ცოტამ თუ იცის, რომ დრამატული ნაწარმოებების გარდა, ანტონ ჩეხოვი მცირე კომედიურ პიესებსაც წერდა. "დათვი" მან 1888 წელს დაწერა. “დარაჯი” ამ პიესის ახლებურ თარგმანს წარმოგიდგენთ.

 დ ა თ ვ ი

კომედია ერთ მოქმედებად

ეძღვნება ნიკოლაი სოლოვცოვს

რუსულიდან თარგმნა გიორგი არონიამ

მოქმედი პირები:

ელენა პოპოვა, ქვრივი მემამულე, ლოყებზე ღრმულებით.
გრიგორი სმირნოვი, შუახნის მემამულე.
ლუკა, პოპოვას ლაქია, მოხუცი.

მოქმედება ვითარდება პოპოვას მამულში.

I
პოპოვა (გლოვობს, სურათს თვალს არ აშორებს) და ლუკა.

ლუკა: როგორ არ გესმით ქალბატონო… თავს დაიღუპავთ ასე, თავს… დღეს სულები ხარობენ! მოახლე და მზარეული კენკრის მოსაკრეფად წავიდნენ, კატა ეზოში ჩიტებს დასდევს, თქვენ კი ამ ოთახში გამოკეტილხართ, გეგონებათ მონასტერში იყოთ! ნუთუ არ მოგბეზრდათ? ლამის ერთი წელია უკვე სახლიდან არ გამოსულხართ!

პოპოვა: ჰო და არც გავალ არასდროს… რა მინდა გარეთ? ცხოვრება ჩემი დამთავრდა. ის – საფლავშია, მე კი ამ ოთხ კედელს შორის დავიმარხე თავი… ორივენი მკვდრები ვართ.

ლუკა: რას ბრძანებთ! ნიკოლაი მიხაილოვიჩის სიკვდილი ღმერთის ნება იყო… ერთ საუკუნეს ხომ არ ვიგლოვებთ… ჩემი დედაბერიც მოკვდა თავის დროზე, მაგრამ რა? ვიგლოვე, ვიტირე და მოვრჩი. ლაზარე ხომ არაა, ერთი თვე რომ დავიტირო! (ამოიხრა.) მეზობლები დაივიწყეთ… არც სტუმრად დადიხართ და არც სახლში იწვევთ. ობობები ხომ არ ვართ, დღის შუქზე გასვლის რომ გვეშინოდეს?.. ლივრეა თაგვებმა შემიჭამეს… ხალხი რომ არ ცხოვრობდეს აქ, კიდევ მესმის, მაგრამ რამდენი პატიოსანი ადამიანია მაზრაში. რიბლოვში ქვეითი პოლკი ჩაუყენებიათ და ოფიცრები ისე არიან შეფუთულ-დახუნძლულები, თვალს ვერ მოსწყვეთ! წვეულებებზე კი სამხედრო ორკესტრი უკრავს… ეჰ, ქალბატონო, რა ახალგაზრდა ხართ და რა ლამაზი… სილამაზე საუკუნოდ კი არ გებოძათ. გაივლის ათი წელიწადი, თქვენც მოგინდებათ ძველებურად გასეირნება, ოფიცრები კი, ზედ აღარ შემოგხედავენ.

პოპოვა: (მტკიცედ.) გთხოვ აღარასდროს დამელაპარაკო ამ საკითხზე, აღარასდროს! ნიკოლაი მიხაილოვიჩის სიკვდილის მერე ჩემმა ცხოვრებამ ფასი დაკარგა! ხომ გგონია რომ ცოცხალი ვარ? გგონია? ზუსტადაც რომ გგონია. სინამდვილეში კი… მას სიკვდილამდე ვიგლოვებ! ამის პირობა მივეცი ჩემს თავს… გესმის? დაე მისმა ჩრდილმაც იცოდეს ჩემი სიყვარულის შესახებ… რაღა დაგიმალო და ხშირად იყო ჩემს მიმართ უსამართლო, ულმობელი და ორგულიც კი, მაგრამ… მე სიკვდილამდე მისი ერთგული ვიქნები.

ლუკა: განა არ ჯობდა ამის თქმას, ეზოში გასულიყავით? ტობის ან გოლიათის შებმას უბრძანებდით, გაისეირნებდით… იქნებ სტუმრადაც შეგევლოთ ვინმესთან?  

პოპოვა: ახ! (ტირის.)

ლუკა: ქალბატონო!… დედაო!… რა დაგემართათ?

პოპოვა: ის ხომ ტობიზე აფრენდა! კორჩაგინებთან და ვლასოვებთან მხოლოდ ტობიზე ამხედრებული მიდიოდა. და რა საუცხოოდ მართავდა? როგორ უხდებოდა სადავეების შემოჭერა!.. გახსოვს? ტობი, ტობი! დღეს ერთი მერვედით მეტი შვრია აჭამონ, უბრძანე!

ლუკა: მიღებულია!

კარზე ზარია.

პოპოვა: (შეკრთომით.) ვინ არის? უთხარი, რომ სტუმრებს არ ვიღებ!  

ლუკა: გისმენთ! (გადის.)

II
პოპოვა (მარტო.)

პოპოვა: (სურათს ათვალიერებს.) ნახავ, Nicolas, თუ როგორი სიყვარული შემიძლია, როგორი პატიება… გულის ბოლო ღელვამდე მეყვარები. (ცრემლნარევი სიცილი.) არ გრცხვენია? როგორი გამგონე, დამჯერი ცოლი ვარ, სიკვდილამდე ერთგულებას გპირდები, შენ კი…  არ გრცხვენია, ბუთხუზ? მღალატობდი, მეჩხუბებოდი, კვირების განმანვლობაში მივიწყებდი, მარტოს მტოვებდი…

III
პოპოვა და ლუკა.

ლუკა: ქალბატონო, ვიღაც გკითხულობთ. თქვენი ნახვა…

პოპოვა: არ უთხარი, რომ მეუღლის სიკვდილის შემდგომ სტუმრად არავის ვიღებ?

ლუკა: განა არ ვუთხარი, მაგრამ გაგონება არ უნდა! მნიშვნელოვან საქმეზე ვარ მოსულიო, ამბობს.

პოპოვა: სტუმრად არავის ვიღებ. ა-რა-ვის!

ლუკა: ზუსტად ასე გადავეცი… ეს კი გაშმაგებულა, ყვირის და ჩხუბობს… აი, სამზარეულოსაც მოსდგომია უკვე.

პოპოვა: (გაბრაზებულად.) კარგი, სთხოვე შემოვიდეს… რა უზრდელი ვინმეა!

ლუკა გადის.

პოპოვა: რა უნდათ ჩემგან, გამაგებინა! რატომ არ მასვენებენ? (ამოიოხრა.) არა, მართლაც მონასტერში მომიწევს წასვლა… (ჩაფიქრდა.) კი, მონასტერში…

IV
პოპოვა, ლუკა და სმირნოვი.

სმირნოვი: (შემოსვლისას, ლუკას.) ბევრს ტლიკინებ, რეგვენო… შე ვირო! (პოპოვას დანახვისას, ღირსეულად.) ქალბატონო, ნება მიბოძეთ საკუთარი თავი წარმოგიდგინოთ: არტილერიის გადამდგარი პორუჩიკი და მემამულე გრიგორი სმირნოვი. გეახელით ფრიად მნიშვნელოვან საქმეზე…

პოპოვა: (ხელს არ უწოდებს.) რა გნებავთ?

სმირნოვი: თქვენ განსვენებულ მეუღლეს, რომელსაც კარგად ვიცნობდი, ორი თამასუქი აეღო და ათას ორასი რუბლი დარჩა ვალად. იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ საადგილმამულო ბანკში პროცენტის გადახდა მიწევს, გთხოვთ, ვალი დღესვე გამისტუმროთ.

პოპოვა: ათას ორასი… რისი ვალი ჰქონდა თქვენთან ჩემს მეუღლეს?

სმირნოვი: ისჩემგან შვრიას ყიდულობდა.

პოპოვა: (ამოიოხრა. ლუკას.) ლუკა, ხომ არ დაგავიწყდა უბრძანო, რომ ტობის დღეს მერვედით მეტი შვრია აჭამონ?

ლუკა გადის.

პოპოვა: (სმირნოვს.) ნიკოლაი მიხაილოვიჩის ვალს აუცილებლად გაგისტუმრებთ, თუმცა, ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რადგან დღეს ამის ფული არ მაქვს. ჩემს მოურავს ვუბრძანებ ვალი გაგისტუმროთ, როცა ზეგ ქალაქიდან ჩამოვა, მაგრამ მანამდე ვერაფრით დაგეხმარებით. თანაც დღეს შვიდი თვე შესრულდა ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან და ახლა ისეთ გუნებაზე ვარ, რომ ფულზე საუბარი საერთოდ არ შემიძლია!

სმირნოვი: მე კი ისეთ გუნებაზე ვარ, ხვალ თუ ვალი არ გავისტუმრე, აუცილებლად ფეხებით დამკიდებენ. საგვარეულო მამულს ჩამომართმევენ!

პოპოვა: ფულს ზეგ მიიღებთ.

სმირნოვი: ფული ზეგ კი არა, დღეს მჭირდება.

პოპოვა: ბოდიშს გიხდით, მაგრამ დღეს ვერაფრით გადაგიხდით.

სმირნოვი: ზეგამდე ვერ მოვითმენ!

პოპოვა: აბა რა ვქნათ, თუ დღეს ფული არ მაქვს?

სმირნოვი: ანუ არ შეგიძლიათ ვალის გადახდა?

პოპოვა: არ შემიძლია…

სმირნოვი: ჰმ!.. დარწმუნებული ხართ?

პოპოვა: კი, დარწმუნებული ვარ.

სმირნოვი: საბოლოო გადაწყვეტილებაა? კარგად დაფიქრდით.

პოპოვა: კი, საბოლო გადაწყვეტილებაა.

სმირნოვი: ფრიად გმადლობთ, სწორედ ასე ჩავინიშნავ. (მხრებს იჩეჩავს.) და კიდევ უნდათ რომ მშვიდად ვიყო! შემხვდება ქუჩაში მევახშე და მკითხავს: „რატომ ბრაზობთ, გრიგორი სტეპანოვიჩო?“ აბა როგორ არ გავბრაზდე? ძალიან მჭირდება ფული, ძალიან… მევალეებს დავდევ გუშინდლიდან მოყოლებული, მაგრამ ფულს მაინც არცერთი აბრუნებს. ღამე სამიკიტნოში გავათენე, ძაღლივით! დავიღალე… სამოცდაათი ვერსტი გამოვიარე და ჩამოვედი, ბოლოს და ბოლოს, ვიფიქრე ვალს გამისტუმრებენ-მეთქი, აქ კი, გენაცვალე, ფულზე საუბრის გუნებაზე არ არიან! როგორ არ უნდა გაბრაზდე!

პოპოვა: მგონი ყველაფერი ნათლად აგიხსენით: ფულს მაშინ მიიღებთ, როცა მოურავი ჩამოვა ქალაქიდან.

სმირნოვი: მე მოურავთან კი არა, თქვენთან ჩამოვედი! რა ჯანდაბად მინდა თქვენი მოურავი?!

პოპოვა: ბოდიშს გიხდით, ბატონო, მაგრამ ჩვენთან ასე არ საუბრობენ. თქვენი მოსმენა აღარ მსურს! (სწრაფად გადის.)

V
სმირნოვი (მარტო.)

სმირნოვი: გუნებაზე არ არის ქალბატონი, გუნებაზე… მეუღლე გარდაეცვალა შვიდი წლის წინ! და მე პროცენტი არ გადავიხადო? თქვენ ჯერ მეუღლე გარდაგეცვალათ, მერე არც მოურავია ადგილზე, ეშმაკმა დალახვროს! მე ეს რაში მაინტერესებს? ტყეში დავემალო მევალეს, კედელს დავეტაკო გამორბენით, თუ რა ჯანდაბას ვეცე? გრუზდევი სახლში არაა, იაროშევიჩი დაიმალა, კურიცინი ფანჯრიდან გადავაგდე კინაღამ, მაზუთოვას ქოლერა შეეყარა, ეს ქალბატონი კიდევ – გუნებაზე არაა! ფულს არცერთი არ იხდის…მამაძაღლები!.. ეს ყველაფერი იმის ბრალია, ზედმეტად მოწყალე და მომთმენი რომ ვარ! ახლა კი გაჩვენებთ ნამდვილ სახეს! ადგილიდან არ დავიძრები, სანამ ფულს არ მივიღებ! ბრრ!… სულიც კი შემეკვრა ბრაზისგან… ვახ, ცუდად ვარ, ცუდად… (ყვირის.) ლაქია! 

VI
სმირნოვი და ლუკა.

ლუკა: (შემოდის.) რა გნებავთ?

სმირნოვი: ბურახი ან თუნდაც წყალი!

ლუკა გადის.

სმირნოვი: მის ნათქვამს აზრი მაინც მოეძებნებოდეს! მჭირება ფული, მოვედი ასაღებად, ეს ქალბატონი კი, გუნებაზე არ გახლავთ!.. ოხ, ეს ქალური ლოგიკა! ამიტომაც ვერ ვიტან ქალებთან საუბარს. ამას, სიმართლე გითხრათ, საფანთის სავსე კასრზე ჯდომა მირჩევნია. ბრრ!.. ჟრუანტელმაც კი დამიარა ბრაზისგან!

VII
სმირნოვი და ლუკა.

ლუკა: (შემოდის და წყალს აწვდის.) ქალბატონი შეუძლოდ გახდა და სტუმრებს ვეღარ მიიღებს.

სმირნოვი: აბა დაახვიე!

ლუკა გადის.

სმირნოვი: შეუძლოდაა ქალბატონი, შეუძლოდ! არ მიმიღებ, ნუ მიმიღებ… ფულის გარეშე ადგილსაც არ მოვიცვლი. ერთი კვირა იქნები შეუძლოდ? ერთ კვირას დავყოფ აქ. ერთი წელი იავადმყოფებ? ერთ წელს დავრჩები… ჩემსას მაინც მივიღებ, დედილო! გულს ვერც გლოვით მომილბობ და ვერც ღრმულებით, ლოყებზე რომ გაქვს… სხვა ასეთი ღრმულებიც მინახავს! (ფანჯარაში ყვირის.) გამოუშვი ცხენები სვიმეონ, არსადაც არ მივდივართ! აქ ვრჩებით! თავლაში უთხარი ჩვენებს შვრია აჭამონ! შე კაცო, ნაპირა ცხენი ისევ აგეხლართა სადავეებში! (აჯავრებს და ფანჯარას შორდება.) პაპანაქება სიცხეა, ფულს არავინ იხდის, ღამე ცუდად მეძინა, აქ კიდევ ქალბატონი არ არის გუნებაზე – რა ჯანდაბა ხდება?.. რაღაც თავი ამტკივდა… არაყს დალევდა კაცი! (ყვირის.) ლაქია!

ლუკა: (შემოდის.) რა გნებავთ?

სმირნოვი: არაყი!

ლუკა გადის.

სმირნოვი: (ჯდება, საკუთარ თავს აკვირდება.) ვახ, რას ვგავარ კაცო: ტანსაცმელს მტვერი დაედო, ფეხსაცმელი ტალახიანია, დაუბანელი და გაუპარსავი ვარ… ქალბატონს მუშა ხომ არ ვეგონე? (ამთქნარებს.) ცუდად გამომივიდა ასეთ ფორმაში სტუმრობა, მაგრამ ეგ არაფერი… მე სტუმარი კი არა – კრედიტორი ვარ!

ლუკა: (შემოდის და არყით სავსე სირჩას უწვდის.) თავს გახვედით, ბატონო.

სმირნოვი: (ფიცხად.) რაო?

ლუკა: არ… არაფერი…

სმირნოვი: ასე ვის ელაპარაკები! აბა კრინტი!

ლუკა: (გვერდზე.) რა ჭირად დაგვადგა ეს შმაგი! 

ლუკა გადის.

სმირნოვი: ისე გამაბრაზეს, ისე, რომ ხელის ერთი მოსმით მოვუღებდი აქაურობას ბოლოს! რაღაც შეუძლოდ ვარ… (ყვირის.) ლაქია!

VIII
პოპოვა და სმირნოვი.

პოპოვა: (შემოდის, თვალები დახრილი აქვს.) უკაცრავად! დიდი ხანია ამ სახლში ადამიანის ჭაჭანება არ ყოფილა, მე კი ყვირილს გადავეჩვიე. ძალიან გთხოვთ, ნუ დაარღვევთ ჩემს სიმშვიდეს!

სმირნოვი: ფული გადამიხადეთ და წავალ.

პოპოვა: ხომ გასაგები ენით გითხარით? ფული არ მაქვს და ზეგამდე არ მექნება.

სმირნოვი: მეც გასაგები ენით გიპასუხეთ, რომ ფული ზეგ კი არა, დღეს მჭირდება. დღეს თუ ვალს არ დამიბრუნებთ, ხვალ ნამდვილად თავს ჩამოვიხრჩობ!

პოპოვა: და რა გავაკეთო თუ ფული არ მაქვს? ვახ, რა უცნაურია!

სმირნოვი: ახლა დამიბრუნებთ ვალს? არა?

პოპოვა: არ შემიძლია…

სმირნოვი: ასეთ შემთხევაში მე ადგილსაც არ მოვიცვლი… (ჯდება.) ზეგ გადამიხდით? მშვენიერი! ზეგამდე აქ ვიჯდები, სწორედ აქ… (წამოხტა.) თქვენ გეკითხებით, ქალბატონო, ხვალ პროცენტი ხომ უნდა გადავიხადო, არა?.. თუ გგონიათ რომ ვხუმრობ?

პოპოვა: ნუ ყვირიხართ, პატივცემულო, თავლაში კი არ ვართ!

სმირნოვი: მე თავლაზე კი არ გელაპარაკებით! მარტივ შეკითხავს გისვამთ: ხვალ პროცენტი უნდა გადავიხადო თუ არა?

პოპოვა: სულ არ გცოდნიათ მანდილოსანთან როგორ უნდა მოიქცეთ!

სმირნოვი: ძალიან კარგად ვიცი!

პოპოვა: არა, არ იცით! გაუზრდელი და გაუნათლებელი ხართ! პატიოსანი კაცი, მანდილოსანს ასე არ დაელაპარაკებოდა! 

სმირნოვი: ჰოი საკვირველებავ! როგორ მიბრძანებთ დაგელაპარაკოთ, ფრანგულად ხომ არა? (ბრაზდება და ენას იჩლექს.) მადამ, ჟე ვუ პღი…[1] მოხარული ვარ რომ ვალს არ მიბრუნებთ. ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის! დღეს რა დარია? გლოვა როგორ გიხდებათ! (ფეხზე ფეხის შემოკვრით ესალმება.)

პოპოვა: გაუზრდელი!

სმირნოვი: (აჯავრებს.) გაუზრდელი! სულ არ იცის მანდილოსანთან მოქცევა! ჩემს ცხოვრებაში უფრო მეტი მანდილოსანი მინახავს, ქალბატონო, ვიდრე თქვენ ბეღურა! სამი დუელი გამოვიარე, თორმეტი ქალი მივატოვე, ცხრამ მიმატოვა! იყო დრო თავს ვიქცევდი, ვინაზებოდი, სიტყვას ტკბილს ვამბობდი, ვიბნეოდი… მიყვარდა, ვიტანჯებოდი, მთვარეს ავყურებდი, ვდუნდებოდი, ვდნებოდი და ვცივდებოდი… მიყვარდა გატაცებით, გაშმაგებით, ეშმაკმაც დალახვროს!.. ახლა ვეღარ გამაცურებთ! კმარა! შავი, მგრძნობიარე თვალები, ალისფერი ტუჩები, ლოყებზე ღრმულები, მთვარე, ნაზი ჩურჩული, მოკრძალებული სუნთქვა –  ამ ყველაფრით, ქალბატონო, ვეღარ გამაცურებთ! მცირე გამონაკლისების გარდა, ყველა ქალი მანჭია, პრანჭია, ჭორიკანა, მოძულე, მატყუარა, ამაო, მდაბიო, უმოწყალო და სულელია! აქ კი (შუბლზე შემოიკრა ხელი.) სრული ორპირი გაქვთ! შეხედავ ქალს, გეგონება პოეტმა შექმნაო: მარმაშივით მსუბუქი, ეთერივით სავსე, ღვთაებრივი და აღმაფრთოვანებელი; მაგრამ გაიცნობ მის სულს და მიხვდები, რომ უბრალო ნიანგია მხოლოდ! (სკამს ხელს წაავლებს და შემოემტვრევა.) ყველაზე აღმაშფოთებელი კი ის არის, რომ ამ ნიანგს საკუთარი თავი ნაზი არსება ჰგონია! ნუთუ ფინიების გარდა, ქალებს ვინმეს ან რამეს შეყვარება შეუძლიათ? ეშმაკმაც დალახვროს! გთხოვთ, აი, იმ ლურსმანზე ფეხებით ჩამომკიდოთ!.. წუწუნისა და სლუკუნის გარდა, ქალებს, არაფერი შეუძლიათ! თქვენ დიდი უბედურება დაგტყდომიათ თავს, როცა ქალად დაიბადეთ. სიმართლე მითხარით, მხოლოდ სიმართლე: როდისმე თუ გინახავთ ქალი გულწრფელი, ერთგული და გულმოდგინე? არ გინახავთ! ერთგულება და გულმოდგინება მოხუცებსა და მახინჯებს ძალუძთ მხოლოდ! რქოსან კატას ან თეთრ ტყის ქათამს უფრო ადვილად იპოვის კაცი, ვიდრე გულმოდგინე ქალს!

პოპოვა: ვისი ხვედრია, თქვენი აზრით, ერთგულება და გულმოდგინება? კაცისა ხომ არა?

სმირნოვი: კაცის, რასაკვირელია!

პოპოვა: კაცის! (ბოროტი სიცილი.) კაცი საყვარელი ქალის ერთგულია! ჰოი საკვირველებავ! (მხურვალედ.) ვინ მოგცათ ამის თქმის უფლება? კაცი საყვარელი ქალის ერთგულია! ჰა!… სიტყვამ მოიტანა და გეტყვით, რომ ჩემი გარდაცვლილი მეუღლე, კაცებს შორის საუკეთესო იყო… მე ის მიყვარდა ვნებით, მთელი არსებით ისე, როგორც ეს მხოლოდ ახალგაზრდა გონიერ ქალს შეუძლია. მე მას შევწირე ჩემი ახალგაზრდობა, ბედნიერება, სიცოცხლე და ქონება… მით ვსუნთქავდი და მით ვიკვებებოდი… ვეთაყვანებოდი, როგორც კერპს და… და რა მივიღე? ეს მართლაც რომ საუკეთესო კაცი, თურმე, ყოველ ნაბიჯზე მატყუებდა! სასიყვარულო წერილებით სავსე კარადა აღმოვაჩინე, მისი გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ უხეშობას არც მისსავე სიცოცხლეში მაკლებდა! კვირების განმანვლობაში მარტო მტოვებდა, ქალებს ჩემი თანდასწრებით ეარშიყებოდა, დამცინოდა და ჩემ ფულსაც კი ფლანგავდა… ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც მისი ერთგული ვიყავი და ვარ მისი სიკვდილის შემდგომაც. მას სიკვდილამდე ვიგლოვებ!

სმირნოვი: (აგდებულად იცინის.) გლოვა! ჩემს გაცურებას ხომ არ ცდილობთ, ქალბატონო? ამას კარგად ვხვდები! ვიცი, რატომაც გლოვობთ! როგორი იდუმალი და პოეტურია ეს ყველაფერი, არა? ჩაივლის ერთ დღეს თქვენს სახლთან რომელიმე იუნკერი ან პოეტი და ამოიოხრებს: „აქ ცხოვრობს იდუმალებით მოცული თამარა, ქმრის სიყვარულისთვის ოთხ კედელს შორის რომ დაიმარხა თავი!“ კარგად ვიცნობ ასეთ ხრიკებს!

პოპოვა: (აწითლდა.) როგორ ბედავთ ასეთი რამის თქმას!

სმირნოვი: თავი ცოცხლად დაიმარხეთ, სახეზე პუდრის წასმა კი არ დაგვიწყებიათ!

პოპოვა: როგორ ბედავთ ჩემთან ასე საუბარს?

სმირნოვი: ნუ ყვირით, ქალბატონო, მე თქვენი ლაქია კი არ ვარ! ნება მიბოძეთ, ის ვთქვა, რასაც ვფიქრობ! ქალებისგან განსხვავებით, კაცებს ეს შეგვიძლია!

პოპოვა: მე კი არ ვყვირი, თქვენ ყვირით! თავი დამანებეთ!

სმირნოვი: ფული გადამიხადეთ და წავალ.

პოპოვა: ფულს არ გადაგიხდით!

სმირნოვი: აბა, აბა, არ გადამიხდით!

პოპოვა: ერთ მანეთსაც არ მიიღებთ! თავი დამანებეთ!

სმირნოვი: მე არც მეუღლე ვარ თქვენი და არც საქმრო, ასე რომ სცენებს ნუ მიდგამთ! (ჯდება.) უხ, ამას როგორ ვერ ვიტან! 

პოპოვა: (რისხვა ახრჩობს.) დაჯექით?

სმირნოვი: დავჯექი.

პოპოვა: წადით, გთხოვთ!

სმირნოვი: ჯერ ფული დამიბრუნეთ… (გვერდზე.) როგორ მაბრაზებენ, როგორ..!

პოპოვა: მე კი თავხედებს არ ველაპარაკები! გაეთრიეთ აქედან!

პაუზა.

პოპოვა: არ წახვალთ? არა?

სმირნოვი: არა.

პოპოვა: არა?

სმირნოვი: არა!

პოპოვა: კარგი! (რეკავს.)

IX
პოპოვა, სმირნოვი და ლუკა.

პოპოვა: ლუკა, გააცილე ეს ბატონი ჩვენი სახლიდან!

ლუკა: (უახლოვდება სმირნოვს.) დაუჯერეთ, პატივცემულო, რომ გეუბნებიან. რატომ…

სმირნოვი: (წამოხტება.) ხმა ჩაიკმინდე! ვის ელაპარაკები არ იცი?

ლუკა: (გულზე იდებს ხელს.) ღმერთო! (ეცემა ტახტზე.) გლახათ ვარ, გლახათ! სუნთქვა მეკვრება!

პოპოვა: დაშა სადღაა? დაშა! (ყვირის.) დაშა! პელაგია! დაშა! (რეკავს.)

ლუკა: კენკრის მოსაკრეფად წავიდნენ, სახლში არავინაა… გლახათ ვარ! წყალი!

პოპოვა: გაეთრიეთ აქედან!

სმირნოვი: იქნებ თავაზიანად მომმართოთ?

პოპოვა: (მუშტების მოკრებით და ფეხების ბაკუნით.) ხეპრევ! დათვო! მონსტრო!

სმირნოვი: რა მიწოდეთ?!

პოპოვა: დათვი ხართ-მეთქი! დათვი!

სმირნოვი: (უტევს.) რა უფლებით შეურაცმყოფთ?

პოპოვა: კი, სწორედაც რომ შეურაცგხყოფთ! მერე რა? გგონიათ თქვენი შემეშინდება?

სმირნოვი:  გგონიათ რომ ქალად ყოფნა სხვის შეურაცხყოფის უფლებას გაძლევთ? ამას მე არ დავუშვებ! მაშ, დუელში გიწვევთ!

ლუკა: ღმერთო, ეს რა ხდება!

სმირნოვი: დუელი!

პოპოვა: გგონიათ თქვენი ბრგე მუშტები და ხარისტოლა გული შემაშინებს? ჰა? თავხედი ხართ!  

სმირნოვი: დუელი! არავის მივცემ ჩემი შეურაცხყოფის უფლებას, მათ შორის არც ქალს!

პოპოვა: (ცდილობს სმირნოვის ხმა გადაფაროს.) დათვო! დათვო! დათვო!

სმირნოვი: არ შეიძლება მხოლოდ კაცმა აგოს შეურაცხყოფისთვის პასუხი! თანასწორობა გინდათ? მაშ თანასწორობა იყოს, ეშმაკმა დალახვროს!

პოპოვა: დუელი გინდათ? იქნება!

სმირნოვი: ახლავე!

პოპოვა: ახლავე! ქმარს იარაღები ჰქონდა… ახლავე მოვიტან. (სწრაფად გადის და მალევე ბრუნდება.) ამოვისუნთქებ, როცა შუბლში ტყვიას ჩაგასობთ! (გადის.)

სმირნოვი: უხ, რას ვუზამ! ბავშვი კი არ ვარ, ქალი შემეცოდოს!

ლუკა: ბატონო ჩემო!.. (მუხლს იდრეკს.) თავზე დაგვადექი, შეგვაშინე და ახლა სროლასაც აპირებ! შემიწყალე, გთხოვ, და დაგვტოვე!

სმირნოვი: (არ უსმენს.) დუელი სწორედაც რომ თანასწორობაა!.. გათავისუფლება! ორივე სქესი თანასწორია. პრინციპის გამო დავჭრი! მაგრამ რა ქალია?! (აჯავრებს.) შუბლში ტყვიას ჩაგასობთ! რა ქალია… გაწითლდა, თვალები აუბრიალდა… მიიღ დუელი! ასეთ ქალს პირველად ვხვდები, გეფიცებით…

ლუკა: დაგვტოვე ბატონო, გთხოვ! მოგვასვენე და შენც მოისვენე!

სმირნოვი: აი, მესმის ქალი! ქალი: ცეცხლი, საფანტი, რაკეტა! სულაც არაა უგემური! მოსაკლავადაც ვერ გაიმეტებ!

ლუკა: (ტირის.) წადით, ბატონო, გთხოვთ…

სმირნოვი: მე ის ძალიან მომწონს, ძალიან! ლოყებზე ღრმულების მიუხედავად მომწონს! ვალსაც კი გავუქვითავ… აღარც გაბრაზებული ვარ… დიდებული ქალია, დიდებული!

X
სმირნოვი, ლუკა და პოპოვა.

პოპოვა: აი, იარაღებიც აქაა! ოღონდ დუელამდე ერთ რამეს გთხოვთ: პისტოლეტიდან სროლა უნდა მასწავლოთ, ის ხელშიც კი არ მჭერია არასდროს!

ლუკა: ღმერთო დიდებულო! მებაღესა და მეეტლეს ვუხმობ… რა ოხრობამ გადაგრიათ?!

სმირნოვი: (იარაღებს ათვალიერებს.) ახლა ნახეთ, არსებობს რამდენიმენაირი პისტოლეტი… მორტიმერის მარკის, კაფსულიანი პისტოლეტი უშუალოდ დუელისთვისაა შექმნილი… თქვენ კი რევოლვერები გაქვთ, სმიტი და ვესონის მარკის, ექსტრაქტორით, გამოიყენება, ძირითადად, ღია ბრძოლისას… დიდებული იარაღებია. წყვილის ფასი ოთხმოცდაათ რუბლს არ ჩამოუვარდება… რავოლვერი კი, ასე უნდა დაიჭიროთ… (გვერდზე.) და თვალები?! რა მგზნებარე ქალია!

პოპოვა: ასე?

სმირნოვი: კი, ასე… ასე ჩახმახს შეაყენებთ… ასე კი დაუმიზნებთ… თავი უკან გამოწიეთ და ხელი გაშალეთ!… აი, ასე… შემდეგ ამ თითით დააწვებით და მორჩა! მთავარი წესი დაიცავით: ნუ ცხარობთ და აზრიანად დაუმიზნეთ… შეეცადეთ ხელი არ აგიკანკალდეთ. 

პოპოვა: გასაგებია… იცით, ოთახში რთულია სროლა. ეზოში გავიდეთ!

სმირნოვი: გავიდეთ, ოღონდ გაფრთხილებთ – მე ჰაერში ვისვრი.

პოპოვა: ესღა გვაკლდა! რატომ ჰაერში?

სმირნოვი: იმიტომ, რომ… იმიტომ… იცით, რა? ეს უკვე ჩემი საქმეა.

პოპოვა: შეგეშინდათ, არა? შეეშინდა! ჰა! წამობრძანდით ბატონო, წამობრძანდით. არ მოვისვენებ, სანამ შუბლში ტყვიას არ ჩაგასობთ… აი, ამ შუბლში! შეგეშინდათ, არა?

სმირნოვი: კი, შემეშინდა.

პოპოვა: მატყუარა! რატომ აღარ გინდათ დუელზე გამოსვლა?

სმირნოვი: იმიტომ, რომ… იმიტომ… იმიტომ, რომ მომწონხართ!

პოპოვა: (ავი სიცილი.) მოვწონვარ! მიბედავს მითხრას რომ მოვწონვარ! (უჩვენებს კარს.) თქვენს მერე!

სმირნოვი: (რევოლვერს მაგიდაზე დებს, ქუდს იხურავს და გასასვლელისკენ მიემართება; კართან ჩერდებიან, ნახევარი წუთის განმანვლობაში ერთმანეთს უყურებენ, ხოლო სმირნოვი პოპოვას უახლოვდება.) მომისმინეთ… ისევ ბრაზობთ? მეც გაცოფებული ვარ, მაგრამ საქმე იცით რაშია… როგორ ჩამოვაყალიბო… ისე მოხდა, რომ… (ყვირის.) რა ჯანდაბა ვქნა რომ მომწონხართ? (სკამს ხელს წაავლებს და შემოემტვრევა.) რანაირი ავეჯი გაქვთ?! მომწონხართ, გესმით? ლამისაა შემიყვარდეთ!

პოპოვა: თავი დამანებეთ, ვერ გიტანთ!

სმირნოვი: ვახ, რა ქალია! მსგავსი არავინ შემხვედრია! დავიღუპე!

პოპოვა: მომშორდით, თორემ გესვრით!

სმირნოვი: ისროლეთ. ბედნიერი ვიქნები ასეთი სიკვდილით!… გიჟს ვგავარ, გიჟს! ახლავე გადაწყვიტეთ, თორე მალე აღარასდროს შევხვდებით! დაფიქრდით… მე პატიოსანი ადამიანი ვარ, ცხრა ათასი შემომდის წლიურად, თანაც თავადი ვარ… ტყვიას ტყვიაში ვაჯენ… საუცხოო ცხენები მყავს… ცოლად გამომყვებით?

პოპოვა: (აღშფოთებული, იქნევს იარაღს.) დუელი, მხოლოდ დუელი!

სმირნოვი:  გავაფრინე, გავრეკე… გავშმაგდი! არაფერი მესმის… (ყვირის.) ლაქია!

პოპოვა: დუელი!

სმირნოვი: შემიყვარდით ისე, როგორც ბავშვს, როგორც სულელს… (ხელს ჩასჭიდებს, ის ტკივილისგან იკივლებს.) მიყვარხართ! (მუხლს იდრეკს.) მიყვარხართ ისე, როგორც არასდროს მყვარებია! თორმეტი ქალი მივატოვე და ცხრამ მიმატოვა, მაგრამ თქცენსავით არცერთი არ მყვარებია… გავწითლდი, გავყვითლდი, დავდნი… დაჩოქილი ხელს ვთხოვ… სირცხვილი! ფიცის მწამდა, ხუთი წელი არავინ შემყვარებია, ახლა კი… ხელს გთხოვთ. დამთანხმდებით თუ არა? არ გინდათ? ნუ გინდათ!

პოპოვა: მოიცადეთ…

სმირნოვი: ჰო?

პოპოვა: არაფერი, წადით… თუმცა არა, შეჩერდით… არა, წადით, დამტოვეთ! მეზიზღებით! თუმცა… არ წახვიდეთ! რომ იცოდეთ როგორ გამაბრაზეთ! (რევოლვერს მაგიდაზე დებს.) ხელი დამიბუჟა ამ საძაგლობამ… (აღშფოთებისაგან ცხვირსახოცს ხევს.) კიდევ აქ ხართ? დაახვიეთ!

სმირნოვი: მშვიდობით.

პოპოვა: დიახაც, წაბრძანდით! (ყვირის.) რატომ მიდიხართ? მოიცადეთ… თუმცა, ჯობია წახვიდეთ. არ მომიახლოვდეთ, არ მომიახლოვდეთ!

სმირნოვი: (უახლოვდება.) საკუთარ თავზე ვარ გაბრაზებული… შემიყვარდით ისე, როგორც სკოლის მოსწავლეს, მუხლმოდრეკილს… ცივი ოფლი მასხამს… (უხეშად.) რა დროს სიყვარულია: ხვალ პროცენტი უნდა გადავიხადო, თანაც თიბვის დრო მოვიდა… (წელზე ხელს ხვევს.) ჩემს თავს ამას ვერასდროს ვაპატიებ… მიყვარხართ!

პოპოვა: თავი დამანებეთ! მომშორდით! ვერ… ვერ გიტანთ! დუელი! დუელი!

ხანგრძლივი კოცნა.
პოპოვა, სმირნოვი და ლუკა ნაჯახით, მებაღე ფოცხით, მეეტლე სამთითით და მუშები კომბლებით.

ლუკა: (ამათ შემხედვარე.) ღმერთო დიდებულო!

პაუზა.

პოპოვა: (თვალები დაშვებული აქვს.) ლუკა, ჯობია ტობის დღეს შვრია საერთოდ არ მისცენ.

ფარდა.


[1] ქალბატონო, გთხოვთ… (ფრანგ. Madame je vous prie)