“დარაჯი” წარმოგიდგენთ ჯორჯ ორუელის გახმაურებული ესეს თარგმანს, რომელშიც ავტორი მწერლობის და პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულებაზე წერს.

მწერლის პოზიციის განხილვა სახელმწიფო კონტროლის ეპოქაში საკმაოდ ფართოდ გავრცელებული თემაა, თუმცა რელევანტური სამხილების უმრავლესობა ჯერ კიდევ მიუწვდომელია. არ მინდა გამოვხატო ჩემი შეხედულება სახელმწიფოს მიერ ხელოვნების მფარველობის შესახებ, თუმცა, მსურს მივუთითო, რომ სახელმწიფო მმართველობის ტიპი ნაწილობრივ დამოკიდებულია გაბატონებულ ინტელექტუალურ ატმოსფეროზე: ანუ ამ კონტექსტში, ერთი მხრივ, მწერლებისა და ხელოვანების დამოკიდებულებაზე და, მეორე მხრივ, მათ მზადყოფნაზე ან მოუმზადებლობაზე, რომ გადაარჩინონ ლიბერალიზმის სულისკვეთება. ათი წლის მერე ჟდანოვისნაირი კაცის წინაშე ქედმოხრილები მხოლოდ იმიტომ თუ აღმოვჩნდებით, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ.[1] ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილება, რასაკვირველია, უკვე აღინიშნება ინგლისურ ლიტერატურულ ინტელიგენციაში. თუმცა მე არ ვარ დაინტერესებული იმ ორგანიზებული და შეგნებული ისტორიული მოვლენით როგორიცაა კომუნიზმი, არამედ იმით, თუ რა ეფექტი აქვს კეთილი ნების, პოლიტიკურად აზროვნებისა და პოლიტიკური მიკერძოებულობის აუცილებლობას საზოგადოებაზე. 

ეს პოლიტიკური დროა. ომი, ფაშიზმი, საკონცენტრაციო ბანაკები, რეზინის ხელკეტები, ატომური ბომბები და სხვა, ჩვენი ყოველდღიური საფიქრალის ნაწილია და, შესაბამისად, ჩვენი ტექსტის თემის განმსაზღვრელიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას არ ვაღიარებთ. ამას ვერაფერს ვუზამთ. როცა ჩასაძირად განწირულ გემზე ხარ, მხოლოდ სხვა ჩაძირულ გემებზე შეგიძლია იფიქრო. ერთგულებანი, რომლებიც, თანდათანობით მაინც, არალიტერატურულად გარდაიქმნებიან, არა მხოლოდ ავიწროვებენ საკვლევ საგანს, არამედ სრულად განსაზღვრავენ ლიტერატურასადმი ჩვენს დამოკიდებულებას. ხშირად ვფიქრობ, რომ საუკეთესო დროებაშიც კი ლიტერატურული კრიტიკა თაღლითურია, რადგან საჯაროდ მიღებული სტანდარტების, ანუ გარეგანი ცნობის გარეშე რომლის მიხედვით წიგნი ‘კარგად’ ან ‘ცუდად’ მიიჩნევა, ნებისმიერი ლიტერატურული მსჯელობა სხვა არაფერია, თუ არა წესების შეთითხნა ინსტინქტური აზრის გასაბატონებლად. წიგნის წაკითხვის შემდგომ ადამიანის ბუნებრივი რეაქცია, თუ კი ის საერთოდ აქვს, არის „მომწონს ეს წიგნი“, ან „არ მომწონს ეს წიგნი“, ხოლო რაც ამას მოსდევს – რაციონალიზაციაა. თუმცა, „მომწონს ეს წიგნი“ არ არის არალიტერატურული რეაქცია; არალიტერატურული რეაქცია იქნებოდა „ეს წიგნი ჩემს მხარესაა და, შესაბამისად, მასში დამალული ღირსებები უნდა აღმოვაჩინო“. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ადამიანი ემოციურად გულწრფელი იყოს, როცა წიგნს პოლიტიკური მიზეზების გამო აქებს, რადგან შეიძლება ის მას მართლა ძლიერ მოსწონდეს, თუმცა უფრო ხშირად ამ აშკარა ტყუილს პარტია მისდამი სოლიდარობის დასადასტურებლად მოითხოვს. ეს ყველას გაცნობიერებული აქვს, ვინც კი წიგნების პოლიტიკური კონტექსტების მიმოხილვითაა დაინტერესებული. ჩვეულებრივ, იმ ნაშრომის შესახებ წერა, რომელსაც ეთანხმები – დავალებითი, ხოლო – რომელსაც არ ეთანხმები – დაუდევრობითი ცოდვაა. ყოველ შემთხვევაში, უამრავი საკამათო წიგნი – საბჭოთა რუსეთის, ზიონიზმისა თუ კათოლიკური ეკლესიის და ა.შ. სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ დაწერილი წიგნები – არა მხოლოდ წაკითხვამდეა გასამართლებული, არამედ დაწერადმეც კი. ადამიანმა წინასწარ იცის თუ როგორ შეხვდებიან მის ნაშრომს სხვადასხვა გაზეთში. თუმცა ადამიანი მაინც თვალს იქცევს იმით, რომ თითქოს, ლიტერატურულ სტანდარტებს გულწრფელად იყენებს. 

რასაკვირველია, პოლიტიკის ლიტერატურაში შემოჭრა გარდაუვალი იყო. ეს ტოტალიტარიზმის პრობლემის წინ წამოწევის გარეშეც მოხდებოდა, რადგან ჩვენ, ბებია-ბაბუების თაობისგან განსხვავებით, გაგვივითარდა ერთგვარი სინდისის ქეჯნა, გავაცნობიერეთ სამყაროს უზარმაზარი უსამართლობა და უბედურება და გაგვიჩნდა დარდი, რომ ამას რამე უნდა მოვუხერხოთ, რაც ცხოვრების მიმართ წმინდა ესთეტიკურ დამოკიდებულებას შეუძლებელს ხდის. ახლა ვერავინ დაუთმობს ლიტერატურას საკუთარ თავს ისე პირუთვნელად, როგორც ეს ჯოისმა[2] ან ჰენრი ჯეიმსმა[3] შეძლეს. თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ახლა საკუთარი თავის ორთოდოქსულობისთვის და პარტიული პოლიტიკისთვის დათმობას ნიშნავს, მთელი იმ სიმხდალითა და უპატიოსნობით, რომელსაც ეს გულისხმობს. ჩვენ, ვიქტორიანული ეპოქის მწერლებთან შედარებით, არახელსაყრელ მდგომარეობაში ვართ, რადგან ვცხოვრობთ ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური იდეოლოგიების დროს და, ჩვეულებრივ, ერთი შეხედვით, ვცნობთ ერეტიკულ აზრებს. თანამედროვე ლიტერატურული ინტელექტუალი ცხოვრობს და წერს მუდმივი შიშის ქვეშ – არა საზოგადოებრივი აზრის მხრიდან, ფართო გაგებით, არამედ საზოგადოებრივი აზრის მხრიდან მისივე ჯგუფის შიგნით. როგორც წესი, საბედნიეროდ, ასეთი ჯგუფები ერთზე მეტია, თუმცა ნებისმიერ დროს არის გაბატონებული დოქტრინა, რომლის წინააღმდეგ გასალაშქრებლად საკმაო გამბედაობაა საჭირო, რადგან ზოგჯერ ეს შემოსავლის ორჯერ შემცირებას გულისხმობს. აშკარაა, რომ უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმანვლობაში, მეარცხენეობა გაბატონებულ იდეოლოგიად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ძირითადი სიტყვებია „პროგრესული“, „დემოკრატიული“ და „რევოლუციური“, მაშინ როდესაც, „ბურჟუა“, „რეაქციონერი“ და „ფაშისტი“ ის იარლიყებია, რომლებიც ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა აირიდო. ჩვენს დროში ლამის ყველა, კათოლიკეების და კონსერვატორების უმრავლესობაც კი, თავს „პროგრესულად“ თვლის.როგორც ვიცი, არავინ აღწერს საკუთარ თავს როგორც „ბურჟუას“, ისევე, როგორც არც ერთი, ოდნავ განათლებული ადამიანი არ აღიარებს მის ბრალეულობას ანტისემიტურ დანაშაულში. თითოეული ჩვენგანი კარგი დემოკრატი, ანტიფაშისტი და ანტიიმპერიალისტია, ჩვენ გვძულს საზოგადოებრივ ფენებს შორის განსხვავებები, არ გვჯერა რასობრივი ცრურწმენების და ა.შ. უდავოა, რომ დღევანდელი მემარცხენე ორთოდოქსია სჯობს ოცი წლის წინ გაბატონებულ სნობურ, რელიგიურად გაჯერებულ კონსერვატიულ ორთოდოქსიას, რომლის დროსაც Criterion-ი[4] და London Mercury[5] წამყვანი ლიტერატურული ჟურნალები იყო. სულ მცირე იმიტომ, რომ „მემარცხენე“ იდეოლოგიის მიზანი იმ სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაა, რომელიც ნამდვილად სურს მოსახლეობის დიდ ნაწილს. თუმცა ამ იდეოლოგიას ასევე აქვს თავისი შეუსაბამობები, რომელთა არ აღიარება გარკვეულ საკითხებზე სერიოზულად საუბარს შეუძლებელს ხდის.

1944, © Alexei Kokorekin

მემარცხენე იდეოლოგია – მეცნიერული და უტოპიური, შექმნეს იმ ადამიანებმა, რომელთაც არ ჰქონდათ ძალაუფლების მოპოვების უშუალო პერსპექტივა. მაშასადამე, ის ჩამოყალიბდა ექსტრემისტულ იდეოლოგიად, რომელსაც სძულს მეფეები, სახელმწიფო, კანონი, ციხეები, პოლიციური ძალები, ჯარები, დროშები, საზღვრები, პატრიოტიზმი, რელიგია, ტრადიციული მორალი და, რეალურად, დღეს არსებული საგნებისა თუ იდეების მთელი კარკასი. რაც თავი გვახსოვს, ყველა ქვეყნის მემარცხენე ძალები, ერთი შეხედვით, დაუძლეველ ტირანიას იმ აზრით ებრძოდნენ, რომ მხოლოდ მისი, ანუ კაპიტალიზმის, დამარცხებით შეიძლება სოციალიზმის გაბატონება. ამას გარდა, მემარცხენე იდეოლოგიას ლიბერალიზმისგან მემკვიდრეობით ერგო ისეთი გამოკვეთილად საეჭვო იდეები, როგორიცაა რწმენა იმისა, რომ ჭეშმარიტება გაბატონდება; ადამიანების დევნა საკუთარ თავს ამოჭამს და იდეა, რომ ბუნებით კეთილი ადამიანი საკუთარი გარემოთია გარყვნილი. ამ პერფექციონისტული იდეოლოგიის სახელით, რომელმაც თითოეულ ჩვენგანში შეუპოვრობა წარმოშვა, ვაპროტესტებთ, მაგალითად, ლეიბორისტული მთავრობის მიერ „მეფის ქალიშვილთათვის“ მაღალი შემოსავლების დაკანონებას[6] ან მათ ყოყმანს ფოლადის ბიზნესის ნაციონალიზაციაზე. თუმცა ასევე, რეალობასთან თანმიმდევრული დაჯახებების შედეგად ჩვენს გონებაში უამრავი უღიარებელი წინააღმდეგობა დაგროვდა.

პირველი დაჯახება ბოლშევიკური რევოლუცია იყო. გარკვეული კომპლექსური მიზეზების გამო ინგლისელი მემარცხენეების თითქმის სრული შემადგენლობა რუსულ რეჟიმს სოციალისტურად მიიჩნევდა, თუმცა ამავდროულად ჩუმად აღიარებდა, რომ ამავე რეჟიმის სულისკვეთება და პრაქტიკაში განხორციელება საკმაოდ უცხოა ყველაფრისთვის, რასაც ინგლისში სიტყვა „სოციალიზმი“ გულისხმობს. შესაბამისად, წარმოიშვა ფიქრის, ერთგვარად, შიზოფრენიული მანერა, რომლის მიხედვითაც დემოკრატიის მსგავს ცნებებს ორი შეურიგებელი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, ხოლო საკონცენტრაციო ბანაკებისა და მასობრივი დეპორტაციების მსგავსი მოვლენები ერთდოულად კარგადაც შეფასდეს და ცუდადაც. შემდეგი უბედურება, მემარცხენე იდეოლოგიას რომ დაატყდა თავს, ფაშიზმის აღზევება იყო, რომელმაც მემარცხენე პაციფიზმისა და ინტერნაციონალიზმის დოქტრინა სახეუცვლელად შეარყია. გერმანულმა ოკუპაციამ ევროპელ ხალხს დაანახვა ის, რაც კოლონიურმა ძალებმა უკვე იცოდნენ: კლასობრივი ანტაგონიზმი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და რომ არსებობს იდეა, რომელსაც ეროვნული ცნობიერება ჰქვია. ჰიტლერის შემდეგ გართულდა იმ აზრის განმტკიცება, რომ „მტერი ჩვენსავე ქვეყანაში უნდა ვეძებოთ“ და რომ ეროვნული დამოუკიდებლობას ფასი არ აქვს. იმის მიუხედავად, რომ ეს ისედაც ვიცით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისად ვმოქმედებთ, ამის ხმამაღლა გაცხადება მაინც ღალატად მიგვაჩნია. და საბოლოოდ, უდიდესი წინააღმდეგობაა ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ ძალაუფლებას ახლა მემარცხენე ძალები ფლობენ, რომლებიც ვალდებულნი არიან ამას პასუხისმგებლობით მოეკიდონ და გულწრფელი გადაწყვეტილებები მიიღონ. 

© Peter Crnokrak

მემარცხენე ხელისუფლებები მათ მხარდამჭერებს ზედიზედ უცრუებენ იმედს, რადგან თითქმის არაფერს ამბობენ იმ არაკომფორტული ტრანზიტული პერიოდის შესახებ, რომელიც მაშინაც არსებობს, როცა მათ მიერ დაპირებული კეთილდღეობა რეალურად მიღწევადია. ჩვენი მთავრობა ამ წუთასაც კი სასოწარკვეთილი ეკონომიკური პოლიტიკით საკუთარ წარსულ პროპაგანდას ებრძვის. ეს კრიზისული მდგომარეობა, ახლა რომ სუფევს, არც მიწისძვრის მსგავსად მოულოდნელი და არც ომით გამოწვეული უბედურება არ იყო; ომმა ის მხოლოდ ააჩქარა. ათეულობით წლით ადრე შეიძლებოდა იმის განჭვრეტა, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა. მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ ჩვენმა ეროვნულმა შემოსავალმა, რომელიც ერთი მხრივ, საგარეო ინვესტიციების სარგებელზე, ხოლო მეორე მხრივ, კოლონიებში განაღდებული ბაზრის არსებობასა და იაფ ნედლეულზეა დამოკიდებული, საეჭვო სახე მიიღო. ნათელი იყო, რომ ადრე თუ გვიან რაღაც ცუდად დატრიალდებოდა და ჩვენ იძულებულნი გავხდებოდით, ჩვენი იმპორტი ექსპორტით გაგვებათილებინა: როცა ეს მოხდა, ცხოვრების დონე, მათ შორის მუშათა კლასის სოციალური პირობები, ბრიტანეთში დროებით საგრძნობლად გაუარესდა, თუმცა მემარცხენე პარტიებს, მაშინაც კი, როცა იმპერიალიზმს ხმამაღლა და ღიად უპირისპირდებობდნენ, ფაქტები დღის შუქზე არ გამოუტანიათ. დროდადრო, ისინი მზად იყვნენ ეღიარებინათ, რომ ბრიტანელმა მუშებმა გარკვეული სარგებელი მიიღეს აზიისა და აფრიკის გაძარცვით, თუმცა ისინი ამას ყოველთვის ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს ნაძარცვის გაცემის შემთხვევაშიც კი, როგორღაც, აყვავებულები რჩებოდნენ. სინამდვილეში სოციალიზმმა მუშათა კლასი ყველაზე მეტად იმის მითითებით გადმოიბირა, რომ ისინი ექსპლუატაციის მსხვერპლნი იყვნენ, თუმცა მწარე სიმართლეა ის გახლდათ, რომ სინამდვილეში, თვითონ იყვნენ ექსპლუატატორები. ჩვენ ახლა ყველა პარამეტრით მივაღწიეთ იმ ნიშნულს, რომლიდანაც მუშათა კლასის ცხოვრების დონის გაზრდა კი არა, მისი შენარჩუნებაც კი შეუძლებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მდიდრებს ამ წუთისოფელს გამოვასალმებთ, ხალხის მასამ ნაკლები უნდა მოიხმაროს ან მეტი შექმნას. ნუთუ მე ვაზვიადებ იმ უბედურებას, რომელშიც აღმოვჩნდით? – შეიძლება. მე მადლიერი დავრჩები, თუ კი ეს შეცდომა აღმოჩნდება. თუმცა იმის თქმა მსურს, რომ მემარცხენე იდეოლოგიის მხარდამჭერებთან ამ თემის გულწრფელად განხილვა, უბრალოდ, შეუძლებელია. ხელფასების შემცირება და სამუშაო საათების გაზრდა, იმთავითვე ანტისოციალური გადაწყვეტილებებია, შესაბამისად, წინდაწინვე, ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, უნდა იყოს უგულებელყოფილი. იმის თქმას, რომ ეს გადაწყვეტილებები გარდაუვალია, საშინელი იარლიყების მიკერება შეიძლკება მოჰყვეს. ბევრად უსაფრთხოა სადავო საკითხებისგან თავის დაღწევა და თავის მოჩვენება, რომ არსებული ეროვნული შემოსავლის გადანაწილებით ყველაფრის გამოსწორება შეგვიძლია. 

დოქტრინის ჭეშმარიტებად აღიარება ყოველთვის გადაუჭრელი წინააღმდეგობების მემკვიდრეობით მიღებას ნიშნავს. მაგალითისთვის იმ მოვლენას დაუკვირდით, ყველა მგრძნობიარე ადამიანი რომ ჯანყდება ინდუსტრიალიზაციასა და მის შედეგებს, თუმცა ამავდროულად, ისიც გაცნობიერებული აქვს, რომ სიღარიბის დამორჩილებასა და მუშათა კლასის ემანსიპაციას მეტი და მეტი ინდუსტრიალიზაცია სჭირდება. ან იმ მოვლენას დაუკვირდით, რომ არსებობს აბსოლუტურად საჭირო სამუშქაოები, რომლებიც გარკვეული ძალდატანების გარეშე არასდროს შესრულდება ან იმ მოვლენას დაუკვირდით, რომ შეუძლებელია საგარეო პოლიტიკა ძლიერი ჯარის გარეშე წარმატებულად წარმართო. მაგალითების გაასმაგება მარტივად შეიძლება. ყველა ასეთ შემთხევაში ის მარტივი დასკვნა არსებობს, რომლის გამოტანა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ადამიანი ოფიციალურად გაბატონებული იდეოლოგიის მიმართ არალოიალურია. პასუხგაუცემელი კითხვის გონებრივი ჯურღმულებში მიჩქმალვა და ურთიერთგამომრიცხავი მოდური სიტყვების გამეორება ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა. მიმოხილვებისა და ჟურნალების გადაქექვა ნამდვილად არაა საჭირო იმისათვის, რომ ასეთი ფიქრის შედეგებს მივაკვლიოთ. 

1960, © Smithsonian

კარგი, მაგრამ ამით ის ხომ არ უნდა დავასკვნათ, რომ ყველა მწერლის მოვალეობაა პოლიტიკიდან თავი შორს დაიჭიროს. რასაკვირველია, არა! როგორც უკვე აღვნიშნე, თანამედროვეობის მსგავს დროში არცერთ მოაზროვნე ადამიანს არ ძალუძს პოლიტიკას გულწრფელად ჩამოშორდეს. ჩემი ერთადერთი რჩევაა, უფრო მკაფიოდ განვასხვავოთ ჩვენი პოლიტიკური და ლიტერატურული სიმპათიები და ვაღიაროთ, რომ მზადყოფნა გარკვეულად საზიზღარი, მაგრამ საჭირო საქმეების აღსასრულებლად არ მოითხოვს შენი რწმენის გადათელვას. მწერალი პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს როგორც მოქალაქე და ადამიანი და არა როგორც მწერალი. მწერალი საკუთარი მგრძნობელობის გამო თავს არ უნდა არიდებდეს ყოველდღიურ ბინძურ პოლიტიკურ სამუშაოს. იგი, როგორც ნებისმიერი სხვა, მზად უნდა იყოს, თუკი ეს საჭირო გახდება, ლექციები ცივ აუდიტორიებში წაიკითხოს, ცარცით ტროტუარებზე დაწეროს, ამომრჩევლების ხმები მოიზიდოს, პროკლამაციები დაარიგოს და სამოქალაქო ომშიც მიიღოს მონაწილეობა, თუმცა, მწერალმა არადროს არ უნდა წეროს თავისი პარტიისათვის. მან თვალსაჩინო უნდა გახადოს, რომ წერა მისთვის სულ სხვა საქმეა. მას უნდა შეეძლოს დაუპირისპირდეს ოფიციალურად გაბატონებულ იდეოლოგიას ითანამშრომლოს მისოპონენტებთან. მან არასდროს არ უნდა უღალატოს საკუთარ გონებას, რადგან, შესაძლოა, ის ერეტიკოსად იქცეს; მას დიდად არ უნდა აწუხებდეს თუკი მისი არაორთოდოქსულობა გამოაშკარავდება, რადგან, დიდი ალბათობით, ეს ასეც მოხდება. თუ მწერალი რეაქციული მიდრეკელებებით არ გამოირჩევა, შესაძლებელია, ეს მისი ცუდი ნიშან-თვისება ჩაითვალოს, ისევე, როგორც ცუდი ნიშან-თვისება იყო კომუნიზმის დაწუნება, ოცი წლის წინათ. 

თუმცა ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ მწერალმა თავი უნდა აარიდოს არა მხოლოდ მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების ბრძანებებს, არამედ პოლიტიკის შესახებ წერასაც კი. კიდევ ერთხელ, რასაკვირველია – არა! არ არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა წეროს მწერალმა ცალსახად ყველაზე პოლიტიკურად, თუ კი მას ეს სურს. თუმცა ის უნდა წერდეს როგორც ინდივიდი, გარეშე ადამიანი, როგორც რეგულარული არმიის ფრონტზე მებრძოლი ყველაზე არასასურველი პარტიზანი. ეს დამოკიდებულება სავსებით თავსდება ჩვეულებრივ პოლიტიკურ საჭიროებასთან. საკმაოდ გონივრულია, მაგალითად, ადამიანი ომში წავიდეს, რადგან ამ ომის მოგების იმედის აქვს და ამავდროულად უარი თქვას საომარი პროპაგანდის შექმნაზე. თუკი მწერალი კეთილსინდისიერია ხანდახან მისი ნააზრევი და პოლიტიკური ქმედებები ურთიერთგამომრიცხავი იქნება. არის შემთხვევები, როცა ეს ძალიან არასასურველია, თუმცა ამ შემთხვევაში გამოსავალი პირადი იმპულსების ფალსიფიცირება კი არა, საკუთარი თავის გაჩუმებაა. 

შეთავაზება იმისა, რომ კონფლიქტებით გაწამებულ ეპოქაში მწერალმა თავისი ცხოვრება ორ ნაწილად უნდა დაყოს, კაპიტულანტურად ან ქარაფშუტულად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა გაუგებარია, როგორ შეიძლება მან სხვა პრაქტიკული გამოსავალი იპოვოს. სპილოს ძვლისაგან ნაგებ კოშკში საკუთარი თავის გამომწყვდევა შეუძლებელი და არასასურველია. საკუთარი თავის დათმობა არა თუ უბრალო პარტიული მანქანისთვის, არამედ ჯგუფური იდეოლოგიისთვისაც კი შემოქმედებითი იმპულსების თვითმკვლელობას ნიშნავს. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს მტკივნეული დილემაა, რადგან ვაღიარებთ პოლიტიკაში ჩართულობის აუცილებლობას, თუმცა ასევე ვხედავთ რა ბინძური და უღირსი საქმეა ის. ადამიანთა უმრავლოსობას კვლავაც ჯერა, რომ ყველა არჩევანი, მათ შორის პოლიტიკურიც, არჩევანია კარგსა და ცუდს შორის და თუკი რამ გადაუდებელ აუცილებელიობას წარმოადგენს, ის ასევე სწორიც უნდა იყოს. ვფიქრობ, ბავშვური გულუბრყვილობაა ასე მსჯელობა, და ის თავიდან უნდა ამოვიგდოთ. პოლიტიკაში ადამიანს არასდროს ძალუძს იმაზე მეტი, ვიდრე ორ ბოროტებას შორის ნაკლებ ბოროტებაზე არჩევანის გაკეთებაა. არსებობს გარემოებები, საიდანაც თავის დაღწევა მხოლოდ ეშმაკის ან გადარეულის ნიღბით შეიძლება. მაგალითად, ომი შესაძლოა აუცილებელი გახდეს, თუმცა ის ცალსახად არც სწორია და არც კეთილგონივრული. არჩევნებიც კი არ არის სასიამოვნო ან შემეცნებითი მოვლენა. თუ კი მსგავს საქმეში მონაწილეობა უნდა მიიღოთ, და ვფიქრობ რომ უნდა მიიღოთ, თუკი წარსულს, სიდებილესა ან ფარისევლობას არ ხართ ამოფარებულნი, მაშინ საკუთარი თავი ორ ცეცხლს შუა ურყევად უნდა შეინარჩუნოთ. ხალხის უმრავლესობისთვის პრობლემა სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს, რადგან მათი ცხოვრება უკვე გაყოფილია. ისინი ჭეშმარიტად ცოცხლები მხოლოდ მოცალეობის ჟამს არიან და მათ სამსახურებრივსა და პოლიტიკურ მოღვაწეობას შორის ემოციური კავშირი არ არის. 

1987, © Poster House Collection

ასევე, მათ არავინ სთხოვს საკუთარი თავი პოლიტიკური ლოიალობის დასამტკიცებლად გააუფასურონ. ხელოვანს, განსაკუთრებით კი მწერალს, მუდამ ამას სთხოვენ; მართლაც, ეს ერთადერთია, რასაც პოლიტიკოსებისგან მწერალს მოეთხოვება. ამაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ ის უმოქმედობისთვის გაკიცხავენ. მისი არსების ნახევარი არსობრივად მთელია და სრულყოფილი. მას შეუძლია იმოქმედოს მტკიცედ და ისე მძვინვარედაც კი, როგორც ნებისმიერ სხვას. მისი ნაწერები კი, თუკი ისინი ღირებულია, ყოველთვის იქნება ნაყოფი მისი არსების კეთილგონიერი, მაგრამ განცალკევებული ნახევრისა, რომელიც იწერს მომხდარს და აღიარებს მის აუცილებლობას, თუმცა საკუთარი ჭეშმარიტი ბუნების წაბილწვაზე უარს ამბობს. 


[1] იგულისხმება საბჭოთა კომუნისტური პარტიის ლიდერი და სახელმწიფო ცენზურის დოქტრინის შემქმნელი ანდრეი ჟდანოვი. 

[2] იგულისხმება ირლანდიელი მწერალი ჯეიმს ჯოისი (1882 – 1941).

[3] ჰენრი ჯეიმსი – ინგლისელ-ამერიკელი მწერალი (1843 – 1916), მიიჩნევა მთავარ ფიგურად ლიტერატურული რეალიზმიდან ლიტერატურულ მოდერნიზამდე გარდამავალ პერიოდში.

[4] Criterion – ტ. ს. ელიოტის რედაქტორობით გამოცემული ბრიტანული ლიტერატურული ჟურნალი (1922 – 1939).

[5] London Mercury – ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი (1919 – 1939)

[6] იგულისხმება ე. წ. King’s Daughters – დაახლოვებით 800 ახალგაზრდა ფრანგი გოგონა, რომლებიც საფრანგეთის მეფის ლუი მეთოთხმეტეს ფინანსური მხარდაჭერით საფრანგეთში ჩამოიყვანეს.