ქრისტეს სახე ლიტერატურაში სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის ნამუშევრებში გვხვდება, მათ შორის სამეცნიერო ფანტასტიკაშიც კი (Jesus on Mars, 1979 – ავტორი ფილიპ ხოსე ფარმერი). ქრისტეს ლიტერატურული სახე ავტორის ფილოსოფიის ან მისი ნამუშევრის საზრისის შესაბამისად იცვლება. იგი შეიძლება იყოს სახარებისეული – ორბუნებოვანი, მხოლოდ ღვთაებრივი, მხოლოდ ადამიანური, რომელიც ღმერთი ხდება, ან მხოლოდ ადამიანური, რომელიც საერთოდ დაცლილია მესიანიზმისგან.
ქრისტე ლიტერატურაში ხშირად ხდება მეტაფორული სახე. თუმცა, მსოფლიო ლიტერატურაში უფრო ხშირია პერსონაჟი, რომელიც ქრისტეს მოგვაგონებს. სწორედ, ბიბლიური საფუძვლები აქვს ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიუჟეტს – მესიანურ ხაზს. ჩვენ კი მიმოვიხილავთ არა მესიანურ პერსონაჟებსა და სიუჟეტებს, რომლებიც ქრისტეს მოგვაგონებენ, არამედ ქრისტეს, როგორც პერსონაჟს.
ავტორებს ქრისტე აღწერილი ჰყავთ სხვადასხვა სახისა და ფორმის მეშვეობით. თითოეულ ამ ნამუშევარში სათქმელიც განსხვავებულია.
დიდი ინკვიზიტორი
ძმები კარამაზოვები 1880 წელს გამოქვეყნდა. უამრავი მკვლევრისა და ლიტერატორის აზრით მე-19 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. ასევე მოიძებნებიან მკვლევრები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ძმები კარამაზოვები ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი რომანია. დოსტოევსკის ჰქონდა უნარი შეექმნა პერსონაჟები მყარი იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური საფუძვლებით, სადაც ურთულესია დაინახო ავტორი. მისი ნამუშევრების წაკითხვისას საკითხი ხშირად შემდეგნაირად დგება – ავტორი ან არცერთ პერსონაჟში არ არის ან თითოეულ მათგანშია.

დიდი ინკვიზიტორი არის ნაწარმოები ნაწარმოებში. პოემა რომანში. თუმცა, ივანე კარამაზოვი თავის პოემას პროზაული სახით უყვება ალიოშა კარამაზოვს. შეიძლება იმის დაშვება, რომ დიდი ინკვიზიტორი არა ფიოდორ დოსტოევსკის, არამედ ივანე კარამაზოვის პოემაა. ავტორი ივანეა თავისი მსოფლმხედველობითა და ფილოსოფიით, პოემა ნასაზრდოებია მისივე განვლილი ცხოვრებით. აქ მოვიხმობთ ციტატას უმბერტო ეკოს ინტერვიუდან, – “რომანს ავტორი არ წერს. ავტორს უბრალოდ საწყისი წერტილი აქვს, შემდგომ კი რომანი თავად წერს თავისივე თავს”. თუმცა, თუ დავუშვებთ, რომ ფიოდორ დოსტოევსკი თითოეულ თავის პერსონაჟშია, მათ შორის მკვლელებში, მოთამაშეებსა და მეძავებში, მაშინ, დიდი ინკვიზიტორის თანაავტორიც იქნება.
ქრისტეს სახე სახარებისეული ქრისტეს იდენტურია, მისი ადამიანური და ღვთაებრივი ბუნებით. ივანე კარამაზოვის პოემაში ქრისტე მოდის მე-16 საუკუნის სევილიაში, სადაც ინკვიზიცია ბობოქრობს 90 წლის კარდინალის მეთაურობით. ქალაქს ცეცხლი უკიდია, თითქმის ყოველდღიურად ასი მწვალებელი იწვება ცეცხლზე. და ამ დროს მოდის ქრისტე. უცნაურია, რომ მაშინვე ცნობენ. ახდენს სასწაულებს, ბრმას მხედველობას დაუბრუნებს, პატარა გოგონას მკვდრეთით აღადგენს, ხალხი ადიდებს, 90 წლის კარდინალი კი მისი დაპატიმრების ბრძანებას გასცემს. ინკვიზიტორი ცნობს მას. ის აპატიმრებს არა თვითმარქვიას, არამედ ღმერთს.
თუ სტუდენტებთან შეხვედრისას დოსტოევსკის წარმოთქმულ სიტყვას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წერის დროს მან მიზანში მხოლოდ ცალკეული, კერძოდ, კათოლიკური ეკლესია ამოიღო, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ტექსტი და მისი მნიშვნელობა იდეალურად მოერგო ყველა კონფესიის ეკლესიას. მისი გულახდილობაც ეჭვქვეშ დაუყენებიათ, რადგან დიდი ინკვიზიტორი გაცილებით ღრმა ქვეტექსტს ატარებს, ვიდრე მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის დაპირისპირებაა, ან ეკლესიის ბედი კონკრეტული იდეოლოგიის პირობებში.
საკითხი შემდეგნაირად დგას – თავისუფლება თუ კეთილდღეობა?
ღვთისგან ბოძებული თავისუფლება და ეკლესიისაგან მოცემული კეთილდღეობა, თავისუფლების სანაცვლოდ.
გაოცებას იწვევს ისიც, რომ ინკვიზიტორს, რომელიც მასობრივად ცეცხლზე წვავს ხალხს, მაინც ჰუმანური იდეები ამოძრავებს. ივანე კარამაზოვის შექმნილი ქრისტე კი მთელი ამ დროის მანძილზე დუმს. ჩვენ მხოლოდ კარდინალს ვუსმენთ, რომელიც ქრისტეს მიმართავს, – “უფლება არცა გაქვს რაიმე დაუმატო იმას, რაც ადრე გაქვს ნათქვამი”.
ნანკინელი ქრისტე
რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობა ნანკინელი ქრისტე 1920 წელს გამოქვეყნდა. ქრისტეს გამოჩენას ლიტერატურულ ნაწარმოებში არ მოჰყოლია ისეთი სკანდალი, როგორიც ევროპაში შეიძლებოდა მოჰყოლოდა. გასაგებ მიზეზთა გამო – იაპონელმა მწერალმა დაწერა მოთხრობა კათოლიკური აღმსარებლობის მქონე ჩინელ მეძავზე.

მეძავი, სახელად ძინხუა, დედამ აღზარდა კათოლიკედ და ხუთი წლისა მოინათლა. მეძავობას მამის გადასარჩენად მიჰყო ხელი. იაპონელ ტურისტთან დიალოგისას ვიგებთ ძინხუას დამოკიდებულებას საკუთარი საქმიანობისა და რელიგიურობის შესახებ. მისი პასუხი ერთ-ერთი საკვანძო ადგილია ნაწარმოებში:
“თუკი მაგ ხელობას გააგრძელებ, შენ ხომ ვეღარ მოხვდები ზეცაში. არ ფიქრობ ამაზე?
ძინხუამ თვალი შეავლო ჯვარცმას და ფიქრიანად თქვა:
ვფიქრობ, რომ უფალი ქრისტე იქ, ცაში თვითონ ხვდება ჩემს გულისნადებს, ასე რომ არ იყოს, უფალ ქრისტესა და იაძაიკოს პოლიციელს შორის რაღა განსხვავება იქნება”.
აკუტაგავა გვიტოვებს კითხვებს და პასუხებს ჩვენვე მოგვანდობს. იმდენი ჭეშმარიტება აქვს მოთხრობას, რამდენიც მკითხველი ჰყავს. სხვადასხვა პერსპექტივიდან დასმული კითხვები მწერალს განსაკუთრებით ახასიათებდა და ეს მოთხრობაც მისი ხელწერისა და ფილოსოფიის ნიმუშია.
სიუჟეტის მიხედვით მეძავი სიფილისით დაავადდება. მას შემდეგ, რაც არაფერი შველის, სხვა მეძავები ურჩევენ დაწვეს კლიენტთან, გადასდოს დაავადება და განიკურნოს, მაგრამ ძინხუა უარს ამბობს:
„იესო მაცხოვარო, უზენაესო! მამა რომ ვარჩინო, ბინძურ ხელობას ვეწევი, მაგრამ ჩემი ხელობა გამანადგურებს მხოლოდ მე, სხვას კი არას ვავნებ. დაე მოვკვდე შიმშილით!
ჩემი ავადმყოფობა ჩემთან ერთად გაქრება“.
ქრისტეს პირველ გამოჩენას მოთხრობაში შეგვიძლია ვუწოდოთ გამოცხადება. სტუმარში ქრისტეს მხოლოდ ძინხუა ხედავს. მეორედ კი ქრისტე ძინხუას სიზმარში ეცხადება. სტუმართან გატარებული ღამის შემდეგ ძინხუა განიკურნება სიფილისისგან. ის დარწმუნებულია, რომ ქრისტემ განკურნა.
მოთხრობაში ვხედავთ ძინხუას პერსპექტივას, რომელიც დარწმუნებულია, რომ ქრისტე გამოეცხადა.
ვხედავთ იაპონელი ტურისტის პერსპექტივას, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ეს ქრისტე არ ყოფილა და ერთი ყაჩაღი იყო, რომელსაც თავი მოჰქონდა, მეძავთან ღამე გავატარე და ფული არ გადამიხდიაო.
და არის მკითხველის პერსპექტივა, რომელმაც პერსონაჟებზე მეტი იცის და მიუხედავად რაციონალური ცოდნისა, მაინც შეუძლია, რომ ღვთაებრივი ნება დაინახოს.
ფინალი ღიაა, კითხვები დარჩენილია, პასუხი კი მკითხველის ხელშია.
ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება
ნიკოს კაზანძაკისის რომანი ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება 1955 წელს გამოიცა და მაშინვე მიიპყრო მკითხველის ყურადღება. ამ ყველაფერს ხელი საეკლესიო ცენზურამაც შეუწყო. კათოლიკურმა და მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა კაზანძაკისს ბრალი მკრეხელობასა და უხამსობაში დასდეს და მისი წიგნების აკრძალვა მოითხოვეს. მიზეზი ნათელია – კაზანძაკისი ერთ-ერთი პირველი მწერალია, რომელმაც მხატვრულ ლიტერატურაში იესო ქრისტე ადამიანურად, ღვთაებრივი ბუნების გარეშე წარმოაჩინა და ისეთივე ფსიქოლოგიური სისუსტეები მიანიჭა, როგორიც ნებისმიერ ადამიანს ახასიათებს. მთელი ამ სახარებისეული გზის განმავლობაში, იესოს უამრავი ცდუნება ხვდება. მისი მცდელობები კი მამა ღმერთის ნების შესრულებას ემსახურება. უკანასკნელი ცდუნება ჯვარზე გაკრულს ეწვევა (ალტერნატიული გზა), როდესაც თავის თავს იხილავს მოხუცებულს, მოსიყვარულე ოჯახთან, ცოლსა და შვილებთან ერთად.

საუკუნეების მანძილზე იესო ქრისტე ხელშეუხებელი ფიგურა იყო მხატვრული გადააზრებისთვის. კაზანძაკისმა სცადა მისთვის ამბივალენტურობა მიენიჭებინა და ეჭვქვეშ დააყენა მისი ღვთაებრივი ბუნება და აბსოლუტური სიკეთე. შესაბამისად, მივიღეთ პერსონაჟი, რომელიც ღმერთად უნდა ქცეულიყო საკუთარი აზროვნებისა და ქმედების საფუძველზე.
კიდევ ერთი მიზეზი ეკლესიის წყრომისა, გნოსტიკური სახარებების (რომლებსაც ეკლესია არაკანონიკურად მიიჩნევს) ერთგულება იყო. კაზანძაკისმა იუდა და მარიამ მაგდალელი მკითხველისთვის ემპათიურად წარმოაჩინა და მათ ქმედებებს შინაგანი, ფსიქოლოგიური ახსნა მოუძებნა.
1988 წელს მარტინ სკორსეზემ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო (უილემ დეფო ქრისტეს როლში). 30 წლის შემდეგაც კი სურათის ეკრანებზე გამოსვლამ ზუსტად იგივე რეაქცია გამოიწვია.
ოსტატი და მარგარიტა
მიხეილ ბულგაკოვმა უმთავრეს რომანზე მუშაობა 1929 წელს დაიწყო. მკითხველამდე 60-იან წლებში მიაღწია, ხოლო ის ვერსია, რომელსაც ამჟამად ვიცნობთ, ამჟამინდელი სათაურით, 1973 წელს არის გამოქვეყნებული, მიხეილის ქვრივის, ელენა ბულგაკოვას დამსახურებით.
ბულგაკოვის ურთიერთობა სტალინთან ნამდვილად ძალიან ჰგავდა ოსტატისა და ვოლანდის ურთიერთობას. ბულგაკოვი სტალინის ერთ-ერთი საყვარელი მწერალი იყო, ამიტომაც არ დაუხვრეტიათ და ცოცხალი დარჩა. თავის მხრივ, ბულგაკოვი იყო მწერალი, რომელმაც იცოდა, რომ სტალინი მკითხველი იყო, შესაძლოა, არც ისე გემოვნებიანი, მაგრამ მაინც მკითხველი. და როგორც ირკვევა, კითხულობდა ძალიან ბევრს. ბულგაკოვს კი კითხულობდა დანამდვილებით.

მწერალს გარკვეული სასჯელი მაინც ერგო. მისი მთავარი რომანი სტალინურ ეპოქაში გამოუქვეყნებელი დარჩა. შეუძლებელი იყო მისი გამოქვეყნება და შეუძლებელი იყო თავად ბულგაკოვს არ სცოდნოდა, რომ მსგავსი ნაწარმოები დღის სინათლეს ვერ იხილავდა. ამიტომ, მის უმთავრეს რომანს, მოიხსენიებენ როგორც ერთი მკითხველის რომანს.
ოსტატი და მარგარიტა დაიწერა კონკრეტულად სტალინისთვის, ძალიან კონკრეტული გზავნილებით. საქმე გვაქვს ფაუსტურ რომანთან, და სხვა ფაუსტური ნამუშევრებისგან განსხვავებით, ვოლანდთან ერთად, პერსონაჟის სახით გვხვდება ქრისტეც. უფრო სწორად, მისი ლიტერატურული სახე – იეშუა.
„რუსულ ლიტერატურაში არის ბევრი ტექსტი სტალინის წინააღმდეგ, არის ბევრი ტექსტი სტალინის სასარგებლოდ, და არის ძალიან ცოტა ტექსტი სტალინისთვის“, – ამბობს ერთ-ერთი ლექციისას ძიმკა ბიკოვი.
ბულგაკოვის პერსონაჟი არის იეშუა ჰა-ნოცრი (იესო ნაზარეთიდან), რომელიც სცილდება ქრისტეს სახარებისეულ სახეს. რომანის მიხედვით, იეშუა 27 წლის ასაკში წარდგება პილატეს წინაშე. ის სირიელია, წარმოშობით გამალადან, თორმეტის ნაცვლად ერთი მოწაფე ჰყავს – ლევი მათე.
ვხედავთ მხოლოდ ადამიანური ბუნების პერსონაჟს, ფილოსოფოსს, რომელიც არც ისწრაფვის იმისაკენ, რომ ღმერთად იქცეს. იეშუა ისეთივე მეტაფორული სახეა, როგორიც სხვა პერსონაჟები. არ არსებობს ქრისტეზე უკეთესი პერსონაჟი იმისათვის, რომ ისაუბრო ჰუმანიზმზე, რეპრესიაზე, ბოროტის ძლევაზე, კონფორმიზმზე, მიტევებაზე, სისასტიკეზე, გადარჩენაზე და რაც მთავარია, უკვდავებაზე.
იესოს სახარება
ჟოზე სარამაგუს იესოს სახარება 1991 წელს გამოიცა და საზოგადოება მაშინვე ორად გახლიჩა. კათოლიკურმა ეკლესიამ ანტი-რელიგიური ხედვებისთვის მწერლის ანათემაზე გადაცემა მოითხოვა, კრიტიკოსთა ნაწილმა კი რომანს ღრმად ფილოსოფიური და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის შედევრი უწოდა.

კაზანძაკისის მსგავსად, სარამაგუმაც ადამიანურობა და კომპლექსური შინაგანი სამყარო შესძინა იესო ქრისტეს. მისი გზა თავისი ცდუნებებით, მსგავსია ბერძენი ავტორის შექმნილი სამყაროსა, სადაც ქრისტეს ადამიანობიდან გაღმერთების გზას მივყვებით. თუმცა სარამაგუსთან მეტი პაროდიულობა, ირონიულობა და პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი ელემენტები გვხვდება.
ყურადღება გავამახვილოთ ბოლო ეპიზოდზე, როცა სახარების მიხედვით, იესო მამა ღმერთს მიმართავს: „მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. სარამაგუსთან ეს ეპიზოდი სრულიად ამოტრიალებულია: როდესაც ჯვარზე გაკრულ იესოს მამა ღმერთი გამოეცხადება, იგი ხვდება, რომ აქ მოტყუებით მოიყვანეს და წარმოიდგენს, როგორ მოედება სისხლი მთელს ქვეყანას, რაც სათავეს მისგან აიღებს, – იგი ხალხს მიმართავს: „ადამიანებო, მიუტევეთ, რადგან არ იცის, რასა იქმს.“
მიუხედავად პაროდიულობისა, სარამაგუს ქრისტე მკითხველში უდიდეს ემპათიასა და სიმპათიას იწვევს. როგორც ლისაბონის კარდინალმა აღნიშნა: „არ არსებობს გონიერი მორწმუნე, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება.“