მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი ქალი პერსონაჟი მოიძებნება, თუმცა, არც თუ ისე ხშირია შემთხვევა, როდესაც ნაწარმოებში პერსონაჟის დედობრივ ფუნქციაზე უფროა ყურადღება გამახვილებული, ვიდრე ქალურზე.

მარტივი არაა ამოვარჩიოთ მსოფლიო ლიტერატურის ხუთი ყველაზე დასამახსოვრებელი დედა. მით უმეტეს, რომ უამრავი წიგნია, რომელიც ჯერ არც წაგვიკითხავს და იქნებ კარგი დედები დარჩნენ კიდეც ჩვენ მიერ შერჩეული სიის მიღმა, მაგრამ იმ ხუთეულს გთავაზობთ, რომელიც გონებაში ღრმად ჩაგვებეჭდა და რომლებმაც ჩვენზე დიდი გავლენა იქონიეს.

მედეა

მედეა ყველაზე ცნობილი დედაა მსოფლიო ლიტერატურაში. მითის თანახმად, კოლხეთის მეფის ასულს არგონავტების წინამძღოლი, იასონი უყვარდება და ეხმარება ოქროს საწმისის გატაცებაში. მედეა ღალატობს მამას, მეფეს და ქვეყანას, იასონი კი ღალატობს მედეას. საბერძნეთში ჩასული იასონი, კორინთოს მეფის, კრეონის ასულის ცოლად შერთვას გადაწყვეტს. მედეა კრეუსას მოკლავს (კრეონის ასული სხვადასხვა მითში განსხვავებული სახელითაა ცნობილი), კორინთოელები შურს იძიებენ და მედეას შვილებს დაუხოცავენ. არის ასევე მითი, რომლის მიხედვითაც მედეას შვილები შემოაკვდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ევრიპიდემ პირველად დაწერა ტრაგედია მედეა, აღარ დაწერილა არცერთი ვერსია, სადაც მედეა შვილებს არ კლავს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავლენის თვალსაზრისით ევრიპიდეს მედეა ლიტერატურაში გადამწყვეტი გამოდგა. მომდევნო ეპოქებში იცვლება მისი აღწერისა და თხრობის ხერხები, გადადის სხვადასხვა მედიებში – თეატრიდან ოპერაში, ოპერიდან კინოში, მაგრამ არ იცვლება ფინალი – მედეა კლავს შვილებს.

სენეკამ შეძლო და ევრიპიდესგან განსხვავებული პერსონაჟი შექმნა. პერსონაჟი, რომელიც გაცილებით რაციონალურია და მასში ვნება ისევე თანაარსებობს, როგორც რაციონალიზმი. თუმცა, საერთოდ არ ყოყმანობს, როდესაც შურისძიების მიზნით შვილების მკვლელობას გადაწყვეტს. იასონის ღალატით მისთვის ყველაფერი სრულდება.

ევრიპიდესა და სენეკას დრამებს შორის, იყო ოვიდიუსის ვერსია, რომელიც ვერ გადარჩა. ჩვენ არ ვიცნობთ მედეას მისებურ ტრაგედიას, თუმცა, ძლიერ განსხვავებული უნდა ყოფილიყო ევრიპიდეს ვერსიისაგან. პროფესორები და მკვლევრები იმასაც ამბობენ, რომ სენეკას ვერსია, ევრიპიდესა და ოვიდიუსის ტრაგედიების ერთგვარი, შემრიგებლური ვერსიაა.

აღსანიშნია ნეოფრონის მედეა და შედარებით გვიანდელი ტრაგედიები ფრანგულ ლიტერატურაში – კორნელისა და ჟან ანუის.

ქართულ ლიტერატურაში მედეას მითს შეეხო ოთარ ჭილაძე თავის რომანში – გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. აკაკი წერეთელმა კი მედეას პოემა მიუძღვნა.

კინოში გამოსარჩევია პიერ პაოლო პაზოლინის მედეა (1969), სადაც მთავარ როლს მარია კალასი ასრულებს.

მრისხანების მტევნები – დედა ჯოუდი

ჯონ სტაინბეკის ეპოქალური ნაწარმოები მრისხანების მტევნები 1939 წელს გამოქვეყნდა; იმ წელს, როცა დიდი დეპრესია უკვე კუდს იქნევდა, ევროპა კი სულ მალე ყველაზე სისხლისმღვრელი ომის არენად გადაიქცეოდა. სწორედ ეს ნაწარმოები გახდა სტაინბეკისთვის ნობელის პრემიის მინიჭების ერთ-ერთი წინაპირობა.

წიგნი გამოძახილია ამერიკის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე პირქუში და უიმედო ათწლეულისა, რომელმაც მრავალ ოჯახს დაასვა დაღი. ეკონომიკურ კოლაფსს ეკოლოგიური კატასტროფაც დაემატა, რამაც მილიონობით ამერიკელი იძულებული გახადა, რომ მშობლიური მიწიდან აყრილიყო.

ერთ-ერთი ასეთი ჯოუდების ოჯახია, რომელთაც უსახსრობისა და გაუსაძლისი გაჭირვების გამო მშობლიური ოკლაჰომიდან კალიფორნიისკენ აქვთ გეზი აღებული; კალიფორნიისკენ, რომელიც მათ აღთქმულ მიწად ესახებათ.

ნაწარმოები ჯოუდების მრავალრიცხოვანი ოჯახის გარშემო ვითარდება. პროტაგონისტად შეიძლება ტომ ჯოუდი მოვიაზროთ, რომლის გარდაქმნა მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი საუკეთესო სახე-ცვლილებაა, რომელიც პერსონაჟს დამართვია. მაგრამ მკითხველს შეუმჩნეველი არ დარჩება ისიც, რომ ჯოუდების ოჯახის საყრდენი ქალია, ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებული პერსონაჟი, დედა ჯოუდი. სწორედ ისაა ერთადერთი, ვინც ცდილობს, რომ ოჯახი არ დაიქსაქსოს და ერთ მუშტად შეიკრას, სწორედ იგი ხვდება ყველა წინაღობას ამაყად და მედგრად. დარდი და ნაღველი, ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, არც მას აკლია, თუმცა უტყვია და წუხილს საკუთარ სხეულშივე ამწყვდევს.

ალბათ, შემთხვევითი არაა ისიც, რომ ნაწარმოების სამ, ყველაზე კულმინაციურ სცენაში, სწორედ დედა ფიგურირებს. ისაა ოჯახის მთავარი მესაჭე და, ამასთანავე, სიმბოლო იმისა, რომ ყველაზე ცუდ დროებაშიც კი უნდა გქონდეს ხვალინდელი დღის იმედი. ამ იმედს კი ზრუნვა და თანაგრძნობა ასაზრდოებს. ამის დასტურად ნაწარმოების ფინალური სცენაც კმარა. დედასა და შვილს შორის უხმო, უსიტყვო კავშირი იბმება, რომელიც სიკეთის, ემპათიისა და ხელგაშლილობის ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინებაა მსოფლიო ლიტერატურაში.

მაგდანას ლურჯამაგდანა

ეკატერინე გაბაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი მწერალია. მისი შემოქმედება, ძირითადად, მცირე პროზის ჟანრებს მოიცავს. ნაწარმოებთა უმრავლესობა აღწერს მე-19 საუკუნის ქართულ საზოგადოებას, რომელიც მკვეთრად პატრიარქალურია. გაბაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა კი ამ საზოგადოებაში ქალის მდგომარეობის ასახვაა – განსაკუთრებით კი სოფელში, სადაც განათლებას ჯერ არ შეუღწევია, შესაბამისად, ქალები საზოგადოებისგან გარიყულნი და უუფლებონი არიან.

მწერლის ყველაზე ცნობილი მოთხრობაა მაგდანას ლურჯა, რასაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ეკრანიზაციამაც. 1955 წელს თენგიზ აბულაძემ და რევაზ ჩხეიძემ გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელმაც მომდევნო წელს კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევრის ჯილდო მიიღო.

მოთხრობის მიხედვით, მაგდანა ძალიან ადრეულ ასაკში ქვრივდება და ოთხი შვილი ულუკმაპუროდ რჩება. სოფელში ოჯახის რჩენა რთულია, მით უმეტეს მარტოხელა ქალისთვის. საბედნიეროდ მაგდანას ოჯახს მხსნელად სახედარი მოევლინება, რომელსაც შვილები მომაკვდავს იპოვიან. მაგდანასა და ბავშვების დახმარებით ვირი ფეხზე დადგება და ოჯახს ხელს გაუმართავს. თუმცა, აქედან იწყება კონფლიქტი. სახედრის ძველი მეპატრონე მის დაბრუნებას ცდილობს. საქმე სასამართლომდე მივა, საბოლოოდ კი ლურჯა მაინც მაგდანას ოჯახს დარჩება.

გაბაშვილი მაგდანას სახით ძლიერ და დამოუკიდებელ ქალს ხატავს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნაადრევად დაქვრივდა, ოჯახის მართვა თავად გადაიბარა და ამას, ლურჯას გამოჩენამდეც, ჩინებულად ართმევდა თავს. სახედარმა კი ქალს შრომა გაუიოლა. მაგდანას მთავარი მოტივაცია მისი ოჯახია – ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც დედაზე არიან დამოკიდებულნი. მათი გულისთვის კი ქალი არაფერს უშინდება.

მაგდანას პერსონაჟი ახალი სიტყვა იყო მე-19 საუკუნისთვის და იგი დღემდე რჩება ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთ დასამახსოვრებელ გმირად.

ჰარი პოტერიმოლი უიზლი

მომდევნო პერსონაჟი, რომელიც უნდა გამოვარჩიოთ ჯოან როულინგის ჰარი პოტერის წიგნების სერიიდან გახლავთ. მოლი უიზლი არის ადამიანი დედა. ის არის პერსონაჟი დედა. ასევე არის ცოლი, არის ჯადოქარი, მაგრამ მისი დედობრივი ინსტინქტი ყველაფერზე მაღლა დგას. უიზლების სახლი არის სტუმართმოყვარე, მყუდრო და ზღაპრული, სწორედ იმიტომ, რომ მისი დიასახლისი მოლი უიზლია.

ბაღში დარბიან გნომები და სადილი თავისით მზადდება. ყველა პატარა მკითხველს სურს ერთხელ მაინც ეწვიოს სტუმრად უიზლების ოჯახს. უიზლების ოჯახი დიდი ქონებით არ გამოირჩევა, მაგრამ მაინც მდიდარი ხალხია, მათი სიმდიდრე კი სიყვარულშია. უიზლებს დიდი ოჯახი აქვთ, ჰყავთ შვიდი შვილი, რომელთაგანაც ორი უკვე სხვაგან ცხოვრობს, ხუთი მათგანის მოვლა და გაზრდა კი მოლის ამოცანაა, მათი დაცვა კი მთავარ მიზნად აქვს ქცეული, განსაკუთრებით პირველი ომის შემდეგ, როცა ოჯახის ორი წევრი დაკარგა.  

სწორედ ეს ინსტინქტი აქცევს მას მთავარი გმირის, ჰარი პოტერის დედობილად. აღსანიშნავია ის ამბავიც, რომ ჰარის ჯადოსნურ სამყაროში პირველად გადასასვლელად სწორედ მოლი უიზლი ეხმარება.

ოთახიდე

ემა დონაჰიუს ოთახი 2010 წელს გამოქვეყნდა, მალევე იქცა ბესტსელერად და რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოც მოიპოვა. ხუთ წლის შემდეგ შედგა წიგნის ეკრანიზაცია, რომელმაც ოსკარზე რამდენიმე ნომინაცია მიიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის.

მთხრობელი ხუთი წლის ბიჭია, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს ოთახში. ეს არის მისი სამყარო. დედა მსხვერპლია, ის გაიტაცეს, გააუპატიურეს და მთავარი გმირი აბსოლუტურად ჩაკეტილ სამყაროში მოევლინა ქვეყანას. ნივთებს არქმევს სახელებს, ხოლო ტელევიზორში ნანახი მისთვის არარსებული სამყაროა.

ეს რომ მხოლოდ დეტექტიური დრამა იყოს, სიუჟეტი დასრულდებოდა მაშინ, როცა დედა და ბიჭი ოთახიდან გავლენ, თავს დააღწევენ ტყვეობას, მაგრამ, მთავარი ამბები იწყება მაშინ, როცა ისინი ოთახს ტოვებენ.

ეს უფრო გამოქვაბულის მითია, ვიდრე დეტექტივი. საგნები, რომელსაც ბიჭი სახელს არქმევს, გამოქვაბულში მყოფი ადამიანების მიერ დანახული ჩრდილებია, გამოქვაბულის დატოვების შემდეგ კი სიბრმავე გრძელდება, რადგან სინათლეს თვალი უნდა მიეჩვიოს. თვალი კი პირდაპირ კავშირშია გონთან.

თავისუფლებას გააზრებას სჭირდება. გამოქვაბულის მითი უამრავ ლიტერატურულ თუ კინოსიუჟეტში შეგვხვედრია, დონაჰიუს ოთახში კი მითის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ფორმა გვხვდება.

ინტერპრეტაციისთვის სივრცე ძალიან დიდია. შესაძლოა, ბავშვებისა და ქალების როლზე დაგაფიქროს თანამედროვე სამყაროში, შეიძლება უფრო ეგზისტენციალურ ჭრილშიც მისი განხილვა. გააჩნია როგორ პასუხს მიიღებ კითხვაზე – რა რისი სიმბოლოა? აქ უკვე ყველაფერი მკითხველზეა დამოკიდებული – რამდენი მკითხველიცაა, იმდენი ინტერპრეტაცია მოიძებნება.  

დედის როლი კი იზრდება მაშინ, როცა თავდაღწეულსა და გათავისუფლებულს კითხვაზე უწევს პასუხის გაცემა –  ხომ შეგეძლო გამტაცებლისთვის ჩვილის გარეთ გაყვანა გეთხოვა? იქამდე სანამ მისი მეხსიერება ძალას მოიკრეფდა, იქამდე სანამ სახის დამახსოვრებასა და ამბის მოყოლას შეძლებდა.

დედას ამაზე არც კი უფიქრია. რა არის ეს – ეგოიზმი თუ თვითგადარჩენის ინსტინქტი? რეალურად, არსებულ გარემოში, ამ ჯოჯოხეთში, მისი ცხოვრების მთავარი მოტივაცია შვილი გახდა, მხოლოდ ამ გრძნობამ შეძლო მისი ცხოვრებისათვის აზრი შეეძინა და მისცა ძალა იმისა, რომ გათავისუფლებულიყო.

აქ დონაჰიუ პასუხსაც გვაძლევს პლატონის მითზე – მხოლოდ სიყვარულს შეუძლია მოგცეს ძალა იმისთვის, რომ ბორკილები აიხსნა და გამოქვაბულს, ტყვეობას დააღწიო თავი. და თუ პლატონთან სიკეთეა უზენაესი ძალა, დონაჰიუ გვეუბნება, რომ სიკეთის გზაზე მხოლოდ სიყვარული გაგიძღვება.