ქვეყანა საზარელმა ეპიდემიამ მოიცვა: სხვადასხვა ქალაქებში ჩვილები უმიზეზოდ კვდებიან. ფიზიკური დაზიანებების კვალი მათ არსად ეტყობათ; ჩვილები ძილშივე იღუპებიან. ამ უცნაურ ამბავს ჟურნალისტი კარლ სტრიტორი იკვლევს, რომელმაც იცის, რომ მის საქმიანობაში დეტალები ყველაზე მნიშვნელოვანია.
კარლ სტრიტორი კარგი ჟურნალისტია, მას მკითხველის გრძნობებებით შეუძლია თამაში. ის ხვდება, რომ ჩვილების სიკვდილი ისეთი თემაა, რომლის შესახებაც მშობლებს და ბებია-ბაბუებს ძალიან ეშინიათ წაიკითხონ, თუმცა ამავდროულად იმისიც ეშინიათ, რომ არ წაიკითხონ.
საკუთარი სიცოცხლის უაზროდ გაფლანგვის საუკეთესო საშუალებაა ჩანაწერების გაკეთება. ნამდვილი ცხოვრებიდან გაქცევის ყველაზე ადვილი გზა კი მისი გვერდიდან ყურებაა. დეტალებზე ყურადღების გამახვილება, რეპორტაჟის მომზადება. განზე გადგომა და არაფერში მონაწილეობა. დაე, დიდმა ძმამ იმღეროს და იცეკვოს შენს გასართობად. იყავი რეპორტიორი. დაკვირვებული თვითმხილველი. აუდიტორიის მადლიერი წევრი.
– © ჩაკ პალანიკი, “ძილისპირული”
მთარგმნელი: გია ბერაძე
ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში კარლ სტრიტორი ჩვილების დაღუპვის მიზეზს მიაკვლევს: ძილის წინ ყველა გარდაცვლილ ჩვილს უძველესი აფრიკული ლექსი წაუკითხეს “ჩრდილების წიგნიდან”. პროტაგონისტი ხვდება რომ თუ ეს ლექსი წიგნებიდან სამუდამოდ არ ამოძირკვა, ძალიან მალე სამყარო რადიკალურად შეიცვლებოდა. კარლ სტრიტორი მზადაა “ჩრდილების წიგნის” ყველა დარჩენილი ეგზემპლარი გაანადგუროს.

თუმცა ეს ამბავი არ არის მხოლოდ კარლ სტრიტორზე. წიგნის დასაწყისში ჩაკ პალანიკი წერს: “ეს არის ამბავი ელენ ჰუვერ ბოილისა, რომელიც მუდამ თან მდევს და მოსვენებას არ მაძლევს. ისე, როგორც რაღაც აკვიატებულ მელოდიას ვერ იშორებ თავიდან. ამბავი იმისა, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ – როგორი უნდა იყოს ცხოვრება, როგორ იპყრობს რაღაც ჩვენს არსებას და როგორ სდევს თან ჩვენი წარსული ჩვენი მომავლის თითოეულ დღეს.”
ელენ ჰუვერ ბოილი უძრავი ქონების აგენტია, რომელიც “უბედური” სახლებით ვაჭრობს. ეს ის სახლებია, რომელიც ან არასდროს იყიდება, რადგან ის არავის უნდა, ან მუდამ იყიდება, რადგან იქ ცხოვრება არავის შეუძლია. ელენ ჰუვერ ბოილი ახერხებს, რომ მისი სახლები ხშირ-ხშირად გაყიდოს.
ის მართავს მარიონეტებს უხილავი ძაფით. ის თესავს თავის პატარა მარცვლებს. ის ახდენს ჩემს კოლონიზაციას. ოკუპაციას. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, კულტურა და, საერთოდ, ყველაფერი კვერცხებს დებს ჩემს კანქვეშ. დიდი ძმა მავსებს სურვილით, მოთხოვნილებები დავიკმაყოფილო.
მართლა მჭირდება კი დიდი სახლი, სწრაფი მანქანა, ათასობით ლამაზი სექსუალური პარტნიორი? მართლა მჭირდება ეს ყველაფერი? თუ უბრალოდ ჩამინერგეს, რომ უნდა მჭირდებოდეს?
მართლა სჯობია ეს რაღაცები იმას, რაც უკვე მაქვს? თუ ჩამინერგეს, რომ უკმაყოფილო უნდა ვიყო იმით, რაც მაქვს? ხომ არა ვარ ხიბლის ქვეშ, რომელიც მაიძულებს დავიჯერო, რომ არასოდეს არაფერია საკმარისი?
– © ჩაკ პალანიკი, “ძილისპირული”
მთარგმნელი: გია ბერაძე
სიუჟეტის განვითარებასთან ერთად კარლ სტრიტორი ხვდება რომ, წლების წინ, მისი მეუღლე და შვილი იმავე აფრიკული წყევლამ, ძილისპირულმა, შეიწირა. სწორედ ასე მიხვდება ის, რომ ძილისპირული მომაკვდინებელი იარაღია, რომლის შესახებ არავინ არაფერი არ იცის. შეძლებს თუ არა კარლ სტრიტორი ამხელა ძალაუფლებას შეეჭიდოს, თუ ის მას გადაყლაპავს? მოასწრებს თუ არა ის “ჩრდილების წიგნის” ყველა ეგზემპლარის განადგურებას?
ღვინის ჭიქას ვართმევ და ერთ ყლუპს ვსვამ. დღეს ნიუს-რუმში შევიტყვე, რომ ლიფტთან გარდაცვლილ ადამიანს, რომელსაც მე სიკვდილი ვუსურვე, სამი შვილი ჰყავდა, ყველა ექვს წელს ქვემოთ. პოლიციელი, რომელიც მე მოვკალი, ხანდაზმულ მშობლებს ინახავდა, რომ ისინი უპატრონოთა სახლში არ წაეყვანათ. მას და მის ცოლს აყვანილი ბავშვი ჰყავდათ. გარდა ამისა, პოლიციელი ბავშვების ფეხბურთელთა გუნდს წვრთნიდა. ქალი, რომელსაც პორტატიული გადამცემი ჰქონდა, ორსულად იყო. ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე.
– © ჩაკ პალანიკი, “ძილისპირული”
მთარგმნელი: გია ბერაძე

“ძილისპირული” არის ძალაუფლების, სიყვარულის და შურისძიების ძალიან ამერიკული ამბავი, რომლის ასაღწერად მწერალს დეტალების აღქმაში თვალი გაწაფული უნდა ჰქონდეს. მან უნდა შეამჩნიოს ერთი მხრივ ხილული, მეორე მხრივ კი, უხილავი დეტალები გიჟური ამერიკული ყოფისა. ჩაკ პალანიკს ეს ნამდვილად გამოუვიდა.
1999 წელს, “ძილისპირულის” გამოცემამდე სამი წლით ადრე, ჩაკ პალანიკის მამის, ფრედ პალანიკის შეყვარებულმა დონა ფონტეინმა მისი ყოფილი ქმარი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა, რის მერეც უკანასკნელი ციხეში მოხვდა. პატიმარმა დაიფიცა, რომ გამოსვლისას ფონტეინს და პალანიკ უფროსს მოკლავდა.
ძალიან მალე, დეილ შეკელფორდი (ასე ერქვა პატიმარს) კვლავ დააპატიმრეს. გამოძიებამ ჩაკ პალანიკს შუამდგომლობით მიმართა გადაეწყვიტა დასჯიდნენ თუ არა სიკვდილით მამამისის მკვლელს. გადაწყვეტილების მიღება რომ გაადვილებოდა, პალანიკმა “ძილისპირულის” წერა დაიწყო.
ავტორმა რომანი დაასრულა, ხოლო ერთ თვეში, დეილ შეკელფორდი სიკვდილით დასაჯეს.