WATCHMAN.GE გირჩევთ 6 ამაღელვებელ გრაფიკულ რომანს, რომელთა წაკითხვა აუცილებლად მოგინდებათ.

გრაფიკული რომანი ის ლიტერატურული ფორმატია, რომელსაც სრულიად უსამართლოდ, ყველაზე მეტი ნეგატივი ხვდება წილად. კომიქსი, სამწუხაროდ, დღემდე ბავშვების წიგნად ითვლება.

გრაფიკულ რომანებში ისევე ჩანს გმირების ფსიქოლოგია, როგორც ეს ლიტერატურული ნაწარმოების სხვა ფორმატში ჩანს. გრაფიკულ რომანებს მოუგიათ სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის პულიცერის პრემიაც. გრაფიკული რომანებიც ისეთივე ლიტერატურაა, როგორიც მხატვრული ნაწერის ნებისმიერი სხვა ფორმატი. 

Watchman-ი წარმოგიდგენთ ექვს ამაღელვებელ გრაფიკულ რომანს, რომელთა წაკითხვა აუცილებლად მოგინდებათ.

არტ შპიგელმანი – „MAUS“(1980)

© სულაკაურის გამომცემლობა

ზოგი ჰოლოკოსტს უკვე დასავიწყებელ თემათა რიგს მიაკუთვნებს, თუმცა, როდი შეიძლება ამხელა ტრაგედიის დავიწყება? არტ შპიგელმანი ნამდვილად ფიქრობდა, რომ ეს დაუშვებელია. სწორედ ამიტომ შეიქმნა “MAUS”-ი – ამბავი ჰოლოკოსტს გადარჩენილი პოლონელი ებრაელისა, რომელმაც თავი ამერიკას შეაფარა. 

მწერალს, ფორმატად გრაფიკული რომანი აურჩევია, ხოლო ჟანრი მემუარის, ბიოგრაფიული მონათხრობისა და ისტორიული რომანის ნაზავი გამოუვიდა, რაც პოსტმოდერნისტული ლიტერატურისთვისაა დამახასიათებელი. “MAUS”-ი მარტივი ენით გვიყვება ჰოლოკოსტის ნაღვლიან, მაგრამ ამაყ ამბავს, რომელშიც თაგვები – ებრაელებს, კატები – ფაშისტებს, ხოლო ღორები – პოლონელებს განასახიერებენ.  

1992 წელს, “MAUS”-ი პულიცერის პრემიას დაეუფლა.

© სულაკაურის გამომცემლობა

ფრენკ მილერი – „ბეტმენი: ბნელი რაინდის დაბრუნება“ (1986)

© სულაკაურის გამომცემლობა

პენსიაზე გასული დეპრესიული ოლიგარქი და მორალური დილემებით შეპყრობილი ტექნიკური გენია ბრიუს ვეინი კვლავ იცმევს ვიგილანტი ბეტმენის შავ კოსტუმს და ძალადობრივი დანაშაულით გახლეჩილ დისტოპიურ გოთემ სითიში ბრუნდება, სადაც უკვე ნაცნობი ანტაგონისტების გარდა, მას ახალ ულტრა-ძალადობრივ დაჯგუფებასთან მოუწევს ბრძოლა.  

ბნელი რაინდის ეს ამბავი, 1980-იანების ბოლოს განეკუთნება, როცა ამერიკული დისტოპიური მწერლების საკმაო ნაწილი ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ვარაუდობდა. 

© სულაკაურის გამომცემლობა

ალან მური & დეივ გიბონსი – „დარაჯები“ (1986)

© სულაკაურის გამომცემლობა

1985 წლის ამერიკის იმ ალტერნატიულ რეალობაში, სადაც ამერიკამ ვიეტნამის ომი მოიგო, პრეზიდენტ ნიქსონის უოთერგეითის სკანდალი არ მომხდარა, ხოლო ორი უძლიერესი სახელმწიფო – აშშ და საბჭოთა კავშირი – მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადებიან, კოსტუმში გადაცმული კრიმინალთან მებრძოლი ვიგილანტეები ჩვეულებრივი მოვლენაა.

ავტორები სხვადასხვა გმირების ღრმა ფსიქოლოგიურ პორტრეტებს გვიხატავენ. ვიეტნამის ომის გმირის, კომედიანტის, მოკვლით შეძრწუნებული რორშახში მისსავე გამოძიებას იწყებს და სუპერძალებით დაჯილდოვებულ ერთადერთ გმირთან, დოქტორ მანჰეტენთან მიდის, თუმცა ეს უკანასკნელი, რომელთაც რეალობის შეცვლა მხოლოდ გაფიქრებით შეუძლია, მას არ უჯერებს. თურმე, უძლიერესებსაც კი ჰქონიათ საკუთარი ბრძოლები. 

ზაკ სნაიდერის 2009 წლის ეკრანიზაცია, დღემდე მის ერთ-ერთ ნამუშევრად მიიჩნევა. 

© სულაკაურის გამომცემლობა

ალან მური & ბრაიან ბოლანდი – „სასიკვდილო ხუმრობა“ (1988)

© სულაკაურის გამომცემლობა

უამრავი შესაძლებლობის მიუხედავად, ბეტმენი არასდროს კლავს მის მტრებს, რადგან მონანიების გზით მათი შეცვლის სჯერა. ჯოკერიც, ბეტმენის ყველაზე ცნობილი ანტაგონისტი,  ბოროტმოქმედთა ამ რიგს განეკუთნება. 

„სასიკვდილო ხუმრობა“ ჯოკერის – ერთ-ერთი საინტერესო ლიტერატურილი პერსონაჟის – ბეტმენთან დაპირისპირების ფონზე, მისი ახალგაზრდობის ტრაგიკულ ამბავს მოგონებების სახით გვიყვება. ჯოკერი მეოჯახე ვინმე იყო, თუმცა არშემდგარი კომედიური კარიერის და სხვა პირადული პრობლემების ფონზე, ის ჭკუიდან შეიშალა. ბეტმენის, როგორც პერსონაჟის, ერთ-ერთი ფასეულობაც ეს არის, რომ მას სხვა ადამიანების სულიერი მდგომარეობის გათავისება შეუძლია. 

2009 წელს, „სასიკვდილო ხუმრობა“ New York Times-ის ბესთსელერების სიაში გამოჩნდა. 

© სულაკაურის გამომცემლობა

მარჯან სატრაპი – „პერსეპოლისი“ (2000)

© სულაკაურის გამომცემლობა

თავისი ოჯახის ლიბერალური პოლიტიკური შეხედულებების გამო მარჯან სატრაპი იძულებული ხდება ირანის ისლამურ რევოლუციას ავსტრიაში გაექცეს. თუმცა, ახალ გარემოს ვერ-შეგუებული პანკის მოყვარული მეამბოხე გოგონა იძულებულია ირანში დაბრუნდეს.  „პერსეპოლისი“ სწორედაც რომ ავტორის ამ სევდანარევ, მაგრამ გიჟურ ამბავს გვიყვება. 

„პერსეპოლისი“ უამრავ ენაზე ითარგმნა, ხოლო 2007 წელს, წიგნის ეკრანიზაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის მთავარ პრიზს დაეუფლა.

© სულაკაურის გამომცემლობა

შოთა რუსთაველი & დავით მაჭავარიანი – „ვეფხისტყაოსანი“ (2019)

© სულაკაურის გამომცემლობა

დავით მაჭავარიანმა პარადიგმული მნიშვნელობის საქმე გააკეთა – „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული რომანი შექმნა, რომელიც ახალ მკითხველს უეჭველად მოიზიდავს, ხოლო ძველ ნაცნობს კვლავ დააბრუნებს შოთასეულ მაგიურ სამყაროში. 

ერთი მხრივ, დავით მაჭავარიანმა ყველაფერი შეცვალა, მეორე მხრივ კი არაფერი შეუცვლია. „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული რომანი კვლავ საქართველოს ყოველდღიურობის საფიქრალზე, უამგარო მეგობრობაზე, გიჟურ სიყვარულზე, თანაგრძობაზე და თავგანწირვაზე გვიყვება, თუმცა, ამჯერად სხვა ფორმატში. 

© დავით მაჭავარიანი, © სულაკაურის გამომცემლობა