თბილისის ქუჩებში შევხვდებით უამრავ ტექსტს, რომლებიც თანამედროვე რეალობას აღწერენ. წავიკითხავთ, მოგვეწონება, შეიძლება რამდენიმეჯერ ვახსენოთ კიდეც, თუმცა, როგორც წესი, მალევე გვავიწყდება. ასეთი ნაწარმოებები დროთა განმავლობაში რელევანტურობას კარგავენ. გადის წლები და შემდგომ თაობებს აღარც კი ახსოვთ და ადარდებთ ძველი პერიოდის ამბები, რაც გასაგებიცაა – იცვლება დრო, ჩნდება განსხვავებული შეხედულებები და ინტერესები. მაგრამ თბილისის ქუჩებში ისეთი ნაწარმოებიც გვხვდება, როგორიცაა მინდია არაბულის მოთხრობების კრებული ყოველი ამბის დასასრული. ასეთი ტექსტი ნებისმიერ დროში შეიძლება დაფასდეს, რადგან იგი დაწერილია უნივერსალურ – ლიტერატურის ენაზე. 

კრებული ექვსი მოთხრობისგან შედგება. ჩემში განსაკუთრებულ აღფრთოვანებას რამდენიმე მათგანი იწვევს, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვწერ მხოლოდ ერთ მოთხრობაზე, სახელად – კოღო. 

სანამ კოღოს შევეხებით, ერთი რამ უნდა გავიხსენოთ: ქრისტიანულ სამყაროში არსებობდა მეორე, მცირე გრაალიც. როდესაც უფალი ჩვენი, იესო ქრისტე ჯვრიდან ჩამოხსნეს, სუდარაში გაახვიეს და აკლდამაში წაასვენეს, იოსებ არიმათიელმა ქრისტეს სისხლი ააგროვა ფიალაში, რომელსაც დღეს წმინდა გრაალის სახელით ვიცნობთ. მისთვის ზედმეტად ბევრი მეფე, რაინდი, ბერი და ორდენი ნადირობდა. მის გამო ხოცავდნენ, წვავდნენ, ანგრევდნენ. სიწმინდეს დესტრუქციულობა სულ თან სდევს, ეს აღარ გვიკვირს. თუმცა, არ ვიცოდით ერთი რამ: სანამ იოსებ არიმათიელი აკლდამას შიგნიდან ააწყობდა, უფალს ჩვენსას მკლავზე დედალი კოღო დააჯდა და გაციებულ კანში ნესტარი ჩაასო. ნიკოდიმოსმა კოღო დაინახა, თუმცა, რაღა თქმა უნდა, მისი გასრესა ვერ გაბედა – კოღო ხომ მაცხოვრის სისხლით იყო სავსე. ნიკოდიმოსმა კოღო თხილის ნაჭუჭში ფრთხილად მოაქცია, ძაფით შეკრა და იმ დღეს, დაახლოებით ექვსის ნახევარზე, მცირე გრაალმაც ოფიციალურად დაიწყო არსებობა. საუკუნეების შემდეგ კი იგი საქართველოს ერთ-ერთ მონასტერში აღმოჩნდა.

ეს არის მინდია არაბულის მოთხრობის კონცეფცია, მე კი შემიძლია აქვე დავასრულო თხრობა. ამ ბრწყინვალე იდეის ხაზგასმას აღარაფერი სჭირდება. თუმცა ორ სიტყვას მაინც ვიტყვი. 

მიბრუნება წარსულთან, მისი გადააზრება, ირონიული რეფლექსია, ისტორიული (ვისთვის როგორ) ფაქტების შეცვლა და გამოგონება – ჩვენ წინაშეა ყველასათვის კარგად ნაცნობი პოსტმოდერნიზმი. 

მინდია არაბულის დახვეწილი სტილი, გააზრებული სიტყვათშეთანხმებები, სახასიათო პერსონაჟები და ირონიულობა ქმნის ერთ-ერთ საუკეთესო მოთხრობას, რომელიც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში შექმნილა. მისი განხილვა მრავალმხრივ შეიძლება. თუ მოვისურვებთ, სასულიერო პირთა მსუბუქ კრიტიკას დავინახავთ:

ბერები მთელი გააზრებული ცხოვრება მცირე გრაალის გამოჩენას ელიან. საწადელს მიაღწიეს ძმა ბასილის რამდენიმეწლიანი ვოიაჟით და ქრისტეს სისხლი მათ მაგიდაზე აღმოჩნდა. ამ დროს კი საქმეში ერთვება ერთგვარი „გოდოს მოლოდინი“. რა უნდა მოიმოქმედო, როდესაც იმას მიიღებ, რის მიღებაზეც მთელი ცხოვრებაა ოცნებობ? ვერაფერსაც ვერ იზამ, რადგან უკვე აღარ იცი როგორ მოიქცე. აბსურდში გოდოს მუდმივად ელიან და მოლოდინში გადის მთელი ცხოვრება. თუმცა, ქრისტიანობა აბსურდი ხომ სულაც არ არის. არც უმოქმედობაა. იგი მორალური გადაწყვეტილებებისა და ქმედებების სამყაროა. ბერების აზრები ორად გაიყო, მათ ერთმანეთს შეურაცხყოფაც მიაყენეს და რწმენაშიც კი შეიტანეს ეჭვი, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც. სასულიერო პირს კი რწმენის ნაკლებობა ისევე არ უხდება, როგორც რომელიმე ადამიანის გაკერპება. კოღოს გაქცევის და აღსრულების ამბავი კი ღმერთის სასჯელად შეგვიძლია აღვიქვათ. 17 წლის თეოფანე მონასტერში ძილისას, მთელი ღამის განმავლობაში, მაცდურებს ებრძოდა. ახალგაღვიძებულზე კი უმიზეზო, მშვიდი სიხარულით აღსავსეს, შუბლზე კოღო დააჯდა. ბიჭმა ხელი შუბლზე მიიტყიპა და ტანისამოსზე შეიწმინდა. „რა ლამაზი დღეა” – ასე ფიქრობდა იმ წამს თეოფანე. 

რისთვის დაიღვარა ამდენი სისხლი? რატომ იბრძოდნენ ადამიანები გრაალის მოსაპოვებლად? პრივილეგიას ლამობდნენ ქრისტიანულ იერარქიაში? თუ უკვდავების სწამდათ? ეს ხომ არ არის ქრისტეს გზა. პასუხის პოვნა მართლაც რთულია, თუმცა გრაალის ძიებას მინდია არაბულის ირონიული ფინალი ნამდვილად მოუხდებოდა. 

მე კი მეორე ვერსია უფრო მომწონს:

იოვანე მოქანცულმა მცირე გრაალის არსებობის შესახებ ზუსტად 40 წლის წინ გაიგო, როგორც უცნობმა მგზავრმა მას მოახსენა, სამყაროში ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ამ მიზეზს – თავისი და ასე გრძელდება საწყის პირველმიზეზამდე. მისი დასკვნით, ყველაფერი წრე-ბრუნვის ერთი დიდი ნაწილია. სწორედ ამიტომ მოადგა მგზავრი იოვანეს, მოუყვა ამბავი იესოს დაკარგული სისხლის შესახებ და ბერს ცხოვრების საბოლოო მიზანი უბოძა. 40 წლის განმავლობაში სამყარო ისე გადატრიალდა, რომ თხილის ნაჭუჭი იოვანესთან აღმოჩნდა, ბერებმა კი ვერ გადაწყვიტეს როგორ მოქცეოდნენ ამ წმინდა რელიკვიას. დავასა და კამათში კოღო ჰაერს ისე შეერწყა, სულიერმა მამებმა ამოსუნთქვაც კი ვერ მოასწრეს. ამხელა შრომა, ამხელა რწმენა და წვალება ერთ წამში გაუჩინარდა, ზუსტად ისე, როგორც ცრემლი წვიმაში. არაბულის ამბავმა მიმიყვანა პარადოქსთან (არც კი ვიცი რა შეიძლება ეწოდოს) – აქვს თუ არა ღმერთს იუმორი? ალბათ, ეს კითხვა ოდესმე ჩვენც გაგვჩენია. მოთხრობის პასუხი კი ასეთია: თუ ყველაფერს აქვს საწყისი, და ამ საწყისს თავისი პირველმიზეზი, რომელიც განაგებს ნებისმიერი ცოცხალი არსების ყოფას, ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, ამ პირველმიზეზს ღმერთი ჰქვია. შესაბამისად, მცირე გრაალის საქართველოში მოხვედრაც ღმერთის ნება ყოფილა, ხოლო მისი გაუჩინარება და საბოლოო აღსასრულიც – თავად ღმერთის მიზანსცენირებული ამბავი. აქ კი პასუხი ცალსახად ერთია: ღმერთს ნამდვილად აქვს იუმორის გრძნობა (ამ დასკვნის გამო ბოდიშს ვუხდი ვარდის სახელის პერსონაჟს – უსინათლო ხორხეს).

ხშირად მიფიქრია, რატომ აგვიანებენ თეორეტიკოსები პოსტმოდერნიზმის ოფიციალური სიკვდილის და ახალი მიმდინარეობის დაბადების გამოცხადებას? მეტამოდერნიზმი, პოსტ-პოსტმოდერნიზმი – კი ბატონო, ეს ვიცით. თუმცა, მოდერნიზმიდან პოსტმოდერნიზმამდე გარდამავალი მომენტი იმდენად გარდამტეხი, აშკარა და ცვლილებების მომტანია დღევანდელი გადმოსახედიდან, ასეთ გადასვლას, ყოველ შემთხვევაში დღეს, ვერავინ ამჩნევს. 

შესაძლოა უკვე მოვიდა დრო ხელოვნება შეეშვას ქილიკს, ირონიულობასა და წარსულის ამბების გადათამაშებას, თუმცა, საბოლოოდ ვრწმუნდები (რაშიც მინდია არაბულის მოთხრობაც მეხმარება), რომ ნებისმიერი შემდეგი ნაბიჯი ლიტერატურაში პოსტმოდერნისტულ მგრძნობიარობასა და ირონიას გვერდს ვერ აუვლის. და შესაძლოა, ეს ფაქტი სულაც არ იყოს ცუდი. ალბათ, სწორედ ამიტომ არ ჩანს ახალი და განსხვავებული მიმდინარეობა ლიტერატურაში. საჭიროა მხოლოდ მოთმინება და დაკვირვება. 

ერთხელ იტალო კალვინომ ასეთი აზრი გააჟღერა: „კლასიკის ყოველი წაკითხვა სინამდვილეში მისი გადაკითხვაა”. ამ აზრის ინტერპრეტირება მრავალგვარად არის შესაძლებელი. ნაცნობი ამბები და მოტივები ლიტერატურულ მოზაიკას ქმნის, ნებისმიერი უნივერსალური ტექსტი კი ამ მოზაიკის ერთი, მომცრო ნაწილია. ისევე, როგორც მინდია არაბულის მოთხრობა კოღო