ყოველთვის მშურდა მათი, ვინც 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უყურა. მე იმ დროს ექვსი წლისა ვიყავი და, როგორც ჩანს, სხვა ინტერესები მქონდა. მხოლოდ ბრაზილიელთა ყვითელი დამამახსოვრდა. მცირე დეტალია საჭირო საყვარელი გუნდის ასარჩევად, პირველი ძლიერი შთაბეჭდილებისას აკეთებ არჩევანს და ქომაგობ მერე სიხარულისა თუ მწუხარების ჟამს. როგორც ქორწინებისას იტყვიან ხოლმე. ესეც ერთგვარი ქორწინებაა, ამასთან ერთად ცხოვრობ და განქორწინებებიც ხდება ხოლმე, ჰოდა, მე და ბრაზილია გავეყარეთ.

სიხარულში ვერ აღმოვჩნდით ერთად

2002 წელს მოხდა ეს ამბავი, როცა ჩემი საფეხბურთო იდეალი, ფეხებდაღრეცილი რივალდო და სადღაც ჯოჯოხეთიდან მობრუნებული რონალდო ერთად გავიდნენ მსოფლიოს დასაპყრობად, იქვე იყო ლაწირაკი ჯადოქარი, და ფლანგები რასაკვირველია, ბრაზილიელთა გაშლილი ფრთები! რობერტო კარლოსი პატარ-პატარა ქართული გასმებით, იყო ამაში რაღაც სულაბერიძისეული, ოღონდ დაკუნთული ფეხებით.

ეს სულ საზეიმო ხალხია. სათადარიგოთა შორის, მაყურებლის როლში, ჯერ კიდევ უცნობი კაკა იჯდა, უკვე მაგრად გაჭრილი რელიგიურ წიაღსვლებში. ჩვენ არ ვიცოდით ვინ იყო, სამაგიეროდ, იმ კაცმა იცოდა, ჯინ ჰეკმანს რომ ჩამოჰგავს თავაზიანი ულვაშით. აღზრდაში მაგარია. მისი გვარიც აქედან მოდის, სკოლარის წინაპრები ფაველებში სკოლებს აშენებდნენ.

2002 წლის მუნდიალის ხსენებისას ხალხი დღემდე სამჯერ იფურთხება. უხსენებელივით არის. ეგეთი კოშმარი იმის მერე არ მომხდარა, მანამდე კი მომხდარა, მაგრამ ფაშისტური ამბების ფონზე, წინასწარ გრძნობდა ყველა დუჩე რაღაცას ჩათლახობსო.

უკვე ათი წლისა ვიყავი და ყველაფერს მშვენივრად ვაცნობიერებდი. მიუხედავად ასეთი ამბებისა, ჩემთვის ეს ჩემპიონატი ყველაზე დიდი ზეიმი იყო. ზაფხულის მიუხედავად ახალი წლის ხიბლი ჰქონდა, ალბათ იმიტომ, რომ თამაშები დილაადრიან იწყებოდა, იღვიძებდი და საჩუქარი გხვდებოდა. სამზადისიც კარგად მახსოვს, კოტე მახარაძე იყო სტუმრად, ედგა ღვინის ჭიქა და თითზე ეკეთა დიდი ბეჭედი, არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ ვხედავდი, რომ ლიტერატურისგან განსხვავებით ფეხბურთზე არავინ ეკამათებოდა. საუბრობდა კორეაზე, ოღონდ ჩრდილოეთ კორეაზე, 1966 წლის მუნდიალის მეოთხედფინალი გაიხსენა, პორტუგალიასთან 3:0 მიჰყავდათ ანგარიშიო, მერე რა რომ წააგეს?! სამით ნული მიჰყავდათ და ამ დროს რაღაც ძალიან დიდის ნაწილი გახდნენო.

ვაჰ, ჩამითრია..

მერე დააყოლა, მე სადღა შემიძლია მატჩებს გავუძღვე, ამას ენერგია და დინამიკა სჭირდება, შენ ვერ განსაზღვრავ ტემპს, თავად თამაში გკარნახობს და გინდა თუ არა, უნდა აჰყვე, თუ ვერ აჰყევი კარგად იყავიო. ასეთი სტანდარტი ჰქონდა, მხოლოდ მას, სხვებს არ ჰქონიათ.

მამა სწუხდა დროის გამო, დილით გადიოდა სამსახურში, დილით იწყებოდა ფეხბურთიც, სანამ წავიდოდა თითქოს იმუხტებოდა წინასამატჩო ამბებით, ტელევიზორს ჩართულს ტოვებდა, მთელი თვის განმავლობაში კომენტატორების ხმა მაღვიძებდა, კრესპო.. რივალდო.. ეგრე დაიწყო. თოვლის ბაბუის ხმასავით ჩამესმოდა, საჩუქარი მოჰქონდა ყოველ დილით, ახალი წელი იყო ყოველ დილას, თან ზუსტად ის საჩუქარი გხვდებოდა, რაც გსურდა, იტალია მოჰქონდა, საფრანგეთი, არგენტინა, რაც მთავარია, ბრაზილია. ზეიმი იყო ყველა გაღვიძება.

ფეხბურთის მერე ფეხბურთის დრო იყო, ოღონდ ეზოში. პატარები ლეგენდებს ვბაძავდით, დიდები იფურთხებოდნენ. პირველივე მატჩიდან დაიწყო და აღარც გაჩერებულან.

უეჭველი გაყიდულია..

ტფუი..

მოედანზე დაღლილ-დაქანცული ხარ მიგდებული და ხვალინდელზე გეფიქრება, ხვალ რა იქნება? ხვალ იგივე იქნება. ოქროს სიტყვაა იგივე. დავალება რა გაქვს? იგივე! ხვალ რა იქნება? იგივე! დილით ფეხბურთი და მერე სულ ფეხბურთი!

ასე ნეტარებაში განვლო და კულმინაციის დროს გავეყარეთ მე და ბრაზილია. მწუხარებაში მარტივი ყოფილა, ბევრად მარტივი, სიხარულში ვერ აღმოვჩნდით ერთად. იმათ მაგრად უხაროდათ, მე კიდე ვგრძნობდი რომ რაღაც არ მყოფნიდა, რაღაც ვერ ავივსე. ჩაიმუხლნენ მოედნის ცენტრში, ჩაჰკიდეს ერთმანეთს ხელები და დაიწყეს სამადლობელი ლოცვა, ამ დროს ალბათ ბოლომდე ვერაფერი გავიაზრე, მაგრამ ვიგრძენი რომ ეს სხვა ხალხია, სხვა კულტურის, სხვა სიხარულისა და სხვა პატრიოტიზმის. მხოლოდ ბრაზილიელს შეუძლია ეს უხაროდეს. თურმე, ვერ შეედრება ეს სიხარული იმას, დინამოზე რომ უნგრეთს დაამარცხებ და იაშვილი ღმერთი გგონია.

სხვისი ყოფილა.

ძველი აღთქმის კაცი

მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი მეტად ტრანსცენდენტური გამოდგა, ალბათ ეგეც ასაკის გამო. გარდატეხის ასაკში ვიყავი და გარდავტყდი. ზიდანთან და ტოტისთან ერთად. ნაკრებებს ვეღარ ვქომაგობდი, სამაგიეროდ, ინდივიდებისკენ ვიხრებოდი. ყველაფერი იმ ღამეს დაიწყო ზიდანისთვის, და რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო ჩემთვის. ზიზუ ნაკრებიდან წასული იყო, მუნდიალის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე დაბრუნდა. მიზეზი ისეთი დაასახელა მთელმა საფრანგეთმა შუბლი შეკრა, მე მგონი, გაუფრენიაო. ქართველმა კომენტატორმა თავისებურად ჩაიხვიხვინა, – კაი ახლა ხო ხვდებით.. ხხხ..

ღამე გავიღვიძე და ხმა მომესმაო. ისეთი ვიღაც ვნახე ვისაც ვერასდროს ნახავთ და ცხოვრების ბოლომდე ამაზე აღარ ვისაუბრებ, ამის შესახებ ჩემმა ცოლმაც კი არ იცის არაფერი. ხმამ დამარწმუნა რომ ნაკრებში უნდა დავბრუნებულიყავიო.

ხმამ დაარწმუნა.

ღამე ხმამ გააღვიძა და ნაკრებში დააბრუნა.

წადი იონა და იქადაგეო.

ძველი აღთქმის კაცია ზიზუ.

აბრაამისეული რელიგიის მიმდევარია და ასეთი ამბავი გადახდენია თავს. იქნებ მაცივარს ცეცხლიც ეკიდა. ეგ არ ვიცი, მაგრამ მის გულწრფელობაში ეჭვი არასდროს შემპარვია და არც ჩამიცინია იმ კაცივით, თავის ნათქვამში რომ იკარგებოდა ხოლმე.

ასე დაიწყო. ზიზუსთვის ათვლის წერტილი სწორედ ეს ხმა გახდა. ბოლო წერტილი რა იყო ვინც იხილა არასდროს დაავიწყდება და მომდევნო თაობებსაც მოუყვება, როგორც ჩვენ გვიყვებოდნენ კარიდან გამოფრენილ შუმახერზე.

მეორე ათვლის წერტილი იტალიისა იყო. მე მესმოდა ფრანჩესკო ტოტის და ვიცი რომ ტოტისაც ესმოდა ჩემი. ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი რიგითი, მორიგი, ჩვეული, ყოველდღიური, რუტინული ჩხუბის შემდეგ მაინცდამაინც მარცხენა ფეხში დამჭრეს, ჩემს ნაქებ ცაციაში, გამოასხა სისხლმა და ვერა ძალით ვერ შევაჩერე, ბოტასი სისხლით გამევსო და ისეთი კარგი ჯინსი დამიფლითეს, იმის ჯავრი დღემდე მომყვება.

მერე ტოტი რა შუაშია..

სანამ მე საავადმყოფოში მიმიტანეს, რაღაც გაჭრეს და გაკერეს, მანამდე ფრანჩესკოს ფეხი მოტეხეს, წინ მსოფლიო ჩემპიონატი იყო, თავზეც დასძახოდნენ მორჩა შენი მუნდიალიო, ეს კიდე ჯიუტად ამბობდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად ვიქნებიო.

მეც მაშინებდნენ, იქნებ ჰემატომები შევაჩეროთ გასივებულ ფეხში რომ ჩაბუდებულა და ამპუტაცია აღარ გახდეს საჭირო, მაგრამ მორჩა შენი ფეხბურთიო.. მე კიდევ ვიცოდი რომ ისევ გავაგორებდი, ისევ გავირბენდი, ისევ დავდგებოდი ფეხზე. რა რწმენითაც ვიცოდი, იმავე რწმენას ვხედავდი ტოტიში, ეს მისთვის უბრალო მუნდიალი არ იქნებოდა – რაც არ გკლავს, გაჩათლახებს.

ზიზუმ ხმა გაიგოო კაცო? ხმები მეც მესმოდა, კლინიკურად რომ გავლენ მარილზე, იმათ ესმით ბევრი რამ და ხედავენ კიდეც, მერე ბრუნდებიან და აღარ ახსოვთ, მაგრამ გრძნობენ რომ ბევრი ნახეს და მოისმინეს. იმქვეყნად, სხეულის მიღმა გატარებული წამები იმაზე გაცილებით მეტი მომეჩვენა, ვიდრე აქ გატარებული 13 წელი. რანაირად, როგორ იყო ეს შესაძლებელი, სულ ამაზე ვფიქრობდი საავადმყოფოში წოლისას, ხან წყლულიანს გავხედავდი, ხან კომაში ჩავარდნილს, მაგათ ველაპარაკებოდი, ერთს არ ესმოდა, მეორე არ მისმენდა, მე კიდე ვუბერავდი ჩემთვის და ბოლოს მივხვდი რომ იქ უსასრულობაა, მარადისობა, დრო არ არსებობს, დრო გათავდა, ერთი წამიც კი მარადისობაშია შეზრდილი, აქ გატარებული წლები ზღვაში წვეთია იქაურ თვლასთან ჭიდილში.

ხმა მომესმაო..

ალბათ მეც ჩავიხითხითებდი ბოროტი სულივით რომ არა გარდატეხის ასაკი და მისტიკური ღამეები. გარეთ თოვს, ფეხი ჰემატომებით ივსება და ერთადერთი რაც მშველის მუსიკაა, კარგი მუსიკის მოსმენის დროს ჩემს ცაციას გრძნობა უბრუნდება, ჟრუანტელი მივლის, ვიბურძგლები და რაღაცას ვგრძნობ.. მოძრაობს!

სანამ ტოტი დასაბრუნებლად ვარჯიშობდა, მანამდე დიდი სკანდალი აგორდა. იტალიურ ფეხბურთს დიდი შავი ღრუბელი დაადგა თავზე და ალბათ ყველა ხვდებოდა, რომ ეს ძალიან ცუდი ამბების დასაწყისი იყო. ხვდებოდნენ, რომ სწორედ ახლა უნდა მოეგოთ ყველაზე დიდი და პრესტიჟული ტიტული, თორემ მომავალი ძალიან ბუნდოვანი იყო, წინ გაიხედავდი და იტალიური არაფერი ჩანდა, უკან კიდე მიხედვა არაფრით არ შეიძლებოდა, უკან ვინც მიიხედავს მარმარილოს სვეტად იქცევა!

ჩემპიონატი დაიწყო და ჯგუფურ ეტაპზევე გამიმძაფრდა ემოციური კავშირი იტალიისა და საფრანგეთის მიმართ, აქ იყო ზიზუ და აქ იყო ტოტიც. კალჩოპოლის ამბავს პესოტოს თვითმკვლელობის მცდელობა მოჰყვა, სანამ იტალია მერვედფინალში ავსტრალიას ხვდებოდა და ფრანჩესკო ტოტის გადამწყვეტი გოლი გაჰქონდა, მანამდე ჯანლუკა მეოთხე სართულიდან გადმოხტა და მანქანას დაასკდა. სისხლში ამოთხვრილი წაიღეს. გადარჩა, მაგრამ ჩემპიონატის ბოლომდე უგონოდ იყო.

დიდი ამბები იყო საფრანგეთშიც, ყველაფერი ცუდად დაიწყო, გუნდი გუნდს არ ჰგავდა, ფრანგები ვერ იგებდნენ, ჯგუფის ბოლო შეხვედრა იყო მათი ხსნა, მოიგე და გადი. თითქოს მარტივია.

კიოლნი მშვენიერი ქალაქია, დამალვაც შესაძლებელია ამ ქალაქში, თუ მსოფლიო ვარსკვლავი არ ხარ, რასაკვირველია. ვარსკვლავი ხომ ყველგან ანათებს, კიოლნში კიდე ეს ნათება მეტისმეტად კაშკაშებს, იქ იშვიათად თუ ანათებს ვინმე. ერთ-ერთ კაფეში შედგა საიდუმლო სერობა. ოთხი ფრანგი შეყრილა გადამწყვეტი მატჩის წინ, სამი მუშკეტერი – მაკელელე, ვიეირა და ტურამი, მეოთხე დარტანიანად აურჩევიათ – ზინედინ ზიდანი.

ეს კაცი გვღუპავს და ჩვენ უნდა გადავიბაროთ მისი საქმეო – დომენეკზე იყო საუბარი. მთავარ მწვრთნელზე, რომელიც ძალიან, ძალიან შორს არის ფეხბურთისგან. ახლა ბუნტი რომ მოვაწყოთ მთელი ჩემპიონატი ჩავარდება, ყველაფერს დავკარგავთ, არადა, ჩვენი ბოლო მუნდიალია, ამიტომ, ჩუმად გავაკეთოთ ეს ყველაფერიო, – ასე ყოფილა ამბავი, ჩემს მეგობარ გრეგორი ბისეს თუ დავუჯერებ. დაეჯერება, წესიერი კაცია.

მიდი, გაგვიძეხ დარტანიან!

ასე მიიღო ზინედინ ზიდანმა პირველი სამწვრთნელო გამოცდილება. ყველა პაუზის დროს მუშკეტერებიან-დარტანიანად მოედნის ცენტრში იკრიბებოდნენ და ბჭობდნენ, რა და როგორ უნდა ექნათ. დომენეკი იყო საზაფხულო დეკორაცია სათადარიგოთა სკამთან.

ვიეირამ და ზიზუმ თავიანთი კონფლიქტი გვერდზე გადადეს. მაშინ დაიწყო ეგ ამბავი, როცა პატრიკმა ზიზუს დაურეკა და უთხრა არსენალიდან წასვლას ვაპირებ, რეალს ჩემი გადმოყვანა სურს და რას მეტყვიო, ზიზუმ კიდე აჯახა – ბერნაბეუზე შავკანიანები დიდად არ უყვართო.

ოპა..

არადა, მაკელელე უყვარდათ. ალბათ, რა ვიცი..

იმის მერე კონფლიქტი იყო და სერობაზე ეს კონფლიქტი ამოიწურა.

ასეთი ისტორიით შეასკდნენ ერთმანეთს ფინალში. აქეთ ზიზუ და მუშკეტერები, იქით ღვთაებრივი რწმენით განმსჭვალული ტოტი და იტალიური ციხესიმაგრე. ფინალამდე მხოლოდ ერთი ჰქონდათ გაშვებული და ისიც თავის კარში შეაგდეს.

ზიდანის ამბავი კი გასაოცარია, ალბათ მთელი ჩემპიონატის მიმდინარეობისას უსვამდა საკუთარ თავს მარადიულ კითხვას, – რატომ? რატომ დამიძახა ამ ხმამ, რატომ დამაბრუნა უკან? რა მელის წინ ისეთი, რის გამოც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა?

წინ თურმე დილემა ელოდა. კარიერის მთავარი დილემა. აი, წერტილი ეგ იყო. ახლა საწყისი წერტილი აიღეთ, რომელიც მისტიკური ხმაა და მერე ბოლო წერტილი დაინახეთ, მატერაცის გულმკერდის არეში. წერტილებს შორის ბიბლიური გზა გვაქვს. ამბავი ან ჰომერულია ან ბიბლიური. ზიზუს ბიბლიური გზა გამოუვიდა.

მარსელში მოვკარი თვალი 8 წლის წინათ, ვიფიქრე მივალ და ყველაფერს ვეტყვი, პირველ რიგში, ვეტყვი იმას, რომ იტალიას ვეთამაშეთ 2006 წელს, და როცა ის ტიპი ემზადებოდა მოედანზე გამოსასვლელად ძალიან ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს შევძახე – ზიზუ! ზიზუ! ამყვა გვერდზე მყოფი და ამყვა მთელი სექტორი, ბოლოს მთელი სტადიონი ბღაოდა, – ზიზუ! ასე მივახვედრეთ იტალიელ აყლაყუდას, რომ ფინალში მხოლოდ ზიდანისგან არა, ჩვენგანაც მოხვდა.

ვეტყოდი ამას, უეჭველად ვეტყოდი, მაგრამ ეს მელოტი კაცი სადღაც გაუჩინარდა და იქნებ არც იყო ზიდანი და ასე მომეჩვენა, უბრალოდ იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა მისი ნახვა და სხვაგან სად უნდა მენახა მარსელის გარდა.

მემარცხენე ღმერთები და ფრანკო ბრუზატი

2010 წლის ჩემპიონატი იყო ლამაზი და იყო მახინჯიც, მტკივნეულიც იყო, განსაკუთრებით ყურისთვის, ვუვუზელა ხმაურობდა, მერე აკრძალეს აფრიკული ჰანგები, მაგრამ მაინც ხმაურობდა, აფრიკელებმა ვუვუზელა არ დათმეს.

ყველა ელოდა სასწაულს მესისგან, რაღაც ისეთს ელოდნენ, რაც დიეგომ იკადრა 86-ში, მესიც მზად იყო, მესის საუკეთესო ვერსია! ჰოდა, ერთიც ვერ შეაგდო.

მარადონამ მენტალურად გაანადგურა, დათრგუნა, დააპატარავა და გააქრო. მასში საკუთარ თავს ხედავდა და თავისივე კლონის შექმნა მოისურვა, მესი კი ზედმეტად დიდია იმისათვის, რომ ვინმეს კლონი იყოს, რევოლუციონერი არ არის, ამიტომ ვერ აჯანყდა, ვერ შეჰკადრა დიეგოს, რომ თავისი გზა აქვს გასავლელი. ვერ მოკლა თავისი კერპი, ვერ მოკლა მამა, ვერ მოკლა ღმერთი.

სამაგიეროდ ესპანეთი გაჩემპიონდა. აქ გვქონდა სინთეზი, დიდი ბარსელონური და მცირე მადრიდული. შეავსეს ერთმანეთი. ბოსკეს დამსახურებით. მხოლოდ ამ დროს შეიძლება ეს სინთეზი შედგეს, როცა ბარსელონური ჭარბობს, მაგრამ მადრიდელი ულვაშა თავს დახრის, აღიარებს, მიიღებს და გამოიყენებს, ხელს არ შეუშლის, მოეფერება და აღფრთოვანდება. რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოდის, ინიესტა ხომ ზუსტად ის კაცი იყო, როგორზეც ბოსკე გიჟდებოდა.

ალალი იყოს!

2014-ში, ფინალზე უკეთ არაფერი დამამახსოვრდა, მერე ვუკვირდები და ვხვდები, რომ ფინალზე ცუდად არაფერი მახსოვს. ფინალებს სჩვევია ეგრე, მხოლოდ ფინალებს. თან გახსოვს, თან არა. წიგნის დასასრულივით არის.

ჯერ კიდევ ძალიან პატარები, მე და ჩემი ძმა, ოთახის ჭუჭრუტანიდან ვუყურებდით ფილმებს, მშობლები არ გვაყურებინებდნენ, ვიცოდით, რომ თუ ქალის წითელი ფეხსაცმელი გაიჩითებოდა ეკრანზე რევოლვერის ქუსლით, დაღვრილი სისხლითა და საშიში მუსიკით, ესე იგი, ამის ყურება არ შეიძლებოდა. მაგრამ მაინც ვუყურებდით, ჭუჭრუტანიდან.

პირველი ფილმი, რომლის ყურების უფლებაც მოგვცეს იყო ფრანკო ბრუზატის პური და შოკოლადი. ჯანდაბას თქვენი თავი, დასხედით და უყურეთო, ჰოდა, იქ ვნახე ის სცენა, რომელიც იმ დროს ყველაზე მეტად მომეწონა და როგორც აღმოჩნდა ძალიან მაგრადაც ჩამებეჭდა გონებაში. მერე, გვიანღა დავსვი კითხვა, – რატომ წავედი ფინალის საყურებლად გოეთეში? ბრუზატის გამო, უეჭველად პურისა და შოკოლადის გამო.

თავისუფლებაზე რომელიღაც ბარში აღმოვაჩინეთ, რომ არ მოგვწონს იქაურობა, თავზე გვაწვიმს, ტელევიზორი ძალიან პატარაა, თანაც არც ისე კარგად მუშაობს, ხინკალი არა აქვთ და ოფიციანტი ჰყავთ ბოზი! უფრო სწორად, სექს მუშაკი. ავიბარგეთ და გაჭირდა ადგილის პოვნა, ამ დროს ვიყვირე გოეთეში წავიდეთ-მეთქი, ჰოდა, მესის ფანები წავედით გოეთეში გერმანია-არგენტინის სანახავად.

იგუაინის გოლზე ისეთი წივილ-კივილი ავტეხეთ ხალხს სარდელი გაუვარდა პირიდან. ლეგენდის თანახმად იმ გოლს დღემდე ვზეიმობთ, ჩვენც და იგუაინიც, გემახსოვრებათ, არ ჩაითვალა. იგუაინს მთელი მსოფლიო დასცინოდა, ჩვენ მხოლოდ გოეთეში დაგვცინეს, გამოსჭვიოდა ამ დაცინვაში მუქარაც, – აქ როგორ გაბედეთ არგენტინის ფანებმა მოსვლაო.. რა ვიცი, გავბედეთ. წავაგეთ. კარგი ბურგერები ჰქონდათ.

ალისას საოცრებათა ქვეყანაში

ბოლო ორი, გაყიდული, უფრო სწორად, ნაყიდი ჩემპიონატების ამბავია. ერთი რუსეთმა იყიდა, მეორე კატარმა. ფეხბურთი უკვე გეოპოლიტიკურ ამბავშია გაჭრილი, აქ კი გაპოლიტიკოსებული ყოფილი ფეხბურთელები ამბობენ, რომ უნდა გავმიჯნოთ!  აბა, მოვიქნიოთ ლამაზად გაშლილი მარჯვენა ხელი და შემოვირტყათ ყველამ ერთად თავში! ისეთი სიმძლავრით რომ ქვეყანას კარგი გემრიელი ტყლაშანი გაადინოს.

როგორი მეზობელი გვყავს, – ოპ, არა, არა, პირველი ათასი რამ რაც თავში მოგვივა გვერდზე გადავდოთ, დროებით მაინც. ჩვენ გვყავს მეზობელი ქვეყანა, სადაც უდიდესი საფეხბურთო ფესტივალი ტარდება და წასვლის სურვილიც კი არ გიჩნდება ადამიანს. იმიტომ კი არა, რომ არ გაინტერესებს. უბრალოდ,  მაგათი არაფერი არ გინდა.

ქალაქის მერმა რუს გოგონებს მოუწოდა ტურისტებთან ნუ დაწვებით, ეგენი მალევე წავლენ და დარჩებით გაბერილები, თქვენი დაყრილი ნაბიჭვრები კიდე სახელმწიფოს მოსავლელები გახდებიანო. შეისმინეს ვითომ? რავიცი.. იქნებ გაკეთილშობილდნენ კიდეც.  

მე კიდე ევროპის ყველაზე ბინძურ ქალაქში მომიწია ჩასვლა და მინდა ვთქვა, რომ ევროპის ყველაზე ბინძური და გიგანტური ვირთაგვებით დახუნძლული ქალაქი ულამაზესი და უმშვენიერესია. ყველა ვირთხა თავისებური რატატუია, ფეხბურთის დროს ისე სწრაფად მოძრაობენ, გეგონება სახლში ეჩქარებათ მისასწრებადო.

ამ ვირთაგვებსა და რატატუებს შორის კიდე ალისა გავიცანი, საოცრებათა ქვეყნიდან. აღმოჩნდა, რომ ქართველებსაც კარგად იცნობდა, გაპარიზებულ ქართველებს, ვინც კი რესტორნის გახსნას გადაწყვეტს ყველასთან ალისა მიდის, მერე შეფასებებს წერს აბსოლუტურად ყველაფერზე, შემფასებელი როგორია არ ვიცი, მაგრამ უნიკალური მზარეულია, აბსოლუტურად შეპყრობილი ამ საქმით. სულ პატარა იყო პარიზიდან რომ სოფელში გადავიდა. სოფელს თავად ეძახის, თორემ ჩვენთან ეგეთ ადგილებს აგარაკებს ვუწოდებთ, ულამაზესი ადგილია მდინარის პირას, ეს მდინარეც ისეთი წყნარია, რომ ტბა გეგონება, სიმწვანეში ჩაფლული უძველესი სახლია, ძალიან ძველი ავეჯითა და ჭურჭლით. აქ გაზრდილა ჩემი ალისა, ალის მოიღო.

აბა როგორ აღვწერო, მართლაც ზღაპრიდან გადმოვარდნილს ჰგავს, ჯეინ ბირკინივით, ოღონდ უფრო ფრანგული გარეგნობა აქვს, არის ვოგის, დიორის და ჩემთვის უცნობი ბრენდების მოდელი, მაგრამ საერთოდ ვერ ერკვევა მოდაში და როცა მთელი საფრანგეთი დემნაზე საუბრობდა, ალისა გაგებაში არ იყო ვინ იყო დემნა, სამაგიეროდ იცოდა რა იყო ხინკალი! გიჟდება ხინკლის ფორმაზე და ერთად დავიწყეთ კეთება, ოღონდ გინდა თუ არა ყველის მინდა რომ გავაკეთოო, კი შემოვირტყი თავში ხელი, მაგრამ სამზარეულოში ალისა მეფობს, მდინარეზეც ალისა მეფობს და პარიზშიც ალისაა სულ ყველაფერი!

რამე ნაკლი ხომ უნდა ჰქონოდა? იცოცხლე, აქვს. პირველი ნაკლი სიცილია, რომელიც თავიდან შოკში ჩააგდებს ადამიანს, მერე კი მაინც მიეჩვევა. მე მივეჩვიე. თუმცა, თავდაპირველი შოკიც მქონდა.

მეორე ნაკლი ის არის, რომ ბიჭები არ აინტერესებს. ამიტომ ფრანგულიც ვისწავლე, ხინკალიც დავამუღამე და გინსბერგის მიბნედილი გამოხედვაც ვავარჯიშე სარკესთან, მაგრამ ალისას არათუ მე, საერთოდ არავინ არ აინტერესებს. მერე კი აღმოჩნდა, რომ არც გოგოები აინტერესებს. თუმცა, თავის ოთახში მხოლოდ გოგოსთან ერთად ეძინა ხოლმე, ბიჭი არასდროს. ეგეთია. რას ვიზამ..

კილიან მბაპე არ მოგწონს? ნახე არგენტინას რა უქნა? აიღო და გადაიხია!

არა, არ აინტერესებს. საფრანგეთი უყვარს. დროშა უყვარს თავისი, მოგზაურობა უყვარს, სტუმრები უყვარს, გადაღებებიც უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მოდა მისთვის მეორეხარისხოვანია და ყველაზე მეტად უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი! გიჟდება ამ პროცესზე, როცა სტუმარი ჰყავს და მისთვის ამზადებს რამეს, თვალები მხოლოდ მაშინ უბრწყინავს, როცა მის მომზადებულს აგემოვნებენ და კმაყოფილება სუფევს სუფრასთან.  

შენ ნამდვილი ქრისტიანი ხარ, მადმუაზელ მოიღო!

არც ეგ აინტერესებს. რელიგია არ არის მის სახლში. კულინარიაა მისი რელიგია.

ჰოდა, მაინცდამაინც ამ დროს გაჩემპიონდა საფრანგეთი, უჰ, იმდენი ვიძახე მაგარი ფეხი მქონია-მეთქი, რომ ყველას თავი მოვაბეზრე, თანაც იმის განმარტებაც მიწევდა რას ნიშნავს ეს კარგი ფეხი.

იყო ამ ჩემპიონობის ჟამს ძალიან დიდი სიხარული, ალეეეეეეეღ! და კოცნა! მარტო ჩემი სურვილი არ იყო ესა, ალისამაც მაკოცა და იყო ჩემში რაღაც დიდი კაცური სიხარული, სადღაც ორ წამში კიდევ სხვას აკოცა და მერე კიდევ სხვას, ბიჭებსა და გოგოებს, იმ დღეს იქ ყველა ყველას კოცნიდა, მაგრამ მე მხოლოდ ალისას ვაკოცე.

შენ გაიხარე კილიან მბაპე! ვალში ვარ შენთან და მთელ საფრანგეთთან.

რამდენიმე წელში წიგნი გამომიგზავნა, ეგეც დამასწრო, კულინარიული წიგნია, 60 საოჯახო კერძი. „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, – აჰა, თურმე სათაურის შერჩევაში მე დავხმარებივარ.

რაც მეტი დრო გადის სულ უფრო ნაკლები სიხარული მოაქვს ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატს. და ეს საერთოდ არ არის ცუდი, – როცა პრეტენზია იზრდება იმაზე, რომ შენც უნდა იყო ამ ჩემპიონატზე, საკუთარი ნაკრების ფორმითა და დროშით, მერე სხვების შემხედვარე საკმარისად ვერ გაიხარებ. ეგ ამბავია. ნამდვილი სიხარული მხოლოდ შენს დროშას მოაქვს. ჰოდა, მოვა ეგ დროც.

ამასობაში კი მესის მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი. ზღაპარია, აბა რა არის.. ზამთრის მუნდიალი მოიგო. ლიონელ მესი არგენტინელების თოვლის ბაბუაა, გავა წლები და ბავშვები მესის შეეხვეწებიან საჩუქრის მოტანას – კაცი, რომელმაც ნამდვილი ახალი წელი დააბრუნა.