თბილისის სამსავე გიმნაზიაში წრეულს პირველ მოწაფეებად დაასრულეს ქართველებმა და ოქროს მენდლით იქმნენ დაჯილდოვებულნი. აი ფაქტი, მოვლენა რომელზედაც სჯიან არა მარტო ქართულ ოჯახებში, არამედ რუსთა და სომეხთა შორისაცა.
ზოგიერთ ჩვენს „მეგობარს“ კი რომ ჰკითხოთ, ქართველები იმდენად უნიჭონი არიანო, რომ ერს ვერ შეადგენენ და მხოლოდ თემების გროვას წარმოადგენენო.
მერე რითი ასაბუთებენ ამ თავისს აზრსა? ქართველებმა ათასის წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს, რომ ერთი სახელმწიფო შეედგინათო. განა ეს საბუთი ჩირადა ღირს! ძველნი ბერძენნი ითვლებოდნენ და ითვლებიან სამაგალითო, უნიჭიერესს ერად; მაგრამ, თუმცა საბერძნეთი პატარა ქვეყანა იყო და პატარა ნახევარ კუნძული ეჭირა, მაინც ერთი სახელმწიფო ვერ შეადგინეს ბერძნებმა. ათინა ცალკე სცხოვრობდა პოლიტიკურად, სპარტა ცალკე, თესალია ცალკე, ეპირი ცალკე, და სხვანი. ხშირად ერთმანეთში ჰქონდათ ომი და მხოლოდ გარეშე მტრებს ებრძოდნენ შეერთებულის ძალით, თუმცა იმისთანა დროსაც კი ჰღალატობდნენ ხანდახან ერთმანეთსა. მიუხედავად ამისა, ბერძენნი წარმოადგენენ ერთს დიდებულს ერსა. რადა? იმიტომ, რომ ერთის ჩამომავლობისანი იყვნენ, ერთს ენაზედ ლაპარაკობდნენ, ერთი ლიტერატურა ჰქონდათ, ერთი ჰომიროსი ჰყავდათ, ერთი კულტურა შეჰქმნეს და ერთს სარწმუნოებას აღიარებდნენ. ქართველებში ვხედავთ თუ არა ასეთსავე ერთიანობასა? ოღონდაც. ჰყავთ ყველა ქართველებს, იმერებს და ამერებს, ერთი მამათმთავარი ქართლოსი, ერთის ტომისანი არიან, ერთს ენაზე უბნობენ, ერთი ლიტერატურა დაჰბადეს. ყველას ეროვნულ გენიოსებად და ტალანტებად მიაჩნიათ; რუსთაველი, დავით გურამიშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, რაფიელ ერისთავი და სხვანი. ერთის სარწმუნოების მიმდევარნი არიან. ყველა ამას ემატება ერთი ისტორიული მოვლენაც, რომელსაც ბერძნების წარსულში ვერა ვხედავთ: ათასის წლის განმავლობაში საქართველო ხშირად ერთს შეერთებულს სახელმწიფოს წარმოადგენდა. ფარნაოზიდგან დაწყებული მეთექვსმეტე საუკუნემდე, რის გამოც ყველა შესანიშნავი მეფენი ამ ხანგრძლივ დროისა, როგორც ვახტანგ გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე ყველა ქართველებს შავი ზღვიდან მოკიდებული დაღესტნის მთებამდე, მიაჩნდათ და მიაჩნიათ ნაციონალურ გმირებად.
თუ საქართველოს გერმანიას შევუდარებთ, აღმოჩნდება, რომ გერმანია ჩვენ დრომდინ დანაწილებული იყო დიდის ხნის განმავლობაში ცალკე სახელმწიფოებად, სარწმუნოებითაც ორ ნაწილად არის გაყოფილი და ენითაც ძლიერ განირჩევა სამხრეთის გერმანია ჩრდილოგერმანიიდგანა. მაგრამ გერმანელნი კი ყველას მიაჩნდა და მიაჩნია ერად და არა თემების კრებულად. ნუ თუ ამ სახელის ღირსი არ არის საქართველო, გაერთებული ენითაც, სარწმუნოებითაც, ლიტერატურითაც და დიდისხნის პოლიტიკური საერთო ცხოვრებითაც წარსულს საუკუნოებში?
ამერებს თავის ქალა განიერი აქვთ და იმერებს წოწლოკინა, მაღალიო, მაშასადამე ფიზიკური ტიპი ერთი არ არის და ერთ ერთად ვერ იცნობებიანო, ამბობენ ხსენებული ვაჟბატონები. მაგრამ ისინი ივიწყებენ, ვგონებთ განზრახ, რომ ამისთანავე ფიზიკურს განსხვავებას იპოვით, თუ შეადარებთ აღმოსავლეთის და დასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის მცხოვრებთ: რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში და სადაც გნებავთ. ეს განსხვავება ტიპისა იმისაგან წარმოსდგება უმთავრესაც, რომ ყოველი ერი ერევა მოსაზღვრე ხალხში ქორწინებით, და ამის გამო აგებულობა და სახიერება ეცვლება. ხოლო ეს ცვლილება ნაციონალური ტიპისა სრულიადაც არ არღვევს ერთობას ერისასა, თუ ეს ერთობა დამყარებულია იმ საერთო საუნჯეებზედ, რომელნიც ჩვენ ზევით ჩამოვთვალეთ.
ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა და იგი კარგათ ახსოვთ, როცა სხვა ერზე სჯიან, მხოლოდ ჩვენ შესახებ ივიწყებენ მას და ჯიუტურად გაიძახიან, რომ ქართველები წარმოადგენენ არა ერსა, არამედ თემთა გროვასაო. ბოლოს დროს ეს აზრი გაჰყავთ სასწავლებლებშიც, სადაც ხშირად ამნაირად ჰყოფენ მოწაფეებსა: რუსები, სომხები, ქართველები, იმერლები, გურულები, რაჭველები, მეგრელები და სხვები. რომ უფრო უკეთ ვიგრძნოთ უსაფუძვლობა და უსამართლობა ამ საქციელისა, ერთს წამს შევჩერდეთ სომხებზედა. ესენი მოკლებულნი არიან შეერთებულს ტერიტორიასა, მიწაწყალსა, რომელიც ჩვენ დღემდინ შევირჩინეთ, მეთოთხმეტე საუკუნიდგან დაჰკარგეს პოლიტიკური არსებობა, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობდით იმ საუკუნის დასაწყისამდინ, ეკუთვნიან არა ერთს სახელმწიფოსა, როგორც ჩვენა, არამედ სამსა, ენით ისე განსხვავდებიან, რომ ერთი ლიტერატურის მაგივრად სამი ლიტერატურა აქვთ და მაინც ერთად ისხნებიან ყველა სამოსწავლო მთავრობისაგან. ჩვენ, რომელთაც ერთ-ორად მეტი საბუთი გვაქვს ვატაროთ სახელი ერისა, რომელითაც გვიხსენიებდნენ და გვიხსენიებენ ყოველნი ისტორიკოსნი, გეოგრაფნი, მოგზაურნი, გვართმევენ ამ სახელსა და ველურ თემების სიმდაბლეზედ ჩამოვჰყევართ. რა დავაშავეთ, „ვის რა ვირი მოვპარეთ?“
ამ ჩვენს გათახსირებას ხშირად იმისთანა ადგილს და სფერაში შეხვდებით, სადაც მას სრულიად არ მოელოდით. აი ამისი უახლოესი მაგალითი. ერთს ფრიად შესანიშნავს დოკუმენტში ვკითხულობთ: „მცხოვრებთა შედგენილობით საქართველოს საექსარხოსო წარმოადგენს უკიდურესს სხვადასხვა ფერობასა; მისა ვეებერთელა ტერიტორიაზედ მოსახლობენ ყოველგვარნი ერნი, თემნი და ხალხნი სახელდობრ: რუსნი, პოლონელნი, გერმანელნი, ბერძნები, სხვადასხვა ქართველი და მთიელი თემები (разные грузинские и горские племена), სომხები, ებრაელნი, თათრები და მრავალნი სხვანი“. ქართველი ერი, სრულიად ისტორიული, რომელმაც მეოთხე საუკუნეში მიიღო ქრისტიანობა: მაცხოვრის თაყვანის ცემა გაავრცელა მთელს კავკასიაში, აუარებელს მტერს გასცა პასუხი, შექმნა მდიდარი ათას წლიანი ლიტერატურა და კულტურული ერების სიმაღლემდე ავიდა, იხსენიება არა ერად, არა ხალხად, არამედ თემებად, მაჰმადიან ჩაჩნების და ინგუშების ტოლად, რომელთაც არც ანბანი აქვთ, არც მწიგნობრობა, არც ისტორია, არც რაიმე კულტურა და სრულიად ველურს, მხეცურს მდგომარეობაში იმყოფებიან.
დიახ, ჩვენ დაბრიყვებას და გათახსირებას საზღვარი არ უჩანს. მაგრამ ახია ჩვენზედა: როდესაც ჩვენ თვითონ მთავარ საქმედ გავიხადეთ ერთმანეთის ტალახში სვრა და ჭამა, რად უნდა გვიკვირდეს, როცა სხვებსაც გაუძლიერდათ მადა ჩვენის გათახსირებისა?
იაკობ გოგებაშვილის ეს პუბლიცისტური წერილი ქვეყნდება საგანმანათლებლო კამპანიის #გავაცოცხლოთ-ს ფარგლებში, რომლის მიზანია ქართველი მწერლების აზრების გაცოცხლება.