„ვეფხისტყაოსნის“ ამბავი და ამ ამბის მონაწილენი ისე შეისისხლხორცა საერო საქართველომ, რომ ის სამაგალითოდ დარჩა საუკუნეთა განმანვლობაში.

ამ პოემაში აღწერილი სიყვარული საოცნებო იყო, ამ პოემაში წარმოქმნილი მეგობრობა – სანიმუშო, ფიქრები ამ პოემის გმირებისა – კეთილშობილი და ხალასი და, საერთოდაც, ეს იყო ყველაფერი: ეს იყო საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კონსტიტუცია, რომელიც არასდროს ამოქმედებულა, როგორც კანონი, მაგრამ რჩებოდა, ასე ვთქვათ, ნებაყოფლობით კონსტიტუციად, მისაბაძ მაგალითად, კეთილშობილების და რაინდობის ცოცხალ ულევ სტრიქონებად ისე, რომ, როდესაც საქართველოში ქალს ათხოვებდნენ, მზითვის უგრძეს სიას, სადაც ოქრო-ვერცხლი, ფარჩა, ქაშანური, ფაიფური, აბრეშუმი, სტავრა და სხვა რამ უამრავი ჩამომწკრივებულიყო გრძელ, ხელთნაწერ ფურცელზე, თავში ყოველთვის ედგა მზივისათვის მოულოდნელი ორი სიტყვა: ჭადრაკი და „ვეფხისტყაოსანი“.

ჭადრაკი იმიტომ, რომ, თუ იმის არსს ვერ ამოიცნობდი ამ რთულსა და ხვანჯიანობით სავსე წუთისოფელში, ცხოვრება გაგიჭირდებოდა.

„ვეფხისტყაოსანი“ კი იმიტომ, რომ ამ ჭანდრაკობის მიუხედავად, უნდა ცდილიყავ, ისეთად დაგეჭირა სული და ცხოვრება, როგორებიც ამ პოემის გმირები იყვნენ. ამბობდნენ კიდეც, საქართველს აქვს წმინდა წერილი ციდანო და „ვეფხისტყაოსანი“ მიწიდანო.

© აკა მორჩილაძე, © სულაკაურის გამომცემლობა, „ფარშავანგი“, 2019

ბედ-იღბალს უნდა ვუმადლობდეთ იმას, რომ ხელნაწერების სახით არსებულმა ,,ვეფხისტყაოსანმა” საკმაოდ არეულ დროს გადაურჩა და 1712 წელს, იმ სტამბაში ამოყო თავი, რომელსაც ქართლის მეფე ვახტანგ VI ხელმძღვანელობდა.

,,ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერებს შორის ერთი – ,,ვეფხისტყაოსნის” წერეთლისეული გამოცემა, რომელიც სხვადსახვა მხატვრის ოთხმოცდაშვიდ ილუსტრაციას აერთიანებს – განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. 1890 წელს, გაზეთ „დროებაში“ გაიხსენეს უბადლო ილუსტრაციებით შემკული, ოდესღაც იმერეთის მეფის სოლომონ I-ის საკუთრებაში მყოფი ,,ვეფხისტყაოსანი”, რომელსაც ახლა კნეინა პელაგია წერეთელი ინახავდა. მოგვიანებით, ეს წიგნი თბილისში გააგზავნეს, სადაც მისთვის ყდა უნდა შეეკეთათ, თუმცა, კნეინა წერეთლის შვილებს წიგნი ეტლში დარჩენოდათ…

მას მერე, ,,ვეფხისტყაოსანი” ჯერ ქართველ ვაჭარ ფორაქიშვილს, ხოლო შემდგომ დავით სარაჯიშვილს და ექვთიმე თაყაიშვილს ჰქონდათ, ამ უკანასკნელმა კი, ის ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ შესწირა. ამ დროს გამოჩნდნენ კნეინა პელაგია წერეთლის ვაჟები და ექვთიმესგან წიგნი ითხოვეს, რათა ის მათი დედისათვის მიეტანათ, რომელიც ამხელა განძის დაკარგვას განიცდიდა. წერეთლებმა ,,ვეფხისტყაოსანი” წაიღეს და ექვთიმეს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნეს, რაც უკანასკნელმა შუამდგომლობით საჩხერის დედოფალ ელიზაბეთ წერეთელს მიმართა. როგორც მერე აღმოჩნდა, წიგნიდან ათი ნახატი ვიღაცას ოსტატურად ამოეჭრა…

1911 წლის ბოლოს, ექვთიმე თაყაიშვილმა ოქსფორდიდან ოლივერ უორდროპის წერილი მიიღო, რომელშიც ინგლისელი იუწყებოდა, რომ სომეხ ვაჭრებს მისთვის ,,ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები გასაყიდად მოეტანათ. უორდროპი ვაჭრებს ვერ მორიგებია და ექვთიმეს მათი საქართველოში ჩამოყვანა დასჭირდა. ილუსტრაციებისთვის ვაჭრები კოლოსალურ თანხას ითხოვდნენ, მაგრამ გონებამახვილმა ექვთიმემ ისინი გუბერნატორით დააშინა და ნახატები ,,წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას” ორას სამოცდათხუთმეტ მანეთად შეაძენინა.

ამჟამად, ,,წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი” ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდში ინახება. სწორედ ამ გამოცემამ შთააგონა გამომცემლობა „რუსთაველი 850”, რომ დიდი პოეტის 850 წლისთავისთვის, პოემა განსაკუთრებულად გამოეცათ.

მარჯორი უორდროპის ბრწყინვალე მთარგმნელობითი ალღოთი შემკული ,,ვეფხისტყაოსნის” ეს უნიკალური გამოცემა ერთგვარი ჯაჭვია თავდაპირველ შოთასეულ ტექსტს, წერეთლისეულ უბადლო გამოცემასა და იმ თანამედროვე მოთხოვნას შორის, რომელიც მსოფლიოში რუსთაველის დიდ პოეტად აღიარებას მოჰყვა.

რუსთაველის კვირეულის ფარგლებში ,,ვეფხისტყაოსნის” ინგლისურენოვანი გამოცემის შეძენისას, საჩუქრად მიიღებთ რუსთაველის აფორიზმების უნიკალურ ილუსტრირებულ გამოცემას, რომელიც სალომე ჯოხაძემ მოხატა და „რუსთაველი 850-ის” გამომცემლობამ 2020 წელს დასტამბა. შესაძენად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3fyda3q

ამ უნიკალური სახით, ,,ვეფხისტყაოსანი” გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დაისტამბა.

ანიმაციის ავტორია საკომუნიკაციო სააგენტო ABK