დარაჯი წარმოგიდგენთ ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტურ წერილს, რომელშიც ის ქალთა უფლებების შესახებ წერს. პუბლიცისტური წერილი ქვეყნდება საგანმანათლებლო კამპანიის #გავაცოცხლოთ-ს ფარგლებში.

ათმა წელიწადმა გაიარა მას აქეთ, რაც ქალებმა პირველად არჩევანის უფლება ითხოვეს ინგლისის პარლამენტში. მაშინ ეს თხოვნა ჯონ სტუარტ მილლმა შეიტანა ლონდონის პალატაში. არზაზედ 1500 კაცს ეწერა ხელი.

მას აქეთ ეს საქმე არამცთუ არ შემწყდარა, არამედ საკვირველად გაძლიერდა, სიმტკიცე და სიბეჯითე მოემატა, უფრო გავრცელდა და თითქმის მთელს საზოგადოებას მოედო. ეს გარემოება მით უფროა საკვირველი, რომ ამ ათის წლის განმავლობაში ქალებს ყოველწლივ შეჰქონდათ პარლამენტში ერთი და იგივე თხოვნა და პარლამენტი ყოველწლივ ერთსა და იმავე უარს ეუბნებოდა. აბა ვის არ გაუგრილდებოდა გული და ვინ არ დაჰკარგავდა სასოებას? მაგრამ ლონდონის ქალებმა კარგად იციან, რომ ინგლისში ყოველგვარი ცვლილება შეუძლებელია, თუ ამ ცვლილებამ საზოგადოების აზრი არ მიიზიდა და არ დაიყოლია. საზოგადოების აზრის გამოცვლა და დაყოლიება, თუ თქვენც იტყვით მკითხველო, ადვილი საქმე არ არის და ჩქარა არ მოხერხდება. საზოგადოება არამცთუ მარტო იმისთანა მძიმე საქმეში, როგორიც ქალთათვის საპოლიტიკო უფლების მინიჭებაა, არამედ მცირე საქმეშიაც ძნელად ჰსთმობს ჩვეულებრივს, გათელილს გზას და დიდის ჭოჭმანებით გამოდის ახალზედ. ბევრს ტანჯვას და ვაი-ვაგლახს გამოივლის ახალი აზრის მქადაგებელი, ბევრს რისხვას და შეჩვენებას განიცდის, ვიდრე დაიყოლიებს საზოგადოებას და ჩააგონებს თავის საკუთარ რწმენას. ახალის აზრისა და რწმენის მიმდევარს დიდი სიმტკიცე ხასიათისა და დიდი სასოება გამარჯვებისა უნდა ჰქონდეს, რომ გული არ გაუგრილდეს და ხელიდამ არ გაუშვას მის მიერ დაწყებული საქმე. ამგვარი სიმტკიცე და სასოება ინგლისის ქალებმა გამოიჩინეს ამ ათის წლის განმავლობაში. იგინი წერა-ბეჭდვით და ლაპარაკით განუწყვეტლად ქადაგობდნენ და, თუმცა პარლამენტი უარს ჰყოფდა მათ თხოვნას, ამ ქადაგებას უნაყოფოდ არ ჩაუვლია. ეხლა მათ თხოვნას, რომელიც ბრაიტის ხელით წარუდგინეს პარლამენტს, 430.000 პირს უწერია ხელი. მაშინ როდესაც ათის წლის წინათ 1.500 კაცს ეწერა ხელი.

აი რაში მდგომარეობს ქალების გულისტკივილი ამ შემთხვევაში:

5 თიბათვეს (24 მაისს) ქალების დეპუტაცია მივიდა მინისტრ ნორტკოტთან და თხოვნა წარუდგინა. ეშვორტის ქალმა უთხრა, რომ ბევრგან უმთავრესი ნაწილი მამულ-დედულისა ქალების საკუთრებაა და ადგილობრივთა მოხელეთა ამორჩევისათვის კენჭი აქვსთ მინიჭებულიო, დეპუტატების ამორჩევისათვის კი არა აქვთო უფლება. ეს უსამართლობააო და ამიტომ გთხოვთ პარლამენტში ჩვენ მოგვემხროთ, როდესაც ჩვენი თხოვნა განირჩევაო.

ნორტკოტმა უპასუხა:

„საქმე რომ მარტო დედააზრზედ იყოს მიგდებული, მაშინ, რასაკვირველია, ქალებსაც უნდა ჰქონდეთ იგივე უფლება, როგორიც კაცებსა აქვთ. ხოლო ამ შემთხვევაში საქმე სხვაფრივ უნდა გაიშინჯოს. ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ, თუ რა შედეგი ექმნება ამ ცვლილებას, რომელსაც თხოულობთ, და მერე — კაი დრო შეგირჩევით თუ არა მაგ თხოვნის წარსადგენად და გასარჩევად. პირველ შეხედვით მართლა უსამართლობაა, რომ ქალებს არჩევანში არა აქვსთ მონაწილეობა, როდესაც იგინი იმავე ხარჯს იხდიან სახელმწიფოს წინაშე, როგორსაც კაცები. იმ არზაში, რომელიც ეხლა პარლამენტშია შეტანილი, მოხსენიებულია, რომ ქალებს არჩევანის უფლება ყველა იმ შემთხვევაში უნდა მიეცეთ, რა შემთხვევაშიაც კაცებს ეძლევათ, გარდა ქმრიანის ქალებისა. ეს უკანასკნელი პირობა შესანიშნავია და კარგი დაკვირვება და შესწავლა უნდა, რომ კაცმა მოიაზროს მისი ყოველგვარი შედეგი. უნდა მოგახსენოთ, რომ უდროო დროს დაიწყეთ ეს საქმე. მე იმ პირთა აზრისა არ გახლავარ, რომელნიც ამბობენ, რომ ქალებს კენჭის ხმარება ხეირიანად არ შეუძლიანთო. მაგრამ, როგორც წინათ მოგახსენეთ, პარლამენტი, ვიდრე თქვენ თხოვნას აგისრულებთ, კარგა უნდა დააკვირდეს და შეისწავლოს ყოველივე ის, რაც თქვენ მიერ თხოვნილს ცვლილებას შეუდგება“.

ქალებს რომ ეგ სურვილი აუსრულდეს, რა შედეგი ექნება? ქალთათვის არჩევანის უფლების მინიჭება მავნებელია თუ საკეთილო? ამ კითხვის ვრცელი პასუხი მოკლე მიმოხილვაში, რასაკვირველია, შეუძლებელია და ცალკე წერილის ღირსია. აქ მხოლოდ მოგახსენებთ, თუ რა ითქვა იმ კითხვის შესახებ ლონდონის პარლამენტში.

6 თიბათვეს, როდესაც ამ საგანზედ ბაასი გაიმართა, პარლამენტში ახალი არა თქმულა რა. რაც ათის წლის განმავლობაში თქმულა ქალების უფლების წინააღმდეგ, ყველა ის განიმეორეს ეხლაც. ხელმეორედ დაიწყეს ლაპარაკი, რომ ქალებს რომ არჩევანის უფლება მივცეთო — ოჯახობა დაირღვევაო, ქალებს სინაზე დაეკარგებათო, კაცებისაგან რაინდულს პატივისცემას დაჰკარგვენო, საზოგადოებრივი ზნეობა დაეცემაო და სხვა. ესრაინდული პატივისცემა, ერთის დეპუტატის სიტყვით, იმაში მდგომარეობს, რომ კაცები უკეთესს ადგილს ქალებს უთმობენ ყველგან, საცა კი ერთმანეთს შეხვდებიანო, დღესასწაული იქნება, თუ დიდი რამ თამაშიო. ეს პატივისცემა უპირატესობააო ქალებისათვის და თუ ამ უპირატესობის დაკარგვა არა ჰსურთო, არჩევანის უფლებისაგან ხელი უნდა აიღონო!

გარდა ამისა კიდევ სხვა ბევრი უცნაური საბუთი მოიყვანეს ქალების თხოვნის წინააღმდეგ. მაგალითებრ, დეპუტატმა ჰენბერიმ სთქვა, რომ თუ უქმრო ქალებს მივეცით კენჭიო, მაშინ არა ქალი არ გათხოვდებაო, არჩევანის უფლება გაუთხოვრობის ჯილდო იქნებაო. ამავე დეპუტატმა სთქვა, სხვათა შორის, შემდეგი: „თუმცა ქალები ჭკუა-გონებით კაცებს არ დაუვარდებიან, მაგრამ მათის მოქმედების ასპარეზი სულ სხვა არის. ამის გარდა, სად უნდა შეისწავლონ ქალებმა ის საპოლიტიკო საგნები, რომელთ თაობაზედაც კენჭი ჩამოიტარება ხოლმე. ორში ერთი: ან ხალხში უნდა გამოვიდნენ და საპოლიტიკო ყრილობებში მონაწილეობა მიიღონ, ან არა-და ახალი საპოლიტიკო მოძღვრები გამოჩნდებიან, რომელნიც ფეხს შესდგმენ ოჯახობაში, რომ ჩვენ ქალებს პოლიტიკა ასწავლონ. ისიც უნდა აღვიაროთ, რომ საზოგადო საქმეებში მომეტებული მნიშვნელობა თანდათან ძალას ეძლევა. ამ შემთხვევაში რა შემწეობას უნდა მოველოდეთ ქალთაგან. გულის სისუსტის პოლიტიკას ისეც დიდი გავლენა აქვს ამჟამად და წინადადების მიღების შემდეგ ხომ უფრო გაძლიერდება“. აქ უფ. ჰენბერი იმ მოძრაობაზედ ამბობს, უსათუოდ, რომელიც ომის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს გულშემატკივარი პოლიტიკა უფ. ჰენბერს ქალურ საქმედ უცვნია!

მეორე დეპუტატმა კი სთქვა, რომ თუ ქალებს არჩევანის უფლება მივეცითო, დიდად მავნებელი იქნებაო, და აი რად. თუ ქალები პირდაპირს მონაწილეობას მიიღებენ არჩევანში (უსათუოდ ასეც იქნება), მაშინ ოჯახობის ლაზათი დაიკარგებაო; და თუ შინიდგან გარეთ არ გამოვლენო, მაშინ უცოდინარნი დარჩებიანო. ამ შემთხვევით — სამღვდელოება ისარგებლებსო და ქალების შემწეობით არჩევანზედ გავლენას იქონიებსო.

ყველა ამ პირთა უპასუხა დეპუტატმა ფორსაიტმა, რომელმაც სთქვა შემდეგი:

„რაც უნდა სთქვან, მაინც არც ერთი საქმე იმდენად წინ არ წამდგარა, როგორც ქალების არჩევანის უფლების საქმეა წამდგარი. თუმცა ხსენებული წინადადება ქალებს არ დაიხსნის ყოვლის მწუხარებისაგან, მაგრამ იმას ხომ მიანიჭებს, რასაც თხოულობენ. ტყუილი თქმა არის, ვითომ ეს წინადადება ქმრიანის ქალების განთავისუფლებასაც მოასწავებსო.[1] რაც შეეხება მას, ვითომ ახალნი მოძღვრები პოლიტიკისა გაჩნდებიანო, ეს აზრიც უსაფუძვლოა: ვითომ რა დაუშლით ქალებს იკითხონ ჟურნალ-გაზეთები, წიგნები და სხვა, ე. ი. იმავე გზით ისწავლონ პოლიტიკა, რა გზითაც კაცები სწავლობენ. ეჭვი არ არის, რომ ქალები ისე გონივრულად მოიხმარებენ არჩევანის უფლებას, როგორც ამომრჩეველნი კაცები.

გარდა ამისა, ფორსაიტმა სთქვა, რომ ქალები არჩევანის უფლებას იმიტომ კი არა თხოულობენო, რომ ქალები არიანო, არამედ იმიტომ, რომ საკუთრება აქვსთ და სახელმწიფოს წინაშე ხარჯს იხდიანო. ინგლისში ყველა მამულის პატრონთა შორის ქალები მეშვიდე ნაწილს შეადგენენო, ყველა ხარჯს იხდიან და დეპუტატის ამორჩევის უფლება კი არა აქვთო. ამის გამართლება არავის არ შეუძლიანო. მე დარწმუნებული ვარო, სთქვა ფორსაიტმა, რომ დრო მოვა, როდესაც ამ წინადადების წინააღმდეგთა სათაკილოდ გაუხდებათ თავისი ცრუმორწმუნოება, როგორც სათაკილოდ გაუხდათ მათ, რომელნიც ამტკიცებდნენ, რომ ქალებს განათლება არ უნდა მიეცეთო.

ბოლოს წამოდგა ბრაიტი და სთქვა: „ადრე თუ გვიან პარლამენტი იძულებული იქნება კენჭი უყაროს ჩემს წინადადებას, რადგანაც ამ წინადადებას მომხრე ემატება თანდათან. გარდა ამისა, უნდა მოგახსენოთ, რომ პარლამენტი ხეირიანად ვერც-კი დასდებს ქალების შესახებ კანონს, თუ მათ პირდაპირ წარმომადგენელი არ ეყოლებათ პარლამენტშიო“.


[1] არჩევანის უფლება ინგლისში, როგორც მოგეხსენებათ, ქონებაზედ არის დამყარებული. ვისაც საკუთრება არა აქვს, არც ეს უფლება აქვს მინიჭებული. ინგლისში ქმრიან ქალს არავითარი საკუთრება არა აქვს. ყოველი მისი ქონება ქმარს ეკუთვნის. გასათხოვარ ქალს კი აქვს უფლება იქონიოს ყოველგვარი საკუთრება. მაინც ინგლისში გასათხოვარი ქალი უფრო თავისუფალია, ვიდრე ქმრიანი. ბრაიტის წინადადებაში მარტო უქმრო ქალები არიან ხსენებულნი, რადგანაც იმათ აქვთ საკუთრება, მაშასადამე არჩევანის უფლებაც უნდა ჰქონდეთო, როგორც კაცებს. მაგრამ ბევრს ეშინიან, ეს კანონი რომ დავდოთო, ვაი თუ შემდეგ ქმრიანმა ქალებმაც იგივე მოინდომონო. — აი ამაზედ ამბობს ფორსაიტი.


ილია ჭავჭავაძის ეს პუბლიცისტური წერილი ქვეყნდება საგანმანათლებლო კამპანიის #გავაცოცხლოთ-ს ფარგლებში, რომლის მიზანია ქართველი მწერლების აზრების გაცოცხლება.