“ისე, მგონი, ძალიან ბევრი სიძულვილი დამიგროვდა მეც და ყველას.”

თავიდან ვიფიქრე, რომ თემო რეხვიაშვილის ტექსტს ლაიტმოტივად მთავარი პერსონაჟის მიერ წარმოთქმული ეს ფრაზა გასდევდა. კითხვის პროცესში მივხვდი, რომ ვცდებოდი. ალბათ, ამ ნაწარმოების ერთ-ერთი ღირებულებაც ეს არის – სიმძიმისა და სიმსუბუქის შერწყმა და პერიოდული გამეორება. 

კურიერის ამბები უცნაური ტექსტია. თითქოს მხატვრული ნაწარმოები უნდა იყოს, შეთხზული ისტორიებითა და პერსონაჟებით, თუმცა, სად გადის ზღვარი რეალობასა და ფიქციას შორის, რთული სათქმელია. პროტაგონისტი და ამბის მთხრობელი ხომ თავად “ავტორია” (ვსვამ ბრჭყალებს, რადგან მეუხერხულება ავტორი და მთხრობელი გავაიგივო, თუმცა ვერ ვხვდები სხვანაირად როგორ მოვიქცე), მსახიობი და თბილისის ქუჩებში მოხეტიალე კურიერი. ამ ისტორიის მონაწილე გმირები კი რეალური ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენს ქალაქში ყოველდღიურად შეიძლება შეგვხვდნენ. ძალიან თუ გაგვიმართლებს, ტექსტის ერთ-ერთ პერსონაჟსაც ვნახავთ, თუმცა ალბათ შორიდან – ის მიკროფონით ხელში, ჩვენ მსმენელის რანგში. აქედან გამომდინარე, კურიერის ამბები იმდენადაა მხატვრული ტექსტი, რამდენადაც ერთი მთხრობლის მემუარები. 

შემეძლო ლიტერატურული თეორიებისკენ გამეხედა და მეტაფიქციურობაზე (ვაღიარებ, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ფორმაზე) მემსჯელა. თუმცა, ეს ტექსტი არ მიჩენს ამგვარი წერის სურვილს. დასაწყისში, ახალგაზრდა მსახიობის ცხოვრებას ვეცნობით. ალბათ, ამ წიგნის კითხვისას, ნებისმიერი სტუდენტი, რომელსაც თეატრალურ უნივერსიტეტში უსწავლია, ბევრ საერთოს აღმოაჩენს და მთხრობელთან თავს გააიგივებს. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ქართველმა მკითხველმა კურიერის ამბები შეიყვარა და ბესტსელერად აქცია, ეს მგონია. ტექსტის პირველი ნაწილი ახალგაზრდა ადამიანის პერსპექტივიდანაა დანახული და მის ყოველდღიურ რეალობას ასახავს. იმ ადამიანის, რომელიც თავისი პროფესიის სიყვარულის გამო თავდადებით შრომობს, ორ თეატრში დღეში რამდენიმე სპექტაკლს თამაშობს, საბოლოოდ კი პირობების არქონის გამო უელბეკისეულ ნიჰილისტურ დეპრესიაში ვარდება და პროფესიის შეცვლას გადაწყვეტს – კურიერობას იწყებს. 

შემდეგი ეპიზოდი სოციალურ-პოლიტიკურ თემას ეხება, რომლის რეფლექსიაც, ჩემი აზრით, თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში მუდმივად და მეტისმეტად ხშირად მეორდება. აქციაზე წასვლა, პოლიციასთან დაპირისპირება, იდეოლოგიური შეხლა-შემოხლა. ჩემთვის მოსაბეზრებელი ხდება რეალობის მსგავსი აღწერა, რომელიც ჟურნალისტურ რეპორტაჟს უფრო ემსგავსება ხოლმე, ვიდრე ამბის ლიტერატურულ თხრობას. ეჭვი მაქვს, მოვა დრო და როგორც ქართული კინო ცდილობს 90-იანი წლების თემებისა და მოტივების ჭაობისგან თავის დაღწევას, ასევე მოუწევს ქართულ ლიტერატურას პარლამენტის ტერიტორიიდან გადანაცვლება, მეტად აბსტრაქტულ და ამავდროულად ძალიან ახლო სივრცეში. თუმცა, ჩემივე სიტყვების საწინააღმდეგოდ, თემო რეხვიაშვილი ქმნის ერთ-ერთ ყველაზე სევდიან პერსონაჟს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთ პატარა მონაკვეთში ვხვდებით. სწორედ ეს არის ლიტერატურული გმირი, რომელიც მთელი თავისი სიმარტივით, გენიალურად გვიჩვენებს სისტემის სახეს. სულაც არ ყოფილა აუცილებელი ამისათვის პარლამენტი და აქცია. აი, რა ხდება: პოლიციის განყოფილებაში მისული პროტაგონისტი მოპედის მოპარვის გამო ერთ-ერთ გამომძიებელთან იმყოფება დაკითხვაზე. გამომძიებელი კი პოლიტიკური და სოციალური სიმჭიდროვის მორიგი მსხვერპლია: უყვარს ფასბინდერი, უყურებს პაზოლინის, ცა ბერლინის თავზე მისთვის შედევრია და ყოველ ღამე ისე ვერ იძინებს, თუ ფილმი არ ნახა. ეს ადამიანი ყველაფერს კარგად აცნობიერებს. მისი ცხოვრება არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს – ასრულებს იერარქიულად ზემოთ მდგომი ადამიანების დაკვეთებს და ხვდება, რომ ჭეშმარიტების მხარეს არ დგას. ამ შემთხვევაში გამქრალია მორალი, უფრო სწორად დამალულია. ამიტომაც, გამომძიებელს ერიდება და რცხვენია, როდესაც მთხრობელი ბოლოს მომხდარ მოვლენებზე (2019 წლის 20 ივნისი, იგივე ”გავრილოვის ღამე”) ჩამოაგდებს სიტყვას, მისი რეაქცია კი მხოლოდ ესაა: “მასეთებზე ლაპარაკი არ იყოს თემო, ძალიან გთხოვ.” ანალოგიურია მოპედების ხელოსანიც. მას წაუკითხავს თუმანიშვილი და სტანისლავსკი, თეატრალურში მისაღებ გამოცდებში კი სამჯერ ჩაიჭრა და ახლა მოპედების შეკეთებით არის დაკავებული. ბოლოს ისიც კურიერობას დაიწყებს. ვინ იცის, იქნებ სწორედ თბილისის ქუჩებში მოზუზუნე მოპედებია ქართველი ახალგაზრდობისთვის თავის გადარჩენის გზა ამ ბედნიერ ქვეყანაში.   

მე მაინც მგონია, რომ კურიერის ამბების მთავარი ღირებულება მის სიმართლეშია. ხშირი არ არის ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში ისეთი მართალი ნაწარმოები იპოვო, როგორიც თემო რეხვიაშვილის ტექსტია (ან ცხოვრება). შეულამაზებელი ამბავი, სიმბოლოებისგან დაცლილი თხრობა, მარტივი ლექსიკა, დიდი სიმართლე და გულწრფელობა.

ჩვენ, ახალგაზრდებს, შეგვიძლია ჩვენი ყოფა თემო რეხვიაშვილის სიტყვებით შევაჯამოთ: სიხარულისგან ვტირი! დაღლილობისგანაც ვტირი! ტანჯვისგან და ცხოვრების ხანმოკლეობისგან გამოწვეული სევდისგანაც ვტირი! შეურაცხყოფისგან ვტირი! პრობლემების გამო ვტირი! 

ეს არის ჩვენი რეალობა. ამოვიღოთ ეს აბზაცი კონტექსტიდან და შესანიშნავად შეფასდება თემო რეხვიაშვილის ტექსტი. მე დავარქმევდი – ახალგაზრდულ მანიფესტს. ოღონდ ქართულს. 

კურიერის ამბებს შვედი პროფესორის (ეს კი ნამდვილად წარმოსახვითი პერსონაჟია) შეფასება აღწერს ძალიან კარგად. წიგნში მოთხრობილია უბრალოდ ყოფა, რომელშიც პროტაგონისტი იმყოფება თავის ქვეყანასთან ერთად. ხოლო ის ფაქტი, რომ ეს ყოფა საშინელია, თავად მკითხველმა უნდა დაასკვნას.

მე კი მკითხველს თამამად ვეტყვი: თემო რეხვიაშვილმა შექმნა ყველასათვის ხელმისაწვდომი დრამატული პროზა.     

დაბოლოს:

მხატვრულ ნაწარმოებს მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია, ეს კარგად ვიცით. გვახსენდება ტექსტები, რომლებიც ტოტალიტარული რეჟიმების შიდა სამზარეულოს აშიშვლებდნენ, სამეცნიერო-ფანტასტიკური თხზულებები, რომლებიც მომავლის სამყაროებზე გვიქმნიან არც თუ ისე მცდარ წარმოდგენებს. თემო რეხვიაშვილის ტექსტი მსგავს გლობალურ საკითხებსა და ამბიციებს არ ისახავს მიზნად, თუმცა კი ავტორმა ერთი წინასწარმეტყველება ნამდვილად ათიანში მოარტყა: 

ჰოდა, იმ დღეს ვფიქრობდი, იქნებ “კურიერის ამბები” წიგნად გამოვცე და გირაოს ფულის მოგროვება ამ გზით დავიწყო-მეთქი.

გავიკითხე – თუ გავიმარჯვე, “საბას” პრემია 6 000 ლარი ყოფილა.

AVE თემო!