დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ყოველდღიურად დავიწყე სირბილი. დაზუსტებით, ეს იყო 1982 წლის შემოდგომა. 33 წლისა ვიყავი.

იქამდე, არც ისე დიდი ხნის წინ, ტოკიოში პატარა ჯაზ კლუბს ვფლობდი, სენდაგაიას სადგურთან ახლოს. კოლეჯის დამთავრებიდან მალევე (იმდენად დაკავებული ვიყავი დამატებითი შემოსავლისთვის სხვადასხვა სამუშაოს შესრულებით, რომ დასამთავრებლად რამდენიმე კრედიტი დამაკლდა და ოფიციალურად ისევ სტუდენტი გახლდით) კოკუბუნჯის სადგურის სამხრეთ შესასვლელის მახლობლად პატარა კლუბი გავხსენი. კლუბი სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მერე შენობა სარემონტო სამუშაოების გამო დახურეს და სხვა ადგილზე გადასვლა მომიწია.

ტოკიოს ცენტრთან ახლოს არც ისე დიდი სივრცე დაგვხვდა – როიალი დავატიეთ და სცენაზე კვინტეტის ასასვლელად ძლივს გვყოფნიდა ადგილი. დღის განმავლობაში კლუბი კაფეს ფუნქციას ასრულებდა, ღამით კი ბარი იყო. სტუმრებს ჩინებულ კერძებს ვთავაზობდით და უიკენდებზე ცოცხალ წარმოდგენებსაც ვმართავდით. მაშინ ტოკიოში მსგავსი კლუბები დიდი იშვიათობა იყო, ჩვენ კი მუდმივი კლიენტები გავიჩინეთ და ფინანსური თვალსაზრისითაც ყველაფერი რიგზე გვქონდა.

ჩემი მეგობრების უმრავლესობა ვარაუდობდა, რომ ბიზნესი ჩაფლავდებოდა. ფიქრობდნენ, რომ ჰობის ბიზნესად ქცევა წარუმატებლობისთვისაა განწირული და ჩემნაირი ადამიანი (ზედმეტად გულუბრყვილო ვიყავი და ბიზნესის კეთების სულ მცირე ნიჭიც კი არ მქონდა) ამ საქმეს თავს ვერ მოაბამდა.

ჰოდა, მათი პროგნოზი სრულებითაც არ გამართლდა. სიმართლე გითხრათ, თავადაც არ ვთვლიდი, რომ ბიზნესის რაიმე ნიჭი გამაჩნდა, უბრალოდ ვიფიქრე, რომ რადგანაც წარუმატებლობა გამოსავალი ვერასდროს იქნება, ამ საქმისთვის თავი ბოლომდე უნდა მიმეძღვნა. ჩემი ძალა ყოველთვის ბევრ მუშაობასა და ფიზიკურად ბევრის ატანაში იყო. უფრო მძიმე სამუშაოს შეჩვეული ულაყი ვიყავი, ვიდრე მორბენალი ცხენი.

თეთრსაყელოიანების[i] ოჯახში გავიზარდე, ამიტომ, მეწარმეობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ საბედნიეროდ ჩემი ცოლის ოჯახს ჰქონდა ბიზნესის კეთების კარგი გამოცდილება და მისი ბუნებრივი ინტუიცია დიდ დახმარებას მიწევდა.

სამუშაო მძიმე გამოდგა. დილიდან დაღამებამდე კლუბში ვიყავი, დღის ბოლოს კი ღონეგამოცლილი მოვდიოდი სახლში. მტკივნეული გამოცდილებებისა და ბევრი იმედგაცრუების შემდეგ, როგორც იქნა, იმდენი შემოსავალი დავაგროვე, რომ ხალხი დამექირავებინა და ამოვისუნთქე. ამ საქმის დაწყების წინ ყველა ბანკიდან ავიღე სესხი, რომელიც კი დამთანხმდა, ახლა კი სესხის დიდი ნაწილი უკვე დაფარული მქონდა და ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა. ამ მომენტამდე საკითხი უბრალოდ გადარჩენას ეხებოდა და სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი, ახლა კი მქონდა შეგრძნება, რომ კიბის ბოლოში ავაღწიე და გაშლილ სივრცეში აღმოვჩნდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ნებისმიერ მოულოდნელ პრობლემასთან გამკლავებას შევძლებდი. ღრმად ჩავისუნთქე, გავხედე იმ კიბის საფეხურებს, რომელიც მცირე ხნის წინ უკან მოვიტოვე, კარგად მიმოვიხედე ირგვლივ და დავიწყე ცხოვრების მომდევნო ეტაპის დაგეგმვა.

მალე 30 წლისა შევსრულდებოდი. მივაღწიე იმ ასაკს, რომლის მერეც ახალგაზრდას ვეღარ ვუწოდებდი თავს. და სრულიად მოულოდნელად, გამიჩნდა აზრი, რომ რომანი დამეწერა.

შემიძლია ამ მოვლენის ზუსტი თარიღიც კი დავასახელო. ეს იყო 1978 წელი, პირველი აპრილი, შუადღის ორის ნახევარი.

ჯინგუს სტადიონზე ვიყავი მარტო და ბეისბოლს ვუყურებდი. სტადიონი ჩემი ბინიდან რამდენიმე წუთის სავალზე იყო. „იაკულტ სვოლოუზის[ii]“ ერთგული გულშემატკივარი ვიყავი. გაზაფხულის ლამაზი დღე იყო, უღრუბლო, თბილი ნიავი ქროდა. მაშინ ტრიბუნების ნაცვლად ბალახის ფერდობი ერტყა მოედნის ნაწილს. იქვე ვიწექი, ხანდახან ცას ავხედავდი, ცივ ლუდს ვწრუპავდი და თამაშით ვტკბებოდი. როგორც წესი, სტადიონზე ბევრი ხალხი არ გროვდებოდა. სეზონის გახსნითი მატჩი იყო. ჩემი საყვარელი გუნდი “ჰიროსიმა კარპს” ეთამაშებოდა. ბურთს ტაკეში იასუდა აწვდიდა. დაბალი, ჩადგმული მომწოდებელი იყო, რომელსაც ჩახვეული ბურთების ჩაწოდება უყვარდა. „მერცხლების“ პირველი მომგერიებელი დეივ ჰილტონი გახლდათ, ახალგაზრდა ამერიკელი, გუნდის ახალწვეული. ჰილტონის მოქნეული ჯოხი ბურთს მთელი სიმძლავრით შეეგება და ექო მთელ სტადიონზე გავრცელდა, პირველი რკალი მალევე მოხაზა და მეორე ნიშნულამდე გაიქცა. სწორედ ამ დროს გამიელვა თავში – იცი რა? შემიძლია რომანის დაწერა ვცადო.

დღემდე მახსოვს ღია სივრცეში გადაშლილი უღრუბლო ცა, ახალი ბალახის სურნელი და მოქნეული ჯოხის ჭახანი. რაღაც ჩამოფრინდა ციდან იმ მომენტში და რაც არ უნდა ყოფილიყო – მე ის მივიღე.

არ მქონია არანაირი ამბიცია, რომ „რომანისტი“ ვყოფილიყავი.  უბრალოდ, მქონდა ძლიერი სურვილი, რომ რომანი დამეწერა. არ მქონია კონკრეტული წარმოდგენა რის შესახებ მსურდა რომანის დაწერა. უბრალოდ, დარწმუნებული ვიყავი, რომ რაიმე დამაჯერებელს მოვიფიქრებდი. როდესაც გადავწყვიტე, რომ საწერ მაგიდასთან დავმჯდარიყავი და მუშაობა დამეწყო, აღმოვაჩინე, რომ საწერი კალამიც კი არ მქონდა. ამიტომ მის საყიდლად შინჯუკუში, კინოკუნიას მაღაზიაში წავედი. ვიყიდე ბევრი ფურცელი და „საილორის“ ხუთდოლარიანი კალამი. ესეც პატარა კაპიტალდაბანდება.

შემოდგომისთვის ხელით ნაწერი 200-გვერდიანი ნამუშევარი მზად იყო. წარმოდგენა არ მქონდა ამისთვის რა უნდა მექნა, უბრალოდ იმპულსურად ვიმოქმედე და „განზოს“ ლიტერატურულ კონკურსში გავგზავნე, რომელიც ახალი მწერლების აღმოჩენას ისახავდა მიზნად. ისე გავგზავნე, რომ ასლი არ გამიკეთებია. როგორც ჩანს, დიდად არ ვღელავდი ჩემს ნაწერს გამოარჩევდნენ თუ იგი სამუდამოდ გაქრებოდა. უფრო მეტად იმით ვიყავი დაინტერესებული, რომ წიგნი დამეწერა და არ მადარდებდა იხილავდა თუ არა დღის სინათლეს ჩემი ნაწერი.

იმავე წელს, „მერცხლებმა“, რომლებიც მუდმივად აუტსაიდერების რანგში იყვნენ, “ჰანკიუ ბრეივზის” დამარცხება შეძლეს და ამან იმდენად აღმაფრთოვანა, რომ კორაკუენის სტადიონზე რამდენიმე თამაშს დავესწარი. (იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „მერცხლები“ მოიგებდნენ, ამიტომ მათი სტადიონი უკვე კოლეჯის გუნდის საკუთრებაში იყო). განსაკუთრებით ლამაზი შემოდგომა გამოვიდა. მოწმენდილი ცა, გინკგოს ხეები მეიჯის მემორიალის გალერეის წინ იმაზე ოქროსფერი იყო, ვიდრე ოდესმე მინახავს. ასე მიილია ჩემი ოციანების ბოლო შემოდგომა.

მომდევნო გაზაფხულზე, როცა „განზოს“ რედაქტორმა დამირეკა და მითხრა, რომ საპრიზო მოკლე სიაში მოვხვდი, სხვა საქმეებით იმდენად ვიყავი გართული, საერთოდ აღარ მახსოვდა, რომ ნამუშევარი მქონდა გაგზავნილი. რომანი საპრიზო ადგილზე გავიდა და იმავე ზაფხულს გამოქვეყნდა სათაურით – „უსმინე ქარის სიმღერას“. რომანი კარგად მიიღეს, და ისე, რომ საქმის კურსში არც ვყოფილვარ, აღმოვაჩინე, რომ ახალ, იმედისმომცემ მწერლად მომიხსენიებდნენ. გაკვირვებული ვიყავი, თუმცა ხალხი, რომელიც მიცნობდა, ჩემზე მეტად გაკვირვებული დარჩა.

ამის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ ვფლობდი ჯაზ კლუბს, დავწერე მეორე, საშუალო ზომის რომანი – პინბოლი 1973. ასევე დავწერე რამდენიმე მოთხრობა და ვთარგმნე ფიცჯერალდი. ორივე – უსმინე ქარის სიმღერას და პინბოლი 1973 – წარადგინეს აკუტაგავას პრესტიჟულ პრემიაზე, მაგრამ ვერცერთმა ვერ გაიმარჯვა. ჩემთვის მაინც სულ ერთი იყო. რომ მომეგო გაუთავებლად მომიწევდა ინტერვიუების მიცემა და კლუბის საქმეებს ვეღარ მივხედავდი.

სამი წლის განმავლობაში ვმართავდი ჩემს ჯაზ კლუბს – ვაწარმოებდი ანგარიშებს, ვამოწმებდი ინვენტარს, ვგეგმავდი სამუშაო გრაფიკს პერსონალთან ერთად, ვიდექი დახლის უკან და ვამზადებდი კოქტეილებს. ბარს დილით ადრე ვხურავდი და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლო სახლში მისვლა და სამზარეულოს მაგიდაზე წერა, ჩაძინებამდე.

მეჩვენებოდა, რომ ორი ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობდი. ამ დროს მომინდა უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული რომანი დამეწერა. მომეწონა პირველი ორი წიგნის წერის პროცესი, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილი თითქოს მაინც არ ვიყავი. მხოლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთებში შემეძლო წერა – ნახევარ საათს ერთ ნაწილს ვუთმობდი, ერთ საათს მეორე ნაწილს – და რადგანაც საქმის გამო სულ დაღლილი ვიყავი, წერაზე კონცენტრაციას ვერ ვახერხებდი. ამ მიმოფანტული მიდგომით რამდენიმე საინტერესო ნამუშევრის შექმნა შევძელი, მაგრამ ეს ნამუშევრები მაინც შორს იყო კომპლექსური და ღრმა ნაწარმოებისგან. ვგრძნობდი, რომ მომეცა შესანიშნავი შესაძლებლობა ვყოფილიყავი მწერალი და მქონდა ბუნებრივი სურვილი და სწრაფვა ამ შესაძლებლობის გამოყენებისა. ჰოდა, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ბიზნესს ჩამოვცილებოდი და მხოლოდ წერაზე მეფიქრა. ამ მომენტისთვის ჩემი შემოსავალი ჯაზ კლუბიდან გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მწერლობიდან, მაგრამ გადაწყვეტილება არ შემიცვლია. ჩემი მეგობრების უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ჩემს გადაწყვეტილებას ან ეჭვით უყურებდა ამ ამბავს: შენი ბიზნესი მშვენივრად მუშაობს“, – ამბობდნენ ისინი, – რატომ არ გინდა სხვამ მართოს, სანამ შენ წერით იქნები დაკავებული?“ მაგრამ არ შემეძლო მათ რჩევებს დავყოლოდი. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი უნდა მიუძღვნას იმ საქმეს, რასაც ემსახურება. თუ არაფერი გამოვა, შემიძლია ამას თვალი გავუსწორო, მაგრამ თუ მეცოდინება, რომ საქმეს რაღაც დავაკელი და ამიტომ არ გამოვიდა, მაშინ  მთელი ცხოვრება ვინანებ.

მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, კლუბი გავყიდე და ცოტათი შერცხვენილმა ახსნა-განმარტებითი ტექსტიც მოვიფიქრე – „მინდა, რომ ორი წელი მაინც თავისუფალი ვიყო იმისათვის, რომ ვწერო, – ვუხსნიდი ცოლს, – თუ არაფერი გამოვა, შეგვიძლია სხვა ბარი გავხსნათ სადმე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ყოველთვის შეგვეძლება საქმის თავიდან დაწყება“. ეს იყო 1981 წელს. ჯერ კიდევ გვქონდა ვალები, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებდი და მერე ვნახავდით რა გამოვიდოდა ამისგან.

ჰოდა, შევუდექი რომანის წერას და შემოდგომაზე კვლევისთვის ერთი კვირით ჰოკაიდოზე გავემგზავრე. აპრილისთვის უკვე დასრულებული მქონდა ნადირობა ცხვარზე. ეს რომანი წინა ორზე დიდი გამოვიდა, ამასთან უფრო მასშტაბური და უფრო ღრმა. წერის დასრულებისას კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ საკუთარი სტილი ჩამომიყალიბდა. ახლა უკვე შემეძლო იმის წარმოდგენა როგორ ვიცხოვრებდი მწერლის ცხოვრებით.

„განზოს“ რედაქტორები რაღაც უფრო აქტუალურს ეძებდნენ და ახალი რომანით დიდად არ დაინტერესდნენ. თუმცა, მკითხველმა წიგნი მიიღო და ამან ძალიან გამახარა. სწორედ ეს იქცა ჩემთვის საწყის წერტილად, რომელმაც ხელი შეუწყო ჩემს მწერლად ჩამოყალიბებას.

როგორც კი გადავწყვიტე, რომ მწერალი გავმხდარიყავი, ახალმა პრობლემამ იჩინა თავი. საკითხი შემდეგნაირად იდგა – როგორ შემენარჩუნებინა ჯანმრთელობა? კლუბის საქმეები მუდმივ ფიზიკურ შრომას მოითხოვდა, მაგრამ როგორც კი სახლში დავჯექი და მთელ დღეს მაგიდასთან ვიჯექი, წონა საგრძნობლად მომემატა. ამასთან, ძალიან ბევრს ვეწეოდი – სამოც ღერ სიგარეტს დღეში. თითები გამიყვითლდა და სხეული სიგარეტის სუნით ყარდა. ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. თუ მსურდა, რომ მწერლის ხანგრძლივი კარიერა მქონოდა, აუცილებლად ფორმაში უნდა ვყოფილიყავი.

სხვადასხვა აქტივობებისა და ვარჯიშების შედარებისას ჩავთვალე, რომ სირბილს ბევრი უპირატესობა ჰქონდა. პირველ რიგში, არავინ გჭირდება დასახმარებლად. არ გჭირდება რაიმე აღჭურვილობა ან კონკრეტულ ადგილზე მისვლა სავარჯიშოდ. თუ კარგი სპორტული ფეხსაცმელი და კარგი სარბენი ადგილი გაქვს, შეგიძლია იმდენი ირბინო რამდენის საშუალებასაც სხეული მოგცემს.

ბარის დახურვის შემდეგ გადავწყვიტე ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა. ცოლთან ერთად ნარაშინოში, ჩიბას პრეფექტურაში გადავედი. მაშინ ეს ადგილი სოფლის მსგავსი იყო და შესაბამისად სპორტული ობიექტებიც არ გააჩნდა. თუმცა ახლოს იყო თავდაცვითი ძალების ბაზა, სადაც კარგი სარბენი ადგილი მეგულებოდა. ამასთან, მეზობლად იყო ნიჰონის უნივერსიტეტის სავარჯიშო მოედანი, სადაც ადრიანად მისვლის შემთხვევაში არავინ დამხვდებოდა და სარბენი ბილიკით ვისარგებლებდი. ასე რომ, სპორტული აქტივობის ასარჩევად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია. უბრალოდ სირბილი ავირჩიე.

ცოტა ხანში მოწევასაც დავანებე თავი. არ იყო მარტივი, მაგრამ მოწევას და სირბილს ერთმანეთს ვერ ვუთავსებდი. სირბილის სურვილი ძალიან დამეხმარა მოწევის სურვილის დაძლევაში. სიგარეტის გადაგდება, გარკვეულწილად, ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოდ იქცა.

სკოლაში არასდროს მომწონდა ფიზკულტურის გაკვეთილები და სპორტული აქტივობები. ალბათ იმიტომ, რომ ისინი სკოლის განაწესით იყო განსაზღვრული. მაგრამ, როგორც კი თავად მომინდა ამის კეთება, ისე, როგორც მე მსურდა, დიდი მონდომებით დავიწყე ვარჯიში. რადგანაც არც დიდად ათლეტური ვიყავი და არც კოორდინაციის უნარი მქონდა გამომუშავებული, იმ სპორტის სახეობებში, რომლებშიც სისხარტეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაინცდამაინც ძლიერი არ ვიყავი.

გრძელ დისტანციაზე სირბილი ჩემს ხასიათში ყველაზე კარგად ჯდება. ეს კარგად ხსნის თუ როგორ მოვახერხე ყოველდღიურ ცხოვრებაში ამის დანერგვა. იგივე შემიძლია ვთქვა საკუთარ თავზე და სწავლის პროცესზე. დაწყებითი კლასებიდან კოლეჯის ჩათვლით, არასდროს მაინტერესებდა ის, რის სწავლასაც მაძალებდნენ. შედეგად, ჩემი ნიშნების გამო არავის შევუქივარ. საუკეთესო არაფერში ვყოფილვარ, თუმცა, არც ისეთი ნიშნები მქონია, რომ ვინმესთვის დამემალა. სწავლით სიამოვნების მიღება მხოლოდ მას შემდეგ დავიწყე, რაც კოლეჯი დავამთავრე და „საზოგადოების სრულფასოვანი წევრი“ გავხდი. თუ რაიმე მაინტერესებდა და მქონდა შესაძლებლობა თავად განმესაზღვრა შესწავლის დრო, საკმაოდ კარგად ვითვისებდი ყველაფერს.

საუკეთესო ამბავი, რაც მწერლობამ მომცა იყო ის, რომ ადრე ვიძინებდი და ადრევე ვიღვიძებდი. კლუბში მუშაობისას ხანდახან განთიადისას მიწევდა დაძინება. როგორც წესი, კლუბს თორმეტზე ვკეტავდი, შემდეგ იქაურობა უნდა მიმელაგებინა. ამასთან, ცოტა უნდა დამელია მოსადუნებლად, ასე ნელ-ნელა მეპარებოდა დილის სამი საათი. ცოტაც და მზის სინათლე შემახსენებდა დროს. ხშირად მათენდებოდა სამზარეულოს მაგიდასთან, წერის პროცესში. ხოლო, გაღვიძებისას მზე უკვე მაღლა იყო აჭრილი.

ახალი ცხოვრების დაწყებასთან ერთად, მე და ჩემმა ცოლმა გადავწყვიტეთ ადრიანად წავსულიყავით დასაძინებლად და ადრევე გაგვეღვიძა. მიგვაჩნდა, რომ ცხოვრების მსგავსი სტილი უფრო ბუნებრივი და მისაღები იყო. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ იმ ხალხს შევხვედროდით, რომელთა ნახვაც გვსურდა. და ამის საპირისპიროდ გვეცადა თავი აგვერიდებინა იმ ხალხთან შეხვედრისგან, რომელთა ნახვაც გულზე არ გვეხატებოდა. ვგრძნობდით, რომ რაღაც დროით მაინც შეგვეძლო ჩვენი თავისთვის ამ მოკრძალებული განებივრების უფლება მიგვეცა.

ჩემს ახალ, უბრალო, ყოველდღიურ ცხოვრებაში, დილის ხუთ საათამდე ვიღვიძებდი და საღამოს ათ საათამდე ვიძინებდი. განსხვავებული ადამიანები დღის სხვადასხვა მონაკვეთში აღწევენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს, მაგრამ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დილის ადამიანი ვარ. სწორედ ამ დროს ვახერხებ მაქსიმალურ კონცენტრაციას. დღის შემდეგ პერიოდში ისეთ საქმეებს ვუთმობ დროს, რასაც დიდი კონცენტრაცია არ სჭირდება. დღის ბოლოს კი ვისვენებ, მუსიკას ვუსმენ ან ვკითხულობ. ამ რუტინის წყალობით 27 წელია ეფექტიანად ვმუშაობ. თუმცა, ეს რუტინა ღამის დიდ ნაწილს მართმევს, რაც ზოგჯერ სხვა ადამიანებთან ურთიერთობას ძალიან ართულებს. ხშირად სწყინთ ხოლმე, როცა მათ მიწვევებზე უარს ვამბობ. მივხვდი, რომ ამ ადამიანთა მიწვევებზე უარის თქმა, მეხმარებოდა განუსაზღვრელი რაოდენობის მკითხველთან მქონოდა ურთიერთობა. ჩემი მკითხველი იმ ცხოვრების წესს მიესალმება, რომელსაც ავირჩევ, მთავარია იცოდნენ, რომ ყოველი მომდევნო ნამუშევარი წინაზე უკეთესი იქნება. ნუთუ ეს ჩემი, როგორც მწერლის, მთავარი პრიორიტეტი არ უნდა იყოს? მე ვერ ვხედავ ჩემი მკითხველის სახეს, შესაბამისად, ჩვენს ურთიერთობას კონცეპტუალური ხასიათი აქვს. მაგრამ ეს ურთიერთობა უმნიშვნელოვანესი რამაა ჩემს ცხოვრებაში.

მოკლედ რომ შევაჯამო – ყველას ვერ ასიამოვნებ.

მაშინაც კი, როცა კლუბს ვმართავდი, ეს კარგად მესმოდა. კლუბში ბევრი კლიენტი მოდიოდა. თუკი ათი ადამიანიდან ერთს მაინც მოეწონებოდა კლუბი და სხვა დროსაც მოვიდოდა – ეს უკვე საკმარისი იყო კმაყოფილებისთვის. თუ ყოველი მეათე მუდმივი კლიენტი გახდებოდა, მაშინ ბიზნესი თავის თავს შეინახავდა. სხვა მხრიდან თუ შევხედავდით, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ ათიდან ცხრა ადამიანს კლუბი არ მოეწონებოდა. ამის გააზრებისას მხრებიდან ტვირთი მომეხსნა. თუმცა, დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი, რომ იმ ერთ ადამიანს კლუბი ნამდვილად მოეწონებოდა. ჩემს ფილოსოფიაში აბსოლუტურად გათვითცნობიერებული უნდა ვყოფილიყავი და მოთმინება შემენარჩუნებინა. სწორედ ეს ვისწავლე ბიზნესის მართვისგან.

მას შემდეგ, რაც ნადირობა ცხვარზე დავწერე, იმავე მიდგომით გავაგრძელე მუშაობა, როგორც ბიზნესის მფლობელმა – ყოველი მეათე მკითხველი კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. ახალგაზრდა მკითხველი მყავდა, რომლებიც მოთმინებით ელოდნენ ჩემს მომდევნო წიგნს. სწრაფადვე ყიდულობდნენ, როგორც კი მაღაზიებში გასაყიდად ჩაეშვებოდა. იდეალურად ვგრძნობდი თავს, სულ მცირე კომფორტულად მაინც. დავიწყე ისეთ თემებზე წერა, როგორზეც მინდოდა რომ მეწერა, დავიწყე ისე წერა, როგორც მსურდა, რომ დამეწერა. და თუ ეს ყველაფერი ცხოვრების საშუალებასაც მომცემდა, სხვას ვერაფერს ვინატრებდი. როცა მოულოდნელად ჩემი რომანის, ნორვეგიული ტყის ორ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, რაღაცები შეიცვალა, თუმცა, ეს მოგვიანებით იყო, 1987 წელს.

თავდაპირველად, როდესაც სირბილი დავიწყე დიდ დისტანციას ვერ ვფარავდი, მხოლოდ 20-30 წუთით ვახერხებდი სირბილს. ამის შემდეგ გული ძლიერად მიცემდა და ფეხები მიკანკალებდა. თავიდან ცოტათი მეზობლებისაც მრცხვენოდა, სირბილის დროს რომ მხედავდნენ. თუმცა, სირბილის ყოველდღიურად გაგრძელებასთან ერთად ორგანიზმი ნელ-ნელა შეეჩვია ამ მდგომარეობას და გამძლეობაც გამოვიმუშავე. სუნთქვა ნორმაში ჩადგა და გულისცემაც დამირეგულირდა. ამ ამბავში მთავარი არც სისწრაფე იყო და არც დისტანცია, მთავარი იყო ყოველდღე მერბინა, ჩავარდნის გარეშე.

როგორც ჭამა, ძილი, წერა, სახლის საქმეები, სირბილიც ბუნებრივად იქცა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილად. სირბილის ჩვეულებად გახდომამ სირცხვილის შეგრძნებაც გააქრო. სპორტულ მაღაზიაში შევიძინე ახალი სარბენი ფეხსაცმელი, სხვადასხვა აღჭურვილობა და წამმზომი. უფრო მეტიც, წიგნი წავიკითხე სირბილზე.

ვიხედები უკან და ვხვდები, რომ იღბლიანი ვარ, რადგან ძლიერი და ჯანსაღი სხეულით დავიბადე. ამან საშუალება მომცა ყოველდღიურად მერბინა უკვე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში. საშუალება მომცა მიმეღო მონაწილეობა მარათონებში. არასდროს მიმიღია ტრავმა, არასდროს დავშავებულვარ, არც ავად გავმხდარვარ. მე არ ვარ დიადი მორბენალი, მაგრამ ძლიერი მორბენალი ნამდვილად ვარ. ეს ის იშვიათი საჩუქარია, რომლითაც შემიძლია ვიამაყო.

1983 წელს პირველ გარბენში მივიღე მონაწილეობა – განსაკუთრებული არაფერი, მხოლოდ ხუთი კილომეტრი იყო გასარბენი. პირველი შემთხვევა იყო, როცა სხეულზე ნომერი მივიკარი, სხვა მორბენალებს შევუერთდი და შეძახილის მოსასმენად გავირინდე – ადგილზე, მოემზადეთ… წავიდა!

ვიფიქრე, რომ სულაც არ იყო ცუდი. იმავე წლის მაისში თხუთმეტი კილომეტრი ვირბინე იამანაკას ტბაზე. მაინტერესებდა რამდენად შორს შემეძლო წასვლა და ივნისში, ტოკიოში, იმპერატორის სასახლეს შვიდი წრე დავარტყი. საბოლოოდ გამოვიდა, რომ 22.4 მილი ვირბინე და ფეხები საერთოდ არ ამტკივებია. იქნებ მარათონშიც მიმეღო მონაწილეობა. შემდეგ გავიგე, რომ მარათონის ყველაზე რთული ეტაპი სწორედ 22 მილის შემდეგ იწყება (ახლა უკვე 26 მარათონში მაქვს მონაწილეობა მიღებული).

როდესაც 80-იანებში გადაღებულ ფოტოებს ვუყურებ, ვხედავ, რომ საერთოდ არ მაქვს ისეთი სხეული, როგორიც მორბენალს უნდა ჰქონოდა, გამხდარი მკლავები, წვრილი ფეხები, ამდენი წლისა და სირბილის მერე ჩემმა სხეულმა ტრანსფორმაცია განიცადა, მაგრამ უმთავრესი მაინც იმის გააზრება იყო, რომ 30 წელს გადაბიჯების შემდეგაც ჩემს სხეულს გააჩნდა შესაძლებლობები. მიხაროდა, რომ ყოველი დღის, ყოველი სირბილის შემდეგ, სხეული უფრო მეტ პოტენციალს ავლენდა.  

შეიცვალა კვების რაციონიც: ძირითადად ბოსტნეულით ვიკვებებოდი, თევზი კი ჩემთვის პროტეინის მიღების მთავარი წყარო იყო. ხორცი დიდად არასდროს მიყვარდა, ამიტომ მასზე უარის თქმა არ გამჭირვებია. უარი ვთქვი სასმელზეც. ტკბილეულზე უარის თქმა საერთოდ არ გამჭირვებია, რადგან მაინც არასდროს ვჭამდი.

ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ თუკი გაქვს სხეული, რომელიც მარტივად იმატებს წონაში, შენიღბულად კურთხეული ხარ. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, თუ არ მინდა, რომ წონაში მოვიმატო, ყოველ დღე ბევრი უნდა ვივარჯიშო და მკაცრად გავაკონტროლო კვების რაციონი. არის ხალხი, რომელიც ბუნებრივად გამხდარია, არ სჭირდება ვარჯიში და დიეტის დაცვა, სწორედ ამიტომ, ასაკის მატებასთან ერთად მათი ფიზიკური მდგომარეობა უარესდება. ამიტომ, ყველა ჩვენგანი, ვინც წონას მარტივად იმატებს, იღბლიანია, რადგან წითელ ხაზებს ძალიან მარტივად ვხედავთ. თუმცა, ყოველთვის არ არის მარტივი ამ საკითხს ამგვარად შეხედო.

მგონია, რომ ეს თვალთახედვა მწერლის პროფესიისთვისაც დამახასიათებელია. მწერლები, რომელთაც თანდაყოლილი ნიჭი აქვთ, მარტივად წერენ, მიუხედავად იმისა, ამისთვის რას გააკეთებენ, ან არ გააკეთებენ. როგორც წყალი მოედინება კლდიდან ბუნებრივად, ისევე მსგავსი მწერლებიც პოულობენ წინადადებებს და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ქმნიან ნამუშევარს. სამწუხაროდ, მე არ ვარ ამ კატეგორიაში. მე მიწევს ქვას იქამდე ვურტყა წერაქვი და იქამდე ვთხარო სანამ შთაგონების წყაროს არ მივაგნებ. ყოველ ჯერზე, როცა ახალი რომანის წერას ვიწყებ, ახალი ღრმული მაქვს გასათხრელი.

მაგრამ, ჩემი ცხოვრების წესის დამსახურებით, აბსოლუტურად მზად აღმოვჩნდი, როგორც ტექნიკურად, ისე ფიზიკურად. მზად ვარ ყოველ ჯერზე ახალ წყაროს მივაკვლიო. როგორც კი შევამჩნევ, რომ ერთი წყარო წყლისგან იცლება, სწრაფად ვიწყებ მეორეს ძებნას, ხოლო ხალხი, რომელიც წყლის მიღებას ადრეული ასაკიდანვე მიჩვეულია, ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ წყარო დაშრა და პრობლემები აქვთ.

მოდი, თვალი გავუსწოროთ – ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ ამ უსამართლობაშიც კი შესაძლებელია სამართლიანობის მიღწევა.

როდესაც ხალხს ვეუბნები, რომ ყოველდღე დავრბივარ, გაკვირვებულნი მპასუხობენ – ალბათ ძალიან კარგი ნებისყოფა გაქვს. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ამის მოსმენა, მაგრამ არა მგონია, რომ მხოლოდ ნებისყოფა წარმართავდეს ამ საქმეს. სამყარო ასე მარტივად არაა მოწყობილი. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვთვლი, რომ ჩემს სირბილსა და ნებისყოფას რაიმე საერთო აქვთ ერთმანეთთან. ვფიქრობ, მხოლოდ ერთი რამ წარმართავს ჩემს ოცდახუთწლიან რუტინას – ეს მე მიხდება. ადამიანი აგრძელებს იმის კეთებას რაც მოსწონს, და აღარ აგრძელებს იმას, რაც არ მოსწონს.

სწორედ ამიტომ არავის ვურჩევ რომ სირბილი დაიწყოს. თუ ვინმეს ამის ინტერესი აქვს, სირბილს ისედაც დაიწყებს. თუ არ აინტერესებს – ვერავინ აიძულებს, რომ ირბინოს. მარათონი ყველასთვის არ არის სპორტი, მწერლობა ყველასთვის არ არის სამსახური. არავის მოუცია რჩევა, რომ რომანების წერა დამეწყო, პირიქით, რამდენიმემ სცადა, რომ ეს არ გამეკეთებინა, მე უბრალოდ მქონდა იდეა და ბოლომდე გავყევი მას. ადამიანები მორბენალები იმიტომ ხდებიან, რომ ამისთვის არიან დაბადებულნი.

არ აქვს მნიშვნელობა როგორ ვიხდენ სირბილს. რა თქმა უნდა, არის დღეები, როცა ამის გაკეთება არ მსურს. ასეთ დღეებში ვცდილობ ყველანაირი მიზეზი მოვიფიქრო რომ არ ვირბინო. ერთხელ, ოლიმპიელ მძლეოსან, ტოშიჰიკო სეკოს ჩამოვართვი ინტერვიუ, მას შემდეგ, რაც სირბილისთვის თავი დანებებული ჰქონდა. ვკითხე, – თქვენი რანგის მორბენალი რომელიმე დღეს მაინც თუ გრძნობს რომ არ უნდა ირბინოს? მან ისეთი სახით შემომხედა, აშკარად შეეტყო რამდენად სულელურად მიიჩნია კითხვა – რა თქმა უნდა, ყოველ დღე.

ახლა რომ მახსენდება, ვხვდები, რამდენად სულელური კითხვა იყო. მგონია, რომ მაშინაც ვაცნობიერებდი ამას, უბრალოდ მსურდა, რომ სეკოს რანგის მძლეოსნისგან მომესმინა პასუხი. მსურდა მცოდნოდა, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული ძალისა და მოტივაციისა, ვგრძნობდით თუ არა თავს იდენტურად, როცა დილით სპორტული ფეხსაცმლის თასმებს ვიკრავდით. სეკოს პასუხმა შვება მომგვარა, საბოლოოდ ყველანი ერთნი ვართ, – ვიფიქრე მე.

ახლა, როცა სირბილი არ მინდა, ჩემს თავს ყოველთვის ერთ რამეს ვეკითხები, – შენ შეგიძლია იცხოვრო, როგორც მწერალმა, შეგიძლია იმუშაო სახლიდან, გაქვს შენივე შედგენილი გრაფიკი, არ გიწევს გატენილ ვაგონში ყოფნა და მოსაწყენ შეხვედრებზე დასწრება. ამის შემდეგ მაინც თუ ხვდები რამდენად იღბლიანი ხარ? ამასთან შედარებით ერთი საათი უბანში სირბილი არაფერია, ხომ? ვიღებ სპორტულ ფეხსაცმელს და ზედმეტი ფიქრის გარეშე გავდივარ სარბენად. (ამას ვამბობ და დანამდვილებით ვიცი, რომ არსებობს ხალხი, რომელთაც ურჩევნიათ იმგზავრონ გადატენილი ვაგონით და დაესწრონ მოსაწყენ შეხვედრებს).

მოკლედ, ასე დავიწყე სირბილი. 33! აი რამდენის ვიყავი მაშინ. მაინც საკმარისად ახალგაზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა აღარ მეთქმოდა. ასაკი, როცა იესო ქრისტე მოკვდა. ასაკი, როცა ფიცჯერალდს დაღმასვლა დაეწყო. ესაა ასაკი, როცა ცხოვრება გზაგასაყარს შემოგთავაზებს. ესაა ასაკი, როცა მე დავიწყე ჩემი ცხოვრება, როგორც მორბენალმა, და ეს იყო ასაკი, როცა დაიწყო ჩემი დაგვიანებული, მაგრამ ნამდვილი მწერლის კარიერა.

თარგმნა არმაზ ახვლედიანმა


[i] თეთრსაყელოიანებსა და ლურჯსაყელოიანებს შორის კლასობრივი სხვაობაა. თეთრსაყელოიანებს უწოდებენ ადამიანებს, რომელთაც უმაღლესი სასწავლებელი აქვთ დამთავრებული და ოფისში მუშაობენ. ლურჯსაყელოიანები უმეტესად ღია სივრცეში მუშაობენ, ეწევიან სხვადასხვა ხელობას და ანაზღაურებას, როგორც წესი, საათობრივად იღებენ.

[ii] ტოკიოს ბეისბოლის გუნდი – მერცხლები

ტექსტი პირველად გამოქვეყნდა The New Yorker-ში, 2008 წლის 2 ივნისს