ფრონტზე რომ გაიწვიეს, ჰაროლდ კრებსი ჯერ კიდევ კანზასის მეთოდისტურ კოლეჯში სწავლობდა.

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი არონიამ

ფრონტზე რომ გაიწვიეს, ჰაროლდ კრებსი ჯერ კიდევ კანზასის მეთოდისტურ კოლეჯში სწავლობდა. ერთ-ერთ სურათზე ის საუნივერსიტეტო საძმოს ბიჭებთან ერთადაა აღბეჭდილი. პერანგის საყელო მათ ერთნაირ ყაიდაზე მოემართათ. საზღვაო ძალებში ის ჯერ კიდევ 1917 წელს ჩაირიცხა, თუმცა ამერიკაში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, რაც 1919 წლის ზაფხულში, მეორე დივიზიამ მდინარე რაინის მიდამოები დატოვა.

ერთ-ერთ სურათზე ის სხვა კაპრალთან და ორ გერმანელ გოგონასთან ერთად, რაინის სანაპიროზე დგას. კრებსსა და კაპრალს სამხედრო ფორმები აშკარად დაჰპატარავებოდათ. გერმანელი გოგოები ულამაზოები არიანი. რაინი კი, სურათში სულაც არ ჩანს.

იმ დროსათვის, როცა კრებსი ოკლაჰომაში დაბრუნდა, გმირების დახვედრა უკვე დიდი ხნის დასრულებული იყო. მას დაბრუნება დააგვიანდა. ქალაქში ფრონტის ხაზიდან დაბრუნებულებს საგულდაგულოდ დახვედრიან. მაშინ ქალაქი ისტერიამ მოიცვა, ახლა კი ამას უკვე ყველა შეეჩვია.  ხალხს უცნაურად მიაჩნდა ის, რომ კრებსი ასე გვიან დაბრუნდა. ომის დასრულებიდან ხომ უკვე რამდენიმე წელი გასულა.

კრებსმა ბელოს ტყე, სუასონი, შამპეიმი, სან-მიელი და არგონი გამოიარა, თუმცა თავდაპირველად, მას ომზე საუბარი არ სურდა. მოგვიანებით მან საუბრის საჭიროება იგრძნო, მაგრამ მისი მოსმენა აღარავის უნდოდა. მის ქალაქს უკვე იმდენი ლიტონი სისასტიკე მოესმინა, რომ სინამდვილით მას ვეღარ გააოცებდი. კრებსი მიხვდა, რომ მსმენელის დაინტერესება მხოლოდ ტყუილით შეეძლო და როცა ეს ორჯერ გამოსცადა, ომზე საუბრის სურვილი მასაც გაუქრა. ამ ტყუილებმა მას ომში გატარებული თითოეული წუთი შეაზიზღა. კრებსს ყოველთვის სიმშვიდეს ჰგვრიდა იმაზე ფიქრი, რომ ომში წასვლა მისი ბუნებრივი, ნამდვილი არჩევანი და მამაკაცისთვის შესაფერისი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა ახლა, ამ ფიქრმა ისევე დაკარგა ფასი, როგორც საკუთრივ იმ დრომ, რომელიც მან ომში გაატარა.

მისი ტყუილები ძალიან უმნიშვნელო იყო. ძირითადად, ის საკუთარ თავს მიაწერდა იმას, რაც სხვას უნახავს, გაუკეთებია ან გაუგია და ფაქტებად წარმოაჩენდა ისეთ ჭორებს, რომლებისათვის ყური ნებისმიერ ჯარისკაცს მოუკრავს. შთამბეჭდავად მისი ტყუილები, არც საბილიარდოში მიაჩნდათ. მისი ისტორიები არ ეამებოდათ კრებსის იმ ნაცნობებს, რომელთაც საკუთარი ყურით მოესმინათ არგონში ტყვიამფრქვევებს მიჯაჭვული გერმანელი ქალების შესახებ და არც იმ პატრიოტულად მომართულ ადამიანებს, რომელთაც ვერ წარმოედგინათ ვერცერთი გერმანელი ჯარისკაცი, რომელიც ტყვიამფქრვევებს მიბმული არ იქნებოდა.

კრებსს გულისრევის შეგრძენება გაუჩინა იმ გრძნობამ, რომელიც სიცრუის თქმისა ან გადამეტების შედეგად უჩნდებოდა. იმ დროს, როცა ის საცეკვაო დარბაზის გასახდელში სხვა ნამდვილ ჯარისკაცებს გამოელაპარაკებოდა ხოლმე, კრებსი ხვდებოდა, რომ ის მუდმივად, სასტიკად შეშინებული იყო. აი ასე, მისთვის ყველაფერმა ფასი დაკარგა.

გვიანი ზაფხული იყო და კრებსს გვიანობამდე ეძინა. ქალაქის ცენტრში, ბიბლიოთეკაში ჩაისეირნებდა, სახლში ლანჩს მიირთმევდა და აივანზე დაჯდებოდა, წიგნით ხელში, მერე კი, როცა მოსწყინდეოდა, ისევ ქალაქის ცენტრში მხოლოდ იმიტომ ჩაისეირნებდა, რომ დღის ყველაზე ცხელი წუთები ბნელ და ცივ საბილიარდოში გაეტარებინა. ბილიარდის თამაში მას ძალიან უყვარდა.

საღამოობით ის კლარნეტზე უკრავდა, ქალაქის ცენტრში სეირნობდა, კითხულობდა და იძინებდა. მისი უმცროსი დებისთვის კრებსი ჯერ კიდევ გმირი იყო. მას რომ მონდომოდა, დედამისი საწოლში საუზმესაც მიართმევდა. ის ხშირად შემოდიოდა კრებსის ოთახში რათა ომის შესახებ შეკითხვები დაესვა, თუმცა პასუხის მომასმენად ყურადღება არ ჰყოფნიდა. მამამისს კი, ეს სულაც არ ადარდებდა.

ომში გაწვევამდე, კრებსს მამამისის მანქანის ტარება აკრძალული ჰქონდა. მამამისი უძრავი ქონებით ვაჭრობდა და მანქანა ნებისმიერ დროს მზად უნდა ყოფილიყო, რათა მას კლიენტებისთვის გასაყიდი მიწა ეჩვენებინა, რომელიღაც გაღმა ფერმაში. მამამისის ოფისი პირველი ეროვნული ბანკის შენობაში, მეორე სართულზე იყო, ხოლო მანქანა, ტრადიციულად, ამავე შენობის წინ იდგა. კრებსის მამა მანქანა ომის მერეც კი არ შეეცვალა.

ქალაქში ყველაფერი უცვლელი იყო გარდა აწ უკვე დაქალებული გოგონებისა. მათი ცხოვრება იმდენად მოეცვა წინდაწინ განსაზღვრულ ჯგუფურ კავშირებსა და მუდმივ სოციალურ წინააღმდეგობებს, რომ ურთიერთობის დასაწყებად კრებსს არც ენერგია ჰყოფნიდა და არც – გამბედაობა. ისე კი, თვალს მათკენ სიამოვნებით გააპარებდა ხოლმე. ლამაზები იყვნენ და თმა მოკლედ ჰქონდათ შეჭრილი. მაშინ, კრებსი ფრონტზე რომ გაიწვიეს, მოკლე თმა ბავშვებს ან თავისუფალი სექსის მოყვარულ გოგონებს თუ ექნებოდათ მხოლოდ. თხელი სვიტერების ქვეშ მათ პერანგები ეცვათ, ჰოლანდიური სტილის მომრგვალებული საყელოებით. ეს ყველაფერი ერთ დიდ ორნამენტს წააგავდა. კრებსი აივანზე იჯდა და გოგონებს ათვალიერებდა, გზის მეორე მხარეს ხეების ჩრდილს რომ მიუყვებოდნენ და ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ მოსწონს საყელოები, მათ სვიტრებიდან რომ ამოეწიათ, როგორ მოსწონს მათი აბრეშუმის ჩულქები და დაბალი უქუსლო ფეხსაცმელები, როგორ მოსწონს მათი აჩეხილი თმა და სიარულის მანერა.   

გოგონების მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა კრებსს არც იმ დროს განუცდია, როცა ქალაქში ცხოვრობდა, ჯერ კიდევ ომამდე. და არც მაშინ, მათ ბერძნების სანაყინესთან რომ ჩაუვლიდა ხოლმე. მათგან არაფერი სურდა, ისინი ხომ ზედმეტად ჩახლართულები იყვნენ. გული კრებსს სხვა რამისკენ მიუძგერდა. მას გოგონა აუცილებლად ეყოლებოდა, ამისათვის შრომა რომ არ ყოფილიყო გასაწევი. კრებსს არც დროის დახარჯვა უნდოდა რომელიმე გოგონას გულის მოსაგებად და არც ინტრიგის ძაფებში გაბმა. პაემნებზე სიარული ეზარებოდა და აღარც ტყუილების თქმა უნდოდა. ეს ყველაფერი უბრალო წვალებადაც კი არ ღირდა. მეტიც, მას ცხოვრება ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე განეზრახა. და სიმართლე ითქვას, არც გოგონა სჭირდებოდა დიდად. ამას ის ჯარში მიხვდა, სადაც ყველა სახლში მომლოდინე შეყვარებულზე ჰყვებოდა ამბებს.  ეს ხომ ჩვეულებრივი ტყუილი იყო და მეტიც, სულაც ვის სჭირდება მეგობარი გოგონა, ეს ხომ სასაცილოა? ეს ყველაფერი იმ ამბავს ჰგავდა, ერთი ბიჭი რომ ამბობდა გოგოები მკიდია, მათზე არც ვფიქრობ, ხელშეუხებელი ვარო, მერე კი გადაიფიქრა – გოგონების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, სულ უნდა მყავდეს, აბა გოგონას გარეშე როგორ დავიძინოო.

ეს ყველაფერი ამაო იყო. პირველი ამბავიც და მეორეც. გოგონა იქამდე არ გჭირდებოდა, სანამ მასზე არ დაფიქრდებოდი. კრებსი ამას ჯარში ყოფნისას მიხვდა. ადრე თუ გვიან, გოგონა აუცილებლად გამოჩნდებოდა. და გამოჩნდებოდა მაშინ, როცა ბიჭი მომწიფდებოდა. შეეძლო ამაზე არც კი ეფიქრა, როდისმე ეს ასე მოხდებოდა. ეს ყველაფერი კრებსს ჯარმა ასწავლა.

ისე კი, კრებსი არ იტყოდა უარს ისეთ ურთიერთობაზე, რომელსაც გოგონა დაიწყებდა და თან ზედმეტი ლაპარაკის გარეშე. მაგრამ აქ, სახლში, ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო და ამის თავიდან გავლა კრებსს აღარ შეეძლო. გერმანელ და ფრანგ გოგონებთან იყო ეგრე,  ლაქლაქის გარეშე. ლაპარაკი მაინც არ შეგეძლო დიდად, მაგრამ თან, არც გჭირდებოდა. მეგობრები იყავით და მორჩა, მარტივი იყო. კრებსი საფრანგეთზე ჩაფიქრდა, მერე კი გერმანია გაახსენდა. გერმანია მას უფრო მოსწონდა. კრებსს სახლში დაბრუნება არ უნდოდა. თუმცა, მაინც დაბრუნდა. და ახლა აივანზე იჯდა.

კრებსს ძალიან მოსწონდა გოგონები, გზის მეორე მხარეს რომ მისეირნობდნენ. ისინი ფრანგ და გერმანელ გოგონებსაც ერჩივნა. ოღონდ, გოგონები ერთ სამყაროში ცხოვრობდნენ და კრებსი – მეორეში. ის არ იტყოდა უარს, რომელიმე რომ მისი შეყვარებული გამხდარიყო, მაგრამ ამისათვის შრომის გაწევა არ უნდოდა. ერთად ეს გოგონები, ერთ მშვენიერ ორნამენტს ჰქმნიდნენ, რომელიც კრებსს ძალიან მოსწონდა. იყო ამაში რაღაც ამაღელვებელი. თუმცა, საუბარს ის არაფრის დიდებით არ დაიწყებდა. გოგონას ყოლა ხომ, ასე ძალიან არც უნდოდა. ისე კი, თვალს მაინც გააპარებდა ხოლმე მათკენ. არ ღირდა ურთიერთობის დაწყება. სულ მცირე ახლა, როცა ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდა.

კრებსი აივანზე იჯდა და ომის შესახებ დაწერილ წიგნს კითხულობდა. ისტორიული წიგნი იყო, იმ ყველაფრის აღწერით, რაც კრებსმა გამოიარა. ეს ყველაზე საინტერესო ტექსტი იყო, რომელიც მას ოდესმე წაეკითხა. ერთი იმაზე ფიქრობდა, წიგნში უფრო მეტი რუკა რომ არ იყო. ერთი სული ჰქონდა როდის წაიკითხავდა ისეთ წიგნს, რომელშიც მაგარი ამბების გარდა, დეტალური რუკებიც იქნებოდა. ომს ის მხოლოდ ახლა სწავლობდა. კრებსი ხომ კარგი ჯარისკაცი იყო. ეს ბევრ რამეს ცვლიდა.

ომიდან დაბრუნების ერთი თვის თავზე, კრებსის ოთახში დედამისი შემოვიდა და მის საწოლთან დაჯდა. მან თავის წინსაფარს ნაზად გადაუსვა ხელი.  გუშინ მამაშენს ველაპარაკე, ჰაროლდ, – თქვა დედამისმა, – საღამოობით მანქანის გაყვანის ნება დაგრთო.

— გუშინ მამაშენს ველაპარაკე, ჰაროლდ, – თქვა დედამისმა, – საღამოობით მანქანის გაყვანის ნება დაგრთო.

— ჰო? – კრებსი ნახევრადმძინარე იყო, – მანქანის გაყვანა შემიძლია, ჰო?

— ჰო. მამაშენს ეს დიდი ხნის წინ გადაუწყვეტია, მაგრამ მხოლოდ გუშინ შევთანხმდით, შენთვის რომ გვეთქვა.

— უეჭველად დააძალე, არა? – ჰკითხა კრებსმა.

— სულაც არა. ეს მამაშენის აზრი იყო, მას უნდოდა ამ თემაზე დაგველაპარაკა.  

— უეჭველად დააძალებდი, – კრებსი საწოლში ჩამოჯდა.

— სასაუზმოდ ჩამოხვალ, ჰაროლდ? – იკითხა დედამისმა.

— აი, ჩავიცმევ და ჩამოვალ, – უპასუხა კრებსმა.

დედამისი ოთახიდან გავიდა. კრებსმა ტანი დაიბანა, წვერი გაიპარსა და ტანსაცმელი ჩაიცვა. საჭმელს დედამისი ტაფაზე ამზადებდა. კრებსი საუზმეს შეექცეოდა, როცა მისმა დამ ფოსტა შემოიტანა.  

— აჰ, ჰარი! ასე ადრე რამ გაგაღვიძა, მძინარე მზეთუნახავო?

კრებსი საკუთარ დას მიაშტერდა. მას ის მოსწონდა. ის მისი საუკეთესო და იყო.

— გაზეთი ხომ არ შემოგიტანია? – იკითხა მან.

მან კრებსს „კანზას სითის ვარსკლავი“ გაუწოდა. კრებსმა გაზეთს ყავისფერი შემოსახვევი გააძრო და სპორტული ამბების გვერდზე გადაშალა. მან გაზეთი გადაკეცა და წყლის დოქს მიაყუდა, რათა საუზმის მირთმევის პარალელურად წაეკითხა.

— ჰაროლდ, – დედამისი სამზარეულოს კართან იდგა, – ჰაროლდ, გთხოვ, გაზეთი არ დაჭმუჭნო. ხომ იცი მამაშენის ამბავი?

— არ დავჭმუჭნი, – თქვა კრებსმა.

მაგიდას კრებსის და მიუჯდა, რომელსაც თვალი არ მოუშორებია საკუთარი ძმისგან, მთელი იმ დროის განმანვლობაში, სანამ ის გაზეთს კითხულობდა.

— დღეს სკოლაში სოფტბოლის თამაში მაქვს, – თქვა მან, – მე ვაწოდებ!

— კარგია, – თქვა კრებსმა. – მხარი როგორ გაქვს?

ბევრ ბიჭზე უკეთ ვაწვდი ბურთს. ყველას ვეუბნები, რომ ჩაწოდება შენ მასწავლე. სხვა გოგოებს დიდად არაფერი გამოსდით.

— ჰო? – იკითხა კრებსმა.

— მათ ჰგონიათ, რომ საყვარლები ვართ. ასე მე ვეუბნები. ხომ ვართ საყვარლები, ჰარი?

— ვითომ?

— რატომ არ შეიძლება რომ ჩემი ძმა თან ჩემი საყვარელიც იყოს?

— არ ვიცი.

— როგორ არ იცი! ხომ იქნებოდი ჩემი საყვარელი, ჰარი, მე რომ უფრო დიდი ვიყო?

— კი. ახლა ჩემი ხარ.

— მართლა შენი ვარ?

— მართლა.

— გიყვარვარ?

— აჰა.

— ყოველთვის გეყვარები?

— კი.

— ჩემი თამაშის საყურებლად მოხვალ?

— შეიძლება.

— აჰ, ჰარი, მე შენ სულაც არ გიყვარვარ! რომ გიყვარდე, ჩემს თამაშზე აუცილებლად მოხვიდოდი.

სასადილო ოთახში კრებსის დედა შემოვიდა. მან ორი შემწვარი კვერცხი, ხრაშუნა ბეკონი და წიწიბურას ნამცხვარი შემოიტანა.

— მარტო დაგვტოვე, ჰელენ, – თქვა მან, – ჰაროლდს მინდა დაველაპარაკო.

მან თეფში ჰაროლდის წინ დადო და შვილს ნეკერჩხლის სიროფი მოუტანა, წიწიბურას ნამცხვრისათვის. დედამისი მაგიდის მეორე მხარეს დაჯდა.

— იქნებ გადადო ეგ გაზეთი რამდენიმე წუთით, ჰაროლდ? – იკითხა მან.

კრებსმა გაზეთი დაკეცა და გვერდზე გადადო.

— გადაწყვიტე რისი გაკეთება გინდა, ჰაროლდ? – დედამისმა სათვალე მოიხსნა.

— არა, – უპასუხა კრებსმა.

— ხომ არ ფიქრობ რომ უკვე დრო დადგა? – დედამისს ეს ნიშნისმოგებით არ უთქვამს. ის გულწრფელად აღელვებული ჩანდა.  

— ამაზე ჯერ არ მიფიქრია, – უპასუხა კრებსმა.

— ღმერთი ყველას გამოუჩენს საქმეს, – თქვა კრებსის დედამ. – არ შეუძლება უფლის სამეფოში ვინმე უსაქმურად იყოს.

— მე არ ვარ მის სამეფოში, – თქვა კრებსმა.

— ყველანი მის სამეფოში ვართ.

კრებსი შეცბა და აღშფოთდა, ისე როგორც ყოველთვის.

— შენზე ძალიან ვღელავდი, ჰაროლდ, – არ ეშვებოდა დედამისი. – წარმომიდგენია რა ცდუნებების წინაშე დამდგარხარ. კაცები ხომ რომ ძალიან სუსტები არიან. შენთვის ვლოცულობდი, მახსოვს რას ყვებოდა მამაჩემი, შენი საყვარელი ბაბუა, სამოქალაქო ომზე. ახლაც კი, ჰაროლდ. შენთვის მთელი დღე ვლოცულობ.

კრებსი უყურებდა მის თეფშს, რომელზეც ბეკონის ცხიმი ნელ-ნელა მკვრივდებოდა.

— მამაშენიც ღელავს, – ცქაფავდა დედამისი. – მას ჰგონია რომ გზა აგებნა და აღარც ამბიცია შეგრჩა ხელთ. ჩარლი სიმონსიც შენი ასაკისაა, კარგი სამსახური აქვს და მალე ცოლსაც მოიყვანს. ბიჭები დაკაცნენ, ყველას საკუთარი მიზანი აქვს. ჩარლი სიმონსის ნაირი ბიჭები საზოგადოებას ძალიან გამოადგებიან.

კრებსს არაფერი უთქვამს.

— არ დანებდე, ჰაროლდ, – უთხრა დედამისმა. – გვიყვარხარ და ვღელავთ შენზე, სხვა არაფერი. არც მამაშენს უნდა შენი დაბრკოლება, მანქანის გაყვანის ნებართვაც ამიტომ მოგცა. გოგოებსაც შეგიძლია გაუარო, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება. გვინდა რომ ცხოვრებით ისიამოვნო, მაგრამ მუშაობაც მოგიწევს, ჰაროლდ. მამაშენს არ ადარდებს მუშაობას სად დაიწყებ, მისი აზრით ყველა სამსახური პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ სადმე უნდა მოეწყო… შეგიძლია შუადღით მამაშენს გაუარო, მის ოფისში.

— სულ ეს არის? – იკითხა კრებსმა.

— კი. ხომ გიყვარს შენი დედიკო, ხომ გიყვარს?

— არა, – უპასუხა კრებსმა.

დედამისი მაგიდის მეორე მხარეს იჯდა და შვილს უყურებდა. მისი პრიალა თვალები ცრემლით აივსო.

— მე არავინ მიყვარს, – თქვა კრებსმა.

საქმე ცუდად იყო. კრებსს ეს არ უნდა ეთქვა, დედამისისთვის მისი დამოკიდებულება არ უნდა ეჩვენებინა. ამის თქმა სისულელე იყო, მან ხომ დედამისს გული ატკინა. კრებსი დედამისთან მივიდა და მის მკლავს შეეხო. დედამისი თავჩარგული ტიროდა.

— მე ეს არ მიგულისხმია, – თქვა მან. – რაღაცაზე გავბრაზდი, სულაც არ მინდოდა იმის თქმა, რომ არ მიყვარხარ.

დედამისი კვლავაც ტიროდა. კრებმა მას მხარზე ხელი შემოხვია.

— რატომ არ გჯერა, დედა?

დედამისმა უარის ნიშნად თავი გააქნია.

— გთხოვ, დედა, გთხოვ დამიჯერო.

— კარგი, – მძიმედ თქვა დედამისმა და კრებს თვალებში შეხედა, – მჯერა შენი, ჰაროლდ.

კრებსი დედამისს თმაზე ეამბორა, მან კი თვალი თვალში გაუსწორა.

— მე ხომ დედაშენი ვარ, – თქვა მან, – პირველმა ჩაგიკარი გულში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყავი.

კრებსმა თავი შეუძლოდ იგრძნო, მას გული ერეოდა.

— ვიცი, დე, – თქვა მან. – შევეცდები კარგად მოგექცე.

— ილოცებ ჩემთან ერთად, ჰაროლდ? მოდი დავიჩოქოთ.

მათ სასადილო მაგიდასთან მუხლი მოიდრიკეს, კრებსის დედამ კი ლოცვა წარმოთქვა.

— ახლა შენი ჯერია, ჰაროლდ, – თქვა მან.

— არ შემიძლია, – თქვა კრებსმა.

— სცადე, ჰაროლდ.

— არ შემიძლია.

— გინდა შენს მაგივრად ვილოცო?

— კი.

დედამ მის მაგივრად ილოცა. ისინი ფეხზე წამოიმართნენ, კრებსი დედამისს ეამბორა და სახლიდან გავიდა. მას ასე ერჩივნა, საკუთარი ცხოვრების გართულება არ უნდოდა.  და მაინც, ეს მას გულთან ახლოსაც კი არ მიუტანია. მას დედამისი ეცოდებოდა და ისიც ადარდებდა, ტყუილის თქმა რომ დასჭირდა. განა არ შეეძლო კანზას სითიში სამსახური ეშოვნა და ამით დედამისის გული მოეგო? ცოტას კიდევ მოითმენდა. ერთხელ თუ მოუწევდა კიდევ ამ სპექტაკლის მოსმენა, მერე კი სახლიდან წავიდოდა. არც მამამისის ოფისში მივიდოდა. მხოლოდ ის უნდოდა, მისი ცხოვრება რომ მშვიდად წარმართულიყო. ყველაფერი ხომ სწორედ გაუმჯობესებაზე მიუთითებდა. თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. კრებსმა გადაწყვიტა, რომ სკოლაში წავიდოდა, ჰელენის სოფტფბოლის თამაშის სანახავად.