რომანის პირველი წინადადება ერთგვარი მაგიური პორტალია, რომლის მიღმა მკითხველს უცნობი გმირებითა და ამაღელვებელი ამბებით მოცული ახალი საყარო ელოდება. ადამიანისა და წიგნის ურთიერთობა საკმაოდ ინტიმურ კავშირებს ეფუძნება, რომელიც შეუძლებელია მცირედი უხილავი მაგიურობის, მწერლის გამჭრიახობის, მწერლის მიერ მკითხველის გრძნობებით თამაშისა და მკითხელის გიჟური აღელვების გარეშე. კარგ მწერლებს ეს პირველივე წინადადებიდან გამოსდით.
WATCHMAN.GE წარმოგიდგენთ 17 საუკეთესო წიგნის დასაწყისს, რომლებიც ნამდვილად მოგანდომებთ, რაც შეიძლება ბევრი იკითხოთ.
გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად.
– © გაბრიელ გარსია მარკესი, “მარტოობის ასი წელიწადი”
მთარგმნელი: ელზა ახვლედიანი

ლამანჩის რომელიღაც სოფელში – სახელის მოგონება არა მსურს, არც ისე დიდი ხანია მას შემდეგ, რაც ცხოვრობდა ერთი იდალგო – იმათთაგანი, რომელთა მთელ სიმდიდრეს შეადგენს მამაპაპური შუბი, ძველისძველი ფარი, ერთი ჯაგლაგი ცხენი და ერთიც მწევარი.
– © მიგელ დე სერვანტესი, “დონ კიხოტი”
მთარგმნელი: ბაჩანა ბრეგვაძე

ეს იყო საუკეთესო დროება, ეს იყო შემაძრწუნებელი დროება – ხანა სიბრძნისა, ხანა უგუნურებისა, ეპოქა რწმენისა, ეპოქა ურწმუნოებისა, ჟამი სინათლისა, ჟამი წყვდიადისა, გაზაფხული იმედებისა, ზამთარი სასოწარკვეთილებისა, ყველაფერი წინ გვქონდა, წინ არაფერი გვქონდა, ყველანი პირდაპირ ზეცისკენ მივისწრაფოდით, ყველა ქვესკნელისაკენ მივექანებოდით – მოკლედ, ის დრო ჰგავდა ჩვენს დროებას – ზოგი განთქმული, გავლენიანი პირი მაშინაც დაჟინებით მოითხოვდა, ჩვენი ავად თუ კარგად მოხსენიებისას შედარების მხოლოდ აღმატებითი ფორმა გამოიყენეთო.
– © ჩარლზ დიკენსი, “ორი ქალაქის ამბავი”
მთარგმნელი: ნინო შეყილაძე

მისის დოლოვეიმ თქვა, რომ ყვავილებს თვითონ იყიდდა.
– © ვირჯინია ვულფი, “მისის დოლოვეი”
მთარგმნელი: გიორგი ძნელაძე

– ტომ!
– © მარკ ტვენი, “ტომ სოიერის თავგადასავალი”
პასუხი არ არის.
– ტომ!
პასუხი არ არის.
– რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!
მთარგმნელი: გრიგოლ ყიფშიძე

ლოლიტა, ჩემი სიცოცხლის ნათელო, წელთა ჩემთა მხურვალებავ, ცოდვავ ჩემო, სულო ჩემო. ლოლიტა: ენის წვერი სასაზე სამი პაწაწინა ნაბიჯით გადაადგილდება, რათა მესამედ კბილებს შეეტაკოს. ლო. ლი. ტა.
– © ვლადიმირ ნაბოკოვი, “ლოლიტა”
მთარგმნელი: თამარ ლომიძე

ოდესღაც რუსეთში მართლა ცხოვრობდა უდარდელი ახალგაზრდობა, რომელმაც გულღიად გაუღიმა ზაფხულს, ზღვასა და მზეს – და აირჩია “პეპსი”.
– © ვიქტორ პელევინი, “Generation პ”
მთარგმნელი: შოთა იათაშვილი

ახლა მე მკვდარი ვარ – ერთი გვამი, რომელიღაც ჭის ფსკერზე დაგდებული.
– © ორჰან ფამუკი, “მე წითელი მქვია”
მთარგმნელი: ლია ჩლაიძე

ცამეტი წლის სრულდებოდა ჩემი ძმა ჯემი, მკლავი რომ მოსტეხეს იდაყვთან.
– © ჰარპერ ლი, “ნუ მოკლავ ჯაფარას”
მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

მშვენიერი დღე იყო. ისევე, როგორც წინა დღეები, რადგან ჯერ მხოლოდ შვიდ დღეზე ოდნავ მეტი გასულიყო და არც წვიმა გამოეგონებინათ. თუმცა, ედემის აღმოსავლეთით შეგროვილი ღრუბლები პირველი და თანაც ძლიერი ჭექა-ქუხილის მოახლოებას იუწყებოდა.
– © ნილ გეიმანი & ტერი პრეჩეტი, “კარგი ნიშნები”
მთარგმნელი: ნიკა სამუშია

ყოფილ სპორტდარბაზში გვეძინა. ხის გალაქულ იატაკზე დახაზული წრეები და ზოლები იმ დროიდან იყო შემორჩენილი, თამაშები რომ იმართებოდა ხოლმე.
– © მარგარეტ ეტვუდი, “მხევლის წიგნი”
მთარგმნელი: ანი კოპალიანი

ისე, თუ მართლა ჩემი ამბის გაგება გინდათ, არ დამიწყოთ ახლა – სად დაიბადეო, შენი საცოდავი ბავშვობა სად გაატარეო, მშობლები კიდე რას საქმიანობდნენ შენამდეო და საერთოდ, მთელი ეს ბაზარი დევიდ კოპერფილდის სტილში… მართალი გითხრათ, სულაც არ მეპიტნავება ამ ძველმანებში ქექვა.
– © ჯერომ სელინჯერი, “კლდის პირზე, ჭვავის ყანაში”
მთარგმნელი: გია ჭუმბურიძე

მოგვიანებით დოქტორი რობერტ ლეინგი აივანზე იჯდა და ძაღლის ხორცს ღეჭავდა, თან იმ უცნაურ ამბებზე ფიქრობდა, ბოლო სამი თვის განმანვლობაში ამ უზარმაზარ შენობაში რომ მოხდა.
– © ჯეიმს ბალარდი, “ცათამბჯენი”
მთარგმნელი: გურამ ღონღაძე

გაზაფხულის ერთ მცხუნვარე დღეს, საღამო ხანს, პატრიარქის ტბორებს ორი მოქალაქე ეწვია.
– © მიხაილ ბულგაკოვი, “ოსტატი და მარგარიტა”
მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი

ხანძრის გაჩენა მთელი ნეტარება იყო!
– © რეი ბრედბერი, “451 ფარენჰაიტით”
მთარგმნელი: ანდუყაფარ ჭეიშვილი

ყველა ბავშვი იზრდება, გარდა ერთისა.
– © ჯეიმს მეთიუ ბარი, “პიტერ პენი”
მთარგმნელი: ია კოროშინაძე

ეტყობა, ვიღაცამ ცილი დასწამა იოზეფ კ-ს, რადგან არაფერი დაუშავებია და ერთ მშვენიერ დილას მაინც დააპატიმრეს.
– © ფრანც კაფკა, “პროცესი”
მთარგმნელი: ნელი ამაშუკელი
