წაიკითხეთ ჯორჯ ორუელის გახმაურებული ესეს თარგმანი WATCHMAN.GE-ზე.

ადრეული ასაკიდანვე, ესე ხუთი თუ ექვსი წლიდან, ვიცოდი რომ როცა გავიზრდებოდი, მწერალი უნდა გამოვსულიყავი. ჩვიდმეტიდან ოცდაოთხ წლამდე ამ ფიქრის ჩახშობას ვცდილობდი, თუმცა, გააზრებული მქონდა რომ ბუნებას წინ ვერ აღვუდგებოდი და, ადრე თუ გვიან, წიგნების წერას მაინც დავიწყებდი. 

შუათანა ბავშვი ვიყავი – ორივე მხრიდან ხუთი წლით დაშორიშორებული. რვა წლის ასაკამდე მამაჩემიც იშვიათად მენახა. ამ და სხვა მიზეზების გამო რაღაცნაირად მარტოსული ვიყავი, რამაც განსხვავებული მანერები ჩამომიყალიბა და სკოლაში არაპოპულარულ ბავშვად მაქცია. სხვა მარტოსული ბავშვებივით, მეც პერსონაჟებს გამოვიგონებდი ხოლმე. ვფიქრობ, ლიტერატურასადმი ჩემი მისწრაფება დასაწყისშივე გარიყულობითა და დაუფასებლობით იყო გაჟღენთილი. სიტყვების მიმართ მიდრეკილებამ და პრობლემების გადალახვის ძალამ იმ პირადულ სამყაროში ჩამაგდო, სადაც ყოველდღიურობაში დაშვებულ საკუთარ შეცდომებზე ჯავრს ამოვიყრიდი. ამის მიუხედავად, ბავშვობასა და ახალგაზრდობაში, ჩემი მტკიცე განზრახვით შექმნილი ნაწერი ოციოდე გვერდს თუ შეადგენდა მხოლოდ. პირველი ლექსი – ოთხი თუ ხუთი წლისამ რომ დავწერე – დედამ ჩემი კარნახით ჩაიწერა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ლექსი ვეფხვზე იყო, რომელსაც სკამის ფორმის ეშვები ჰქონდა; ბლეიკის ‘ვეფხვის’ კალამგირობა გამომივიდა.[1] პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, თერთმეტი წლის რომ ვიყავი, პატრიოტული ლექსი დავწერე, რომელიც ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნეს. ორი წლის შემდეგ, იქვე, კიტჩენერის სიკვდილზე დაწერილი ლექსიც გამოჩნდა.[2] ოდნავ რომ წამოვიზარდე, დროდადრო, უხეირო და ძირითადად დაუმთავრებელ ლექსებს ვწერდი ჯორჯიანული მიმდინარეობის კვალდაკვალ. მოთხრობის დაწერაც ვცადე, თუმცა ორივეჯერ საშინელი მარცხი ვიგემე. სულ ეს იყო იმ, თითქოს მნიშვნელოვანი ნაშრომების ერთობლიობა, რომლებიც იმ წლების განმანვლობაში რეალურად ჩემი ხელიდან გამოვიდა.

ასე თუ ისე, ამ დროის განმანვლობაში, ლიტერატურულ საქმიანობაში მაინც ვიყავი ჩართული. იყო შეკვეთები, რომელთაც სწრაფად, ადვილად და ჩემთვის უსიამოვნოდ ვასრულებდი. საშინაო დავალების გარდა, შიგადაშიგ ნახევრად-კომიკურ ლექსებსაც ვწერდი გასაოცარი სიჩქარით.[3] თოთხმეტი წლისამ, ერთ კვირაში, არისტოფანეს მიბაძვით გარითმული პიესა დავწერე. ასევე საბრალო და აბსურდულ სასკოლო ჟურნალებს ვარედაქტირებდი. ახლაც კი, ყველაზე იაფფასიანი ჟურნალიზმით უფრო მეტად შევიწუხებ თავს, ვიდრე იმ გაზეთით. თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად, თხუტმეტი ან მეტი წლის განმავნლობაში, ლიტერატურაში განსხვავებულად ვიწაფებოდი: ჩემს საკუთარ ამბავს ფურცელზე არარსებულ, გონებრივ დღიურში ვიწერდი. მგონია, რომ მსგავსი ჩვევები ხშირია ბავშვებსა და მოზარდებში. ადრეულ ასაკში თავს რობინ ჰუდად – ამაღელვებელი თავგადასავლების გმირად წარმოვიდგენდი, თუმცა მალევე, ჩემმა ამბებმა ნარცისტული ელფერი იცვალა და ქმნილისა და ნანახის უბრალო დახასიათებებად გადაიქცა. გონებაში ასეთი რამ გამიელვებდა ხოლმე: „მან კარი გააღო და ოთახში შემოვიდა. ბამბის მსუბუქი ფარდით შეთხელებული მზის ყვითელი სხივი მაგიდას გვერდულად ეცემოდა. სამელნესთან ნახევრად გახსნილი ასანთის ყუთი იდო. კაცი ფანჯარას მიუახლოვდა. მას მარჯვენა ხელი შარვლის ჯიბეში დაემალა. ქუჩაში, კუსებრი შეფერილობის კატა მკვდარ ფოთოლს მისდევდა.“ ეს თვისება ოცდახუტ წლამდე მომყვა. იმის მიუხედავად, რომ ვცდილობდი სათქმელისავის სწორი სიტყვები შემერჩია, დახასიათებებს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვწერდი, თითქოს, გარედან მაიძულებდა ვინმე. გონებრივი დღიურის იმდროინდელი ამბები, სავარაუდოდ, ჩემი საყვარელი ავტორების მხატვრულ სტილებს ირეკლავდა, თუმცა ყველას, მაინც, ზუსტი დახასიათებები აერთიანებდა.

დაახლოებით თექვსმეტი წლისამ, უბრალო სიტყვებში, ანუ მათ ჟღერადობასა და ურთიერთკავშირებში, მხიარულება აღმოვაჩინე. სტროფი ‘დაკარგული სამოთხიდან’, 

So hee with difficulty and labour hard
Moved on: with difficulty and labour hee,

რომელიც ახლა შესანიშნავად სულაც არ მეჩვენება, ადრე ჟრუანტელს მგვრიდა; ‘he’-ს მაგივრად დაწერილი ‘hee’ კი, სიამოვნებას მანიჭებდა.[4] ამავდროულად, სრულიად ვხვდებოდი ლიტერატურული აღწერის საჭირობას. ასევე, ნათელი იყო თუ როგორი წიგნების წერა მინდოდა, თუ კი, რა თქმა უნდა, ამას წიგნების წერის სურვილი ერქვა. მსურდა უზარმაზარი ნატურალისტური რომანები დამეწერა ბედშავი დასასრულით, რომელიც სავსე იქნებოდა დეტალური აღწერებით, დამატყვევებელი შედარებებითა და მდიდრულად მორთული აბზაცებით, რომლებშიც ნაწილობრივ, სიტყვები მხოლოდ მათი ჟღერადობის გამო აღმოჩნდებოდა. ჩემი პირველი დასრულებული რომანი – ‘ბურმული დღეები’ – რომელიც ოცდაათი წლისამ კი დავწერე, მაგრამ წლებით ადრე წარმოვსახე, სწორად ასეთი წიგნია. 

“I Love You Big Brother”, © Dann Lewis

მთელ ამ ინფორმაციას იმიტომ გაწვდით, რომ შეუძლებელი მგონია ავტორის სალიტერატურო მოტივების შეფასება მისი ადრეული განვითარების შეუცნობელად. ტექსტის თემა აუცილებლად განისაზღვრება იმ დროებით რომელშიც ის ცხოვრობს; სულ მცირე ჩვენნაირ ხმაურიან და ცვალებად წლებში. ემოციური დამოკიდებულება კი, რომელსაც სრულად ვერასდროს გაექცევა, მას წერის დაწყებამდე უყალიბდება. რასაკვირველია, უმწიფარ ეტაპზე ჩარჩენისგან თავის დასაღწევად და სიჯიუტის გადასალახავად, მწერლმა თავისი ხასიათი სათანადოდ უნდა გაწვრთნას, მაგრამ თუ კი საკუთარ ადრინდელ გავლენებს სრულად ჩამოშორდება, ამით წერის სურვილსაც მოუღებს ბოლოს. ვფიქრობ, რომ ფულის შოვნის გარდა, მწერლობას, სულ მცირე პროზას, ოთხი დიადი მოტივი ამოძრავებს. ავტორებში ისინი განსხვავებული ინტენსივობით გვხვდება; მათი ურთიერთშეფარდება კი, დროთა განმანვლობაში, საცხოვრებელ ატმოსფეროსთან ერთად მერყეობს. ოთხი დიადი მოტივია: 

1. ხალასი ეგოიზმი, ანუ წადილი რომ გამოჩნდე ჭკვიანი, ხალხმა შენზე ილაპარაკოს და მათ სიკვდილის მერე ახსოვდე, სურვილი იმ ზრდასრულებზე გალაშქრების, ვინც ბავშვობაში გამცირებდა და ა.შ. ხალასი ეგოიზმის ძლიერ მოტივად არ აღიარება ნამდვილი შეცდომაა. ეს თვისება მწერლებს მეცნიერებთან, მხატვრებთან, პოლიტიკოსებთან, იურისტებთან, ჯარისკაცებთან და წარმატებულ ბიზნესმენებთან აერთიანებს – ერთი სიტყვით, კაცობრიობის უმაღლეს ფენასთან. ხალხის უმეტესობა ხალასი ეგოიზმით არ გამოიჩევა. ოცდაათი წელს რომ გადასცდებიან, ისინი საკუთარ ამბიციას მიატოვებენ ხოლმე და ძირითადად სხვებისთვის ცხოვრობენ ან სულაც მონური სამუშაოსგან იხრჩობიან. თუმცა, არსებობს უმცირესობა იმ ნიჭიერი და ნებისყოფიანი ხალხისა, ვისაც ცხოვრება ბოლომდე გადაეწყვიტა; მწერლებიც ამ ფენას მიეკუთვნებიან. სერიოზული მწერლები კი, უნდა აღვნიშნო, ჟურნალისტებზე მეტად თვითშეპყრობილნი, თუმცა ფულით ნაკლებად დაინტერესებულნი არიან. 

2. ესთეტიური აღფრთოვანება, ანუ სილამაზის აღქმა გარე სამყაროში ან,სულაც,სიტყვებსა და მათ რიგიან მოწყობაში. ბგერების ერთმანეთზე ზემოქმედებით, კარგი პროზის ცხოველმყოფელობით, ან ლაზათიანი ამბის რითმით გამოწვეული სიამოვნება. წადილი იმ ღირებული გამოცდილების გაზიარებისა, რომელიც არავინ უნდა გამოტოვოს.  უამრავ ავტორში, ესთეტიური მოტივი საკმაოდ მოუძლურებულია, თუმცა პამფლეტერსაც და სახელმძღვანელო წიგნების ავტორსაც კი აქვს საყვარელი სიტყვები და ფრაზები, რომლებიც არა-უტილიტარიანული მიზეზების გამო ხიბლავს; ზოგს ტიპოგრაფია, ზღვრების სიგანე, ან კიდევ სხვა რამე ეამება. რკინიგზის მიმოსვლისა და დაგეგმარების სახელმძღვანელოს გარდა, არცერთი წიგნი არ არის ესთეტიური გავლენისგან სრულიად თავისუფალი. 

3. ისტორიული იმპულსი, ანუ რამის მიუკერძოებლად ხილვის, ჭეშმარიტი ცნობების აღმოჩენის და მათი საშთამომავლოდ გადანახვის წადილი.

4. პოლიტიკური მნიშვნელობა – ‘პოლიტიკური’ ყველაზე ფართო გაგებით. სურვილი სამყარო გარკვეული გზით განავითარო და ადამიანებს საზოგადოების სასურველობაზე წარმოდგენა შეუცვალო. კვლავ აღვნიშნავ რომ არცერთი წიგნი არ არის პოლიტიკური გავლენისაგან სრულიად თავისუფალი. ის აზრი რომ ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, თავისთავად პოლიტიკური განცხადებაა. 

ეს განსხვაებული, ერთმანეთთან მუდმივ ბრძოლაში ჩართული იმპულსები ადამიანიდან – ადამიანში და დროებიდან – დროებაში ლავირებენ.  ბუნებით – თუკი ბუნებას ზდასრულობის პირვანდელ მდგომარეობას ვუწოდებთ – მე ვარ ადამიანი, რომელშიც პირველი სამი მოტივი მეოთხეს გადაწონის. მშვიდ დროში რომ მეცხოვრა, ალბათ დეტალებით გამშვენებულ ან ცალსახად აღწერით წიგნებს დავწერდი და თან, არც საკუთარ პოლიტიკურ განწყობილებებს გავიცნობდი. ასე თუ ისე, იძულებული გავხდი ერთგვარ პამფლეტერად ვქცეულიყავი. თავდაპირველად ხუთი წელი არაშესაფერის სამსახურში გავატარე (ინდოეთის იმპერიული პოლიცია, ქ. ბურმა), ხოლო შემდეგ სიღარიბე და პიროვნული მარცხიც ვიგემე. ამან თანამდებობის პირების მიმართ ჩემი ზიზღი გააღვივა და მუშათა კლასის არსებობაზე მიმახვედრა, ხოლო ბურმაში ჩემმა სამსახურმა იმპერიალიზმის ბუნება გამაცნო; თუმცა, ეს გამოცდილება მაინც არ მყოფნიდა კონკრეტული პოლიტიკური ორიენტაციის მისაღებად. შემდეგ ჰიტლერი მოვიდა, გაჩახდა ესპანეთის სამოქალაქო ომი და ა.შ. მყარი გადაწყვეტილება 1935 წლის ბოლოსთვისაც ვერ მიმეღო. მცირე ლექსი მახსენდება, რომელიც მაშინ ჩემი დილების გამოსახატად დავწერე:

ვიქნებოდი ბედნიერი მღვდელი,
მე ორასი წელიწადის წინ,
ფიქრში, მარადისობაზე ბჭელი, 
კაკლის ბაღში – ხისა წინ.

მაგრამ ვაი, ავ დროს დაბადებულმა,
მე ეს სამოთხე დავკარგე.
სახეს მიმშვენებს წვერ-ულვაში, 
რომელიც მღვდლებს არააქვთ ზედ. 

კვლავ ბედნიერ დროს შევეგებეთ, 
მხიარულება დაგვადგა ზედ, 
და იავნანით მივაძინეთ
ავი ფიქრები ხისა მკერდსა ზედ. 

უვიცი, მაგრამ გაბედული,
სალბუნს განა ვუფრთხოდი მე? 
და სკვინჩა ვაშლის ტოტსა მჯდომი, 
ჩემ მტრებს ცახცახს მოჰგვრიდა ზედ. 

გოგონები გარგარივით მუცლებით, 
ნაკადულს კი კუდმერცხალა მიჰყვება, 
ალიონზე აფრენილან იხვები – 
სევდიანად ჩვენ ოცნება გვიყვება.

ოცნება ჩვენ კი აგვიკრძალეს;
სალბუნსა ვკლავთ ან ვმალავთ ჩვენ;
ცხენები გახდნენ უჟანგავ ფოლადის, 
რომელთაც დუგეჯები მართავენ. 

ის ჭია ვარ, ვინც სისხლს არ იღებს,
უსაქმო საჭურისი – მე;
არც კომისარი და არც კი მღვდელი.
იუჯინ არამივით ვარ მე. 

კომისარი ჩემ ბედ-იღბალს მიყვება, 
ფონად კი რადიო მღერის.
მღვდელს მანქანა კი წინ დახვდება – 
სულ დაგისთან თამაშობს ის. 

ოცნებად მქონდა მარმარილოს სახლი, 
და მართლაც შინ აღმოვჩნდი მე.
სხვა დროში რად არ დავიბადე? 
და სმიტი? ჯონსი? თუნდაც შენ? 

ჩემი ადგილი ესპანეთის სამოქალაქო ომმა და 1936-37 წლებში განვითარებულმა სხვა მოვლენებმა მაპოვნინა. 1936 წლის შემდეგ შექმნილი სერიოზული ნაშრომების თითოეულ წინადადებას, პირდაპირად თუ ირიბად, ტოტალიტარიზმის წინააღდმეგ და დემოკრატიული სოციალიზმის ჩემებური ხედვის დასაცავად ვწერდი. ჩვენნაირ დროებაში მსგავსი თემებისთვის თავის არიდება უაზრობად მეჩვენება. შეპარვით თუ ღიად, ამ თემებზე ყველა წერს – განსხვავება მხოლოდ მხარეთა გადანაწილებასა და წერის ხერხებშია. რაც მეტად იცნობს ადამიანი საკუთარ პოლიტიკურ განწყობილებებს, მით მეტად შეუძლია პოლიტიკური ნაბიჯები საკუთარი ესთეტიური და გონებრივი მთლიანობის შეურყეველად გადადგას.

უკანასკნელი ათი წლის განმანვლობაში, პოლიტიკური ნაწერის ხელოვნების ნიმუშად გადაქცევას ვლამობდი. საწყის წერტილად, ყოველთვის, უსამართლობასთან ბრძოლის აუცილებლობა მესახება. წიგნის წერას იმ განწყობით არ ვიწყებ, რომ ხელოვნების ნიმუშს შევქმნი. ვწერ იმიტომ, რომ მინდა გარკვეულ ტყუილებს ფარდა ავხადო და სხვების ყურადღება რაღაც ფაქტზე გავამახვილო; ჩემი თავდაპირველი მიზანია ხალხი სმენად ვაქციო. თუმცა, წერა რომ ესთეტიური საქმე არ იყოს, ვერც წიგნს და ვერც ჟურნალის მოგრძო სტატიას დავწერდი. ნებისმიერი, ვისაც ჩემი ნაწერი ადარდებს, აღმოაჩენს, რომ ის შეიცავს უამრავ ისეთ ინფორმაციას, რომელსაც სტაჟიანი პოლიტიკოსი უადგილოდ ჩათვლის მაშინაც, როცა ის აშკარა პროპაგანდაა. ბავშვობაში შეძენილ მსოფლხედვას ვერ და არ მივატოვებ. პროზის მიმართ ვნებით იქამდე აღვივსები, დედამიწის ზედაპირს იქამდე შევიყვარებ და მყარი ობიექტებითა და უაზრო ნაჯღაბნებით იქამდე ვისიამოვნებ, სანამ ცოცხალი და ჯანმრთელი ვიქნები. საკუთარი თავში ამ პიროვნული ნაწილის ჩახშობა ნამდვილი აბსურდია. მთავარ მიზნად პიროვნებაში ღრმად ჩაფლული ხალისისა და უხალისობის დაძმობილება უნდა დავისახოთ იმ არსებითად საჯარო, არაინდივიდუალურ საქმიანობასთან, რომელსაც ჩვენი დროება აწესებს.

Julia Wytrazek / © Culture Trip

ამ მიზნის მიღწევა იოლი არ არის. ჩნდება წესწყობილებისა და სალიტერატურო ენასთან დაკავშირებული პორბლემები; დამაჯერებლობა კი, ახლებურ ჭრილში განიკითხება. სირთულის სიღრმისეულად შესაცნობად ერთ მაგალითს მოვიყვან: ჩემი წიგნი ესპანეთის სამოქალაქო ომის შესახებ – „პატივი კატალონიას“ – ცალსახად პოლიტიკური ნაშრომია, რომელიც მოკლებულია სუბიექტურ მიჯაჭვულობას და დაწერილია სტრუქტურისადმი პატივისცემით. შევეცადე სიმართლე სამწერლო ალღოს შეურყეველად აღმეწერა. სხვა ყველაფერთან ერთად, წიგნში ერთი თავია, რომელშიც ფრანკოსთან [4] შეთქმულებაში ბრალდებულ ტროცკისტებს გაზეთებიდან ამოღებული ციტატებით ვამართლებ. ცხადია რომ ასეთი თავი, რომელიც ორიოდ წლის მერე საშუალო მკითხველს აღარ დააინტერესებს, წიგნს აუცილებლად წაახდენს. ერთმა პატივსაცემმა სალიტერატურო კრიტიკოსმა ამის შესახებ ლექციაც კი წამიკითხა: „ეს ყველაფერი წიგნში რატომ მოათავსე?“- მკითხა და დაამატა, – „კარგი წიგნი ჟურნალისტიკად აქციე“. კრიტიკოსი მართალი იყო, თუმცა არც მე შემეძლო წიგნი სხვაგვარად დამეწერა. ისეთი რამ ვიცოდი, რაც ინგლისში მხოლოდ მცირედს შეეძლო სცოდნობდა – რომ, უდანაშაულო ხალხს ყალბ ბრალდებას უყენებდნენ. ეს ბრაზი რომ არა, წიგნსაც არასდროს დავწერდი.

ეს პრობლემა, განსხვავებული ფორმებით, კვლავ იჩენდა თავს.  სალიტერატურო ენის საკითხი უფრო დელიკატურია და გასახილველად მეტ დროს მოითხოვს; მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ წლების მატებასთან ერთად ვცდილობდი ნაკლები ხატოვანებითა და მეტი სიზუსტით დამეწერა. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ მომენტისთვის როცა წერის გარკვეულ სტილს დახვეწავ, ის შენთვის უკვე დრომოჭმული იქნება. „ცხოველების ფერმა“ ჩემი პირველი ნაწარმოებია, რომელშიც სრულიად გააზრებულად ვცადე პოლიტიკური მნიშვნელობა და არტისტული მიზანი გამერთიანებინა. უკვე შვიდი წელია, რაც რომანი არ დამიწერია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ახალს საკმაოდ მალე დავასრულებ. გარკვეულწილად ვიცი როგორი წიგნის დაწერა მინდა, თუმცა რასაკვირველია, ისიც, ნებისმიერი სხვა წიგნივით, ფიასკო იქნება. 

უკანსკნელ გვერდებზე ისე გამოჩნდა, თითქოს ჩემი სამწერლო მოტივები, მხოლოდ და მხოლოდ, საზოგადოებრივი დაკვეთითაა განპირობებული. არ მინდა საბოლოოდ ასეთი შთაბეჭდილება დავტოვო. ყველა მწერალი გაბღენძილი, ეგოისტური და ზარმაცია; მათი მოტივების სიღრმეში კი, იდუმალება იმალება. წიგნის წერა ისეთივე შემზარავი და დამქანცველია, როგორიც მტანჯველი დაავადების უეცარი შეტევა. არასდროს აირჩევდა ადამიანი მსგავს ხელობას, მის უკან შეუცნობელი  და დაუძლეველი დემონი რომ არ მდგარიყო.  ეს დემონიც ხომ იგივე ინსტინქტია, რომელიც ბავშვს ყურადღების მისაბყრობად ააკივლებს ხოლმე. თუმცა, ისიც სიმართლეა რომ ღირებული ნაწერის შექმნა, ადამიანს, მხოლოდ საკუთარ პიროვნებასთან მუდმივი ბრძოლის წყალობით შეუძლია. კარგი პროზა ხომ ფანჯრის მინასავითაა. დაზუსტებით ვერ ვიტყვი თუ რომელი მოტივებია ჩემში მომძლავრებული, თუმცა ვიცი რომლებია მიდევნების ღირსი. საკუთარი ნაშრომების შემხედვარე ვხვდები, რომ პოლიტიკურ მნიშვნელობას მოკლებული წიგნები სრულიად უსიცოცხლო გამომდიოდა, ხოლო მე თვითონ, მდიდრულად მორთული აბზაცების, აზრს მოკლებული წინადადებებისა და დეკორატიული ზედსართავების თვალთმაქცობამ შემიტყუა.  


[1] იგულისხმება უილიამ ბლეიკის ლექსი „ვეფხვი“ (ორიგინალში The Tyger)

[2] იგულისხმება ბრიტანეთის იმპერიის მარშალი ჰერბერტ კიტჩენერი.

[3] იგულისხმება ე.წ. vers d’occasion

[4] ავტორს მაგალითად მოჰყავს არქაული ინგლისური ორთოგრაფიის ნიმუში, რომელიც თარგმანს არ ექვემდებარება.

[5] ფრანსისკო ფრანკო – ესპანეთის დიქტატორი 1939-1975 წლებში.