მცირე წერილი დადაისტური პოეზიის წარმოშობისა და მისი პრინციპების შესახებ.

პირველად მსოფლიო იყო მელოტი
შემდეგ მელოდია, მელოტი მრგვალია,
როგორც კვახი.
კვახი გადაგორდა და გასკდა.
დაიბადა
დადა.

ასე წარმოედგინა დადაიზმის გაჩენა ამ არეულ დედამიწაზე პოეტ გრიგოლ ცეცხლაძეს. არეულ? სწორედაც რომ არეულ, დადაიზმი ხომ პირველმა მსოფლიო ომმა გამოიწვია. უფრო სწორად, პირველი მსოფლიო ომის მიმართ ზიზღმა, რომელმაც ციურიხელი ახალგაზრდები ერთ მუშტად შეკრა. მსოფლიო ომის გარდა, ამ ახალგარზდებს გონება სამმა სამეცნიერო აღმოჩენამაც “აურია”: არაცნობიერის აღმოჩენამ, კვანტურმა მექანიკამ და ფარდობითობის თეორემამ.

ჰო, გონების აღრევა ერქვა ამას, თუ გამოღვიძება, საკითხი საკამათოა. თუმცა ფაქტი ისაა, რომ უაღრესად კონსერვატულ საბჭოთა კავშირში, დადაიზმი არ მოიწონეს, რადგან, როგორც ერთ-ერთ იმდროინდელ ლექსიკონში წერია, ეს ახალგაზრდები არათუ ცხოვრებიდან გაქცევას ლამობდნენ, სოციალურ დღისწესრიგთან შეურიგებლობის გამო, არამედ ხელოვნებაც წაუბილწავთ, თურმე, როცა მას შინაარსი გამოაცალეს. ამ ფსევდო-ფილოსოფიურ ბრალდებას, ერთ-ერთ მის სტატიაში, კარგად პასუხობს კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე და ახლა ამას დროს არ დავუთმობთ.

ლევან ბრეგაძის იმავე წერილში ვკითხულობთ დადაისტური პოეზიის არსობრივად დამახასიათებელი ნიშნების შესახებ. ასეთი სამია: კოლაჟურობა, მხატვრული აბსურდის პრინციპებით აგებული პასაჟები და ეპატაჟი. ამ სამი კოპონენტის აღრევით, მივიღებთ ცხოვრებისეულ აბსურდთან საბრძოლველად შექმნილ ერთგვარ პოეტურ აჯაფსანდალს, რომელშიც ერთი შეხედვით, ერთმანეთთან ბუნებრივად დაუკავშირებელი რამეები, ეპატაჟურად, სკანდალურად, გიჟურადაა დაკავშირებული.

აქ უპრიანია გავიხსენოთ ტრისტან ცარას (1896 – 1963) დადაიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის რეცეპტი – როგორ დავწეროთ ლექსი – სადაც უტრირებულად, მაგრამ არსებითად სწორად არის წარმოდგენილი დადაისტური ტექსტის შექმნის პროცესი:

“აიღეთ გაზეთი. აიღეთ მაკრატელი. შეარჩიეთ ამ გაზეთში იმ სიდიდის სტატია, რა სიდიდისაც გინდათ გამოვიდეს თქვენი ლექსი. მერე გულდასმით ამოჭერით სტატიიდან ყოველი სიტყვა და ჩაყარეთ ისინი პარკში. მსუბუქად შეარხიეთ. მერე ერთიმეორის მიყოლებით ამოიღეთ ამონაჭრები. პატიოსნად გადაწერეთ [პარკიდან ამოღებული სიტყვები ქაღალდზე] იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევვრობითაც ამოვიდნენ ისინი პარკიდან. ლექსი თქვენივე მსგავსი იქნება. და ამით თქენ გახდებით არაჩვეულებრივად ორიგინალური მწერალი, მომხიბვლელი, თუმცაღა ადამიანთაგან ვერშეცნობილი მგრძნობელობის მქონე.

– © ლევან ბრეგაძე, “მართლა მხიბლავდა მე ერთ დროს დადა”, 2012
– © ელეფთერ ლაფაჩი, ტიციან ტაბიძე ქალიშვილთან, ნიტასთან ერთად

ახლა კი, მთავარი ქართველი დადაისტი პოეტის, ტიციან ტაბიძის შემოქმედებას გავეცნოთ:

უჟმური კვირა

ექვსი წელია ვემზადები
დავწერო ლექსი: - Dimancpe,
ამას ჰქვია ლაფორგის კვირა.
ასეთი უჟმური კვირაც არ მახსოვს,
ზარები ქალაქშიაც არა რეკავენ -
ყველა ტაძარი შეიქნა ფეერიული.
ეს ლექსი კიდევ თუ დღეს არ მეთქვა,
ნაღველი გულში ჩამექცეოდა.
შემიძლია დავიჩემო, რომ სიზარმაცის
ნამდვილი ღმერთი ვარ.
და თუ ამას დაემატება,
რომ ლოთობა ჩემი სტიქიაა -
ჩემზე ეროვნული პოეტი
არ ყოფილა საქართველოში.
კოტე მარჯანიშვილი,
სანდრო ახმეტელი,
შალვა დადიანი
და უშანგი ჩხეიძე,
ზიან ტანტების ცირკში -
კულა გლდანელის იუბილეზე.
ვინ მისცათ ყარაჩოღელებს
ამდენი ტემპერამენტი?
საწყალი გლდანელი
დგას გაკოტრებულ სოვდაგარივით.
მის წინ ძველი პორტრეტია,
- რკინაჩამოსხმულ ადამიანად.
პაოლო იაშვილის მაგიერ
სიტყვას ამბობს „არბიტორი”:
„შენ დაუკა, ვანუა”.
თავისმკვლელებივით მოდიან რუსთაველზე
გაფრინდაშვილი და ნადირაძე
და შემდეგ ერთად ვიხრჩობით
„მხიარულ ქვრივზე”.
ეს ლექსი ვარიანტია
ერთ გაუქმებულ კვირის.
შემდეგ ალბათ ამისთვისაც
ვეღარ მოვიცლით -
ყველაფერი წინ მიდის,
იწყება ლექსის ელექტროფიკაცია.
სეზონის ფალავანი

ეს სულ ერთია, მაინც გაუგებარია
შეიძლება წერა იეროგლიფებით.
თითქოს პატარა ბავშვი ვარ დაფაზე გრიფელით
და ჩემი სულიც სხვას აბარია.

მადონა დეზერტირის ბაზარზე
(უსათუოდ თემაა ახალი),
გულგრილობით ქვეყანა გადავრაზე
„დასავლეთის დივან“-ს დასწერდა ბაყალი.

მე თვითონ მიყვარდა წინათ ლირიკა,
მზად ვიყავ უმიზეზოდ მთელი დღე მეტირა.
დღეს ყველა იმედი მართლა გაირიყა -
ლირიკის პოეტი მგონია მესტვირე.

მართალი გულით, უკანასკნელ თავის განწირვით,
მივმართავ ყველას - უსათუოდ გამომიტირონ.
ლაფორგის კვირა ჭიანურის ატირდა წირვით
დაწყევლილ პოეტს ნუ ამადლით, როცა გთხოვთ მირონს.

წვიმს შემოდგომა წარღვნის წვიმით... მე ვარ ორპირში
და ეს გრიგალი მოთხრის ღამე, - ხომ იხტიოზავრს.
მე მეჩვენება ჩემი თავი მეფის პორფირში,
სოველი ჭინკა თავმდაბლობით მეუბნება ზარს...

მე თვითონ მივდევ ყოველ წასულ დღეს;
მზად ვარ ვიტირო ბავშვზე უმწარეს.
თორმეტმა ღვდელმა მამა გასუდრეს,
მე ერთი ღვდელიც არ ამიგებს წესს...

და ვმადლობ უფალს, ჩემი სული მას აბარია,
მან ერთმა იცის, რომ არ იყო იგი სამიწე.
ასე ატირებდა პოეტს მალარია,
ასე გაუგებრად წერდა ტიციან ტაბიძე.
ორპირის ოქროპირი

ეს არ არის მართლა ოქროპირი,
ეს მხოლოდ ორპირის ბაყაყია...
დიდებულად შვენის სამეფო პორფირი,
დიდებულად იცის დოგმატების მალაყია.
მე თვითონ გამზარდა: ტიციან ტაბიძე
პოეტი ავყია.
საახალწლოდ, საშობოდ და სააღდგომოდაც
მე ერთი და იგივე მაქვს სათქმელი
გაფრენილ ეკლესიის კათედრაზე.
ვამბობ პირდაპირ და აშკარად,
როგორც კაზინოში კრუპიე: „ბაკკარა“
ჩვენთვის დღესასწაულები მარტო
რაფიელ ერისთავის ლექსებშია
(კიდევ კარგია, თუ არ დაგავიწყდათ)...
ნეტავ მე ისე მიყვარდეს პოეზია,
ან თვითონ ორპირი
დედაჩემს რომ უყვარს მეწველი ძროხა
(შენ, ვინც ამაზე გაიცინებ,
ვიცი, შვილიც ისე არ გიყვარს).
იმერეთში მღერის დანიელა ურია,
კახეთში კიდევ - დედას ლევანა.
ყველაფერს მივცემდი, რაც რომ მაბადია,
რომ მახსენებდეს ერთხელ მაინც ქრესტომატია.
ამბობენ, იყო გიორგი სააკაძე,
ჩრია მზითებს უმატებდენ „ვეფხვისტყაოსანს“
(ამას ქვია ჩოხიანი დადაისტები).
ივანე ჯავახიშვილი წერს პლუტარხივით,
იქნებ ვინმემ ჩემზეც დაწეროს დისერტაცია
(მემარცხენეობა პოეზიაში უსათუოდ დასატაცია).