დარაჯი წარმოგიდგენთ პოლონელი ილუსტრატორის, კასპერ კიეცის, ნამუშევრების სერიას, რომელიც მან ჰარუკი მურაკამის რომანების მიხედვით შექმნა.

ჰარუკი მურაკამის ლიტერატურა, ერთი მხრივ, მელანქოლიურად მისტიკური, სიურეალისტურად აღმაშფოთებელი და საშიშად უფერულია, ხოლო, მეორე მხრივ, ინტიმური, მყუდრო, ფერადი, ცოცხალი და მუდმივად ცვალებადია.

თვითონ მწერალი კი, საკუთარი ნაწერივით ამოუცნობია. მწერლობა უეცრად გადაეწყვიტა, ერთ ჩვეულებრივ დღეს, ბეისბოლის თამაშის საყურებლად, სტადიონზე მისულს. მას მერე სახლში წავიდა, მაგიდასთან დაჯდა და პირველი რომანი დაწერა.

დარაჯი წარმოგიდგენთ პოლონელი ილუსტრატორის, კასპერ კიეცის, ნამუშევრების სერიას, რომელიც მან ჰარუკი მურაკამის რომანების მიხედვით შექმნა.

კაფკა პლაჟზე (2002)

© Kacper Kiec

ამ სქელტანიან წიგნში, ჰარუკი მურაკამი ორ გიჟურ ამბავს გვიყვება: პირველი ტოკიოელი ტინეიჯერი კაფკა თამურას შესახებაა, რომელიც მამის შმაგურ-სიურეალისტური წყევლის გადამკიდე, სახლიდან გარბის. მამამისმა უწინასწარმეტყველა თავის დროზე, რომ კაფკა მას მოკლავდა, ხოლო დედასთან და დასთან სექსუალურ კავშირს დაამყარებდა; მეორე ამბავი კი ბატონ ნაკატას უკავშირდება, დაბერებულ იაპონელს, რომელიც გონებრივი ჩამორჩენის მიუხედავად, განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოვებული – მას კატებთან საუბარი შეუძლია. 


“ნორვეგიული ტყე” (1987)

© Kacper Kiec

ტყე ძალიან მელანქოლიური ადგილია – წყნარი, სუფთა, ხელუხლებელი და მიუწვდომელი, ზოგისთვის თავშესაფარი, ზოგისთვის კი – შემოქმედებითი ენერგიის წყარო. “ნორვეგიული ტყე” თავისებური მძიმე ენერგეტიკით გამოირჩევა. ეს არის ყველაზე სევდიანი ამბავი მეგობრობაზე, ადამიანების დაკარგვაზე, სიყვარულზე, ახალგაზრდობასა და სექსუალურობაზე, რომელსაც ფონად ბითლების უკვდავი მუსიკა დაჰკრავს.


“1Q84” (2009-10)

© Kacper Kiec

ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოების მსგავსად, მურაკამის “1Q84”-იც დისტოპიური ჟანრისაა, თუმცა, პოლიტიკაზე მეტად, ამ რომანში რელიგიური და სულიერი თემები დომინირებს, რომელთა ორომტრიალში ეხვევა რომანის პროტაგონისტი, ქალი, სახელად აომამე, რომელიც საგიკაგეს რელიგიური კლანის ასავალ-დასავალს იკვლევს.


“უფერული ცუკური ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები” (2013)

© Kacper Kiec

ცუკურუ ტაძაკი მისი სამეგობროს ერთადერთი უფერო წევრია, რომელიც მუდამ იძენს და კარგავს ადამიანებს; ისინი მასში მხოლოდ თავშესაფარს ხედავენ. საკუთარ თავს ცუკურუ ტაძაკი იმ გამოქვაბულს ადარებს, რომელშიც ჩიტები აფარებენ ხოლმე თავს ცუდ ამინდში. ასევე მოხდა ამ მისი სამეგობროს შემთხვევაშიც – ცუკურუს ყველამ ზურგი აქცია. თუმცა ამის მიზეზებს ცუკურუმ მხოლოდ 16 წლის შემდეგ მიაკვლია.


“მოსამართი ჩიტის ქრონიკები” (1994)

© Kacper Kiec

პოლარიზაცია, ლტოლვა და ძალაუფლება მურაკამის ამ რომანის ნარატივის უმთავრესი ელემენტებია, რომლების შესახებ ავტორი პასიური და აპათიური პროტაგონისტის, ტორუ ოკადას, პირით გვიყვება. ამბავი კი იმით იწყება, რომ მეუღლემ ტორუ სახლიდან გაქცეული კატის მოსაძებნად გაგზავნა. ჩვეულებრივად მცხოვრები არაფრით გამორჩეული ტორუსათვის ეს დავალება ნამდვილი თავგადასავალია.


“Sputnik Sweetheart” (1991)

© Kacper Kiec

რომანში ჰარუკი მურაკამი ორი ადამიანის ისტორიას გვიყვება – ახალგაზრდა ნიჭიერი ქალი მწერლისა, სახელად სუმირე, და მისი შემოქმედების სულისჩამდგმელი კაცისა, რომლის სახელის მხოლოდ პირველი ასო ვიცით – კ. სუმირე ასაკით მასზე უფროს ქალბატონის მიმართ სექსუალურ მიდრეკილებას განიცდის და მასთან ერთად მოგზაურობაში მიდის… როგორ აღიქვამს ამას კ, რომელსაც სუმირე ძალიან უყვარს?

სამწუხაროდ, მურაკამის ეს რომანი ქართულად, ჯერ კიდევ, არ უთარგმნიათ.