
ერიხ მარია რემარკი – “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”(1929)

რომანში, რომელიც ერიხ მარია რემარკის სალიტერატურო პიკადაა მიჩნეული, მწერალმა პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანელი ჯარისკაცების წმინდა ადამიანური ფსიქოლოგიური პორტრეტები შექმნა. წიგნი, რომელიც მკითხველს შიშველ ჰუმანიზმს ასწავლის და ცდილობს დაანახოს რომ ომში პირველ რიგში ადამიანია დამარცხებული, ფაშისტურ გერმანიაში, იმის ნიადაგზე აკრძალეს, რომ ის ვერმახტის, ნაცისტური გერმანიის გაერთიანებულ ჯარის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.
ბრეტ ისტონ ელისი – “ამერიკელი ფსიქოპათი” (1991)

“ამერიკელი ფსიქოპატი” უოლ სტრიტზე მომუშავე გიჟი ბროკერის, პატრიკ ბეიტმანის არაორდინალური ცხოვრების ამბავია, რომელშიც ის თვითგამორკვევას სხვადასხვა უცნაური, ხშირად არალეგალური გზებით ცდილობს: გაუპატიურება, მკვლელობა, წამება და კანიბალიზმიც კი, ბეიტმანის კრედოა.
ეს ამერიკული რომანი თავდაპირველად ავსტრალიაში, ქუინსლენდის შტატში ნაწერის ვულგარული და აგრესიული შინაარსის გამო აკრძალეს, თუმცა გაყიდვაში მალევე დააბრუნეს, ოღონდ ერთი პირობით: წიგნის ყიდვის უფლება მხოლოდ სრულწლოვნებს ექნებოდათ.
აღსანიშნავია, რომ “ამერიკელი ფსიქოპატის” ეკრანიზანია, რომელშიც მთავარ როლს კრისტიან ბეილი ასრულებს, არასდროს აუკრძალავთ.
ოლდოს ჰაქსლი – “საოცარი ახალი სამყარო” (1932)

ოლდოს ჰაქსლის ამ დისტოპურ რომანს ბევრ ქარ-ცეცხლში მოუწია გავლა, რომელშიც ნავთს, ძირითადად რელიგიური ქვეყნების კონსერვატიული მთავრობები ასხამდნენ. “საოცარი ახალი სამყარო”, მრუშობის წახალისების და სექსუალური თავისუფლების არაპირდაპირი ქადაგების ბრალდებით, ირლანდიასა და ავსტრალიაში რომანის გამოქვეყნების წელსვე აკრძალეს.
ჯოვანი ბოკაჩო – “დეკამერონი” (1353)

ამ ნოველათა კრებულში ჯოვანი ბოკაჩომ აღწერა ის, თუ როგორ ერთობოდნენ ახალგაზრდები შავი ჭირით გაწამებულ მეთოთხმეტე საუკუნეში. შუა საუკუნეებს ხშირად ბნელს ვუწოდებთ, თუმცა, როგორც ჩანს, სინათლე არც რამდენიმე საუკუნის მერე არ გამოჩენილა, რადგან ადამიანური მორალის წაბილწვის ბრალდებით “დეკამერონი” ჯერ ამერიკაში აკრძალეს მე-19 საუკუნის მიწურულს, ხოლო შემდეგ ავსტრალიაშიც, თან ორჯერ, 1927-1936 და 1938-1973 წლებში.
მარი შელი – “ფრანკენშტაინი” (1818)

მარი შელის “ფრანკენშტაინი” სხვა არაფერია, თუ არა სიმბოლო იმ სწრაფი ტექნოლოგიური განვითარებითარებისა, რომელიც ინდუსტრიულმა რევოლუციამ მოიტანა. ფრანკენშტაინი ამ ორაზროვანი პროცესის ხელოვნური შვილია, რომელიც იმ დროს მცხოვრები ადამიანის შინაგან სამყაროს ასახავს.
თუმცა აღმოჩნდა რომ სიმბოლიზმი, რომელიც, ერთი შეხედვით, მუსიკის მსგავსი უნივერსალური ენაა, არც თუ ისე უნივერსალურია, რადგან მარი შელის ამ რომანს, 1955 წელს, აპართეიდის მმართველობის ქვეშ მყოფ სამხრეთ აფრიკაში ადამიანის წაბილწვა დააბრალეს და აკრძალეს კიდეც.
ჯონ სტაინბეკი – “მრისხანების მტევნები” (1939)

1930-იან წლებში ამერიკის სამხრეთს თავს ქვიშის ქარიშხალთა მთელი ესკადრილია დაატყდა თავს, რის გამოც, კანზასის, ოკლაჰომის, ტეხასის, ნიუ მექსიკოსა და კოლორადოს შტატების მაცხოვრებლებს კალიფორნიაში მოუხდათ გადახვეწა. ნობელიატი სტაინბეკის “მრისხანების მტევნებს” სწორედ ეს ამბავი დაედო საფუძვლად.
წიგნმა გამოქვეყნებისთანავე ორაზროვანი შეფასება მიიღო: ის სძულდათ და უყვარათ, მასზე გამუდმებით საუბრობდნენ და წვავდნენ. კალიფორნიაში ემიგრირებული საზოგადოების ნაწილმა ჯონ სტაინბეკს სიცრუის გადმოცემა დააბრალა და დასძინა, რომ მწერალს მათი პრობლემა გულთან ახლოს არ მიჰქონდა. საზოგადოებრივი ვნებათაღელვის ფონზე, 1939 წლის აგვისტოში, სტაინბეკის ეს რომანი აკრძალეს და სახალხო ბიბლიოთეკებიდან და საკლასო ოთახებიდან ამოიღეს.
ვლადიმირ ნაბოკოვი – “ლოლიტა” (1955)

ვლადიმირ ნაბოკოვის “ლოლიტა” ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური წიგნია ლიტერატურის ისტორიაში, რომელიც ან ძალიან უყვართ ან სძულთ. ცოტაა ისეთი წიგნი, რომელსაც შეუძლია საზოგადოება პოლარულად ისე დაჰყოს, როგორც ეს “ლოლიტას” გამოუვიდა. რომანი გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში, ამორალური სიუჟეტის ბრალდებით აკრძალეს საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, არგენტინაში, ახალ ზელანდიაში, საბჭოთა კავშირში, სამხრეთ აფრიკასა და კანადაში.
გუსტავ ფლობერი – “მადამ ბოვარი” (1856)

უცნაური ისტორია უკავშირდება გუსტავ ფლობერის რომანს “მადამ ბოვარი”, რომელიც ერთ-ერთ პარიზულ გაზეთში ნაწყვეტ-ნაწყვეტ უპრობლემოდ იბეჭდებოდა, თუმცა წიგნად, თავდაპირველად, ვერ შეიკრა, რადგან ფრანგულმა გამომძიებლებმა ამ უაღრესად რეალისტურ წიგნში საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფელი ნარატივები დაინახეს. საბედნიეროდ მათ წიგნის აკრძალვა ვერ შეძლეს, ხოლო გახმაურებულმა რომანმა გამოქვეყნებისთანავე პოპულარობა ადვილად მოიპოვა.
ადოლფ ჰიტლერი – “ჩემი ბრძოლა” (1925)

ადოლფ ჰიტლერის ეს ავტობიორგაფიული რომანი, გასაგები მიზეზების გამო, განსაკუთრებულად იდევნებოდა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. 1945 წლის შემდეგ ჰიტლერის “ბრძოლა” გერმანიაში პირველად 2016 წელს გამოსცეს, ხოლო რუსეთში გებელსის, ჰიმლერის, მუსოლინისა და სხვა ფაშისტი გერმანელების ნაწერებთან ერთად, ის დღესაც აკრძალულია. პოლონეთში, “ჩემი ბრძოლა” 1992 წლამდე იყო აკრძალული.
თომას კენილი – “შინდლერის სია” (1982)

თომას კენილის რომანი “შინდლერის სია”, რომელსაც სახელი 1994 წელს გამოსულმა ამავე სახელწოდების ფილმმა გაუთქვა, ჰუმანურობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც ოსკარ შინდლერის მამაცი და გაბედული გადაწყვეტილების ისტორიას ჰყვება.
აღსანიშნავია, რომ “შინდლერის სია” აკრძალულია ლიბანში, რადგან ამ რომანში ებრაელები დადებით გმირებად არიან გამოხატულნი. რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული რადგან ლიბანელების, ისევე როგორც სხვა არაბი ერების ზიზღი ებრაელების მიმართ, ისრაელი-პალესტინას კონფლიქტითაა განპირობებული.
ჯეიმზ ჯოისი – “ულისე” (1922)

ჯეიმზ ჯოისის “ულისეს” წიგნთა-წიგნსაც უწოდებენ ხოლმე, რაც, ერთი მხრივ, ავტორის ფიქრს, ხოლო, მეორე მხრივ, წიგნის ალუზიურ ბუნებას უკავშირდება, რადგან ის ერთგვარი ხიდია ორ ცივილიზაციას, ორ პარადიგმას შორის, რომელიც ცდილობს ჯოისის დროინდელი მოდერნისტული ლიტერატურა მის სათავეს – ანტიკურ ნაწერებს დაუკავშიროს.
“ულისე” წლების განმანვლობაში იყო აკრძალული დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში, სადაც ის 1941-1953 წლებში, დროებით, ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ლიტერატურის სიაშიც კი შეიყვანეს.