26 ივლისს ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა.

ოდესღაც, ჩარგალში, რიყის ქვით აშენებულ ორ ოთახიან სახლში, ვაჟა-ფშაველასთვის მამისაგან დანატოვარი ირმის რქები კედელზე ჩამოუკიდიათ, როგორც ნაშთი ძველი დიდებისა. წლების შემდეგ, სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, დაბლობზე, ვაჟას უზარმაზარი ბიუსტი აღუმართავთ, ასევე, როგორც ნაშთი ძველი დიდებისა. თუმცა, არც რქებსა და არც ბიუსტს დიდებასთან არაფერი აქვთ საერთო. ეს მკვდარი სიმბოლოებია იმ მატერიალური და სულიერი საგანძურისა, რომლის მფარველი ოჯახი აქ ოდესღაც ცხოვრობდა. დამჭკნარ ირმის რქებს მტვერი დაედო, ბიუსტიდან მომცქირალი ვაჟას გაქვავებული თვალები კი, მარადიულმა სიცარიელემ მოიცვა. 

სულ სხვანაირია ნამდვილი ვაჟა-ფშაველას მზერა, შემორჩენილ ფოტო-სურათებზე აღბეჭდილი: შორსმჭვრეტელი და ალალი, ნაომარი და ნაღვაწ-ნამოქმედარი. ახალგაზრდა ვაჟას თვალებში ბრძოლისწინა შემართება, ცნობისმოყვარეობა და ახლის შექმნის სურვილი იგრძნობა, ხოლო სიბერის ჟამს გადაღებულ სურათებში, ვაჟა-ფშაველა ნაბრძოლი და დაღლილი, თუმცა ბრძოლაში გამარჯვებული ადამიანის თვალებით შემოგვცქერის. 

ვაჟა-ფშაველას მეომრობა იმითაა საინტერესო, რომ ეს თან იყო მეომრობა და თან – არა. ვაჟას პარადოქსულობაც ამაშია სწორედ: ერთი მხრივ, მას ომში არასდროს უბრძოლია, მეორე მხრივ კი, მთელი მისი ცხოვრება სხვა არაფერი იყო თუ არა ომი. ომი ხელისშემშლელ გარემოებებთან, მუდამ თანმდევუბედურებასთან, ფშაურ სიცივესთან, სიბნელესთან, ომი მისსავე ყოფასთან და ქართველთ გაუნათლებლობასთან, ომი სიღატაკესთან და, რასაკვირველია, ომი საკუთარ თავთან. 

“ვაჟა-ფშაველა საკუთარი სახლის წინ ჩარგალში”, © კლდიაშვილების მუზეუმის კოლექციიდან

გესმის, მოხუცო, პოეტები ზოგჯერ მართლა უნდა ჩავიდნენ მიწისქეშ – შემოქმედებითი მიზნით, ვთქვათ.

© იური ანდრუხოვიჩი, „მოსკოვიადა“

თვითშემეცნების გზა, საკუთარ თავთან ომში გამარჯვების ერთადერთი საშუალება, მარტოობას მოითხოვს, რადგან მხოლოდ განმარტოვებულ ადამიანს ძალუძს გაიცნოს და მიიღოს საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ის საზოგადეობრივ ჩარჩოში მოქცევის გარეშე არის. რალფ უოლდოუ ემერსონი წერდა: 

„დილას – მარტოობა“, წერდა პითაგორა; წერდა რომ ბუნებას ადამიანის წარმოსახვასთან შეუძლია საუბარი, თუმცა არასდროს ესაუბრება როცა ის საზოგადოებაშია და წერდა რომ მის რჩეულს იმ ღვთიურ ძალებთან შეუძლია დამეგობრება, რომლებიც საკუთარ თავს მხოლოდ სერიოზულ და აბსტრაგირებულ ფიქრში გამოაჩენენ ხოლმე. ნათელია რომ პლატონი, პლოტინე, არქიმედე, ჰერმესი, ნიუტონი, მილტონი და უორდსუორთი არ ცხოვრობდნენ ბრბოში, თუმცა, დროდადრო, კეთილისმყოფელად ევლინებოდნენ მას. 

© რალფ უოლდოუ ემერსონი, „საზოგადოება და მარტოობა“

სწორედ ესაა ვაჟა-ფშაველას „ბუნების მგოსნობა“ – გარკვეული გონებრივი მდგომარეობა, როცა ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებს სრულად იყენებს. ამავდროულად, ვაჟა-ფშაველას კოსმოპულიტური აზროვნება, აღრეული ლოკალურ მსოფლხედვასთან, საკუთარ თავში ჰქმნის იმას, რაც სხვა არაფერია თუ არა გლობალური, შორსმჭვრეტელი ფიქრი კაცობრიობაზე და მის ასავალ-დასავალზე.

ვაჟა-ფშაველას პირადი მაგიდა და სკამი, ინახება სოფელ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ მუზეუმში

თუმცა, გენიოსების მუდმივი თანმდებია საზოგადოებისგან გარიყულობა და არ დაფასება. დეფინიციით, გენიოსი განსაკუთრებულს, ანუ საზოგადოებისგან განსხვავებულს ნიშნავს. საზოგადოებას, უმეტესწილად კი ბრბოს, არ ძალუძს განსხვავებული აზრი მიიღოს მხოლოდ იმიტომ, რომ ის განსხვავებულია. განსხვავებულობა კი, ვაჟა-ფშაველას აიძულებდა მკითხველს ფარულად, ალუზიებით, პარალელებითა და მეტაფორებით გასაუბრებოდა.

ფილოსოფოსის ცხოვრება, უმეტესწილად, ფიზიკური სამყაროს აბსტრაქტულად დაშლას ემსახურება. ფილოსოფოსი იკვლევს ისეთ საკითხებს, რომელიც შეუძლებელია სხვამ გამოიკვლიოს. ამ და სხვა მიზეზთა გამო, ფილოსოფოსის ცხოვრება მოწყვეტილია რეალურ, ყოველდღიურ ყოფას. ვაჟა-ფშაველა უნიკალური მაგალითია ფილოსოფიური პიროვნებისა, რადგან მისი პარადოქსული ბუნება ერთდროულად იტევდა, როგორც მნიშვნელოვანი ყოფითი საქმის, ხვნა-თესვის, მოსავლის აღების და ა.შ. მიმართ პატივისცემას, ისევე, მთიელი ქართველისთვის ტრადიციულად არადამახასიათებელ მისწრაფებას მაღალი ფილოსოფიისკენ, რომელიც მიწაზე მიჯაჭვული ხალხისთვის ერგვარი უცხო ხილია. ვფილოსოფოსად ვაჟა-ფშაველა შეიქმნა ბუნებით და მისდამი სიყვარულით და არა უშუალოდ და განკერძოებული წიგნიერი განათლებით. ვაჟა-ფშაველას მეორე მეუღლე, თამარ დიდებაშვილი იხსენებს, როგორ შეაბეს მათ ერთხელ ხარები გუთანში, მიწაზე სამუშაოდ:

საკვირველი კაცი იყო ის საწყალი… ერთხელ, აი, ზენ, კარისპირში გუთანი შევაბით. ხუთი-ექვსი კვალი კი გავავლიეთ, რომ ელდიანივით მაიფიქრა რაიმა.
 
– თამაროო, – მითხრა, – ცოტახანს ეს ხარები შევასვენოთ, რაღაცა მამაგონდა, შინ ჩავივლი და თუ დავიგვიანო, ხარებს სამხარ ამაუტანოდი ბარემ დასამხრდებიან კიდეცაო.
 
გაუშვა ხელი გუთანსა, ხელში სახრის დაჭერა იცოდა უღლის ხარებისადა, ის სახრეც დააგდო და ჩაეფარა შინასაკა. მე ხარები გავაჩერე, კარგა ხანს ვიჯე გუთანთანა, კინაღართ ერთ ტერფ წინდა მოვქსოვე. რო აღარად აღარ ამაიარა, ვთქვი ხარებს მაინც დავასამხრებო და წავედ შინასაკა თივის ამოსატანადა. ეზოს რომ მიუახლოვდი, იქ ბალღებს, ვახტანგსა და ბეკურთ ბალღს, ხბუები ჰყვანდა, იმათ მითხრეს: ვაჟამ გამოგვყარა აქ აღარ შემოხვიდეთ, ხბუებიც თამართან არეკეთო. სახლისა წავედ და კარებზე ელქეშად მივედ, კარებში ნელ-ნელა შავიხედე. ვაჟას ტახტთან „სტოლი“ მიედგა და თავჩაღუნული რაღაცას წერდა. ჯერ ვთქვი, ვკითხო – აღარ ამაივლიო? მაგრამ ვეღარ გაუბედე – ვაი თუ ეწყინოსო და ისევ ნელ-ნელა უკან გამოვბრუნდი, საბძლიდან თივა გამოვიტანე და ხარებს წავუღე. დავუყარე სამხარი ხარებს და ვუცდი იქნება ამაიაროსო, რომ ქვენაით ძახილ მამედინა: 
 
– თამაროოო! ხარები გაუშვი ხვალ გამოვხნათო! 
 
ყევარს ვაბამდით. გავუშვი ხარები და სახლისა წავედი. სახლთან რომ მივედი, გამოვიდა შინიდანა და სიტყვა წინდა მახვედრა: არა უნდა რა, თამარო, ხვალ გამოვხნათ რა ბევრი მანდ არი. დღეს მაგაზე ათჯერ მეტი კაი საქმე გავაკეთეო.

ვაჟა-ფშაველა ოჯახით სოფელ ჩარგალში, სახლის წინ.

ყოველდღიურად, ვაჟა-ფშაველა არჩევანის წინაშე დგებოდა:წერა თუ ყოფითი საქმე? აბსტრაქტული თუ მატერიალური? მომავალი თუ აწმყო? განათლება თუ უმეცრება? ფილოსოფია თუ რეალობა?და უმეტეს შემთხვევებში, ვაჟა-ფშაველა ლიტერატურას ირჩევდა. ლიტერატურა იყო ის მედიუმი, რომელშიც ის ცხოვრობდა, იღწვოდა ვითარდებოდა, ლიტერატურა იყო ის მედიუმი, რომელშიც ის თავისუფალი იყო. თამარ დიდებაშვილი იხსენებს თუ როგორ დააკნინა მან ერთხელ ვაჟა-ფშაველა მისი ხელობის გამო: 

ლუკას ხასიათი გაგებული მქონდა. ამიტომ ხელს ვუწყობდი, ვერ ვუბედავდი დაჟინებით მეთქვა, ოჯახს შენახვა სჭირდება, გაისარჯე, ცოლ-შვილს რჩენა უნდა-მეთქი. როგორც იყო, ერთხელ გაბრაზებულმა გავბედე და ვუთხარი: რა არის, კაცო, ცოლ-შვილი მშიერ-ტიტველი გყავს, შინ არაფერი გაქვს, ყველაფერი თავდება, შენ კი ზიხარ, ჯღაბნი და სულ ჯღაბნი-მეთქი. მოველოდი, ძალიან გაჯავრდებოდა, ჩემი ნათქვამისა მევე შემეშინდა. მაგრამ საქმეს ხვაგვარად დატრიალდა. გაიცინა და მითხრა: ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა, ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვებს არ გაპატიებდიო.

სწავლული მაშინდელ საქართველოში არც თუ ისე ბევრი იყო. თუმცა ვინც იყო, იმდენად სწავლული აღმოჩნდა, რომ დღესაც კი, ამდენი წლის მერე, ავტორიტეტად ითვლება. სწავლულებს შორის მოწინავე კი, ილია ჭავჭავაძე იყო. საზოგადო მოღვაწეების რიგში მოწინავე პოზიციაზე მის დასაყენებლად მხოლოდ ისიც საკმარისია, რომ მან ვაჟა-ფშაველა აღმოაჩინა, ფინანსურად და მორალურად გვერდში დაუდგა და მისი თვითნაბადი ნიჭი არ წაბილწა. იოსებ იმედაშვილის ცნობით, კი, საქმე კი ასე იყო: პეტერბურგიდან უსახსრობის გამო დაბრუნებულ ვაჟა-ფშაველას, ძმები ყიფშიძეები გერმანიაში, უნივერსიტეტში, გაშვებას უპირედნენ, რაზეც ილიას, რომელიც ხვდებოდა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი ენერგიის სათავეს, მიუგია:

 ბატონებო, ვაჟა პეტერბურგიდამ ეგებ ბედმაც დააბრუნა, ახლა კი გერმანიაში უპირებთ გაგზავნას? ძლიერ კარგი, მაგრამ იცით კი, რა გამოვა? თავი დაანებეთ, – გერმანიაში იქნებ არაფერი გამოვიდეს, უკეთეს შემთხვევაში ფილოსოფიას დაეწაფება და ფანდურს მაღლა, ჭერში შესდებს. ვაი, თუ, ვერც ფილოსოფოსად ივარგოს, ფანდურიც სამუდამოდ დაემსხვრას. მაგას ჰონორარი დაუნიშნეთ, ისევ მთაში წავიდეს და სწეროს – თავისებური ფანდურის ჟღერით დაგვატკბოს.

ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა, ნახატი, © დათო შუღლიაშვილი, © ეროვნული ბიბლიოთეკა

მართლაც მთაში წასულა ვაჟა-ფშაველა, სადაც მისი ცხოვრება წერასა და შრომაში დაჰყო. დღეს, ჩარგალში, რიყის ქვით აშენებული ორ ოთახიანი სახლში ვაჟა-ფშაველასთვის მამისაგან დანატოვარი ირმის რქები ჰკიდია, ნიშნად ძველი დიდებისა. სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით კი, ვაჟა-ფშაველას უზარმაზარი ბიუსტი დგას, ესეც ძველი დიდების პატივსაცემად. თუმცა, არც რქებსა და არც ბიუსტს დიდებასთან არაფერი აქვთ საერთო. ერთი შეხედვით გეგონება, ვაჟა-ფშაველა ჩარგალში არისო, მაგრამ… ვაჟა-ფშაველა მის ნაწერებშია მხოლოდ, ნაწერები კი ყველგან, სადაც ვაჟას სიყვარულია. ჩარგალში კი მხოლოდ ფანდური დარჩა, ისიც, სადღაც მაღლა, ჭერში შედებული.