არ მეგონა თუ კიდევ გავიგებდი ასეთ ხმას.

არ მეგონა, რომ კიდევ ვიხილავდი ასეთ სურათს მივიწყებულ ბავშვობაში რომ მქონდა ნანახი. მივიწყებულში იმიტომ, რომ რაღაცები ჯობია დაივიწყო.

ხმა იყო ძაღლის და ბავშვის. სურათი იყო სისხლიანი.

გერმანულ ნაგაზს პატარა შავი ცუგა ჰყავდა კბილებში მოგდებული. თავზე წამომდგარი ბავშვი აბსოლუტურად შეშლილი სახით ითხოვდა მის ბოლომდე დაგლეჯას, აქეზებდა და აგულიანებდა თავის ნაგაზს.

იქნებ საერთოდ არ ჩანდა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში ამ ბავშვის შეშლილი სახე, მაგრამ მაინც დავინახეთ.

მისმა ხმამ დაგვანახა.

უცბად ამომიცვივდა გონებაში ის ძველი ხმები, სახეები და სისხლი.

მურა, „ფოსფორა“ და სისხლი.

კვირა დღე შეირჩა ბრძოლებისთვის, არ ვიცი ვინ გადაწყვიტა ასე, მე რომ იმ გარემოში აღმოვჩნდი წესები უკვე დადგენილი იყო. შემზარავი ხმებიც ყველგან აღწევდა, თუმცა, არავის ანაღვლებდა.

ჩემს ფანჯარაშიც შემოიჭრებოდა ხოლმე ეს ხმები, მოუთმენლად გავრბოდი მოედნისკენ სადაც პატარა და დიდი ბავშვები იყვნენ შეკრებილნი და ძაღლებს აჩხუბებდნენ. ჩემთვის ეს პირველ რიგში სანახაობა იყო, სხვების მსგავსად გამიჯდა აზარტში და ბრძოლის დაწყების წინ ყოველთვის მყავდა ფავორიტი. თუ იგებდა ფრთხილად ვეფერებოდი ხოლმე, ფრთხილად იმიტომ, რომ ნაჩხუბარ ძაღლებს მოფერება არ სიამოვნებთ, იღრინებიან, ჰგონიათ, რომ ისევ თავს ესხმიან, ფრთხილი ხელის შეხებით ვცდილობდი რომ რაღაც საქებარის მსგავსი ეგრძნო ჩემგან.

ძაღლების ჩხუბი გახშირდა როცა ფული გამოჩნდა, ფული მაშინ მაგრად ჭირდა, მაგრამ იქ თავმოყრილებს უცბად შეეძლოთ რაიმე ღირებულის გაჩენა, ფული კი ისე მოქმედებს აზარტზე, როგორც ცეცხლზე ნავთი.

კვირაობით სულ ახალი სახეები ჩანდა, კარგად ნავარჯიშები ძაღლები მოჰყავდათ, ქუჩის „დვარნიაშკებთან“ ავარჯიშებდნენ, სადმე შენიშნავდნენ და თავიანთ ცხოველებს დააგლეჯინებდნენ, ქუჩის ძაღლებიც აგრესიულები იყვნენ, სიბნელე, სროლა და წივილ-კივილი სტრესულად მხოლოდ ჩვენზე არ მოქმედებდა, ძაღლებიც იგივე გარემოში იზრდებოდნენ და მტრობა მათაც იცოდნენ, ამიტომ, მაშინდელი ქუჩის ძაღლები არ ჰგავდნენ დღევანდელ „ბუკიას ბაღის ცუგებს“, ჩორნას და მიშუს, მაქსის და კუპატას, არც „ვაკის გამგეობის ცუგებს“ ჰგავდნენ, მაშინდელი ცუგები მებრძოლი ძაღლები იყვნენ, ალესილი კბილებით, ჩასისხლიანებული თვალებით და ცოფით.

ქუჩის დაგლეჯილ ძაღლებს ლილია პატრონობდა, თავად საპატრონო იყო, მაგრამ ცუგებს პატრონობდა, ისინიც ჭკვიანად დაჰყვებოდნენ და ლუკმასაც თანაბრად იყოფდნენ. ლილია „ბორჯომის მაღაზიის“ უკან ცხოვრობდა, ბულაჩაურის ქუჩის კუთხეში, თვითნაკეთი სახლი ჰქონდა, ძირითადად თუნუქითა და მუყაოთი აწყობილი, მთავარ სიმდიდრეს მისი ძაღლები წარმოადგენდნენ.

ლილია იცავდა მათ გისოსებიანი დიდი მანქანისგან, დათხვრილი კაცები გადმოდიოდნენ ამ რკინის ჯართიდან, კისერში წაავლდებდნენ ცუგებს და მიჰყავდათ ნაგავსაყრელზე, საერთო სამარხში გადასაგდებად.

ეს დაბნეული დასტრესილი ქუჩის ცხოველები ლილიასთან დაცულად გრძნობდნენ თავს და მოგვიანებით თავადაც იცავდნენ, როცა ეზოდან გასახლება მოუნდომეს. ვერავინ მიეკარა, ძაღლების შეეშინდათ. ეშვები გამოაჩინეს, თვალები კვლავინდებურად წითლად უელავდათ, ერთ-ერთის ჩამოწელილი ძუძუები იმაზეც ანიშნებდათ, რომ სულ ახალი დაყრილი ჰყავდა ლეკვები, სადღაც ისეთ კუთხეში ლილია რომ სახლს ეძახდა.

სამაგიეროდ „ფოსფორა“ მიეკარა პატარა ცუგას, რომელიც შესაძლოა, იმ ჩამოწელილ ძუძუებიანი ძაღლის იყო და ცხვირზე პატარა შავი ლაქის გამო მურა დაარქვა. გამოაბა კისერზე თოკი და ჩემიაო, გამოაცხადა. ლილიასი არ იყოს „ფოსფორასაც“ არ ჰქონდა სიმდიდრით გამორჩეული ცხოვრება და ეს პატარა სიხარული მიისაკუთრა, ოღონდ განძრახვა იყო გულისმომკვლელი. „ფოსფორას“ ბევრი და-ძმა ჰყავდა, თავად ყველაზე უფროსს ჰქონდა ვალდებულება, რომ პატარებისთვის მიეხედა, ფული კი არ იყო, არსად არ იყო, ფული კი არა პურიც არ იყო, მაგრამ მოედანზე რომ ხმაური ატყდებოდა იქ ფულიც გაჩნდებოდა ხოლმე, ფული კიდე საჭმელია, საჭმელი მაძღარი თვალებია, პატარა და-ძმების მაძღარი თვალები კიდე უფროსმა ძმამ შეიძლება ცხოვრების საზრისადაც აქციოს.

ასე მიჰყვა მიზეზები ერთმანეთს და მურა იარაღად აქცია, ოღონდ იქამდე უნდა გაზრდილიყო და ზრდის პროცესში სუსტ მეტოქეებს უნდა შეხვედროდა. ვინც არ იცის, ეს დაუწერელი კანონია, პირველად ყოველთვის გაცილებით სუსტთან უნდა იჩხუბონ, იმისათვის, რომ სისხლი იგრძნოს და ბრძოლას შეეჩვიოს, თორემ პირველი ბრძოლა თუ წააგო შიში უჩნდება და მებრძოლად ვეღარ ივარგებს.

დაიწყო „ფოსფორამ“ მურას გარდაქმნა, მოფერებასაც გვიკრძალავდა, არადა ცუგა რომ მოგადგება წყლიანი თვალებით და თბილი თავით, რანაირად არ უნდა გადაუსვა ხელი?! გვიკრძალავდა და ჩვენც ვიკრძალავდით, ჩუმად მაინც ვეფერებოდით ხოლმე და ისიც ჩუმად გააქნევდა ხოლმე კუდს, რა თქმა უნდა გრძნობდა, რომ პატრონს არ უნდა დაენახა, ალბათ არ ესმოდა რატომ არ შეიძლებოდა მოფერება, მაგრამ ხვდებოდა, რომ დანახვის შემთხვევაში თავში წაუთაქებდნენ.

მის გამო ჩხუბი ჩვენც მოგვიწია, „ფოსფორას“ წამოაძახეს მაგ ცინგლიანს „აშეინიკი“ როგორ ჩააბიო, „ფოსფორამ“ მურას ტყავი მოხსნა და სულ იმ თავხედს ურტყა სახეში, მერე თავისთან დაიბარა და ისიც მოვიდა ხალხით, მაგრამ ხალხი აქაც იყო, თან ისეთი ველური, რომ მეეჭვება იმდროინდელი თბილისის ცენტრალურ უბნებში სადმე რაიმე მსგავსი ამოზრდილიყო.

ასე არ აპატია არავის მურას შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა, თავისივე სიამაყემ აჩხუბა, მაგრამ ძაღლს სწორედ ასე ჩასძახოდა, მე შენ გამო ვიჩხუბე და ახლა შენც უნდა გაისვარო თათი ჩემს გამოო.

სანამ მურა ლილიას ძაღლებთან ბრძოლას სწავლობდა, მანამდე მოედანზე წესები შეიცვალა, ძალიან ბევრი კამათი და ჩხუბი იყო იმის გამო, რომ საბოლოოდ ვერ გადაეწყვიტათ ვინ იყო გამარჯვებული, ეს ხომ კრივი არ არის?! როგორც წესი, თუ გამორჩეული ძაღლები იბრძოდნენ ორივე სისხლიანდებოდა, მერე კი პატრონები ჩხუბობდნენ იმის მტკიცებით არა ჩემმა მოიგო, არა ჩემმაო.

დანაც გაშლილა ამ კამათში და ტყვიაც გავარდნილა, იმიტომ, რომ სასწორზე უკვე საკმაოდ მოზრდილი მაყუთი იდო, ამის დათმობა კიდე არავის სურდა.

ახალი წესი იყო სასიკვდილო, ვინც ცოცხალი რჩება, გამარჯვებულიც ის არის. ვხედავდი როგორ იცვლებოდა დამოკიდებულება პატრონებსა და ძაღლებს შორის, მათთან აღარ იყო სიყვარული, თუ ოდესმე იყო საერთოდ.. აღარ უნდოდათ დასისხლიანებული ძაღლების სახლში წათრევა, აბა მათი მოვლა-პატრონობის თავი ვის ჰქონდა?!

იქვე ყრიდნენ და ტოვებდნენ.

ზოგი მართლა მკვდარი იყო, ზოგს კი წამოდგომის თავი არ ჰქონდა. მიკარებას ვერ ვბედავდი, წკმუტუნით და კივილით ითხოვდნენ შველას, მიკარებისთანავე უკანასკნელი ძალით ცდილობდა ბოლოჯერ გამოეკრა შენთვის კბილი.  

როცა პატრონმა გასწირა, უცხოს როგორ ენდობოდა?!

ისეთი ძაღლიც დაუმარხავთ გული რომ ჯერ კიდევ უცემდა, თვალებმილულულს მთელი სხეული უფეთქავდა, მაგრამ დამარხეს, იმიტომ, რომ დამარცხდა.

დილით „ფოსფორამ“ ამომძახა და წავედით მურას მოსანათლად. ყველაზე ბეჩავი და საცოდავი ძაღლი შევურჩიეთ სპარინგ-პარტნიორად, კუთხეში მივიმწყვდით და მურაც მივუშვით. „ფოსფორა“ გასაცოფებლად აქეზებდა თავისივე გამოზრდილ მურას, ესეც ნელ-ნელა მივიდა, სუნი აიღო, წაეთამაშა და ლოკვა დაუწყო.  შობელძაღლი ესაო, წამოიყვირა იმედგაცრუებულმა. მერე კი ვიცანით ეს ცუგაც, ლილიას ბანდიდან, ადრე ხომ მსუქანა იყო და დიდი ძუძიები ჰქონდა.  

ესეც ნათლობა!

„ფოსფორამ“ მურა სახლიდან გააგდო.

მურა მაინც ბრუნდებოდა მის კართან.

შეიფარა-გააგდო, შეიფარა-გააგდო. ცუდი ცოლ-ქმარივით იყვნენ. მერე კი როგორც იქნა გამოაჩინა მურამ კლანჭები და სადარბაზოსთან „დვარნიაშკა“ დაგლიჯა, რომელიც ნიკას წაეკიდა, ნიკა „ფოსფორას“ უმცროსი და იყო, დომინიკე ერქვა და ნიკას ვეძახდით.

მურაც ამ ბრძოლის მერე შეიცვალა, ჩუმად რომ ვცდილობდი მოფერებას, უკვე ვეღარ ვატყობდი ისეთ აღტყინებას როგორც ადრე. „დასტოინად“ იდგა. ცხოველთა სამყაროს „ფოსფორად“ გადაიქცა. ძაღლები ხომ ყოველთვის ემსგავსებიან პატრონებს?!

კვირა გათენდა, ფანჯარა გავაღე და ნაგვის დამწვრის სუნი მეცა სახეში, ასე იყო საქმე, ეზოსთან ყოველთვის არასაკმარისი ურნები იდგა, ყუთები ნაგვის პარკებით იტენებოდა და რაც რჩებოდა იქვე ალაგებდნენ, სხვაგან აბა სად უნდა წაეღოთ?! ვერც მერიაში იჩივლებდი და ვერც „ფეისბუქზე“ დაწერდი რამეს, ან საერთოდ ვის ეცელა ამისთვის?!

ვის ეცალა და ლილიას ბანდას, რომელთაც საჭმელი არ ჰქონდათ. დაეტაკებოდნენ ნაგვის პარკებს,  გაგლეჯდნენ და დაათრევდნენ ეზო-ეზო. ყველგან იფანტებოდა ნაგვის ნარჩენები, მერე მაცხოვრებლები ხვეტდნენ და წვავდნენ.

ნაგვის დამწვრის სუნს, ნაგავზე მყრალი სუნი აქვს.

ეს 90-ანების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სუნი იყო.

მართალია უკვე 2000-ანები იყო დაწყებული, მაგრამ რევოლუციამდე 90-ანები გრძელდებოდა.

კვამლი რომ გაიფანტა მოედნის ბუღიც დავინახე, მტვერი იყო ავარდნილი და სხვა დღეებთან შედარებით წყნარი ხმები მოდიოდა. გული მაგრად მიცემდა და ისე ვნერვიულობდი თითქოს მე მივდიოდი საჩხუბრად, იმ დღეს მურას უნდა ეჩხუბა, არა ვიღაც „დვარნიაშკასთან“, არამედ კარგად გაწვრთნილ ცხოველთან.

„ფოსფორა“ ჭკვიანი ბიჭი იყო და მეტოქეებსაც ჭკვიანურად არჩევდა. ამაზე არ მინერვიულია. მხოლოდ იმაზე ვნერვიულობდი, რომ „ფოსფორას“ ფული არ ჰქონდა, იქ არავის ჰქონდა, მაგრამ უცბად აჩენდნენ და ამ უცბად გაჩენას ცუდი ამბები მოჰყვებოდა ხოლმე.

მურას შემხედვარე ისევ ისმოდა ირონიული შეძახილები, ის ხომ ქუჩის ძაღლი იყო, რომლისგანაც „ფოსფორას“ რაღაცის გაკეთება სურდა, არ ვიცი რისი, მაგრამ რაღაცას მიაღწია კიდეც. როდესაც მის პირისპირ ნაცრისფერი პიტბული გამოიყვანეს გიოს მხარზე გავკარი და არა-მეთქი თავი გავაქნიე, მაგრამ სიტყვა გავარდა, ჯერ პატარაა, ამის პირველი ბრძოლაა, სისხლი არც იცის რა არისო, მერე ვაჭრობა დაიწყო – ერთი-სამთან, ერთი-ხუთთან, ერთი-ათთან. „ფოსფორას“ თუ ასი ლარი ექნებოდა მისატანი, გამარჯვების შემთხვევაში ათასს ჩაიდებდა, ეს კი ზღაპრული თანხა იყო, სრულად წარმოუდგენელი, იმდენად დამაბრმავებელი, რომ მოხსნა მურას თოკი და მაგრად შეაგულიანა, მიდი და ისე იბრძოლე ჩემთვის, როგორც მე ვიბრძოდი შენთვისო.

ყურებზე ხელი ჩაავლო და მაგრად ატკინა, ისე ატკინა, რომ მურამ პატრონს კბილი გაჰკრა, იქით მხარესაც იგივე სურათი იყო, აცეცხლებდნენ პატარა პიტბულს, რომელიც მართლა პატარა იყო, მაგრამ მაინც პიტბული იყო, „ფოსფორა“ კი იძახდა ჩხუბში მთავარი ტვინია, ქუჩის ძაღლებზე ჭკვიანი კიდე ჩხუბში ვერავინ იქნება, ამათ რო იციან გადარჩენა რომელი სახლის ძაღლი შეეედრებაო.

ალბათ სჯობდა რომ თავიდანვე დაეჩაგრათ ჩვენი მურა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმისთვის მართლა პირველი ჩხუბი იყო და როგორც კი დავინახეთ, რომ მურა თავს არ იჩაგრავდა ექსტაზში ჩავარდნილები ვყვიროდით – დაგლიჯე! მოკალი!

საყოველთაო ღრიანცალი გამოიწვია სანახაობამ, სადაც მურა პიტბულთან თავს არ იჩაგრავდა, იმის პატრონიც დაიცინა ძაღლი კი არა თახვი გყოლიაო. იყო ხელის აქნევა და „შენ მერე მოგხედავ ბიჭოს“ ძახილი, მანამდე კი მოედანს მტვერი ასდიოდა და ხმები ისევ იკარებოდა მაღალ კორპუსებში.

მურას ყოველ გაკვნესებაზე გული ნემსით მეჩხვლიტებოდა. ხალხი მაშინვე შეიცვალა როგორც კი ნაცრისფერმა ცხოველმა ყბებში მოიგდო ჩვენი ცუგა, უკვე მას აქეზებდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი დაემთავრებინა, არ მეყო გამბედაობა რომ მურა გამომეთრია, „ფოსფორა“ კი წაშლილი იდგა. ის პიტბულიც იმაზე დიდი მეჩვენებოდა, ვიდრე მანამდე იყო.

ძაღლები ტირიან.

გადაბმული კვნესით ტირიან.

ამ დროს მათთან მიკარება არ შეიძლება, მაგრამ „ფოსფორა“ მაინც მიეკარა, წითლად შეღებილ შავ დრუნჩზე გადაუსვა ხელი, ისიც ოდნავ შეტოკდა და გემრიელად გალოკა.

რაღაც ხანის მერე იყო რევოლუცია და ცვლილებები. ცვლილებებს მოჰყვა ნგრევა და შენება. ნგრევა შეეხო „ფოსფორას“ კორპუსს, რომელიც დაანგრიეს და მის ნაცვლად ბულაჩაურის ქუჩის ყველაზე მაღალი და მახინჯი კორპუსის შენებას ჩაუყარეს საფუძველი.

შენება შეეხო იოსებიძის ქუჩის მოედნებს, სადაც ხელოვნურსაფარიანი საფარი დააგეს და ბავშვებმა დაიწყეს ფეხბურთის თამაში, თანაც ისე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ მათ ქვემოთ რა ხდებოდა.

ეზოებთან საკმარისი რაოდენობის ურნები დაიდგა. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, ყოფილი „მენაგვეები“, ფორმებში გამოეწყვნენ და ნაგვის გატანა დაიწყეს. ქუჩის ძაღლები კი გაქრნენ, არ ვიცოდი სად და როგორ, მაგრამ ძალიან ძალიან ბევრი და ნაცნობი ცუგა, უბრალოდ გაქრა.

ერთ-ერთი გარეუბნიდან მერიაში საჩივარი შევიდა, რომელიც იმდენჯერ დაიკიდეს ფეხზე რამდენჯერაც ხალხმა იჩივლა. ჩიოდნენ ძაღლების გადაბმული კვნესის თაობაზე, ბეტონის შენობიდან აღწევდა ხმები და დაძინების საშუალებას არ აძლევდათ.

პასუხს არავინ სცემდათ, ტელევიზიაში დარეკეს და მივიდა ერთი კარგი ჟურნალისტი, ბეტონის შენობაში არსებულმა, რაღაც გაურკვეველი სამსახურის თანამშრომლებმა, ჟურნალისტს ერთი შემოარტყეს, ოპერატორს კი კამერა წაართვეს, მაგრამ ვერ გამორთეს, მართალია გამოსახულება არ გვიხილავს, მაგრამ მათი საუბარი კამერამ ჩაიწერა. ჩანაწერში ითქვა ის, რაც ისედაც ყველამ იცოდა. ძაღლებს უბრალოდ ხოცავდნენ. ისევ ისე, როგორც ადრე, ამჯერად მალულად, ფარულად, სარდაფებში. მათ მოსავლელად სახელმწიფომ რესურსი ვერ გამონახა.

ეს იყო სუფთა და უსაფრთხო ქუჩის საფასური.

ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ თავშესაფრები გახსნილიყო და ძაღლებზე ზრუნვა დაეწყოთ.

აბა რა იცის, დავარცხნილმა, დაბანილმა და კარგად გამომძღარმა, „მზიურის მურადამ“, ვინ იყვნენ მისი წინაპრები?!

ღამით გადავძვრებით ხოლმე იოსებიძის მოედანზე, ბალახზე გავწვებით და ჩვენგან გაწირულ მეგობრებს ვიხსენებთ. ყოველი პეტიცია, ძაღლების წამების და მკვლელობის წინააღმდეგ, რომელსაც ხელს ვაწერთ, განაჩენია ჩვენივე ბავშვობაზე და ალბათ მთლიანად იმ პერიოდზე, ერთად რომ განვვლეთ.