უამრავი მცდელობის მიუხედავად მსოფლიოში გავრცელებულმა ვერცერთმა ეპიდემიამ ადამანთა მოდგმა ვერ გადააშენა. ყოველი დარტყმის მერე ჩვენ როგორღაც ვახერხებდით ფეხზე წარმომვდგარიყავით. გამონაკლისი არც 2020 წლის კორონავირუსული ინფექცია იქნება!
დარაჯი წარმოგიდგენთ იმ ხუთ რომანს, რომელთა სიუჟეტი სხვადასხვა ეპიდემიების დროს ვითარდება.
ჯოვანი ბოკაჩო – „დეკამერონი“ (1350)
Rockwell Kent IMDb Rockwell Kent
მეთოთხმეტე საუკუნე. ევროპა შავმა ჭირმა გააუბედურა. მსოფლიო ეპიდემის ფონზე, ათი ახალგაზრდა (შვიდი ქალი და სამი კაცი) ფლორენციიდან იპარება, რათა ვირუსს ქალაქგარეთ მდგომ ვილაში დაემალონ. თავს ახალგაზრდები იგავების მოყოლით ირთობენ.
იმის გამო, რომ „დეკამერონი“ საკმაოდ თამამი ეროტიული ნარატივის მქონე ნაწარმოებია, იგი კათოლიკური ეკლესიის მიერ წლების განმანვლობაში იდევნებოდა. ისტორიას შემორჩა ცნობა, რომ, თურმე, ჯოვანი ბოკაჩო მზად იყო მისი ნაწარმოები გაენადგურებინა, თუმცა ეს მას რენესასნის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა პოეტმა, პეტრარკამ გადააფიქრებინა.
პირველად „დეკამერონი“ თედო სახოკიამ თარგმნა, 1928 წელს.
ალბერ კამიუ – „შავი ჭირი“ (1947)
Penguin Modern Classics
ალბერ კამიუს „შავი ჭირი“ ალეგორიული ნაწარმოებია, რომელშიც დაავადება, რომელიც ალჟირის ქალაქ ორანში გავრცელდება, სინამდვილეში, მაშინდელ მსოფლიოში გავრცელებული ბაცილის – ნაციზმის – სიმბოლოა.
ამბავი კი, ასეთია: ორანი ეპიდემიამ მოიცვა და ვირთხები ერთი მეორეს მიყოლებით იხოცებიან. ამას პროტაგონისტი შეამჩნევს, პროფესიით ექიმი. თავდაპირველად სახელმწიფო უძლურია, არც კი უნდა ეპიდემიის აღიარება. შემდგომ, როცა ქალაქი ჩაიკეტება, ადამიანში ცხოველური ბუნება იღვიძებს. გადაურჩება თუ არა ორანი ეპიდემიას?..
„შავი ჭირი“ გამომცემლობა “აგორამ” 2012 წელს დასტამბა (მთარგმნელები: გასტონ ბუაჩიძე, ნესტან იორდანიშვილი და კოტე ჯავრიშვილი).
სტივენ კინგი – „წინააღმდეგობა“ (1978)
Ken Meyer Jr. Mike Swart
ჩარლზ კამპიონი – სტივენ კინგის ამ რომანის პროტაგონისტი – ამერიკის დასალიერში, სამხედრო ბაზაზე, ე. წ. “ლურჯ პროექტზე” მუშაობს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მომაკვდინებელი ბიოლოგიური იარაღი, ერთგვარი ვირუსი.
სისტემაში პროტოკოლური ხარვეზის აღმოჩენის შემდგომ, კამპიონი სამხედრო ბაზიდან იპარება და ოჯახთან ერთად ტექსასში მიემგზავრება. იმ დროისათვის, როცა გამოქცეულ მეცნიერს აშშ-ის მთავრობა იპოვის, ვირუსი უკვე საკმაოდ გავრცელებულიყო და დედამიწის მოსახლეობის (მათ შორის ცხოველების) დაახლოებით 99.4% ამოეხოცა…
გაბრიელ გარსია მარკესი – „სიყვარული ჟამიანობისას“ (1985)
Raptis Rare Books Penguin Random House
როგორც გაბრიელ გარსია მარკესის ამ გენიალური ნაწარმოების სახელწოდება იუწყება, ქოლერა – ნაწლავის მწვავე ინფექციური დაავადება – ამ რომანის ერთ-ერთი ნარატივია. თუმცა, იმის მიუხედავად რომ ეს ვირუსი, ისევე, როგორც მისი სავალალო შედეგები, რომანში ხშირად გვხვდება, არ უნდა დავივიწყოთ მისი მეტაფორული მნიშვნელობაც.
სიყვარული და ქოლერა ავტორმა სათაურშივე დააწყვილა. ნუთუ სიყვარული ქოლერასავით მწვავეა? ნუთუ მან ადამიანიც შეიძლება შეიწიროს? ქოლერა, როგორც დაავადება, თუ ქოლერა, როგორც – ლტოლვა? შეძლებს თუ არა ექიმი ხუვენალ ურბინო ქოლერას დამარცხებას? მოიგებს თუ არა ფლორენტინო არისა ფერმინას გულს?..
„სიყვარული ჟამიანობისას“ გამომცემლობა „ინტელექტმა“ 2016 წელს გამოსცა (მთარგმნელი: თეა გვასალია).
დენ ბრაუნი – „ინფერნო“ (2003)
Doubleday Rachael Sinclair
დენ ბრაუნის ამ რომანის მთავარი ბოროტმოქმედი ბერტრანდ ზობრისტი დედამიწის ჭარბი პოპულაციის შესამცირებლად ვირუსს გამოიგონებს და მას ყველასათვის უცნობ ადგილას დამალავს. ვირუსის აღმოსაჩენად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ რობერტ ლენგდონს დაიქირავებს, რომელსაც მკითხველი ბრაუნის მისტიკურ-დეტექტიური სერიის სხვა რომანებიდან იცნობს.
გაუმკლავდება თუ არა ლენგდონი ზობრისტის მინიშნებებს და შეძლებს თუ არა გაიკვლიოს გზა სამყაროში, სადაც უამრავი რამ დანტე ალიგიერის „ინფერნოდანაა“ ნაკარნახები?..
„ინფერნო“ სულაკაურის გამომცემლობამ 2015 წელს დასტამბა (მთარგმნელი: გიორგი რაზმაძე).