WATCHMAN.GE გირჩევთ 5 განსაკუთრებულ ლიტერატურულ პერსონაჟს რომელთა გაცნობა აუცილებლად მოგინდებათ.

კარგი ლიტერატურული პერსონაჟი არ არსებობს ისევე, როგორც არ არსებობს ცუდი ლიტერატურული პერსონაჟი. პოსტ-მოდერნისტული დროში გმირების დაყოფა კარგობა-ცუდობის ნიადაგზე აბსურდული და მიუღებელია. 

თუმცა, არსებობენ ნამდვილი და ხელოვნური პერსონაჟები. 

წიგნში ამბავია მთავარი. კარგ ამბავში კი, შემთხვევით არაფერი ხდება. გამოდის, რომ კარგ ამბავს გმირები ჰქმნიან და ამბავი თვითონ გმირიც არის. თუ გმირი ნამდვილია და მისი წინა ქმედებებიდან გამომდინარე და შინაგანი სამყაროს ზემოქმედებით იქცევა, ამბავიც ნამდვილი გამოვა.

ნამდვილი პერსონაჟებიდან, ზოგი იმდენად განსაკუთრებულია, რომ მის გარეშე, ამბავი, ამბად ვერ ჩამოყალიბდებოდა. Watchman-ი წარმოგიდგენთ ხუთ განსაკუთრებულ ლიტერატურულ პერსონაჟს, რომელთა გაცნობა აუცილებლად მოგინდებათ. 

1. ჰამლეტი – “ჰამლეტი” – უილიამ შექსპირი

შექსპირი დიდი იუმორისტი ვინმე იყო. თუმცა, იუმორიც ლიტერატურასავით ინტელექტუალური ჰქონდა. მიამიტური იქნება ვივარაუდოთ, რომ შექსპირმა ჰამლეტის” სიდიადეს ვერ გრძნობდა. აკა მორჩილაძეს დავესესხები (ეს იდეა მან წიგნში “მწერლებსა და წიგნებზე” წარმოთქვა) და ვიტყვი რომ შექსპირი მას აუცილებლად გრძნობდა. თან ისე, რომ ჰამლეტის ასაღწერად მხოლოდ ერთი წინადადება გამოიყენა – “დანიის პრინცი”. ესეც შექსპირისეული ბრიტანული იუმორი. 

რასაკვირველია, ჰამლეტი ბევრად მეტია, ვიდრე დანიის პრინცი – ის პარადიგმული პერსონაჟია, რომლის სიდიადე მის ფიქრებსა და მოქმდებებში იმალება. ის სენსიტიური და უგულოა, გაბედული და გადაუწყვეტელი, სუსტი და ძლიერი. 

მსახიობი ბენედიქტ კამბერბეტჩი ჰამლეტის როლის შესრულებისას, დადგმა ლინდსი ტერნერის, © Jonah Persson

2. ლედი მაკბეთი – “მაკბეთი” – უილიამ შექსპირი

ლედი მაკბეთის ლიტერატურული და ადამიანური მრავალშრიანობა რომ არა, “მაკბეთი” არც დაიწერებოდა. შექსპირის დროს, ქალთა ძალაუფლებაზე საუბარი უცნაური და მიუღებელი იყო, თუმცა, გენია რისი გენიაა, თუ მისი ავბედითი დროის საზოგადოებრივ ცენზურას ვერ წაეთამაშა? 

ლედი მაკბეთი პოლარულად განსხვავებული თვისებებით დაჯილდოვებული კომპლექსური პიროვნებაა, რომელიც თან პოლიტიკური არსებაა – უმოწყალო, მკაცრი და ამბიციური – და თან ადამიანი, რომელსაც გულის სიღრმიდან მონანიების ჩახშული გრძნობა კლავს.

“მაკბეთის” ტრაგედიის მთავარი გმირიც სწორედ ის არის. 

კადრი 2010 წლის ფილმიდან “Macbeth”, რეჟისორი რუპერტ გულდი, © BBC Four

3. შერლოკ ჰოლმსი – “ალისფერი კვალი” და სხვა – ართურ კონან დოილი

შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლებში, მთავარი, ყოველთვის, შერკოლ ჰოლმსია. მისი თავგადასავლები, დიდი ვერაფერია, რადგან ერთსა და იმავე კონსტრუქციაზეა აგებული. ვინმე ბეიკერ სტრიტზე მოვა, ამბავს მოჰყვება, შერლოკი კი, რასაკვირველია უოთსონის დახმარებით, საქმეს ამოხსნის.

შერლოკ ჰოლმსის კომპლექსურობა ჰქმნის მას გმირად, რომელიც აღაფრთოვანებს ნებისმიერი ასაკის მკითხველს. შერლოკი გამჭრიახია და დეტალებს უკვირდება, ამპარტავანია, მაგრამ ამავდროულად მზრუნველი და მოსიყვარულეა, ძლიერია, თუმცა მაინც ნარკოტიკზე დამოკიდებული. 

ჰო, და კიდევ… შერლოკს ისევე უყვარს, როგორც ნებისმიერ სხვას. 

მსახიობები მარტი ფრიმენი და ბენედიქტ კამბერბეტჩი უოთსონისა და შერლოკის როლის შესრულებისას, © Robert Viglasky/Hartswood Films.

4. ჯეი გეტსბი – “დიდი გეტსბი” – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

ჯეი გეტსბის განსაკუთრებული სიყვარული ყველა მის ქმედებას განაგებს. ომში წასვლამდე, გეტსბიმ დეიზი გაიცნო და მთელი ცხოვრებაც მას დაუთმო, მის ერთადერთ მიჯნურს.

ზოგჯერ გგონია, რომ გეტსბი საკუთარ პიროვნებას კარგავს, როცა ცალმხრივი სიყვარულის ამ გიჟურ ორომტრიალშია ჩართული. თუმცა, სწორედ ეს არის ჯეი გეტსბი – სიყვარულისთვის ყველაფერზე წამსვლელი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც გაცნობიერებულად სძულს მისი ღარიბი წარსული და ის სოციალური უსამართლობა, რომელიც მათ სოციალურ კლასებს ერთმანეთისგან აშორებთ. 

მწვანე შუქი კი… ჯეი გეტსბის იმედიც სწორედ ის არის.

მსახიობი ლეონადრო დიკაპრიო ჯეი გეტსბის როლის შესრულებისას, რეჟისორი ბაზ ლურმანი, © Warner Bros.

5. მუსია – “კუპიდონი კრემლის კედელთან” – აკა მორჩილაძე

მუსიას გიჟური გაბედულობა რომ არა, საბჭოეთის ეს ქართული ამბავი მკითხველამდე ვერ მივიდოდა. მისმა არაორდინალურდმა გაბედულობამ ის არაცნობიერ ანარქისტად აქცია, რომელიც ქმრის გადასარჩენად მოსკოვში, სტალინთან გაემგზავრა. 

განა სიყვარულის გამო მიდის? რასაკვირველია. თუმცა, არც ესე მარტივადაა საქმე. გაგიჟდებოდა მუსია სახლში რომ დამჯდარიყო იმის მოლოდინში, თუ როგორ მოადგებოდა ვინმე სახლში დასახვრეტად ან გადასახლებელად. ჰო და, დიდ ავანტიურაზე წასული ქალი, მაშინ კი ქალი უმწეო ვინმედ ითვლებოდა, ისეთ ამბებს დაატრიალებს რომ კრემლში მჯდომ ჩვენებურსაც გააოგნებს. 

© სულაკაურის გამომცემლობა