დონ კიხოტი კითხვამ შეშალა, მე – ჭადრაკმა. ბორჯომში გამიშვეს დასასვენებლად და ჰაერს მარტო აივანზე ვყლაპავდი, გარეთ გასვლისთვის დრო არ მრჩებოდა, სულ ჭადრაკის დაფას ვეჯექი, ბიძაჩემს ვეთამაშებოდი. ბიძაჩემი ამირანი კიდევ ძალიან მართალი კაცი იყო, ამიტომ სულ მიგებდა, პატარაა და მოვაგებინებო – ასეთი რამ თავში არასდროს მოსვლია, უფრო ის უნდოდა, რომ რაღაც მესწავლა და არა უბრალოდ გამხარებოდა. ამ თამაშ-თამაშით კიდე აზარტში შევედი და იქამდე არ ვაპირებდი წამოდგომას სანამ არ მოვუგებდი. ასე შეეჯახა ერთმანეთს ჩემი სიჯიუტე და ბიძაჩემის სიმართლე. ჰოდა გვაღამდებოდა და გვათენდებოდა ჭადრაკის თამაშში.

ჩემთვის შენიშვნა არავის მოუცია, სულ ხელის გულზე მატარებდნენ. ამირანმა მიიღო შენიშვნა, კარგი კაცო, შეეშვი, გარეთაც ხომ უნდა გავიდესო, ჰოდა, მაწყენინა ამირანმა და აღარ გეთამაშებიო გამომიცხადა, ჯერ გარეთ გადი, გაისეირნე და მერე ვაჭახუნოთ ეს ფიგურებიო. აბა, შენი მშობლები რას იტყვიან, ჰაერისთვის გამოგიშვეს და სახლის გარეთ არ გადიხარო.

მე კიდე ავდექი და საკუთარ თავთან დავიწყე თამაში. გაეცინათ, მერე სიცხე გამიზომეს, ბოლოს თავი დამანებეს. მოგვიანებით ორი ალტერნატივა შემომთავაზეს – ან პიანინოზე დაკვრას გასწავლით ან აკა მორჩილაძე წაიკითხე, მოგეწონება, თქვენ ენაზე წერსო. ძალიან მაცდურად კი ჟღერდა, ეს „თქვენ ენაზე წერს“ რა ჯანდაბას ნიშნავდა მაინც ვერ გავიგე, მაგრამ დამაინტერესა და პირველად სწორედ მაშინ წავიკითხე ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები.

ყვებოდა ამბებს ძმაკაცივით. გვერდზე უბნელივით. ასე მომწყვიტეს ჭადრაკს და მერე უკვე წიგნი ვერ გამაგდებინეს ხელიდან. მეხვეწებოდნენ, იქნებ პარკში დაჯდე და იქ წაიკითხოო, მაგრამ ფანჯრის რაფაზე მერჩივნა. ანდაც მაგიდის ქვეშ.

კითხვა აკამ შემაყვარა, ჩემი პირველი სიყვარული საბავშვო ბიბლია იყო თავისი ილუსტრაციებით, მერე ამირანის მითოსი, ასევე საინტერესო ილუსტრაციებით. ტომ სოიერთან და მუშკეტერებთან განსაკუთრებით ვერ ვძმაკაცობდი, რადგან ყველა მათთან ძმაკაცობდა და მე არ მინდოდა იქ ყოფნა, სადაც ყველა იყო. ისე გადავიკითხე, დისტანცირებულმა, უფრო სხვისი თვალითა და პერსპექტივით. ჩემთან არ მოსულა ისე ახლოს, როგორც იმ ხალხს სურდა, რომელთაც მომაჩეჩეს ეს წიგნები. აკა კიდე მოვიდა, გვერდზე ჩამოჯდა, დაიწყო მოყოლა და აბა მერე რაღას გააჩერებ.

ჩვენს გავარდნილ თაობას აკამ ააღებინა წიგნი ხელში. სიბნელეში დავიბადეთ და გაგრძელდა ეს სიბნელე უსასრულოდ. მერე კიდე აქა-იქ მბჟუტავი სინათლეებიც ჩნდებოდა ხოლმე, ოღონდ გადმოყვანილი სინათლე არა, ეგ სულ სხვა ამბავია. ხელოვნებას მოჰქონდა სინათლე, ყველაფერი თავზე რომ გექცევა და მაინც წიგნისკენ ან ფილმისკენ მიგიწევს გული, იქაც რომ ხედავ რაღაცის გასაღებს, ესე იგი, ცოცხალი ხარ, არსებობ. და აზროვნებ კიდეც, ალბათ.

ძაღლები უკვე დამარხული და ამოთხრილი მყავდა, როცა მანანა ბეგიაშვილმა დაიჟინა სახელოსნოში უნდა იაროს ამ ბავშვმაო. ვუყვარდი მანანას, მეც მიყვარდა, იმიტომ, რომ ჩემი გადარჩენა უნდოდა, სხვებზე მეტად. მაშინ მეგონა, რომ უბრალოდ ის უნდოდა, რომ კალამი ამეღო ხელში და მეწერა. ჰოდა, ვწერე და ვწერე. დიდების ჯგუფში მოვხვდი, ყველაზე პატარა ვიყავი, არ ვლაპარაკობდი, მაგრამ ვწერდი გაუთავებლად. წლის ბოლოს კიდე ყოველთვის სალონია. ჩვენი სალონი თეატრალურ სარდაფში იყო, უნდა გამოვსულიყავით ბედნიერი და ამაყი მშობლების წინაშე და ჩვენივე ნააზრევი წაგვეკითხა, მთელი თვეების მანძილზე რომ ვწერეთ და იმ ბევრიდან რომ რაღაცამ ივარგა.

მაგარი ამბავია, რაღაც მაგრად გაწუხებს, ფურცელზე გადაგაქვს, ერევი ამ წუხილს, სალონზე მაგრად იცინი ამ ყველაფერზე და ვიღაცები ტაშსაც გიკრავენ, ალბათ გამარჯვებას გილოცავენ. რაღაცაზე იმარჯვებ ამ დროს.

კულისებში ფუსფუსია, ყველა ნერვიულობს, ჩემი გულიც მძიმედ ცემს, ბევრი ხალხია, ბევრ ხალხში ბედნიერი დედაჩემიც ზის. უხარია, რომ რაღაცებზე ვიმარჯვებ, თან ძალადობის გარეშე.

ამ დროს ერთ-ერთი ბავშვის მშობელი შემოდის და გვეუბნება, აკა მორჩილაძე მოვიდაო. ხმადაბალ კივილამდე დუმილი იყო, გაფართოებული თვალები და ბევრი კითხვა იყო, ამ დიდი თვალებით ყველა ბეგოს ეძებდა, ბეგო კიდე არ იყო ჩვენთან. მერე კიდე ამ მშობელს მიცვივდნენ და აბა აკა რომელიაო, დაუწყეს გამოკითხვა. იმანაც გაგვახედა ფარდის მიღმა და აი იმ ჯეჯგვი კაცის გვერდზე რო ზის ის არისო.

რანაირად?

დააფიცებინეს, გულზეც დაადებინეს ხელი, გინება არ დაუწყია, მაგრამ თავი დადო, ნაღდად ეგ არისო. მე არ ვიცი როგორი მეგონა, გვერდზე უბნელი ბიჭი მეგონა, აქ კიდე შავწვერიანი კაცი იჯდა. ჩვეულებრივი კაცი იყო რა, რანაირად ეტევა ამ კაცში აკა მორჩილაძე?

სხვებს კიდევ ჭაღარა ბაბუა ეგონათ, თანაც უნდა წაეკითხათ ეგ ბაბუა. ბეგოს სახელოსნოში ერთ-ერთი თემა „აკა მორჩილაძე“ იყო, ჰოდა, ერთ-ერთმა მწერალმა, საყვარელმა და პუტკუნა ნინიმ, აღწერა თავისი თვალით დანახული აკა, აღწერა ჭაღარა თმითა და დაკოჟრილი ხელებით, მისი ჭკუით ასეთი უნდა ყოფილიყო კაცი, რომელიც ჩვენს ენაზე წერდა წიგნებს.

ყველამ დავწერეთ ეს თემა, მაგრამ ნინიმ მაგრად დაწერა და ამიტომ უნდა წაეკითხა ყველას თვალწინ, ყველაზე მეტად უნდა წაეკითხა აკას თვალწინ. ამ ჩვეულებრივი შავთმიანი კაცის წინ უნდა წაეკითხა, რომ უკვე ჭაღარაა და ხელებდაკოჟრილი.

მაგრად აკანკალდა, ტუჩები ჩაულურჯდა, ვამხნევებდით, მერე რა კაცო… სწრაფად წაიკითხავ, ისე, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს, ეგ კიდე ან არის აკა და ან არა. შეიძლება თავადაც არ იცის, რომ აკაა მორჩილაძე.

ამან კიდე დაიჯერა, რომ სულ სხვა კაცი ზის დარბაზში, დაიჯერა რა… დავაჯერეთ! მოსულიერდა, ჯანზე მოვიდა, ხმა დაუბრუნდა, მკერდი მაღლა ასწია და ამ დროს ბეგოც შემოვიდა, ერთიანად გამოკითხეს ის კაცი ვინ არისო? ბეგომ კიდე დაახალა საკონტროლო გასროლა – ეგ აკა მორჩილაძეაო!

მაინც გავახოხეთ სცენაზე. გასვლის წინ მითხრეს აკა მორჩილაძე გიო ახვლედიანიაო და მივხვდი, რომ აუცილებლად მოისმენდა რას წავიკითხავდი. სხვა დროს შეიძლება ფიქრში გართულიყო, მაგრამ მოგვარეს მოუსმენდა აუცილებლად. ავნერვიულდი, მაგრამ მაინც ჩავიკითხე ჩემი მოთხრობა შავ დაფასა და თეთრ ცარცს შორის დატრიალებულ რასობრივ სიყვარულზე, სიცილი მოჰყვა ფინალურ აკორდს, ცარცმა წერა, წერა და გათავდა. ზედ შავ დაფაზე გათავდა. მე თავგანწირვაზე ვფიქრობდი ამ დროს, იმ ხალხს რა აცინებდა მერე მივხვდი, წლების შემდეგ და მაგრად მეწყინა.

ნინიმაც ჩაიკითხა როგორც იქნა ჭაღარა მორჩილაძე და როგორც კი ჩაიკითხა დავინახე, რომ ამოისუნთქა და თვალებით ვიღაცას დაუწყო ძებნა, ალბათ აინტერესებდა ისიც იცინოდა თუ არა, აპატია თუ ვერა ნაადრევი დაბერება.

ამის შემდეგ ისევ ვკითხულობდით მის წიგნებს, ოღონდ უკვე ვიცოდით, რომ არც ჩვენი ძმაკაცი იყო და არც ჭაღარა მოხუცი. ამ კითხვა-კითხვაში კიდე ბოლო გვერდზე თავისი მეილი დატოვა და გვითხრა – მოიწერეთ ხოლმეო. ჰოდა, მკითხველი აბა რას იზამდა? ადგა და მიიწერა. ვწერე და ვწერე, რაც სათქმელი მქონდა და არ მქონდა ყველაფერი ვწერე. ხან რჩევას ვეკითხებოდი, ხან რაღაცებს ვუზიარებდი, და ასე იყო ასეულობით მკითხველი, ჩემსავით წერეს და წერეს. კითხვა ხომ დაგვაწყებინა და… ამ მეილის გადამკიდე ყველამ წერა დაიწყო.

გაფრინდა კიდევ წლები და მორიდებული ზურმუხტის პრეზენტაციაზე გიო ახვლედიანს ერთმა ღვთისნიერმა ჰკითხა – იმ მეილზე რომ წერილებს გწერდით, შენ რა, მართლა კითხულობდიო?