შესავალი
მოცემული მხატვრული ნაწარმოების ავტორი თვითმფრინავით მგზავრობისას გავიცანი. საერთო ბევრი აღმოგვაჩნდა და ჩვენთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით მოსაზრებათა გაცვლა-გამოცვლით ავაჩქარეთ დროის მონოტონური მარში. არც თუ ისე ხშირად ხდება, რომ ლიტერატორმა გვერდით სავარძელზე ამდენად საინტერესო ავტორი აღმოაჩინოს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თავის რომანიდან, რომელზეც, სავარაუდოდ, იმ პერიოდში მუშაობდა, მცირე მონაკვეთი დააკოპირა და ელექტრონული ფოსტით გამომიგზავნა.
მოგვიანებით, მოვლენები მოულოდნელობის გამაოგნებელ განზომილებაში განვითარდა. ვისაც იმ დღეს ანარეკლივით გაუელვა ამ მოჩვენებამ ყველა შეამჩნევდა, რომ მეტისმეტად სუსტი აღნაგობის მქონე მოხუცი არანორმალურად ჩქარობდა. იმდენად სწრაფად ჩამიქროლა მსუბუქად შევკრთი კიდეც და მასთან საუბარი რომ არ მქონოდა, ვიფიქრებდი: ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა და სამართალდამცავებს გაურბის-მეთქი.
უნებლიე რეაქციამ პრაქტიკული მოქმედების იმპულსი გარკვეულწილად შეანელა. დაგვიანებით შევძახე, ბატონო სად გეჩქ… და მაშინვე გავაცნობიერე, რომ გარჯად არ ღირდა, რადგან მამაკაცი აეროპორტის დაქსაქსულ დინებას შეერწყა.
მოგზაურობიდან ერთობ გაღატაკებული ვბრუნდებოდი და სახლში ავტობუსით წავედი. საღამოს რომელიღაც საათი იყო. ავტობუსის მეორე სართული, სადაც კომფორტულად მოვკალათდი, თითქმის ცარიელი დამხვდა. ელექტრონული ფოსტა გავხსენი. მის მიერ გადმოგზავნილი ტექსტი ჩავიკითხე და უწინდელი გაოცება მიღებულმა შთაბეჭდილებამ ჩაანაცვლა.
სახლში დაბრუნებულმა ტექსტი კიდევ რამდენჯერმე გადავიკითხე. რთული სათქმელია ნაწარმოები რა საკითხს ეხება, ან რა პრობლემას აყენებს. გვერდები დანომრილი არ არის, ასე რომ გაურკვეველია ეს მონაკვეთი რომანის დასასრულიდან არის აღებული, თუ დასაწყისიდან.
რაკიღა მოხუცს, რომელსაც თავის სახელიც კი არ უთქვამს, ვეღარსად მივაკვლიე, გადავწყვიტე, ეს მცირე მონაკვეთი გამოვაქვეყნო, რადგან უფრო გონივრული გადაწყვეტა ვერც თავად მოვიფიქრე და ვერც უფროსმა კოლეგებმა მირჩიეს. ყველანი გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ამ გზით ეს «ეპიზოდური მოთხრობა» კუთვნილ ადგილს იპოვის.
ტექსტის ავტორი უცნობია, ისევე როგორც მისი მთლიანი შინაარსი და შექმნის ზუსტი თარიღი. არსებული გარემოებების გათვალისწინებით და გამოცდილ გამომცემლებთან კონსულტაციის შემდეგ, თავს უფლება მივეცი ეს ეპიზოდი შინაარსის შესაბამისად დამესათაურებინა და ტექსტში გარკვეული კორექტივების შეტანის შემდეგ, კოლეგების რჩევის თანახმად მემოქმედა.
განთიადი სოროში
ქვემოთ აღწერილი მოვლენა მოხდა ქალაქში, რომელსაც ვერცერთ რუკაზე ვერ მივაკვლიე, მაგრამ სხვა ქალაქები თითქოს მისი პროექციაა.
პროტოტიპი
სოროში დღისა და ღამის გარჩევა რთული საქმე იყო, კერძოდ, იმ მიყრუებულ გარეუბანში, რომელშიც დროის დაუდგენელი პერიოდი გავატარე. არც კი მახსოვს იქაურობას როგორ შევეგუე, ან თავი როგორ დავაღწიე. უსიცოცხლო მანსარდიდან უსასრულოდ ვათვალიერებდი აბსურდულ, ერთფეროვან პეიზაჟებს, თითქოს დურბინდით ხმელეთს ვეძებდი, როგორც განწირული ეკიპაჟის რიგითი მეოცნებე, რომელსაც გადარჩენის იმედი ბოლომდე არ გაუფლანგავს.
მომნუსხველ მდუმარებას მეზობლად მდებარე სამშობიაროდან მომავალი ხმაური არღვევდა. მანსარდის თხელ კედლებში ადვილად აღწევდა და მთელი საღამო ტანჯვის გამომხატველი კვნესა ჩამესმოდა, რომელსაც რაღაც ბუნდოვანი, თითქოს არაცნობიერიდან მომავალი ტონალობა, ქუჩაში გაგდებული ძაღლივით ეხმიანებოდა. სოროში უძილობა აზარტული თამაშივითაა, ჭაობივით გითრევს და აღარ გიშვებს – სანამ ბოლომდე არ გამოგფიტავს. ჩვევად ქცეული მეთოდით დროის მოკვლა გადავწყვიტე და პაზლის აწყობას რობოტული მანერით შევუდექი. მარტოობაში მყოფი უკეთეს თავშესაქცევს რთულად თუ გამონახავს, დანარჩენი სამყაროსთვის შეუმჩნეველ ქალაქში.
ბნელ ოთახში საგნების გარჩევა ქუჩიდან შემოსული, მოყვითალო სინათლის ხარჯზე რამდენადმე შესაძლებელი იყო. სიმყუდროვეს მხოლოდ ენის არასრულყოფილების გამო თუ ვუწოდებთ იმას რაც მანსარდაში მომაკვდავი გულივით ფეთქავდა. ხის საწოლიდან ჭრიალით წამოვდექი, ტერფები საზაფხულო ჩუსტებში შევაცურე და სფეროსებრი ფანჯრისკენ ფრატუნით წავედი. პატარა მაგიდგაზე რამდენიმე წიგნი, მონიკელებული რკინის სანთებელა და შუშის საფერფლე იდო. უჯრიდან ფერადი ყუთი ამოვიღე, მტვრით დაფარულ კაკაოსფერ მაგიდაზე დავდე და ბორბლებიან სავარძელში ღუსაზავით ჩავეშვი. დროს ნიკოტინით და მუყაოს ნაჭრებით შევეჭიდე, – ბოლო დროს, ამგვარ ორთაბრძოლებში უპრობლემოდ ვიმარჯვებდი. მალე, დროის მსვლელობა თითქმის შეუმჩნეველი და მეტად საინტერესო გახდა.
მუყაოს ნაჭრებს შესაბამის ადგილას ისე ვათავსებდი, თითქოს, როდესღაც თავად შემექმნას ეს თავსატეხი და მეხსიერების იმპულსური კარნახით ვმოქმედებდი. როცა დასრულებულ პაზლს დავხედე ოვალური სახე დავინახე, რომელიც გამომშრალი ნიადაგივით დამსკდარიყო. ხანმოკლე სიხარული განვიცადე, თითქოს, მძიმე ტვირთი მოვიშორე, მაგრამ დაძინებას ისევ ვერ ვახერხებდი. საზაფხულო ჩუსტები კარისკენ გავიქნიე. ტანსაცმლის საკიდის ქვეშ სპორტული ფეხსაცმელი იდო – ჩავიცვი და გარეთ გავედი.
სოროში ჯერ ისევ ბნელოდა, ქუჩის მარჯვენა მხარეს ლამპიონები ანათებდა. ნაცრისფერი ტროტუარის ფორებიან ფილებს მოყვითალო განათება გადღაბნილ წრეებში აქცევდა. მაღალი, ჩამუქებული შენობები დომინოს ქვების მწკრივს წააგავდა. კვნესის ხმა ჩემ სმენამდე ვეღარ აღწევდა და ხასიათი მყისიერად გამომიკეთდა, თითქოს, სანთელი ჩამოიღვენთა და ცეცხლის ალი გაძლიერდა.
ფიქრებით გატაცებული, ბაზალტის ბორდიურის გასწვრივ ზანტად მივაბიჯებდი, რა დროსაც ჩემკენ მომავალი უცნაური ფიგურა შევნიშნე. მომეჩვენა, რომ არსებობა მაშინ დაიწყო, რაწამს ყურადღება მისკენ მივმართე. თითქოს მომავლიდან მოძვრებოდა, ისე მოიზლაზნებოდა, როგორც კოვზიდან ჩამოღვენთილი თაფლი. იდუმალ პროცესში იყო. ჩემკენ ისე მოდიოდა თითქოს უხილავ ხაზს მიჰყვებაო, როგორც მტრედი შინაგან ნავიგაციას. ვგრძნობდი, რომ იქ სწორედ ჩემ გამო იყო. დამთრგუნველი, ჯერ განუცდელი შიში მიბყრობდა იმ აზრის გამო, რომ მე და ის ერთ სამყაროში, ერთდროულად ვერ ვიარსებებდით. ბავშვივით ავღელდი. მდგომარეობასთან შეგუება მეტისმეტად რთული აღმოჩნდა, თუმცა უკან დახევას არ ვაპირებდი. ვცდილობდი შიშს არ ავყოლოდი და ქურდული სიფრთხილით მომავალს თვალს არ ვაშორებდი.
მყისიერმა გაოცებამ მაიძულა აზრად გამევლო, რასაც ვხედავ სიგიჟის ნიშანი ხომ არ არის-მეთქი, თუმცა ეს ეჭვი ბოლომდე ვერ ვირწმუნე. ჩვენს შორის მანძილი, თითქოს არამიწიერი სისწრაფით შემცირდა. ჩემი შინაგანი რიტმი ქაოტურ ალეგროში მკვეთრად გადავიდა, სუნთქვა უკიდურესად გამიხშირდა, ჩემკენ მომავალი ფიგურა ყოველ შინაგან რხევას ამჩნევს – სულ მცირედსაც კი. სვლას განაგრძობს და ცხადზე ცხადია, რომ გზიდან გადახვევას არაფრის დიდებით არ აპირებს, ისევ იმ წყეულ უხილავ მარშრუტს მიჰყვება. გონება, თითქოს თეთრი ხმაურით მევსება, ფიქრისთვისაც კი არ ტოვებს სივრცეს. ვცდილობ ემოციები დავთრგუნო – სულ ერთი მეტრიღა გვაშორებს. მოქმედების უნარი დავკარგე, თითქოს დამბლა დამეცა – პარალიზებული ვარ. შველას ვითხოვ, მაგრამ ჩემი ხმა სხვა, წარსულს მიბარებულ სამყაროში ისმის. ქუჩაში კი სრული სიჩუმეა. არც მისი ფეხის ხმა ისმის, არც ჩემი. ის ისევ მიახლოვდება, როგორც რაღაც ფატალური, – თითქოს ზებუნებრივ მისიას ასრულებს. დადგა ის გარდაუვალი წამი როცა ერთმანეთს უნდა შევეჯახოთ, მაგრამ სრულიად მოულოდნელი და განმაცვიფრეველი რამ მოხდა, რაც ამქვეყნიურ კანონებს არასგზით არ ემორჩილება:
თითქოს, ქარმა დაუბერა და დრო კვამლივით გაიფანტა. ტვინი პატარა პლანეტას დაემსგავსა, რომლის ზედაპირსაც ნეირონები მეხივით ეცემიან. შტორმში, ჭექა-ქუხილის ეპიცენტრში ვარ, მაგრამ თმის ღერიც კი არ მიკრთის. უხილავმა დინებამ გამიტაცა, წინ მივექანებოდი და რაღაც ისევ უკან მექაჩებოდა – ნიჩბების მოსმას ჰგავდა. მოგონებები გაქრა და მხოლოდ ის დარჩა რაც წინ მელოდა. გონების სიმაღლეებიდან ისევ დედამიწაზე დავენარცხე, რამდენიმე წამში საგნები გაუჩინარდა. უცნობი ორად გაიყო: ერთმა მარცხნიდან ჩამიქროლა, თითქოს შავ ხვრელში შთაინთქა, მეორემ კი მარჯვნიდან და სინათლეს შეერია, როგორც წვიმის წვეთები ზღვას.
გაოცებამ სრულად მომიცვა. მეყსეულად განცხადდა, რომ შეჯახება ყოვლად შეუძლებელი იყო და ეს გაელვება ახსნასაც არ საჭიროებდა. სვლას ისე განვაგრძობდი, ვითომ არც არაფერი მომხდარა. ლამპიონები ჩამქრალიყო, სოროს ქუჩებს მზე ანათებდა.
ღამის მყუდროება გარდაუვალ დასასრულს მორჩილებით შეეგება. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს, ჩემში კანქვეშა დინებები გაჩნდა. რამდენიმე ხანს კიდევ ფეხით ვიარე. სამშობიაროდან, მთელი ღამის ნატანჯი, გათანგული ქალის მტირალა ჩვილი ყვავივით დამჩხაოდა.
დაღმართზე მომავალი ტაქსი დავინახე და მაშინვე ხელი ავუქნიე. მანქანა შუა გზაზე გაჩერდა. სიტყვა დავძარი მაგრამ მძღოლი ყრუ-მუნჯი გამოდგა და ღამენათევმა ვერაფერი გავაგებინე. ვიფიქრე, სხვას დაველოდები-მეთქი, მაგრამ უეცრად სიბნელე ისე ჩამოწვა, როგორც ნაწვიმარზე ნისლი. ცხვირწინ მდგომი ავტომობილის გარდა აღარაფერი ჩანდა. თეთრად განათებული წარწერა „სოროს ტაქსი“ გაშეშებული სახის ნაკვთებს მსუბუქად მინათებდა. ხშირი წარბების ჩრდილი შუბლზე მეცემოდა, სწორი, ვიწრო ცხვირი ალესილ დანას მოგაგონებდათ. ჩაცვენილი ლოყები განსაკუთრებული გარემოებების გარეშეც დააფრთხობდა უცნობს. მძღოლი შეცბუნებული მიყურებდა. სხვა შემთხვევაში გავერიდებოდი, მაგრამ უკეთესი არჩევანი არ მქონდა: ტაქსიში ჩავჯექი, კარი უხეშად დავხურე და ხელის მოძრაობით ზღვა განვასახიერე. ყრუ-მუნჯი მაშინვე მიმიხვდა და მდუმარე ღიმილით მიპასუხა.
– გაბრიელი, – თავი წარვადგინე, – მიხარია, რომ გაგიცანით…
მძღოლს, რა თქმა უნდა, არცერთი სიტყვა არ გაუგია, მაგრამ ირონია სიტუაციურად იგრძნო და ცერა თითი აღმართა.
დავიძარით თუ არა თანდათან ინათა. ავტომობილი სასიამოვნოდ ირწეოდა. ყრუ-მუნჯი მძღოლი საგზაო ნიშნებს არ ემორჩილებოდა და დასაშვებ სიჩქარეს მკვეთრად აჭარბებდა. უკან მოტოვებული ქუჩები ალაგ-ალაგ ისე ნათდებოდა, იფიქრებდით, გაქცეულ პატიმარს ეძებენო. თბილ ჰაერს მანქანის სალონში დილის სურნელი შემოჰქონდა. ცარიელი ქუჩა ბგერებს ისხლიტავდა. მომეჩვენა, რომ გვერდით ვიღაც იჯდა, სიბნელეში ჩამალულიყო და გაუთავებლად ბუტბუტებდა. ფიქრებში პასუხის გაცემა დავაპირე, ჩანაფიქრს მიმიხვდა და ხმას აუწია. გადავწყვიტე, ბნელეთის ბინადარი დამედუმებინა – ყურადღება სარეკლამო ბანერზე გადავიტანე. ქალის მომხიბვლელი სახე თითქოს ჩამოიღვენთა და კანქვეშა დინებას შეერწყა.
მძღოლი ესტაკადაზე ფორმულა ერთის პილოტივით აქანდა. ნამიან ასფალტზე გავლებულ თეთრ ზოლს სანაპიროსკენ მივუყვებოდით. წინ ფართოდ გაშლილი წყლის ჰორიზონტი მოჩანდა. ვგრძნობდი, რომ ბნელ მანსარდაში აღარასოდეს დავბრუნდებოდი. გასავლელი გზა ზოგჯერ ძალიან მოკლე, ზოგჯერ უსასრულო მეჩვენებოდა.
ეპიზოდის დასასრული.
ჰერმენევტიკა
ავტორი ჩემთან საუბრისას ყურადღებას გარკვეულ გარდამტეხ მომენტზე ამახვილებდა. “არაცნობიერის განგაში,” – ეს არის ფრაზა რომელიც მან რამდენჯერმე გამოიყენა. სავარაუდოდ, ზემოთ მოცემული ტექსტი სწორედ ამ ფენომენს უნდა აღწერდეს.
ასევე, ჩემი ყურადღება მიიბყრო ტექსტის იმ ნაწილმა, სადაც გაბრიელი ალაგ-ალაგ განათებულ ქუჩებზე საუბრობს. ასოციაციურად ეს მონაკვეთი, ასე ვთქვათ, მცირე და ეტაპობრივ გაცნობიერებას უნდა აღნიშნავდეს, – მიკრო გაცისკროვნებას, რომელსაც ლიტერატუტული გმირი მის ცნობიერებაში მომხდარ გარდატეხას, ანუ ქვეცნობიერის განგაშს უკავშირებს.
ქვეცნობიერის განგაშის მაპროვიცირებელი, განსაკუთრებულად მკვეთრი იმედგაცრუება უნდა ყოფილიყო. ნარატორი დგება იმგვარი ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე, რომლის გადაჭრა მის იმჟამინდელ ცნობიერებას არ ძალუძს და მტკივნეული პროცესის შედეგად, რომელზეც ტექსტის საწყისი ნაწილი მიგვანიშნებს, გადადის სხვა ინტელექტუალურ განზომილებაში, რასაც ავტორის სიტყვების თანახმად, განგაშის გაცნობიერებით, მიღებული შთაბეჭდილებების გადააზრების ხარჯზე ახერხებს.
მოცემული ტექსტის ბოლო ნაწილი დანარჩენებზე მეტად ბუნდოვანია. დროის სიმცირის გამო ნაწარმოების ავტორი ამ საკითხს არ შეხებია. თავად ვივარაუდე, რომ ტექსტის უკანასკნელი მონაკვეთი, ორი საწყისის შერწყმას უნდა უკავშირდებოდეს.
ჩემი და ჩემი კოლეგების თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, “განთიადი სოროში” არ გვაძლევს მის შინაარსში მეტი სიცხადის შეტანის საშუალებას. ისღა დაგვრჩენია, ეს საკითხი მკითხველის ინტერპრეტაციას და მათ ცნობისწადილს მივანდოთ.
ავტორი: გიორგი გელაშვილი
2018 წ.