ამონარიდი ცნობილი არქეოლოგის გამოუქვეყნებელი მემუარებიდან, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან არ მინდა მისი ნდობით ბოროტად ვისარგებლო.
ონკანი ჰაერს იფურთხებოდა. ისევ გვალვები დაიწყო. მინდორს გადახრუკავს, გადააყვითლებს, თითქოს, ქერათმიანი გოლიათი მუცელზე წევს და ირუჯება. მთიდან მდინარე მოედინება, თითქმის შეუვალი ტყის გავლით – მუდამ ბაყაყივით ცივია. ამას წინათ გაგრილება მოვინდომე და ჩაღრმავებულ ადგილას, სადაც აქაურებმა რიყის ქვებით ავზი მოაწყვეს, ყინულივით ცივ წყალში კისრამდე ჩავჯექი. ეს რიყის ქვები ყოველთვის მაწანწალა ძაღლებს, გახუნებულ მეტისებს მაგონებდა.
ოთხფეხა ბანჯგვლიანები მდინარის პირას დალასლასებენ. საზამთროს ნარჩენებს ყნოსავენ იმ იმედით, რომ სადმე ძეხვის ნაჭერსაც გადაეყრებიან, – რაღაცით ჰგვანან არქეოლოგებს. ჩრდილში ქვებივით წვანან, ანდა თავად გაწვებიან ხოლმე ჩრდილივით – შავი ძაღლები, ქვევიდან ზევით სევდიანი თვალებით რომ იჭყიტებიან. მდინარეში შესვლა არც მათ უყვართ.
თბილისელი კაცისთვის, თუ მისი ველური მხარე საკმარისად დათრგუნულია, ცივ წყალში ერთი ბუქნიც საკმარისია, რომ ავზისგან თავი შორს დაიჭიროს. “მეტისების პლაჟზე” აკანკალებული მუხლებით და შეძრწუნებული გენიტალიებით ვიდექი. იმ დღეს დავრწმუნდი, რომ მეცნიერი გონების ნაწარმის, ცივილიზაციის შვილია და არა ბუნების. გასაგრილებლად ტყე მშვენიერი ალტერნატივაა, თუმცა წვრილმანი “დისკომფორტები” იქაც ბინადრობენ.
ცა ახალშობილივით შიშველი და გაცრეცილი იყო. დილას მეტისმეტად ადრე გამეღვიძა – ძილი დამაკლდა, მაგრამ ოფლში ვცურავდი და საწოლში ვეღარ მოვისვენე. ნიავი არ იძვროდა. არც კონდენცირების სისტემა იყო იმ ფიცრულში, რომელიც გაქალაქელებული გლეხისგან ვიქირავე.
შუადღემდე შესანიშნავ გერმანელ ავტორს ვკითხულობდი. რამდენჯერმე ჩამთვლიმა. გარეთ კანტი-კუნტად თუ ვინმე გაივლიდა. ცივილიზაციამ აქამდეც მოაღწია და ბავშვები თანამედროვე ტექნოლოგიებით მეტად ერთობიან, ვიდრე ტყე-ღრეში ხეტიალით. კითხვა ვეღარ განვაგრძე. არც სახლში დარჩენა შემეძლო – მოწყენილობა ინტენსიურად მიტევდა. ქუჩაში მარტო ხეტიალი მეწადა, მაგრამ მზეზე თავს ისე ვგრძნობდი, როგორც გაბზარული კვერცხი მდუღარე წყალში. ტრადიციული არჩევანი ტყესა და მდინარეს შორის უნდა გამეკეთებინა. ორივე ხუთი-ათი წუთის სავალზე იყო.
მდინარის პირას, მუხის ჩრდილქვეშ ყოველთვის ადგილობრივები იკრიბებოდნენ. ვიცოდი, ფხიზელი ვერ გადავურჩებოდი და, გადავწყვიტე, მათთან შეხვედრისთვის თავი ამერიდებინა. პროვინციებში, რატომღაც, მთვრალი არქეოლოგები მეტად ხიბლავთ.
ტყეში აპლოდისმენტებით შეიარაღებულს მეტი თავისუფლება მექნებოდა, ადამის მოდგმა არ შემაწუხებდა, მაგრამ არც ადგილობრივ სისხლისმსმელებთან შეხვედრის სურვილი მკლავდა – მაღალ ტონალობაში, რომ ჩურჩულებენ ყურის ნიჟარასთან. გადავწყვიტე, ცივი წყლის ნაცვლად, რამდენიმე კილომეტრი გავარვარებულ ატმოსფეროში “გამეცურა” და ძველი სასაფლაო დამეთვალიერებინა, რომელიც ღირშესანიშნაობად მიიჩნეოდა და იქაურები წინაპართა ხსოვნის სადღეგრძელოს შესასმელად, ზოგჯერ, ღამის საათებშიც კი ადიოდნენ ხოლმე, – თუ ღვინოს კარგი გაჭრა ჰქონდა.
მზე ზურგიდან მაჭერდა. საკუთარი ჩრდილის ყურება, მით უფრო მტანჯველი იყო, რაც მეტად მიხურდა მოტვლეპილი კეფა. ნაბახუსევზე განსაკუთრებით დაუნდობელი იყო ჰელიოსი, მაგრამ მკაცრად გადავწყვიტე წინაპართა ძვლების რაკუნი ჩემი ყურით “მომესმინა”. თავის გართობის მიზნით, ჩრდილს ვსაყვედურობდი რომ გახუნებულ ასფალტზე გველივით მისრიალებდა და პატრონს არ იცავდა აგვისტოს მზისგან. თუმცა, უკეთეს მდგომარეობაში ვიყავი, ვიდრე პიტერ შლემილი, რომელმაც ჩრდილი ვიღაც თაღლითს გადაულოცა. ჩემ ჩრდილს სწორედ ამით ვემუქრებოდი, მაგრამ ეს ისეთივე ალოგიკური და ფანტასმაგორიული ეჩვენა, როგორც წინაპართა ძვლების მუსიკა:
რიტმი მაშინვე დავიჭირე. ჩვეულებრივი ოთხი მეოთხედი იყო, ეგრეთ წოდებული Dance beat-ი. საფლავები მუხის ჩრდილქვეშ იყო განფენილი და ჩაბნელებული ღამის კლუბის ასოციაციას იწვევდა. ძვლების რაკუნი დაახლოებით ისეთ ხმას გამოსცემდა, როგორსაც აფრიკული პერკუსია – სხეულის მოძრაობას სასწაულებრივად, იქნებ დემონური ძალების წყალობითაც კი იმორჩილებდა. ახლა კი მივხვდი, რა მოარბენინებდათ ადგილობრივებს ძველ სასაფლაოზე – შუაღამისას.
რიტმი მყისიერად იპყრობდა ყურადღებას; ჰარმონია ისე შემოდიოდა სულში, როგორც ძილი მოერევა ადამიანს და გაიტაცებს არაცნობიერის სამყაროში. ჩემდაუნებურად ავცეკვდი. ყველა მოძრაობა თავისთავად ქორეოგრაფია იყო. წამიერი გაოცება სასიამოვნო თრობად იქცა და სახეგაბრწყინებული ვხტოდი სასაფლაოს მიწაზე, რომელიც ბაბუტივით იზნიქებოდა და ჰაერში მისროდა.
ყველა ნაცნობი მოძრაობა შევასრულე, ახლებიც აღმოვაჩინე. წინაპართა ძვლების მუსიკა ქორეოგრაფიას თავად მკარნახობდა – თავის თავში მოიცავდა. ტაქტი ფეხსაცმელივით მოვირგე. ყოველი რხევა, ნოტიდან ნოტზე გადასვლა სულს წარიტაცებდა მარადისობის მიღმა და საოცარი თვისებებით აჯილდოებდა.
ხელები თავს ზევით ავწიე, აქეთ-იქით ვისროდი მუშტებს – შეშლილი ბოქსიორივით. ქარში შერხეული ნერგივით ვტრიალებდი, თავს არ ვთოკავდი. კუნთები მსუბუქად მოძრაობდა. მეგონა ქარი უსხეულო, უცნობ სივრცეში წამიღებდა, სადაც ყოველი არსი იღებს სათავეს. ცა ჩამოიქცა სულში და ბავშვივით ამაფორიაქა. მუსიკა სისხლთან ერთად ჩქეფდა გავარვარებულ ძარღვებში. ფოთლების შრიალი იყო თუ ჩემთვის უცნობი ინსტრუმენტის ხმა, ფონად დაერთო წინაპართა გულაობას და მეც მათთან ერთად შევცურე ექსტაზის მძლავრ ტალღებში. შიში სრულიად გამიქრა. გავთამამდი, გავბედნიერდი, აღვფრთოვანდი – შეუძლებელი არაფერი მეგონა. ექსტაზის კონტურს მივყევი და სიგრძე-სიგანეს მოვედე. ღვთაებრივ თავბრუსხვევას ვგრძნობდი, ფარდას რომ ხდის მრავალ საიდუმლოს და სამყარო ჩემს თვალწინ ფართოვდებოდა. გადავდიოდი რიტმიდან რიტმზე, საფლავიდან საფლავზე, სინქრონში ვცეკვავდი სულებთან ერთად. ზოგი კეთილი და ზოგი მახინჯი იყო. მოვინახულე ერთი, მეორე, მესამე… გადავდიოდი ეპოქიდან ეპოქაში. დავლაშქრე ისტორიის კუთხე-კუნჭულები, ცხოველური ვნებით და მისი მძლეველი სიბრძნით ნაქარგი. თვალწინ დამიდგა წარსულის ნანგრევები, წინაპართა ყველა გმირობა, მათი სიქველე და თავგანწირვა. თავისუფლების ტრაექტორიას ბრმად ავედევნე, – ის ჩემ ერთადერთ უფლებად იქცა. აღარ მთრგუნავდა წვრილმანები, აღარ მქანცავდა ფიქრი. სულითხორცამდე მოვილხინე. ყოველი დარდი გავფანტე, ქარს გავატანე. “იმხიარულე, იცეკვე, დასცინე ამაობას, დასცინე!” – ხმა მომწვდა მარადიული არყოფნიდან. მუსიკა ბალახივით არხევდა შიშველ ძვლებს – ზოგს ტეხდა და ზოგს ამთელებდა. მუხის ფოთლების შრიალი გუნდის სიმღერას ემსგავსა. ძარღვებში მივლიდა და ქარბორბალას ატრიალებდა. ხან ზევით ამაქანებდა, ხან ქვევით დამიშვებდა – აღმაგზნებდა. ფლირტი გავუბი ამაოებას. უფერო ციდან თავისუფალი ბგერის “სეტყვა” ცვიოდა. ფილტვებში ძაბვა მივლიდა და მაჟრიალებდა – რაც თმა მქონდა, სულ ყალყზე მედგა.
ხტუნვა-ხტუნვით და ცეკვა-კუნტრუშით მივუახლოვდი საფლავს, რომელსაც სახელი და გვარი გადასცვეთოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი ურთიერთობისთვის. დაუჯერებელი იყო ხმა, რომელმაც საფლავიდან ამომძახა: “თავადმა შემოგითვალა, ხმალი არ დააჟანგოო!” გპირდებით, გპირდებით… ნუგედარდებათ ბატონო, ყველაფერს ისე ვიზამ, როგორც თქვენ გულს გაუხარდება და როგორც თქვენ უკვდავ ხსოვნას შეეფერება-მეთქი. ამ დროს თავადის სიამაყით სავსე სახე დამიდგა თვალწინ, თუმცა მის ნაკვთებს კონკრეტული ფორმა ვერ მიანიჭა აჟიტირებულმა გონებამ. მინდოდა სახელი მეკითხა, მაგრამ სანაცვლოდ შევძახე: არ დავაჟანგებ, არა-მეთქი! – ხმა უცნაური ჟინით აღსავსე მქონდა.
ექსტაზი კიდევ და კიდევ მატულობდა. შთაბეჭდილებათა ქარბორბალა მომეხვია თავს. ხელები გავშალე, ზეცას ავხედე და მადლიერებით სავსე ღიმილი მივუძღვენი, რადგან არასოდეს განმიცდია ამდენად უსაზღვრო და ყოვლისმომცველი ბედნიერება. “თქვენი სულების ჭირიმე!” – შევძახე, უკლებლივ ყველა წინაპარს, რომელიც იქ ემარხა და დანარჩენებს მოკითხვა შევუთვალე. “ხარობდეთ, ნათელსა შინა, სადაც მართალნი განისვენებენ!” – კვლავ შევძახე და ვისმინე “ამინ, ამინ!” – სინქრონულად, მქუხარედ ამოსროლილი.
მიწა ქუფრი ცასავით გრუხუნებდა. ხეები წელში წყდებოდნენ; გადაიხრებოდნენ და გემებივით იმართებოდნენ. მეც მათსავით თავს ვიგიჟიანებდი. წინაპრებთან ერთად ვკვდებოდი და კვლავ ვცხოვრობდი – ჭეშმარიტი თავისუფლების ტრაექტორიას მინდობილი. მივენდე ჟამთა სვლას და ყოველი წამი ჩემ თვალწინ დნებოდა. ამოსუნთქვა კი რიტმული და ცოცხალი ენერგიით დამუხტული იყო. ჰაერს ხარბად ვყლაპავდი მუხების ჩრდილქვეშ. ცა იღვრებოდა და სასაფლაოს მიწა ყინულივით დნებოდა. მუსიკა არყოფნიდან იბადებოდა. ვიბადებოდი მეც, საოცარ სამყაროში, რომელიც მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე. სულთა შორის ქარივით ვქროდი. თითოეული ტაქტი, თითოეული ნოტი, თვლა და პაუზა, ახალი, უსასრულო სამყარო იყო. ენერგიას ხარბად ვხარჯავდი, როგორც მწყურვალი დაეწაფება წყალს. “წყალი, წყალი!” – ჩამესმა მამაკაცის მოგუდილი ხმა.
“წყალი მიასხით!” – ისევ გაისმა, რასაც შხეფების ხმაც დაერთო და ცალი თვალი გავახილე.
სამი კაცი და ერთი ქალი მადგა თავს.
– მადლობა ღმერთს, ტვინი არ დაასხი ე-მაგ ასფალტზედა! სად მიბორიალებდი ამ პაპანაქებაში? კაცო, ბავშვი ხომ არა ხაარ?! – თქვა დოინჯშემორტყმულმა ქალმა. მერე ხელით მოიჩრდილა და გაიხედ-გამოიხედა, – წაიყვანეთ სახლში, ა-იგერა ცხოვრობს, ქოხია თუ ფიცრული ვიღაცისა, – მამაკაცებს თითით უჩვენა.
ორმა კაცმა იღლიებში ამომდო ხელი და ერთმა მეორეს გადაულაპარაკა:
– კინაღამ არ ევაკუირდაა… ჰიი!.. იწვის ქვეყანა და რა?!.. შენა არ მოგსვლია მასე? – მეგობარს მიმართა, რომელმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა, – ეხლა ხო კაათ ხარ ჯიგარო? – მერე მე მომიბრუნდა და ისე უდრტვინველად მომაშტერდა, როგორც პროვინციელებს ახასიათებთ.
მესამე წინ მიდიოდა, პერიოდულად თავს ატრიალებდა და თვალებით თანაგრძნობას გამოხატავდა. საჩვენებელ თითზე სახლის გასაღებს ატრიალებდა, რომელიც დაცემისას ჯიბიდან გადმომვარდნია. ის ორი კიდევ რაღაცებს მეუბნებოდნენ, თან ერთმანეთს ეჭაჭყანებოდნენ, მაგრამ არაფერი დამამახსოვრდა. მხოლოდ ის მახსოვს რა ხასიათში იყო ნათქვამი, რაც ისედაც ადვილი მისახვედრია.
ჩემი ჩრდილი წინ მშვიდად მიმიძღვოდა; თითქოს ჩემ ნაცვლად გასაღებიან კაცს მიჰყვებოდა. მე კი ძვლების რაკუნით შეძრწუნებული და ამორტიზირებული ვიყავი.
ავტორი: გიორგი გელაშვილი
2023 წ.