პირველი ოცდაათი წლის განმავლობაში უილსდენ გრინის მეტროსადგურიდან ერთი მილის რადიუსში ვცხოვრობდი. კოლეჯის გამო ადგილის შეცვლა მომიწია, მცირე ხნით აღმოსავლეთ ლონდონში გადავედი, მაგრამ ეს ცვლილებები ჩემი ცხოვრების დროებით ეპიზოდებად დარჩა. მალევე დავუბრუნდი პატარა, ჩაკეტილ კუთხეს ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში. მერე კი ასე ერთიანად, ასე მოულოდნელად, ჩემი მყუდრო უბანი კი არა, მთელი ინგლისი დავტოვე. ჯერ რომში გადავედი, მერე ბოსტონში, ბოლოს ჩემს საყვარელ ნიუ-იორკში, სადაც ათი წელი დავრჩი. როცა მეგობრები მეკითხებოდნენ რატომ დავტოვე ქვეყანა, ხუმრობით ვპასუხობდი: იმიტომ, რომ ისტორიული რომანის დაწერა არ მინდა-მეთქი. ეს პირადი ხუმრობა იყო, მხოლოდ ინგლისელი რომანისტები მიხვდებოდნენ რას ვგულისხმობდი, და იყო სხვა მიზეზებიც. ჩემი ინგლისელი მამა გარდაიცვალა, ჩემი იამაიკელი დედა ახალ სიყვარულს გაჰყვა განაში. მე კი ირლანდიელ პოეტზე დავქორწინდი, რომელსაც მოგზაურობა და თავგადასავლები იზიდავდა და რომელმაც თავისი კუნძული თვრამეტი წლის ასაკში დატოვა. ინგლისთან ჩემი კავშირები ნელ-ნელა ქრებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ლონდონი მომბეზრდა, სემუელ ჯონსონის თქმისა არ იყოს, იმ დროს ჯერ კიდევ არ ვყოფილვარ “ცხოვრებით დაღლილი”, მაგრამ ძალიან გადავიღალე ლონდონის კლაუსტროფობური ლიტერატურული წრეებით. უფრო სწორად, გადავიღალე იმ როლით, რომელიც ამ წრეში მქონდა მორგებული – მულტიკულტურული ვუნდერკინდი! ჰოდა, წავედი.
როგორც ბევრ ემიგრანტს, ჩვენც ხშირად გვიფიქრია დაბრუნებაზე. ბევრი ფაქტორი გვაყოვნებდა საზღვარგარეთ, მათ შორის ბავშვი, რომელიც მიეჩვია ახალ გარემოს. პერიოდულად მაინც გვიტევდა სინანული და ნოსტალგია, ორ მწერალს გვეშინოდა, რომ ზედმეტად დავშორდით ფესვებს. ბოლოსდაბოლოს, მწერალი შეიძლება სიკვდილამდე მოწყდეს ფესვებს. საჭირო არგუმენტებით თავს ვიმხნევებდით – გაიხსენე ბეკეტი და ჯოისი, ან ედნა ო’ბრაიენი. ისინი ხომ სახლზე წერდნენ სანამ უცხო მიწაზე დაედოთ ბინა?! და ისევ ეჭვი შეგვიპყრობდა. (ირლანდიელი ყოველთვის გამონაკლისია.) და რა ვუყოთ ფრანგ მწერლებს? კარიბელებს? აფრიკელებს? ამჯერად ვერ გვანუგეშეს მონაცემებმა. მთელი ამ ორჭოფობის განმავლობაში მე ვებღაუჭებოდი ერთ დამაჯერებელ ფაქტს: მწერალი, რომელიც დიდხანს ცხოვრობს ინგლისში, ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიწყებს ისტორიული რომანის წერას, უნდა ეს თუ არა. რატომ? ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩვენი ნოსტალგია მცირე სივრცეშია მოქცეული. ინგლისელებს შეიძლება თვალზე ცრემლი მოადგეთ Spice Girls-ის, მინიდისკის, ან სატელეფონო ჯიხურების გახსენებისას, დიდი ბიძგი ამას არ სჭირდება, და ბუნებრივია ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ლიტერატურულ კულტურაზე.
ფრანგები ტერმინს „nouveau roman“ (ახალი რომანი) პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ. მაშინ როდესაც ინგლისელებს წარსული შინაგანად იზიდავთ. თვით „მიდლმარჩიც“ კი ისტორიული რომანია! და მიუხედავად იმისა, რომ მეტწილად ინგლისელი ვარ, მაინც ვეწინააღმდეგობოდი სტუდენტობის დროიდან გამოყოლილ მცდარ წარმოდგენას, რომ ისტორიული რომანი, თავისი არსით, ესთეტიკურადაც და პოლიტიკურადაც კონსერვატიულია.
თუ ხელში აიღებთ რომანს და ჩათვლით, რომ ის შეიძლებოდა დაეწერათ ნებისმიერ დროს უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში, მაშინ, ეს რომანი ბოლომდე ვერ ასრულებს თავის ამოცანას, არა? განა სწორედ სიახლე არ არის რომანის „დნმ“-ის მთავარი შემადგენელი ნაწილი? სულ ასე ვფიქრობდი. მაგრამ დროთა განმავლობაში სტუდენტური არგუმენტების ეს მერყევი ლოგიკა წნეხში მოექცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჟანრის რამდენიმე გამორჩეული ნიმუში წავიკითხე – მარგარეტ იურსენარის ადრიანეს მოგონებები, რომელიც ლათინურად არ დაწერილა, და დანიელ კელმანის ქვეყნიერების აზომვა, რომელიც ძველგერმანულად არ დაწერილა. ვულფ ჰოლის ენასაც არაფერი აქვს საერთო წმინდა ტიუდორულ სინტაქსთან, ის უფრო მანტელისეულია. სამივე ტექსტი „ახალ ამბავს“ გვიყვება. ყველა ისტორიული რომანი არ ასახავს თავისივე ერას, წარსულის კვლევა მიბაძვას არ უნდა დაემსგავსოს. წარსულის მკვლევარს გამჭრიახი თვალით უნდა უყურო, კრიტიკული კითხვები დასვა და ისტორიული რომანი წარმოდგენას შეგიცვლის არა მხოლოდ წარსულზე, არამედ, აწმყოზეც. ეს მოსაზრებები, ცხადია, ძველი ჭეშმარიტებაა ისტორიული ჟანრის ერთგული მკითხველებისთვის, მაგრამ ჩემთვის ახალი იყო. ასე რომ, ჩემი იდეოლოგიური წინააღმდეგობა დავთმე. იღბლიანი ნაბიჯი აღმოჩნდა, რადგან 2012 წელს წავაწყდი მე-19 საუკუნის ამბავს, რომელშიც მაშინვე ვიგრძენი საკუთარი ხმა და ადგილი. საქმე ეხებოდა 1873 წლის სასამართლო პროცესს (ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივს ბრიტანეთის ისტორიაში) რომელშიც ართურ ორტონი, უოპინგელი ყასაბი, ამტკიცებდა, რომ თავად იყო ვითომდა დამხრჩვალი სერ როჯერ ტიჩბორნი – დიდი ხნის გაუჩინარებული და დაღუპულად მიჩნეული დოუთი-ტიჩბორნების მიწების მემკვიდრე.
ტიჩბორნ კლეიმენტის ამბავი, როგორც საბოლოოდ შეარქვეს, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე გახდა. და ეს მხოლოდ იმით კი არ იყო მნიშვნელოვანი, რომ პროცესს დიდი ხნის განმავლობაში აშუქებდნენ, არამედ იმითაც, რომ კლეიმენტის მთავარი მოწმე და დამცველი იამაიკელი ყოფილი მონა ენდრიუ ბოგლი აღმოჩნდა, რომელიც წარსულში ტიჩბორნების ოჯახში მუშაობდა და ჯიუტად ამტკიცებდა, რომ სერ როჯერი იცნო. შეიძლება წარმოიდგინოთ 1873 წელს ღარიბი შავკანიანი კაცის ჩვენებას სასამართლოში რა სკეპტიციზმით შეხვდებოდნენ, მაგრამ ბრიტანელი საზოგადოება (თავისი ამერიკელი ბიძაშვილის მსგავსად) სავსეა მოულოდნელობებით. იმდენად ბევრი მუშათა კლასის ბრალდებული ჰყავდა სასამართლოს დაჩაგრული ბურჟუებთან დავაში, რომ ხალხი მთელი გულით მხარს უჭერდა ღარიბ კაცს, რომელიც მდიდარ კაცად ქცევას ცდილობდა. ხალხის უზარმაზარი მასა იკრიბებოდა სასამართლო დარბაზში, იმ იმედით, რომ ბოლოსდაბოლოს მათგან ერთ-ერთი მაინც გაიმარჯვებდა.
(ცოტა პარადოქსულია, ალბათ, მაგრამ ჰგავს ეს ამბავი ო. ჯეი სიმპსონის პროცესს.) ბოგლი და ყასაბი ეროვნულ გმირებად იქცნენ.
ამ ამბავმა ჩემზე ისე იმოქმედა თითქოს მოულოდნელად ხელოვნების მივიწყებული ნიმუში აღმოვაჩინე. სწორ დროს ნაპოვნი, ჩემი მიზნებისთვის, ასეთ საჩუქარს მწერალი ცხოვრებაში ერთხელ იღებს, მაგრამ სანამ საჩუქარს შევირგებდი რვა წელი გავიდა. ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ისტორიული რომანი არ დამეწერა. ამერიკაში დავრჩი, შორს ბრიტანული ბიბლიოთეკებისა და სასამართლოს ჩანაწერებისგან. კიდევ ერთი შვილი შეგვეძინა. კიდევ ოთხი წიგნი დავწერე. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ამ თემას დავტრიალებდი შფოთიანი ქალივით რომელიც Tinder-ზე შესაფერისი პარტნიორის არჩევას ვერ ბედავს. მაშინებდა მასშტაბი, რომელსაც ისტორიული რომანის წერა მოითხოვს. ჯერ კიდევ არ მინდოდა ისტორიული რომანის წერა. შფოთვას ამძაფრებდა ჩემი ნიუ-იორკელი მეზობლის (ზემოთხსენებული დანიელ კელმანის) ყურება, რომელიც აქტიურად მუშაობდა თავის ისტორიულ რომანზე ტილი, რომელიც გერმანიში 30-წლიანი ომის შესახებ მოგვითხრობს. კელმანი წერდა ნიუ-იორკის სკვერში, როცა ჩვენი შვილები ერთად თამაშობდნენ, წერდა პარკში, ბიბლიოთეკაში, წერდა დილით და წერდა საღამოს, წერდა ხუთი წელიწადი გაუჩერებლად. როცა ვკითხავდი – როგორ მიდის საქმე? მიპასუხებდა – “ყველაზე დამღლელი და რთული საქმეა, რასაც ოდესმე შევჭიდებივარ. თითქოს თან რომანს წერ და თან დისერტაციას იცავ”, – ეს პასუხი საერთოდ არ ჟღერდა ჩემთვის მიმზიდველად. მე ხომ ჩანაწერებს არ ვაკეთებ, როგორც კელმანი, მე უბრალოდ ვჯდები და ვწერ რომანს.
მაგრამ..
ჯერ არარსებულმა რომანმა, რომლის დაწერაც ჯიუტად არ მსურდა, მთელი თარო შეიწირა, ისტორიული რომანის წერას ხომ კვლევა სჭირდება?! საკვლევად უამრავი წიგნი დამჭირდა და გაივსო ჩემი თაროები, მერე უჯრები, საკუთარ თავს ვეუბნებოდი – “შესწავლა ხომ უკვე დაასრულე? თუ ამაში გაჰყოფ თავს შენს ყველაზე დიკენსურ ინსტიქტებს გააღვიძებ. მივყევი ძაფს ტიჩბორნის კვლევაში და მივედი მე-19-ე საუკუნის კიდევ ერთ ამბავთან, რომელიც ასევე უამრავ წიგნსა და კვლევას მოითხოვდა, ოჯახშიც ყველას მოვაბეზრე თავი – იცოდით, რომ 1848 წელს… “
ეჰ, ზედი, შენი რომანები ხომ მაშინაც დიდია, როცა არაფერზე წერ, რა მოხდება მაშინ, როცა ფაქტობრივი სცენების ჩამატება მოგიწევს? გაეშვი სმით, გაეშვი!
მთელ ამ შფოთვას თავზე დიკენსის ჩრდილი ჩამოსწოლია. აბა როგორ, ინგლისში დაბადებულ, აღზრდილ და წიგნებით შეპყრობილ ჩემი ხნის ადამიანს დიკენსი ყოველთვის თან უნდა დაჰყვებოდეს. ის ყველგან იყო – სკოლაში, სახლის თაროებზე, ბიბლიოთეკაში. ამ კაცმა შობა მოიგონა. იყო პოლიტიკოსი და გავლენა იქონია შრომის კოდექსზე, საგანმანათლებლო და საავტორო კანონმდებლობაზე. იყო მუშათა კლასის პირველი გმირი, ჩვენი მერიტოკრატიის ნათელი სიმბოლო, და ინგლისური კულტურული მემკვიდრეობის ტურისტული ინდუსტრიის მარგალიტიც. (მისი სიკვდილის შემდეგ მისი სახელის გამოყენება სხვადასხვა სექტორმა დაიწყო ქულების დასაწერად) იყო ყველგან სადაც მინდოდა ყოფნა – თეატრში, იტალიაში, ამერიკაში. დიკენსის რომანების სატელევიზიო ვერსიები არასდროს ქრება ეთერიდან, შეიძლება ითქვას, რომ პრესტიჟული მინი-სერიალების ფორმატის იდეაც დიკენსმა გვაჩუქა და ჰოლივუდშიც შეაბიჯა, პირდაპირი ადაპტაციისა თუ უნებური მიბაძვის სახით. ბავშვობაში სულ დიკენსი ვიკითხე, მერე გავიზარდე და წინააღმდეგობა გამიჩნდა – ზედმეტად სენტიმენტალურია, ზედმეტად თეატრალური, ზედმეტად მორალისტური, ზედმეტად შეპყრობილი კონტროლის სურვილით. თუმცა, ვერასდროს გავთავისუფლდი ამ უხერხული გავლენისგან, როგორი დიდი სურვილიც არ უნდა მქონოდა. კვლევებმაც, რა თქმა უნდა, მასთან მიმიყვანა, სადაც არ უნდა წავსულიყავი მე-19 საუკუნის ლონდონში ყველგან დიკენსს ვაწყდებოდი. ყველა გზა ჩარლზთან მიდის. არ არსებობს მე-19 საუკუნის ქვაბი, სადაც დიკენსს თითი არ ჩაუყვია.
ვკითხულობ მშვიდად იამაიკის აჯანყებაზე, მგონია, რომ მარტო ვარ ჩემს განცდებში და ამ დროს აქ არის, დიკენსი ხელს აწერს პეტიციაზე. ვკითხულობ კაცზე, რომელიც დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და მიივიწყეს, უილიამ ჰარისონ ეინსვორთი, ჩემს უბანში ცხოვრობდა, და ამ დროს დიკენსი მოდის, ამჯერად მისი მეგობრის როლში. ვკითხულობ წიგნს მონობაზე ამერიკაში და.. ისევ დიკენსი! ამ დროს ერთი ჩვევა ავიკიდე, როგორც კი მას წავაწყდებოდი მაშინვე წამოვიძახებდი ხოლმე – ოჰ, სალამი ჩარლზ!
მგონი გავაფრინე.
მერე კიდევ პანდემია დაიწყო, კარანტინში გავედი და მართლა შევიშალე.
გადავქექე უილიამ ჰარისონ ეინსუორთის ყველა ტირაჟამოწურული რომანი, (ორმოცზე მეტი დაწერა, უმეტესობა საშინელია) დავინტერესდი მისი მოსამსახურე ქალით, ელაისა ტუშეთი, თავიდან ვერ ამოვიგდე, როგორც ის პლანტაცია სადაც ენდრიუ ბოგლი ჰყავდათ მონობაში. ჰოუფ ისთეითს, ინგლისისა და იამაიკის ხანგრძლივსა და სასტიკ კავშირს. რამდენიმე წიგნი წავიკითხე ტიჩბორნ კლეიმენტზე და დიდხანს ვფიქრობდი თაღლითობაზე: ცრუ იდენტობებზე, ყალბ ამბებზე, ყალბ ურთიერთობებზე, გაყალბებულ ისტორიებზე. როცა საერთო წერტილის პოვნას ვცდილობდი უფრო იმ ადამიანს დავემსგავსე, რომელმაც სიუჟეტი დაკარგა, ვიდრე იმას, ვინც ისტორიული რომანის წერას ცდილობდა. ან იქნებ, სწორედ ამ დროს პოულობ ახალ სიუჟეტს, როცა საბოლოოდ იკარგები.
რომანს დავარქვი თაღლითი (The Fraud). და მერე, 2020 წლის მაისში, როცა საბოლოოდ გადავწყვიტე კლავიატურაზე “ისტორიული კაკუნი” ამეტეხა, ზუსტად მაშინ ბრიტანეთში კარანტინი დაიწყო.
ბრიტანელებივით დავიწყე ფეხით სეირნობა, ოღონდ, აღარ ვუყურებდი ვიტრინებს, ჩემი გონება და თვალები მაღლა მიიწევდნენ მანსარდებისკენ, კარნიზებისკენ, საკვამურებისკენ, ესე იგი, მე-19 საუკუნისკენ, მისი ნაშთები ხომ ყველგან არის შემორჩენილი ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში. მერე სასაფლაოებს ჩამოვუყევი, ვიპოვე უილიამ ეინსვორთი და ვიპოვე ელაისა ტუშეც, რუკაზეც კი შემიძლია გაჩვენოთ ტიჩბორნის კლეიმენტის საფლავი, და კინგ კროსის კუთხე სადაც ბოგლიმ უკანასკნელად ამოისუნთქა.
გარეთ 2020 წელია, ჩემს გონებაში კი 1870. დავნებდი. ინგლისში დავბრუნდი და ისტორიულ რომანს ვწერდი. ერთადერთი რასაც ჯიუტად ვეწინააღმდეგებოდი იყო გავლენა – არავითარი დიკენსი! ეს ნიშნავს – არა ობლებს! არა ვრცელ აღწერებს, არა შემთხვევით ქალბატონებს! მისი სპაიტლის, ან მშიშარა მისტერ ფეარფეინტს! (ან, რაიმე მსგავსს) ამის თავიდან ასაცილებლად უარი ვთქვი დიკენსის გადაკითხვაზე, მაგრამ მხატვრული ლიტერატურა გვასწავლის, რომ რეალური სამყარო შეთხზულზე უცნაურია.
ის ფაქტი, რომ ჩემს დომინანტ პერსონაჟს ელაისა “ტუშე” ერქვა, ასე დაეჩრდილა ჩემს ცნობიერში ყველა სხვა პერსონაჟი, მაყენებდა იმ რეალობის წინაშე რომ ეს სახელი დიკენსსაც კი არაჩვეულებრივად მოეჩვენებოდა.
მისის ტუშე!
მაგრამ ეს კიდევ არ იყო დიკენსის უკანასკნელი ხაფანგი, რომელიც საფლავიდან დამიგო..
ჩემი კვლევის შუა გზაზე დიკენსი ნელ-ნელა გამოდიოდა დღის სინათლეზე და ტექსტის მთავარ ნაწილში იჭერდა ადგილს, ნათელი გახდა, რომ მე მხოლოდ შემეძლო გადამედო დიკენსის გამოჩენა ჩემს ნამუშევარში, მაგრამ ის აუცილებლად გამოჩნდებოდა და რაც უფრო გვიან მოხდებოდა ეს ამბავი, მით უფრო დიდ როლს მოირგებდა, ამიტომ, სჯობდა თავიდანვე დამეთმო მისთვის გზა. როგორ უნდა ამერიდებინა თავი, როცა რამდენიმე წლის განმავლობაში ეინსუორთს სტუმრობდა ვახშამზე, მონაწილეობდა იამაიკის მომავლის შესახებ დებატებში (სხვათა შორის, არა სწორ მხარეს იდგა) ყველა გამაოგნებელი კი ის იყო, რომ დაუთი სტრიტი, სადაც დიკენსი ცხოვრობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბლუმსბერის იმ კუთხეშია, რომელიც დაუთი-ტიჩბორნის საკუთრებაში იყო. ესე იგი, დიკენსის სახლიც იმ ქონებაში შედიოდა, რომელზეც ტიჩბორნ კლეიმენტს ჰქონდა პრეტენზია. დიკენსი ყველგან იყო, ჰაერივით.
წერის დროს ზოგჯერ გიწევს დინებას მიჰყვე, რაც იმ წერტილში გაბრუნებს, საიდანაც ყველაფერი დაიწყე, ასე რომ, ბატონ დიკენსს ვუთხარი – “მისმინე, ამ ნაწილში შეგიძლია მეორეხარისხოვანი როლი გქონდეს, მაგრამ შემდეგ თავში აუცილებლად მოგკლავ! აღარ ივლი ჩემს რომანში თავიდან თავში და ვეღარ გამოხვალთ ბრძნული სიტყვით”. და მართლაც, მოკლე, არადიკენსურ თავში სახელწოდებით დიკენსი მოკვდა – მე ის მოვკალი. მაშინვე ვიგრძენი ის კათარსისი, რაც მწერალს წერის დროს უჩნდება, მე ეს ძალიან იშვიათად თუ მიგრძნია. შემომხედეთ, ახლახანს დიკენსი მოვკალი!
მაგრამ დიდი დრო არ იყო გასული, რომ ის დაბრუნდა, უფრო ახალგაზრდა და იმაზე ძლიერი, ვიდრე წინა 40 გვერდზე იყო. ამ თვალსაზრისით დავნებდი, მივეცი უფლება ისე ესეირნა ჩემს გვერდებზე როგორც მე-19 საუკუნის ლონდონში სეირნობდა. იყო კომედიაში, ტრაგედიაში, პოლიტიკაში და ლიტერატურაში, იყო ჰაერში. იმ ადგილზეც იყო სადაც არ უნდა ყოფილიყო (დებატებში იამაიკის ბედზე) იყო ზოგჯერ დამთრგუნველი, ზოგჯერ დაუძლეველი, ზოგჯერ მომხიბვლელი და ზოგჯერ უდიდესი გავლენის მქონე. სწორედ ისეთი, როგორც სიცოცხლეში იყო. როგორიც წარმომედგინა მთელი ცხოვრება. ასეთია ბავშვობაში მიღებული გავლენა, ჭკუიდან გშლის, რადგან მისი გაცილებით მეტი გმართებს, ვიდრე გინდა, რომ აღიარო. მოგყვება ასე, მშობელივით. თერთმეტი წლის შემდეგ, როცა ისტორიული რომანის წერა დასრულდა ლეპტოპი დავხურე და გავიფიქრე – “ხშირად მაგიჟებს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მის გარეშე ამ რომანს ვერასდროს დავწერდი, ვალში ვარ მასთან და გადავწყვიტე ის გამეკეთებინა, რასაც ლონდონშო ყოფნის დროს ყოველთვის ვერიდებოდი. მოვაწყე პილიგრიმობა უესტმინსტერის სააბატოში. უკანა მხრიდან შემოვუარე, მივედი პოეტების კუთხესთან და პირდაპირ ჩარლზ დიკენსის საფლავთან დავდექი. ოჰ, სალამი, ჩარლზ! იმედი მქონდა, რომ ბოლოსდაბოლოს, მოვიხადე ვალი მის წინაშე.
სახლში დავბრუნდი და საბოლოოდ დავაღწიე თავი მოუცილებელ მისტერ დიკენსს და მის თავდაუღწეველ გავლენას, მომინდა რაიმე ისეთი გამეკეთებინა, რასაც არ ექნებოდა შეხება არც კითხვასთან, არც კვლევასთან და არც წერასთან, გადავწყვიტე ტელევიზორი ჩამერთო და ძველი კეთილი BBC-ისთვის შემეხედა, და რა დამხვდა ეკრანზე? ახალი დიდი იმედები. კვოტირებული ვერსია, მაგრამ მაინც, დიდი იმედები.
ოჰ, სალამი, ჩარლზ!
გამარჯობა,
ნახვამდის
და ისევ გამარჯობა..
The New Yorker
2023