ვინ-ვილში (Who-ville) მხოლოდ ორნაირი ვინ (who) ცხოვრობს. ყველა, ვინც შობას აღნიშნავს და მათ განრიდებული გრინჩი, რომელიც ამ დღეს ვერ იტანს. უფრო სწორად, ვერ იტანს არა კონკრეტულად შობას, არამედ მის გარეგნულ ნიშნებს, გამომხატველობით ფორმებს, რომელსაც დღესასწაულის აღსანიშნად მისი თანაქალაქელები იყენებენ. გრინჩი იმდენად არის შეწუხებული გაუთავებელი ხმაურით, დაუსრულებელი ჭამა-სმითა და სიმღერით, რომ გადაწყვეტს მათ გასაქრობად შობა ჩაშალოს და მოიპაროს ყველა ხსენებული სიმულაკრი.[1] ტექსტის ეს ასპექტი საგულისყუროა, რადგან ვლინდება, რომ გრინჩს აღიზიანებს ატრიბუტები, რომელიც შობას ახასიათებს და არა თავად დღესასწაული, თავისი არსით. არსად ჩანს, რომ მას რაიმე საწინააღმდეგო აქვს, მაგალითად, ქრისტეს შობის, რწმენის, სოლიდარობის, ერთიანობის, ემპათიის ან რაიმე ფასეულობის, რომელსაც შობა შეიძლება გამოხატავდეს. ის, რაც გრინჩს არ მოსწონს არის გაუთავებელი ღრეობა, გრძელი სუფრები, ტვინისწამღები ასაფეთქებელი მაშხალები ანუ სიმულაკრები, რომელიც საშობაო სიმულაციას ახასიათებს.

გრინჩი საკუთარ ჩანაფიქრს ასრულებს, მაგრამ სიმულაკრებდაკარგული ვინ-ვილელები მაინც იკრიბებიან შობის საზეიმოდ, რითაც გრინჩს უმტკიცებენ, რომ შობა მეტია, ვიდრე მისი რომელიმე კონკრეტული ატრიბუტი. შობის აღსანიშნად ვინ-ვილელები ხელჩაკიდებულები მღერიან სიმღერას და დროს ერთად ატარებენ. გამოდის, რომ დოქტორი სიუზისთვის შობის ნამდვილი არსი ერთიანობის, საზოგადოების წევრობის განცდაა. გარეგნული ნიშნები კი, რომელსაც გრინჩი იპარავს, იმდენად ფარავს შობის რეალურ მნიშვნელობას, რომ გრინჩისთვის ეს იდეა აღარ არის აღქმადი. გრინჩი შობის ნამდვილ შინაარსს მხოლოდ ფორმების ჩამოშორების შემდეგ აცნობიერებს. ამის გამო წყვეტს დაასრულოს ამბოხი და დაბრუნდეს საზოგადოებაში.

გრინჩი თანაქალაქელებს საახალწლო ატრიბუტებს უბრუნებს და თვითონაც ერთვება ზეიმში. თავად უმასპინძლდება საშობაო სადილით. სიმულაკრები თავის ადგილს უბრუნდება, სიმულაცია ისევ მოქმედებს. მართალია გრინჩი ბრუნდება იმ მეტის მისაღებად, რომელზეც დოქტორი სიუზი წერს, მაგრამ იძულებულია დააბრუნოს მოპარული სიმულაკრები და შობა ზუსტად ისე აღნიშნოს, როგორც საზოგადოების ყველა სხვა წევრი აღნიშნავს ხოლმე. ის ეგუება ღრეობას და ხდება სიმულაციის ნაწილი, რათა თავი თემის წევრად იგრძნოს. უცნაურია, რომ გრინჩს სწორედ ფორმებისგან დაცლილი შინაარსი უჩენს საზოგადოებაში დაბრუნების სურვილს, თუმცა როცა ბრუნდება ხელში სწორედ ის რჩება, რასაც მანამდე ერიდებოდა. გრინჩი საზოგადოების წევრი ხდება არა, როგორც ინდივიდი, რომელსაც სიახლე მოაქვს სივრცისთვის, არამედ როგორც კონფორმული ავტომატი.[2] თემში დასაბრუნებლად ის საკუთარ ინდივიდუალიზმს სოციალურ ნორმებს წირავს. საზოგადოებისთვის კი მნიშვნელოვანი ისაა,  რომ ყველა ერთნაირად იქცეოდეს, რათა არავის შექონდეს დისონანსი სიმულაციაში, რომელსაც ყველა ვინ-ვილელი თავგამოდებით პროეცირებს. გრინჩი საზოგადოებაში ადგილს პოულობს არა როგორც თავისუფალი ინდივიდი, არამედ დანარჩენებივით, როგორც სიმულანტი. გრინჩი არის ერთგვარი ალუდა, რომელიც თემს უბრუნდება და ქისტების მარჯვენების შეგროვებას თანხმდება.

ჩვენს ფსევდო-კაპიტალისტურ საზოგადოებაში კი ახლოვდება ძველით ახალი წელი – საახალწლო სიმულაციის შემადგენელი ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო სიმულაკრი. რომანტიზებისა და რაციონალიზაციის ჭეშმარიტად დიდი უნარი უნდა გააჩნდეს ადამიანს, რომ 14 იანვარი აღნიშნოს მას შემდეგ, რაც ორი შობა, ერთი ახალი წელი და ერთი ბედობა იზეიმა. მომხმარებლები წელსაც ცდილობენ იდეალური შობისა და ახალი წლის მოწყობას, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით ვის რამდენი ფული აქვს. ზოგიერთი ისეთ სუფრებს შლის, მტერს რომ ბოღმისგან, მოყვარეს კი სიხარულისგან უსკდება გული. საჩუქრებსაც არიგებს ადრესატების შესაბამისი საფასო კატეგორიის მიხედვით. არის მისვლაც, მოსვლაც და უამრავი მილიონჯერ მოსმენილი სიმულაციური, არსისგან დაცლილი სადღეგრძელოც.

საახალწლო პერიოდის მიწურულს კი, ადამიანების უმრავლესობას მაინც იმედგაცრუების და სიმარტოვის განცდა რჩება. შობა მართლაც შეიძლება იყოს მეტი, ვიდრე დეკორაცია.

გრინჩი არ გვყავს, რომ გამოაჩინოს სიმულაკრებით გადაფარული. კონფორმული ავტომატები კი ერთმანეთისთვის დამდეგი ძველით ახალი წლის მილოცვას აგრძელებენ.


[1] Simulacrum ლათინური სიტყვაა და ნიშნავს image-ს, ხატს, სურათს, ასახულს, იმას, რაც ბაძავს ორიგინალს. გამოყენებულია მნიშვნელობით, რომლითაც იყენებს ჟან ბოდრიარი, 1981 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „სიმულაკრები და სიმულაციები“.

[2] ერიხ ფრომის განმარტებით კონფორმული ავტომატი არის ინდივიდი, რომელიც წყვეტს აღარ იყოს საკუთარი თავი. ის სრულად კულტურული ნორმებით ნაკარნახევი პიროვნება ხდება. შესაბამისად, ისეთია, როგორებიც სხვები არიან, როგორად ყოფნასაც ყველა მოელის მისგან. იგი არის პიროვნება, რომელიც თმობს ინდივიდუალიზმს და ხდება ავტომატი, იდენტურია მის გარშემო არსებული მილიონობით სხვა ავტომატისა და აღარ გრძნობს შფოთვას და სიმარტოვეს. თუმცა საზღაური, რომელსაც ის იხდის დიდია, რადგან ამგვარად საკუთარ თავს კარგავს.