„ჩვენი ქვეყანა იყო კრონოსი, რომელმაც საკუთარი შვილების ჭამა დაიწყო“, – უკმარი სინათლე, 2022.

სანამ ტექსტზე გადავალთ, მინდა აღვნიშნო, რომ უკმარი სინათლის გამოსვლიდან მალევე წიგნის ტირაჟი ამოიწურა. მიუხედავად იმისა, რომ 774-გვერდიან რომანზე ვსაუბრობთ. ხშირად თუ არა, ხანდახან მაინც გვსმენია, არავის აქვს დრო სქელტანიანი წიგნები იკითხოსო. მაღალ ფასზეც ჩამოვარდება სიტყვა, ზედმეტად ძვირიაო. თურმე, წიგნია მთავარი. თუ კარგია – ათას გვერდსაც წაგაკითხებს, თანაც ერთი ამოსუნთქვით.

ისევ თარგმანი გვერგო. ნინო ხარატიშვილი გერმანულენოვანი ავტორია, გერმანულად წერს ქართულ ამბებს. წიგნი მაია ფანჯიკიძემ თარგმნა.

თხრობის ორი ხაზი ვითარდება ბრიუსელსა და თბილისში. თბილისური ამბების თხრობა იწყება 1987 წლიდან, ბრიუსელში კი 2019 წელია. ფორმა ორიგინალურია, იდეალურიც კი მსგავსი ნამუშევრისთვის. სამი მეგობარი (ქეთო, ნენე, ირა) იკრიბებიან ბრიუსელში მათი მეოთხე მეგობრის ფოტოგამოფენაზე, რომელიც მთლიანად 90-იანებს ეძღვნება. ერთი მხრივ, ეს არის შეხვედრა მძიმე წარსულთან, მეორე მხრივ კი ესაა დიალოგი გარდაცვლილ მეგობართან, რადგან ფოტოების ავტორმა (დინამ) თავი მოიკლა, გამოფენას კი მისი უმცროსი და აწყობს.

მთხრობელი თავიდანვე გვეუბნება, რომ დინა თავს მოიკლავს. თხრობის დასაწყისში ახასიათებს მას როგორც ყველაზე გამბედავს ოთხთა შორის, ბოლოს კი ვიცით, რომ ყველაზე გამბედავი ყველაზე სწრაფად სვამს წერტილს. ამ ორ წერტილს შორის გაჩენილ კითხვებს აქვს უნარი თხრობას მიგაჯაჭვოს. დინას ესმოდა, რომ გარდა მოგონებებისა, სამხილებსაც ტოვებდა. მის ფოტოებს მხილებისა და პროტესტის გრძნობა მოჰყვება, რომლისთვისაც იმეტებს ყველას, თავისი დის გარდა („ანანოს ძალიან იშვიათად უღებდა ფოტოს, გეგონებოდა, თავის დას იცავსო“. გვ. 343.) ფოტოაპარატი არის იარაღი დინას ხელში.

ასე მივყვებით მთხრობელს გალერეაში, ფოტოდან ფოტომდე, ამბიდან ამბამდე.

გამოფენას აქვს მესამე ქვეტექსტიც, რომელსაც მოგვიანებით შევეხები.

მთხრობელი ქეთოა. რამდენიმე გვერდის განმავლობაში გვიწევს ლოდინი, სანამ მის სახელს გავიგებთ. ესეც კარგი ხერხია – რაც უფრო იშვიათად ისმის მთხრობლის სახელი, მით უფრო მარტივად იკავებს მკითხველი მის ადგილს, შედის მის ტყავში და თავისივე გამოცდილებად აქცევს მოთხრობილს.

ხარატიშვილის რომანებში (ამ შემთხვევაში გამოვყოფ მერვე სიცოცხლესა და უკმარ სინათლეს), როგორც წესი, სამი ფერი გვაქვს. სამი სამყარო, რომელთაც თავისი ფერი არსის შესაბამისად შეგვიძლია მივაკუთვნოთ.

პირველი – ეს არის აწმყო, ადგილი, საიდანაც მთხრობელი გვიყვება ამბავს. ხასიათდება თეთრი ფერით. ხარატიშვილის რომანებში თეთრი ფერი საზღვრის მიღმა იქმნება. ეს არის მშვიდობის ფერი, სხვა სამყაროში გაღწევის ფერი, საიდანაც უკვე შესაძლებელია ის ყველაფერი გააანალიზო, რაც უკან მოიტოვე. დარჩენის შემთხვევაში, დისტანცირების გარეშე, ამ ყველაფრის გადააზრება შეუძლებელია, რადგან ის მასობრივი ფსიქოზი, რაც მრავალი წლის წინ დაატყდა ჩვენს ქვეყანას, ჯერ კიდევ იჩენს თავს სხვადასხვა ტრავმების სახით. მხოლოდ პატარა „ტრიგერია“ (ჩამრთველი) საჭირო, რომ ისევ თავიდან დაიწყოს ყველაფერი.

მეორე – ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე დიდი ტრავმები იყრის თავს, ადგილი, სადაც თხრობის ძირითადი ნაწილი ვითარდება. უკმარ სინათლეში მთხრობელი ბევრჯერ გვაფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, უკვე ვიცით ეს რა საფრთხეა, შედეგს თავიდანვე გაგვანდობს, ვიცით რაც მოხდება და ამბავი როგორ დასრულდება. შეიძლება ითქვას, რომ თავადვე „დაგვისპოილერა“ ყველაფერი, მაგრამ ეს წამითაც კი არ გვიკარგავს ინტერესს, რადგან ყველა კარგ წიგნში მთავარი კითხვა არის არა – „რა მოხდა“, არამედ – „რატომ და როგორ მოხდა“. (აქ უკვე კარგი დრამატურგის ხელწერაც შეიმჩნევა) ვიცით, რომ შიში 90-იანებში შეისხამს ხორცს. ეს ხარატიშვილის მეორე სივრცეა, რომელსაც შავი ფერი აქვს.

მესამე – ეს არის ავტორისთვის დამახასიათებელი „ფლეშბექები“. როგორც ბრილკაში, ასევე უკმარ სინათლეშიც არიან პერსონაჟები, რომელთა დახმარებითაც საბჭოთა წარსულს ვეცნობით. ეს აუცილებელია, რადგან იმ მთავარ ამბებს, რაც ხარატიშვილის წიგნებში ხდება, დიდი ბოროტება უდევს საფუძვლად. ეს ბოროტება კი 1921-ში დაიწყო და ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ვეცნობით სტალინურ და მომდევნო პერიოდს, ბებიების დახმარებით, რომელთაც მთხრობლის ოჯახში ბაბუდებს ეძახიან. ბაბუდა 1 და ბაბუდა 2. მათი დახმარებით ვეცნობით ტრაგიკულ და მანიაკურ სამყაროს, რომელმაც მოუშუშებელი ჭრილობა დაუტოვა ადამიანებს. შეიძლება ითქვას, რომ დაღი დაასვა. ამ დაღს კი წითელი ფერი აქვს. ეს საბჭოთა ფერია.

თეთრი, შავი და წითელი, ან გნებავთ სისხლისფერი. ეს ჩვენი ეროვნული დროშაა, რომელიც რევოლუციამდე გვქონდა. ხარატიშვილის ნამუშევრებსაც ამ დროშის სახე აქვს; დროშის, რომელიც მძიმე ამბებს ინახავს.

ხშირად მოისმენთ კრიტიკოსებისა და მკითხველისაგან, რომ დაიღალნენ 90-იანებზე დაწერილი ტექსტებით, „რაზბორკებით“, კაი ბიჭებით, საძმოებით და ამბებით. სხვა რამეზე წერეთ ხალხო! – მოისმენთ ხოლმე ასეთებს. მე კი მიმაჩნია, რომ ამის მთქმელი მთავარს ვერ აცნობიერებს.

ვერ აცნობიერებს იმას, რომ რაც უფრო მტანჯველია კონკრეტული ეპოქა, დეკადა, ან მცირე პერიოდი, მით უფრო საინტერესოა ის ლიტერატურისთვის, კინოსთვის, ზოგადად ხელოვნებისთვის.

90-იანები ამ მხრივ უნიკალური ეპოქაა, რადგან ქაოსი ხელოვნებაში ყოველთვის რომანტიკულია. მთავარი თემა ლიტერატურაში სიკვდილი და სიყვარულია. სხვა ყველაფერი ამის ირგვლივ ტრიალებს. 90-იანებში კი ყოველდღიური საფრთხე ჩვეულებრივი მოცემულობაა, შეიძლება უბრალოდ გახვიდე ერთ დღეს სახლიდან და ვეღარ დაბრუნდე, მანამდე რომ ვერ წარმოგედგინა იმ მიზეზის გამო. ასე ახლოს სიკვდილი არასდროს ყოფილა ადამიანთან და რაც უფრო ახლოსაა სიკვდილი, მით უფრო დიდია სიყვარულიც. ავტორები წლებს ხარჯავენ იმისათვის, რომ ასეთი სამყარო შექმნან, გიჟური კანონებით. ჩვენ კი ეს ყველაფერი გამოვიარეთ, მზად გვაქვს, უკვე აწყობილია, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ უკვე არსებულზე წერა, საკუთარი ინტერპრეტაციით, გაცილებით რთულია, ვიდრე საკუთარ შექმნილ სამყაროზე, სადაც თავად გიწევს ყველაფრის ლიტერატურულ კანონზომიერებაში მოქცევა.

ხარატიშვილი ამ სირთულეს მოერია. თუმცა, არის რაღაცები, რასაც ვერ მოერია.

ეს არის ავტორი, რომელიც გიჟდება ღმერთის პერსპექტივიდან თხრობაზე. სურს, რომ ადამიანის შინაგანი განცდები ბოლომდე ხილული გახადოს მკითხველისთვის. თითქოს შუა გზაში ახსენდება, რომ მთხრობელს არ შეიძლებოდა ეს სცოდნოდა – არა მხოლოდ მისი უახლოესი მეგობრების, არამედ, მათი შეყვარებულების ყველაზე ინტიმური ფიქრები და განცდები. ამიტომ, მოიშველიებს ხოლმე – „ეს ამბავი ნენემ მომითხრო“, ან ირამ, ან, დინამ. – ვერ არის დამაჯერებელი. არის რაღაცები, რასაც ადამიანი არ ჰყვება.

„საბას აშინებდა ნენეს გარდასახვა, ეგონა, მშთანთქავს, მთლიანად შემჭამსო, მაგრამ ამასობაში გემო გაეგო ქალის დაუოკებელი შიმშილის, ნდომისთვის და ირაციონალურ სიამაყესაც კი განიცდიდა, რომ თვითონ იყო ცეცხლოვანი ლტოლვის გამომწვევი, დაუცხრომელი ვნების ადრესატი“ (გვ. 371) – ამ ნაწილში მკითხველი ეცნობა საბას ყველაზე დაფარულ შიშებს, დასასრულს კი მთხრობელი გვეუბნება – “მაჟრიალებს, რომ მახსენდება რა მდგომარეობაში, რა დღეში იყო ნენე, იმ საღამოს დეტალებს რომ მიყვებოდა“ – საბას არასდროს უსაუბრია იმ გრძნობებზე რაც აღწერილია. ვერც ისაუბრებდა ამ პერსონაჟის ხასიათიდან გამომდინარე. გვრჩება მხოლოდ მთხრობლის ინტერპრეტაცია და წარმოდგენები, მაგრამ მაინც შეიმჩნევა ჯიუტი ხელწერა და მცდელობა იმისა, რომ ინტერპრეტაცია ფაქტად შემოგვასაღონ. აქ ჩნდება კონფლიქტი ღმერთის პერსპექტივით მთხრობელსა და მესამე პირის მთხრობელს შორის და ეს კონფლიქტი მთელ ნამუშევარს თან სდევს.

თუმცა, მკითხველთა დიდი ნაწილი საერთოდ არ გაამახვილებს ამაზე ყურადღებას. მით უმეტეს, რომ ამ ტექნიკური, სამწერლო მეთოდიკის კონფლიქტს საუკეთესოდ აღწერილი სცენა მოჰყვება. შეყვარებულები მალულად ხვდებიან მიწის ქვეშ. მეტროში. სიმბოლურად. შეიძლება ითქვას, რომ ჰადესში ხვდებიან ერთმანეთს და უკვე აქაც წინასწარ ვიცით, რომ სიკვდილით დასრულდება, მაგრამ მთავარი კითხვა ისევ არის – „როგორ“.

პერსონაჟის გრძნობების მკითხველამდე მისატანად ხშირად იყენებენ დღიურის ფორმას. ნაპოვნი დღიურის. მხოლოდ ამ დროს არის შესაძლებელი მკითხველამდე ცალკეული პერსონაჟის გულწრფელი განცდა მივიდეს. ალბათ, ყველაზე კარგი და ნაცადი ხერხია. რა თქმა უნდა, დღიური გვხვდება უკმარ სინათლეშიც, ავტორი, რომელსაც არ შეუძლია ღმერთის პერსპექტივიდან თხრობას შეეშვას, მისთვის დღიური თავშესაფარია, ერთგვარი მაშველი რგოლი.

ქუჩის გარჩევების აღწერისას სცენები კომიკურობამდე დადის. მოყოლილია მთხრობლის ლექსიკით. ჩავთვალე, რომ ჩანაფიქრიც ასეთი იყო, ქეთოს უცხოდ აღეწერა ქუჩის გარჩევები, მაგრამ მოგვიანებით ეს წარმოდგენა გამეფანტა, რადგან ავტორი ისევ ცდილობს, რომ მთხრობელი რაც შეიძლება მეტად ავთენტიკური გახადოს არსებულ გარემოსთან, კერძოდ ქუჩასთან. ეს ჩემთვის ნაკლებ საინტერესოა და ნაკლებად დამაჯერებელიც. მეტყველების დონეზე გაუცხოება გაცილებით დამაჯერებელი და ორიგინალურიც იქნებოდა.

მაგალითად, ორი ქუჩის ბიჭი როგორ მიმართავს ერთმანეთს გვარით – ეს ქუჩის ნაწილი არ არის. ეს მილიციის ენაა, იმ ხალხის ენაა, რომელთაც გარდასულ დროში „უფროსოთი“ მიმართავდნენ. მსგავსი მიმართვა რომ რეალური „გაუცხოების“, ქეთოს მიამიტური წარმოდგენის ნაწილი ყოფილიყო და არა რეალობად დახატვის მცდელობა, კიდევ ერთ გამარჯვებად ჩავთვლიდი 90-იანების აღწერასთან ჭიდილში.

პრეტენზია მაქვს მთარგმნელთანაც. უნდა ითქვას, რომ ცალკეულ შემთხვევებში მელოდიურობა დარღვეულია, რაც საერთოდ არ არის გასაკვირი თარგმანის შემთხვევაში, მით უმეტეს, როცა გერმანულიდან ნათარგმნზე გვაქვს საუბარი. მწერალი მხოლოდ მოთხრობილი ამბის მეშვეობით არ ცდილობს მკითხველი დააბას და მიაჯაჭვოს ტექსტს. პირველ რიგში, სიტყვით აკეთებს ამას, სიტყვას კი მუსიკა აქვს, მელოდია. რაც უფრო დიდია ავტორი, მით უფრო საამოა ეს მელოდია. მთარგმნელის თავსატეხი კი ამის შენარჩუნებაა. თარგმნისას სიტყვას უეჭველად შეცვლი, შესაძლოა წინადადების შეცვლაც მოგიწიოს, მაგრამ მელოდია უნდა შენარჩუნდეს, და თუ ასე არ მოხდა, ტექსტი ღირებულების დიდ ნაწილს კარგავს. თითზე ჩამოსათვლელი ტექსტების გარდა, ყველას დაკარგული აქვს, ამიტომ, მკითხველმაც უნდა იცოდეს ეს მწარე სიმართლე – ნათარგმნი წიგნის კითხვა, გახმოვანებული ფილმის ყურების ტოლფასია.

ასევე, აბსოლუტურად ზედმეტია სიტყვა „მინახავხარ“. გასაგებია, რომ სწორი ფორმაა, მაგრამ ამას ამბობს მთხრობელი, რომელიც არ ჰგავს იმ ადამიანს, სწორ ფორმას რომ იყენებდეს. თანაც, მთხრობელი გვეუბნება, რომ ეს სიტყვა მისმა მეგობარმა ნენემ წარმოთქვა – რამდენი ხანია არ მინახავხარ – ნენე მით უმეტეს, არ არის პერსონაჟი, რომელიც ასე მეტყველებს. ირა კიდევ შეიძლება, მაგრამ ნენე არა. ასე იკარგება პერსონაჟის ხმა და ხასიათი.

დეტალია, მაგრამ დამაჯერებლობას სწორედ დეტალები ქმნის.

საერთო ჯამში, ეს არის წიგნი გაშიშვლებაზე. ხარატიშვილმა იცის, რომ ადამიანი ყველაზე მძიმეს ივიწყებს. მეხსიერება ასე მუშაობს, ივიწყებს იმას, რისი ატანაც და რის მიმართ თვალის გასწორებაც არ შეუძლია. ნინო არის ავტორი, რომელიც ჯიუტად ეუბნება მკითხველს, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, ყველაფერს თვალი უნდა გაუსწოროს, რადგან სხვაგვარად გადააზრებისა და გადარჩენის აქტი ვერ შედგება.

უკმარ სინათლეში კაცები ვერ ახერხებენ თავიანთი ნიჭის ჩვენებასაც კი. ისინი თავიანთ უნარებს მალავენ შიშის გამო, ქალები კი არათუ უნარებს, თავიანთ ჭრილობებსაც კი გვაჩვენებენ, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ეს არის წიგნი გაშიშვლებაზე, პირველი გვერდიდან იწყებს გახდას და ბოლო გვერდზე უკვე თავიდან ბოლომდე შიშველია.

ახლა კი გამოფენის შეპირებული – მესამე ქვეტექსტი.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფოტოგამოფენა არის ერთი მხრივ წარსულთან მიბრუნება, მეორე მხრივ გარდაცვლილ მეგობართან დიალოგი. მესამე მნიშვნელობის აღსაწერად კი უნდა დაისვას კითხვა – რატომ ბრიუსელში? რატომ დასავლეთში? რატომ ევროპაში?

ეს არის ქართული ჭრილობებისა და ტრავმების გამომზეურება იმ ოჯახისთვის, სადაც გვინდა, რომ ადგილი გვქონდეს. თითქოს ვეუბნებით – ჩვენ ეს გამოვიარეთ, ჩვენ ამას გავუძელით, ჩვენ ასეთები ვართ. ამ ყველაფერგამოვლილ ხალხს უკვე შეუძლია იცინოს საკუთარ მძიმე წარსულზე, გალერეაში, სადაც მათივე ფოტოები სარკის ეფექტს იძლევა. იცინიან ქეთო, ნენე, ირა და ეს ყველაფერი მათივე პორტრეტების, წარსულის სარკის წინ, საკუთარი თავისა და ბედის ძალიან მწარე დაცინვას ჰგავს. უცხოელები კი ჩუმად არიან, გაოგნებულნი ამ სიცილის შემხედველი. უცხოელები უცხოები არიან.

ეს ორი განსხვავებული სამყაროა, ერთ სამყაროში უწყინარ ყვავილს შეიძლება ქრისტეს ცრემლები ერქვას, მეორე სამყაროში კი იმავე ყვავილს – იუდას ვერცხლი.  

ერთ ყვავილშია თავმოყრილი ნაღალატევისა და მოღალატის ხატი.

ავტორი იღებს ხელში კალამს და საქმეში ერთვება არა მხოლოდ მისი ცნობიერი, არამედ არაცნობიერიც. ტექსტი ინახავს არა მხოლოდ ავტორის განზრახვას, არამედ დაფარულ სიტყვასაც, რომელსაც უნებურად აქსოვს ტექსტში.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამუშევარი ერთგვარი საყვედურია იმ ნათელი სამყაროს მიმართ, რომელმაც სიბნელეში დაგვტოვა და ამ ყველაფრისათვის გაგვიმეტა. პირდაპირ ამის თქმა არ გამოვა, გაფიქრებაც რთულია, რადგან ადამიანი უნდა გადარჩეს მარტოობაში. აი, სურვილის დონეზე კი, გულის სიღრმეში, როგორც ჩანს, მაინც თან ვატარებთ ამ საყვედურს.