ისტორიას ასეთი რამ გადაეწყვიტა: ლიტერატურა საქართველოს დამოუკიდებლობის დარაჯად, მისი ბედის მემატიანედ და ქვეყნის აღმშენებლობის ქვაკუთხედად უნდა ქცეულიყო. ლიტერატურა ქართული პოლიტიკური დღისწესრიგის განმსაზღვრელი გახდა.
სწორედ პოლიტიკისა და ლიტერატურის ხორცშესხმის ქართული ამბავი გაიხსენა მწერალმა აკა მორჩილაძემ 2018 წელს, “ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის” გახნსაზე წარმოთქმულ ისტორიულ სიტყვაში:
ოცსაუკუნოვანი ლამის აბსოლუტური მონარქიის ტრადიცია აქვს ამ ქვეყანას. ერთ საოცარი ამბავია შექსპირზე, რომ ვიღაც ლორდები მის მაგივრად წერდნენ და მალავდნენ, იმიტომ რომ ეს სირცვილი იყო! საქართველოში გვყავს ბევრი მეფე, რომელთა საუკეთესო მიღწევაც არის მათი პოეზია, ჩვენ ისინი საკუთარი პოეზიით შემოგვრჩნენ…
– აკა მორჩილაძე, 2018
საქართველოში წერდა ყველა. ჩვენ გვყავდა მეფეები, რომლებიც საკუთარი პოეზიითა თუ პროზით არ ჩამოუვარდებოდნენ მწერლებს და გვყავდა მწერლები, რომლებიც საკუთარი ხედვით, ანალიზის უნარითა და მოქმედებით, არ ჩამოუვარდებოდნენ პოლიტიკოსებს. მწერალი, საქართველოში, ნიშნავს ავტორს, პუბლიცისტს, საზოგადო მოღვაწესა და განმანათლებელს.
ერთ-ერთი ასეთი მწერალი იყო მიხეილ ჯავახიშვილი. ის იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ მაშინდელი საზოგადოებისთვის, რომ მას კონკურენცია ვერ გაუწია თვით იოსებ სტალინმაც კი და სწორედ ამის გამო, აშკარად დამარცხებულმა, მან მწერალი სიკვდილით დასაჯა.
მიხეილ ჯავახიშვილი ოცდაათიანი წლების “დიდ წმენდას” შეეწირა, რამაც, ნებსით თუ უნებლიეთ, მისი პოლიტიკური მნიშვნელობა არა თუ ჩაკლა, (როგორც ეს საბჭოთა მთავრობას წარმოედგინა) არამედ გააასმაგა. ამ ლიტერატურული მეტამორფოზის შედეგებს დღესაც ვიმკით, როცა ჯავახიშვილის ნაწარმოებს ისე განვიხილავთ, თითქოს ისინი ცალსახად პოლიტიკური სიმბოლოზმის ვიწრო ჩარჩოში ყოფილიყონ მოქცეულნი.
განვიხილოთ მიხეილ ჯავახიშვილის გენიალური ნაწარმოები “ჯაყოს ხიზნები”, რომელიც ქართულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ისწავლება, როგორც ნიმუში პატრიოტული ლიტერატურისა. “ჯაყოს ხიზნებს” გვასწავლიან ასე: ბრძოლა გაჩაღდა უტიფარ მოძალადე ჯაყო ჯივაშვილსა და გაუბედურებულ, უსუსურ ქართველ თავად თეიმურაზ ხევისთავს შორის. იბრძვიან ესენი ქალისთვის – კნეინა მარგოსთვის – რომელიც რეალურად, სხვა არაფერია, თუ არა პატივაყრილი საქართველო, რომელსაც გამოჩენილმა ინტელექტუალმა და საზოგადო მოღვაწემ, უბრალოდ, ვერ უპატრონა.
აღსანიშნავია, რომ მაღალი ლიტერატურა, არც თუ ისე მაღალი ლიტერატურისგან, ხილული თუ იხილავი თემების სიღრმით განსხვავდება. ასე რომ, იმის თქმა, რომ “ჯაყოს ხიზნები” პოლიტიკური წიგნი არ არის, მცდარი და სასაცილოც იქნებოდა. ჩვენ, რასაკვირველია, ვკითხულობთ უაღრესად პოლიტიკურ ნაწარმოებს! თუმცა, არის კიდევ რაღაც “ჯაყოს ხიზნებში” ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც ეს პოლიტიკური სახეებია. ეს “რაღაც” – ადამიანობაა.
მიხეილ ჯავახიშვილის გმირები განსაკუთრებული ადამიანობით გამოირჩევიან. ამ კონტექსტში, ადამიანობა არ ნიშნავს ჰუმანურობას. ადამიანობა ნიშნავს იმას, რომ გმირი, უბრალოდ, ადამიანია: ის ისეთივე დაუდევარი და სულელია, როგორებიც ჩვენ ვართ ხოლმე. სწორედ ამის გამო, “ჯაყოს ხიზნების” გარჩევა წმინდა ადამიანური გადაწყვეტილებების კუთხიდან, განსაკუთრებით საინტერესოა.
განვიხილოთ “ჯაყოს ხიზნები”, როგორც ისტორია ნაკაცარი კაცისა და ქალობადაკარგული ქალისა, რომელთა ურთიერთობა კრახის წინაშე აღმოჩნდა. სხვა ყველაფერთან ერთად, “ჯაყოს ხიზნები” ძალიან სერიოზული რომანსიცაა.
“ჯაყოს ხიზნებში”, რასაკვირველია, ჯაყო ძალიან მნიშვნელოვანი გმირია, თუმცა იმისათვის, რომ გავიგოთ თუ ვინაა ჯაყო, პირველ რიგში თეიმურაზისა და მარგოს პორტრეტები უნდა დავხატოთ და მათ გაუბედურებულ ურთიერთობაში გავერკვიოთ.

თეიმურაზ ხევისთავი ერთი უაზროდ პრინციპული და ჯიუტი კაცია, რომელსაც განათლების გარდა აღარაფერი შერჩა ხელთ. ეგ განათლებაც სინამდვილეში ფლიდი აღმოჩნდა, თორემ აბა ჭეშმარიტად განათლებული კაცი თავს ასე რატომ დაიღუპავდა? ერთ დღეს, თეიმურაზს ჰკითხავენ, ცოლი რატომ არ მოგყავსო, ეგეც დაფიქრდება და მოიყვანს ცოლად ახალგაზრდა და მშვენიერ, სიცოცხლით სავსე მარგოს.
ცხოვრობენ, ცხოვრობენ, მაგრამ ვერაფრით გაბედნიერდნენ. ამ უბედურებას რამდენიმე მიზეზი აქვს. უაღრესად სიმბოლურია ის ფაქტი, რომ თეიმურაზი უშვილო გამოდგა, ანუ მას საკუთარი გვარის გაგრძელება არ შეუძლია, ისევე, როგორც ქართულ ინტელიგენციას აღარ შეეძლო საქმის გამაგრძელებელი დაეტოვებინათ, ჯავახიშვილის დროს. თუმცა, ამ სულიერი (ნამდვილად სულიერი) ნაკლის გარდა, როგორც ჩანს, თეიმურაზი იმპოტენტიც იყო:
და რადგან მარგოს არ ეღირსა არც ბედნიერება, არც ნიშატის გაღვივება და არც ხევისთავთა დედობა, ამიტომ ისიც ისე მშვიდად და არხეინად შედიოდა ხანში, როგორც თეიმურაზი მარგოს საწოლში: სიყვარულის იალქნების ურხევლად, ფრთა-მოტეხილ ბატივით, უგემური ზლაზვნით და ნელ-თბილი ცოხნით.
მიხეილ ჯავახიშვილი, “ჯაყოს ხიზნები”
ჯავახიშვილი გვეუბნება, რომ ახალგაზრდა შეყვარებულ ქალს, არც თუ ისე ბევრი რამ სჭირდება ბედნიერებისთვის, თუმცა თეიმურაზმა მას ვერც ეს მცირედი აღუსრულა:
ნამდვილი სიყვარულის უნახავმა მარგომ, ბოლოს, თავისი თავი დააჯერა, ვითომ ასეთი მჩატე სიყვარული და ასეთი უსისხლო ცოლ-ქმრობა ამ ქვეყნიური და ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყო, ხოლო ის გაგიჟება და ცაში ავარდნილი ვნება, რომელიც წიგნებში ჰქონდა წაკითხული, პოეტების მშვენიერი ნაჭორალი და მათი ადუღებული ტვინის ნაბოდვარი ეგონა. დააჯერა მარგომ თავისი თავი და ძლივს გააყუჩა მოუსვენარი გული, რომელიც ხანდახან ისევ უცნაურად ჰკვნესოდა და გაუგებარს ჰბოდავდა, ისევ თავისასდ მოითხოვდა და ნისლოვან ლანდებს მისდევდა.
მიხეილ ჯავახიშვილი, “ჯაყოს ხიზნები”

სულიერად გაუბედურებულ თეიმურაზს, ჯაყო სწორედ ისე შეუჩნდება, როგორც ეს დაავადებამ იცის ხოლმე: უეცრად, მაგრამ თანმიმდევრულად. ჯაყომ, რასაკვირველია, თეიმურაზის მოწყალეობაზე აიწყო ცხოვრება: მან ის ჯერ სოფლიდან გააძევა, მერე კი, ნელ-ნელა, მამული და ქონება წაართვა. ქონებას თეიმურაზის მეუღლეც მიჰყვა, რომელიც ჯაყომ ველურ ცხენივით დაიმორჩილა და მერე ცოლადაც კი შეირთო. საბოლოოდ კი ისე აღმოჩნდა, რომ ოდესღაც თავადი თეიმურაზი მისი მოურავის ქვეშევრდომი გახდა და საკუთარ მამულში, სტუმრად და მოსამსახურედ ჩავიდა.
თეიმურაზი, მოგეხსენებათ, სოფელში პირველი, მის ცოლზე ადრე ჩადის, რის მერეც მასთან ნივთებით დახუნძლული მარგო ჩამოდის. თავიდანვე ასე შეთანხმდნენ. საკუთარი მეუღლის დახვედრას, თეიმურაზმა ნადირობა ამჯობინა, ხოლო მარგოსთან ჯაყო გაგზავნა. სწორედ ეს არის რომანის კულმინაციური მომენტი, ანუ, სწორედ ამ დროს დაკარგა თეიმურაზმა მარგო. საქმე იმაშია, რომ მარგოს გაუპატიურება, თეიმურაზის ამ გადაწყვეტილების შემდგომი ფაქტორი იყო.
ჯაყომ მარგო გააუპატიურა იმიტომ, რომ მას დაპატრონებოდა. ჯაყოს ამ გადაწყვეტილება, ისევე, როგორც მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას – მარტივი ახსნა აქვს. ჯაყოს ნებისმიერი ქმედება საკმაოდ მოსალოდნელია, რაც თეიმურაზის დაუდევრობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ქალი, ჯაყოსთვის, სხვა არაფერია თუ არა ქონება, რომლითაც კაცის შეფასება შეიძლება. მარგოს გაუპატიურებით კი, ჯაყომ თეიმურაზს მისი კიდევ ერთი ნივთი წაართვა, თუმცა, ვერც ამას მიხვდა ხეპრე თეიმურაზი.
მარგო ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდა, რომელთაგან ერთი აგიზგიზებული ხანძარი იყო, ხოლო მეორე ნაკვერჩხალი, რომელსაც ვეღარაფერი უშველიდა. საინტერესოა მარგოს საკუთარ თავთან მონოლოგი, რომელშიც ის თეიმურაზსა და ჯაყოს ადარებს:
მარგოს შერყეულმა სულმა იმ ღამეს ვეღარ მოისვენა, მარგომ წარსულს თვალი გადაავლო. თვალწინ დაუდგა თეიმურაზი, სხეულით მჩატე, წიგნებზე დალეული და სულით დაჭიავებული. ძალაუნებურად შეადარა თვსი ნაკაცარი ქმარი, მისი ნაცოხნევი და უნაყოფო სიყვარული გამხეცებულ ჯაყოს, – ნადირივით თავაგლეჯილს, კადნიერსა და რეგვენსს, ხეპრეს და მოუხეშავს, სამაგიეროთ დათვივით ღონიერს, სულით და ხორცით ჭაბუკს, ბუნების შიშველ ნაყოფს, ზომიერად შეზავებულს, თანაბარს, გაუბზარელს, მთლიანსა და ურყევს.
თეიმურაზმა თითქმის ყველაფერი იცოდა. სამაგიეროდ არაფერი არ შეეძლო; ჯაყომ არაფერი არ იცოდა, სამაგიეროდ ბევრის შემძლე იყო; პირველი თვალხილული და სმენიანი იყო, ხოლო მეორე – თითქმის უთვალჩინო და სმენადახშული; სანაცვლოდ ჯაყოს დაგუბებული ჰქონდა სიცოცხლის ნიშატი, წყურვილი, უნარი და სამართებლივით გალესილი ცხოვრების ფხა, ხოლო ალღო – გარეულ ძაღლივით განვითარებული და გატიფული.
არსებულ გარემოებაში ერთი ბალღივით უძლური იყო, ახალ ცხოვრებისგან მოტეხილი, წაქცეული, წყალწაღებული და იქვე მიმავალი, ხოლო მეორე – თავის კალაპოტში ჩავარდნილი, თავით-ფეხებამდე სადღეისო იარაღში ჩამჯდარი და სამშვიდობოს გამორიყული, ფეხმდგარი და მომავალი.
მიხეილ ჯავახიშვილი, “ჯაყოს ხიზნები”
ქალობადაკარგულმა და გაუბედურებულმა მარგომ იმპოტენტ თეიმურაზს სიცოცხლითა და ცხოველური ჟინით აღსავსე ჯაყო არჩია. თუმცა, “არჩია” – ხმამაღალი ნათქვამია, რადგან მარგო საკმაოდ პასიური პერსონაჟია და გადაწყვეტილებებს, თითქოს გაუაზრებლად იღებს.
ერთ-ერთ უმთავრეს ნარატივად, რომანს შემდეგი კითხვა გასდევს: სწორად მოიქცა თუ არა მარგო, როცა თეიმურაზს ჯაყო არჩია? ერთი მხრივ, ამ გადაწყვეტილების გარეშე “ჯაყოს ხიზნები” არ დაიწერებოდა, თუმცა, მეორე მხრივ, რომანს იმდენად უბედური გმირები ჰყავს, რომ მარგოს შავბნელი ბედი, დიდი ალბათობით, მისი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, მაინც ასეთი უბედური უნდა ყოფილიყო.