ყოველი წლის 2 აგვისტოს, ძველი სტილით კი 20 ივლისს, განათლებული ქართული საზოგადოება საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მამულში იკრიბებოდა, სადაც მწერალი ილიაობის აღსანიშნავად შეკრებილ სტუმრებს საუცხოო ნადიმს სთავაზობდა.
წლების მანძილზე, ილია ჭავჭავაძესთან ბევრ ცნობილ და უცნობ, მდიდარ და ღარიბ, განათლებულ და გაუნათლებელ ადამიანს უნადიმია ილიაობა დღეს. საგურამოში გადაუწყვეტიათ მაშინდელ ქართველებს ბევრი საჭირბოროტო საქმე, წაუკითხავთ ლექსები, უმღერიათ ქართული ხალხური სიმღერები და დაულევიათ ბევრი კარგი ღვინო.
ასე იხსენებს ექვთიმე თაყაიშვილი ილიასა და მის მამულს:
ილიას გაგიჟებით უყვარდა საგურამოს მამული და დიდი მეურნეობაც ჰქონდა მოწყობილი იქ. მან, პირველ ყოვლისა, მშვენიერი სასახლე აიშენა. მამულიც მართლა შესანიშნავი იყო – ლამაზი მდებარეობით, ჰავითა და მოსავლით. მაგრამ ილია მთელ იმ რთულ მეურნეობას მოურავების ხელით აწარმოებდა და ისინი, რა თქმა უნდა, ხეირს არ აყრიდნენ საქმეს.
ილია გატაცების კაცი იყო მეურნეობაში: როგორც კი ამოიკითხავდა გაზეთში ახალი სასოფო-სამეურნეო იარაღების შემოღების შესახებ, უსათუოდ გამოიწერდა და გაუგზავნიდა ხოლმე მოურავს. მოურავებს მათი გამოყენების არაფერი გაეგებოდათ და იარაღებიც სულ მალე ფუჭდებოდა – ხან ერთი ხრახნი დაეკარგებოდათ, ხან მეორე და შემკეთებელიც არვინ იყო. რასაკვირველია, ყველა იარაღის მოხმარებას თავისი სპეციალისტი სჭირდება და ეს სპეციალისტები კი ჩვენში არსად იყვნენ. მახსენდება ერთი ამბავი. ილიასა და მის მეგობარს ივანე პოლტარაცკის გაზეთში წაეკითხათ, რომ შეიძლება წიწილების უკრუხოდ გამოჩეკვა და თანაც ერთბაშად 500-ისა და მეტისა და არა 20-ისა, როგორც კრუხით იჩიკება ხოლმე. გამოიწერეს ორივემ ინკუბატორები და გაგზავნეს თავ-თავიანთ მამულებში, ილიამ საგურამოში, ხოლო ივანემ – ოქროყანას. წიწილები კი მართლა დააჩეკინეს მანქანებს, მაგრამ იმ წიწილებს სხვანაირი მოვლა სჭირდებოდათ და რაკი ამის მცოდნე არავინ მოიპოვებოდა, ნელ-ნელა ყველა გაუწყდა. ამრიგად, ინკუბატორსაც თავი დაანებეს.
ასე მიდიოდა მეურნეობის საქმე საგურამოში. ილიას სახლიც ძვირად დაუჯდა – თავისივე სიტყვით, 40.000 მანეთად. მახსოვს, ერთ ილიობა დღეს ვეწვიე საგურამოში (ეს იყო ჩემი ერთადრთი ასვლა იქ ილიას სიცოცხლეში). თავის დღესასწაულს იგი, როგორც ცნობილია, ყოველთვის დიდი მარაგით იხდიდა: მთელს კარგა დიდ სოფელსა და მეზობლებს პატიჟობდა, დიდძალი მეგობრები და ნაცნობებიც ესწრებოდნენ და ძალიან დიდ ნადიმს მართავდა ხოლმე.საღამოს ხალხი რომ დაიშალა და აივანზე ვისხედით და ვსაუბრობდით, ილიამ ლაპარაკში გამოურია, სხვათა შორის: “მე ვითომ ჭკვიან კაცს მეძახიან, მაგრამ რომ დავფიქრდები, ჭკუა არა მქონიაო, ეს სახლი 40 000 მანეთი დამიჯდა, ამ ფულით თბილისში ორ დიდ სახლს ავიშენებდი და მათი შემოსავალი მარჩენდა, ახლა კი ვალებში ვარ ჩავარდნილიო”.
– ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებებიდან
ილია ჭავჭავაძე საზოგადო მოღვაწე იყო და მოგეხსენებათ, რომ კავშირებიც საკმაოდ ფართო ჰქონდა. გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების გარდა, ილიაობა დღეს საგურამოში უცხოელი დიპლომატები და მწერლებიც აღნიშნავნდნენ. WATCHMAN.GE წარმოგიდგენთ ნაწილს იმ ცნობილი ადამიანებისა, ვისაც სხვადასხვა დროს ილია ჭავჭავაძის მამულში, საგურამოში, უნადიმია.
ოლივერ უორდროპი (1863 -1948)
სერ ჯონ ოლივერ უორდროპი გაერთიანებული სამეფოსა და მისი აღმატებულესობა დედოფალ ვიქტორიას წარმომადგენელი იყო სამხრეთ კაკასიასა და საქართველოში, თუმცა, ქართველები მას ქართველოლოგად და სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მთარგმნელად უფრო იცნობენ.
ილია ჭავჭავაძისა და ოლივერ უორდროპის ახლო მეგობრობის კვალობაზე, უკანასკნელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივ წევრადაც აურჩევიათ. 1889 წელს გაზეთ “ივერიაში” დაიბეჭდა სტეფანე ჭრელაშვილის სტატია “მოგზაურობა უცხოელი კაცისა კავკასიაში”, რომელშიც სტატიის ავტორი ნარატივის პარალელურად უორდროპის ნაწარმოებს “საქართველოს სამეფო” მიმოიხილავს.

– © დავით შუღლიაშვილი, © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
მარჯორი უორდროპი (1869 – 1909)
მარჯორი უორდროპი ერთადერთ უცხოელად შეიძლება ჩაითვალოს, თავისი ძმის, სერ ჯონ ოლივერ უორდროპის შემდეგ, ვისაც საქართველო განსაკუთრებით უყვარდა. მან საქართველოში მრავალგზის იმოგზაურა, თარგმნა და დიდ ბრიტანეთში გამოსცა “ქართული ხალხური ზღაპრები”, ილია ჭავჭავაძის “განდეგილი”, “კაცია-ადამიანი?!” და სხვა ნაწარმოებები. მარჯორი უორდროპმა პირველად თარგმნა და გამოსცა “ვეხფისტყაოსანი” ინგლისურ ენაზე, 1912 წელს.
ასე ახასიათებდნენ მარჯორი უორდროპს გაზეთ “ივერიაში”:
…საქართველოს ცნობილი მცოდნის, ოლივერ უორდროპის დაი, ქ-ნ ვარდროპი, თავის ძმასავით შეუდგა ქართული ენის შესწავლას, რათა ინგლისის საზოგადოებას გააცნოს საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, რომელსაც დასავლეთი ევროპა, მეტადრე ინგლისი, კარგად ვერ იცნობს. ეს ქალი ისე გულმოდგინედ ჰშრომობს და შედარებით მცირე ხნის განმავლობაში იმდენად შეითვისა ქართული ენა, რომელსაც ევროპელები ადვილად ვერ ჰსწავლობენ, – რომ უკვე გადათარგმნა ინგლისურს ენაზედ “ქართული სახალხო არაკები”… ეს არაკები ამ მოკლე ხანში დაიბეჭდება ინგლისურს ენაზედ. ამავე ქალს გადათარგმნილი აქვს თითქმის ერთი მესამედი XII საუკუნის ქართველი უკვდავი პოეტის, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნისა”.
– © 1894, გაზეთი “ივერია”

– © დავით შუღლიაშვილი, © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
არტურ ლაისტი (1852 – 1927)
არტურ ლაისტი ის გერმანელი საზოგადო მოღვაწეა, რომელიც თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. ასეთი პატივი მან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საქართველოსათვის გაწეული სამსახურის გამო დაიმსახურა.
არტულ ლაისტმა ქართული ენის შესწავლა გერმანიაში ცხოვრების დროს დაიწყო, ხოლო როცა ნიკო ნიკოლაძეს, ილია ჭავჭავაძეს, ნიკოლოზ ერისთავს და სხვა მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს დაუმეგობრდა, საქართველოში გაგაბარგდა, სადაც სხვა ნაწარმოებებთან ერთად, გერმანულად “ვეფხისტყაოსანიც” თარგმნა. ის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრიც გახლდათ.

– © ლევან ურუშაძე, © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
WATCHMAN.GE წარმოგიდგენთ ნაკლებად ცნობილ სურათებს ილია ჭავჭავაძის და ოლღა გურამიშვილის მამულიდან საგურამოში, სადაც ყოველწლიურად, ილიაობას უამრავი ადამიანი აღნიშნავდა.

– © დავით შუღლიაშვილი, © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

– © ლევან თაქთაქიშვილი

– © დავით შუღლიაშვილი, © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

– © დავით შუღლიაშვილი, © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

– © დავით შუღლიაშვილი, © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

– © დავით შუღლიაშვილი, © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

– © დავით შუღლიაშვილი, © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

– © დავით შუღლიაშვილი, © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა